საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-554(კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 10 იანვარს გ.ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 10 სექტემბრის №MOD 9 21 00925330 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 1 21 000000040 ბრძანებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 29 იანვრის №MOD 7 22 00098219 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გ.ხ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (1 დღე 3 დღედ) და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სამხედრო (კალენდარულ) ნამსახურების წლებში და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი საქალაქო ცენტრისთვის სათანადო წარდგინების გადაგზავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, გ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 10 სექტემბრის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის №MOD 9 21 00925330 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 8 დეკემბრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის №MOD 1 21 000000040 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის 29 იანვრის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის №MOD 7 22 00098219 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ.ხ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (1 დღე 3 დღედ) და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სამხედრო (კალენდარულ) ნამსახურების წლებში და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი საქალაქო ცენტრისთვის სათანადო წარდგინების გადაგზავნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-8 მუხლებზე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ხ-ის მოთხოვნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით (1 დღე 3 დღედ) სამხედრო (კალენდარულ) ნამსახურების წლებში ჩათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია 2019 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/459-19 გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2019 წლის 19 ნოემბრის №MOD 4 18 01169987 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის №MOD 31801282854 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ.ხ-ისთვის ჩაეთვალა სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ერთი დღე სამ დღედ 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე; 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 3 დეკემბრამდე; 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე; 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდი. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ამასთან, რაც შეეხება გ.ხ-ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო (კალენდარულ) ნამსახურების წლებში ჩათვლის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ, მე-2, მე-4 პუნქტებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მითითებული ნორმა გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებას წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეაფასოს გარემოებები და მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაუთვალოს თუ არა პირს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ გ.ხ-ის სწავლის პერიოდის სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლებში (სტაჟი) ჩათვლას გამორიცხავს კანონმდებელი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-16 თავის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიუთითა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში, მათ შორის მითითებულია სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. შესაბამისად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს, როგორც პირთა წრეს, ასევე კრიტერიუმებსა და პირობებს, რომელიც უნდა იქნეს ჩათვლილი სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში. ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ნორმაში კანონმდებლის დათქმა „შეიძლება“ არ უნდა განიმარტოს ფიზიკური პირის საზიანოდ.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში (მათ შორის) უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურის წელთა („კალენდარულ“) ნამსახურობაში უნდა ჩაითვალოს გ.ხ-ის მიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. თუმცა ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. ამავე კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით (საქმე №ბს-860(2კ-20)), გ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2019 წლის 19 ნოემბრის N MOD 4 18 01169987 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის N MOD 31801282854 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ჩაუთვალოს გ.ხ-ს სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ერთი დღე სამ დღედ 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე; 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე; 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე; 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე პერიოდი; დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2021 წლის 5 ივლისს შედგა სახელმწიფო კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურების დაზუსტებული ანგარიში, რომლის თანახმად, გ.ხ-ის სამხედრო ძალებში ნამსახურების წლების საერთო რაოდენობა 2007 წლის 13 დეკემბრისათვის შეადგენს კალენდარულ 18 წელს, 1 თვესა და 3 დღეს. შეღავათიანი პერიოდი შეადგენს 8 წელს, 11 თვესა და 15 დღეს, სულ 27 წელს, 0 თვეს და 18 დღეს. ამავე ანგარიშში შეღავათიან პერიოდში მითითებულია გ.ხ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი: 2001 წლის 20 აგვისტოდან - 2001 წლის 11 სექტემბრამდე (კოეფიციენტით 1:3, 1 თვე და 12 დღე), 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 3 დეკემბრამდე (კოეფიციენტით 1:3, 3 თვე და 16 დღე). ამასთან, სწავლის პერიოდის გრაფაში მითითებულია გ.ხ-ის მიერ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი - 1 წელი, 2 თვე და 18 დღე; ასევე, 3 წელი, 5 თვე და 9 დღე.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (...-...ოს) 2021 წლის 26 ივლისის №04-00- ვ/7998 გადაწყვეტილებით, გ.ხ-ის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ მათ შორის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. თავდაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილი წელთა ნამსახურების ანგარიშის მიხედვით კი, გ.ხ-ის სამხედრო ძალებში ნამსახურების კალენდარული წელი შეადგენს 18 წელს, 1 თვესა და 3 დღეს, რაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის კანონით მოთხოვნილ ნორმებს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ხ-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2021 წლის 25 აგვისტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 29 სექტემბრის №04/9867 გადაწყვეტილებით, გ.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს გ.