Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

ბს-880 (კ-24) 27 აგვისტო, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.კ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მესამე პირი - მ.ტ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2024წ. განჩინება

დავის საგანი - კანონიერი მოსარგებლისათვის მთლიანი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.კ-მა 12.10.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 26.08.2021წ. წერილის ბათილად ცნობა მ.კ-ის წარმომადგენლის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 29.09.2021წ. №1430 ბრძანების ბათილად ცნობა ნაძალადევის რაიონის გამგეობის 26.08.2021წ. წერილის ძალაში დატოვების ნაწილში და ნაძალადევის რაიონის გამგეობისთვის მ.კ-ის სახელზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალდებულება სადავო აქტებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო ფართის 1/7 ნაწილზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 12.08.2020წ. განცხადებით მიმართა ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში, მე-... კორპუსში მდებარე №... ბინის პრივატიზება. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე გამგეობამ დაადგინა ხარვეზი და მოსარჩელეს მოსთხოვა მ.ტ-ას უფლების დათმობის, დაბადების და ქორწინების მოწმობების წარმოდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ.ტ-ა სადავო ბინაში არ ცხოვრობს 1992 წლიდან, მისი საცხოვრებელი მისამართია: ქ. ვლადიკავკაზი, ....ის ..., კორპ. N..., ...-ლი სადარბაზო, ბინა №... მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ.ტ-ა საქართველოში არ ჩამოსულა 1992 წლის შემდეგ. მოსარჩელის მოსაზრებით მ.ტ-ას დაკარგული აქვს ფლობის და სარგებლობის უფლება საპრივატიზებო ფართზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2021წ. განჩინებით მ.კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება მ.ტ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022წ. გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე (წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-3, მე-4, მე-5, მე-8 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის აუცილებელია შემდეგი ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: 1. პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს ფართით. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით მიჩნეულ იქნა, რომ საპრივატიზებოდ წარდგენილ ბინაზე მფლობელობის უფლებისა და მისგან გამომდინარე პრივატიზების უფლების მქონე პირს მ.კ-თან და მისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მ.ტ-აც წარმოადგენდა, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ არ იყო წარდგენილი თანხმობა ბინის მხოლოდ მ.კ-ის სახელზე პრივატიზების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის საპრივატიზებოდ წარდგენილ ბინის მისამართზე 18.11.1986წ. ჩაეწერა მ.ტ-ა, რაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაადგინა სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან მიღებული საინფორმაციო ბარათითა და საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივიდან მიღებული სარეგისტრაციო ბარათის, ფორმა №17-ის ჩანაწერით. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, მ.ტ-ას უფლება ჰქონდა ესარგებლა შესაბამისი ბინით, რამეთუ საბჭოური ,,ჩაწერის ინსტიტუტი”, განსხვავებით დღეს მოქმედი რეგულაციებით საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას და იმდროინდელი კანონმდებლობის მიხედვით ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობისა და სარგებლობისა უფლების უტყუარ საბუთს (იხ. სუსგ 18.07.2012წ