ხ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს. განმცხადებელმა მოითხოვა წელთა ნამსახურობის ხელახლა დაანგარიშება (კერძოდ, სწავლისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის „კალენდარულ“ წლებში ჩათვლა) და შესაბამისი წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნა, მისთვის კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 10 სექტემბრის №MOD 9 2100925330 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ.ხ-ს ეცნობა, რომ მისი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, ვინაიდან განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3/459-19) შესაბამისად შედგენილი წარდგინება უკვე გადაგზავნილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 10 სექტემბრის №MOD 9 21 00925330 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ.ხ-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2021 წლის 8 ოქტომბერს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 1 21 000000040 ბრძანებით, გ.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს დაევალა ხელახლა განეხორციელებინა გ.ხ-ის ნამსახურებ წელთა დაანგარიშება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (მათ შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გ.ხ-ის მიერ ამავე სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №04-00-ვ/7998 წერილზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების) სრულყოფილად შეფასების/ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გ.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ გ.ხ-ის 2021 წლის 8 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 1 21 00000040 ბრძანების შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ 2022 წლის 29 იანვარს მიღებული იქნა №MOD 7 22 00098219 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, გ.ხ-ს 2021 წლის 9 სექტემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სამხედრო სამსახურში მისი კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 18 წელს, 1 თვეს და 3 დღეს, შეღავათიანი სამსახურის პერიოდი - 4 წელს, 3 თვეს და 18 დღეს, ხოლო სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი - 4 წელს, 7 თვეს და 27 დღეს. ასევე, განმცხადებელს განემარტა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, შეღავათიანი პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლა ვერ განხორციელდებოდა, რადგან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობაა ნამსახურობა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამასთან, სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლა სამხედრო სამსახურის სტაჟში (20 კალენდარულ წელში) ვერ განხორციელდებოდა, რადგან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების" XVI თავის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს. ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ.ხ-ის დამატებით ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებაში (საქმე №3/459-19), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განჩინებასა (საქმე №3ბ/277-20) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებაში (საქმე №ბს-860(2კ-20) საუბარი არ არის შეღავათიანი პერიოდის კალენდარულ ნამსახურობაში ჩათვლაზე. აქედან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნილ წარდგინებაში (2021 წლის 5 ივლისის №648084 წერილი) კალენდარული ნამსახურობა და შეღავათიანი სამსახურის პერიოდი მითითებული იყო შესაბამის გრაფებში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 10 სექტემბრის №MOD 9 21 00925330 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 1 21 000000040 ბრძანებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 29 იანვრის №MOD 7 22 00098219 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გ.ხ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (1 დღე 3 დღედ) და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სამხედრო (კალენდარულ) ნამსახურების წლებში და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი საქალაქო ცენტრისთვის სათანადო წარდგინების გადაგზავნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, გ.ხ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შეღავათიანი პერიოდისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარი ეთქვა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლსა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების" XVI თავის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით. ამასთან, კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში დამატებით მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (ამჟამად, ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, სათაური შეცვლილია 2024 წლის 1 მაისიდან) პირველი მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში; ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; ვ) მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; ზ) გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; თ) სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გ.ხ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შეღავათიანი პერიოდი ექვემდებარება კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლას, ვინაიდან აღნიშნულს პირდაპირ ითვალისწინებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი და აღნიშნულ დანაწესს არ აქარწყლებს ან უპირისპირდება ამავე კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ პუნქტით დადგენილი ნორმა სახელმწიფო კომპენსაციის იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის დანიშვნის შესახებ, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამასთან, სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებდა მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გ.ხ-ის სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების" XVI თავის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია ცალსახად ადგენდა, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული არგუმენტაცია, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია.
საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია. კერძოდ, დასახელებული მუხლის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.“
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ.ხ-ის სწავლის პერიოდი ექვემდებარება კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ კასატორის პოზიციას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის მიჩნევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მითითებული პუნქტი მე-16 მუხლს დაემატა მხოლოდ 2023 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული №3519 საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც მისთვის უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა სადავო სამართალურთიერთობის, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს არ იყო მოქმედი და ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე მისი გავრცელება არარელევანტურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი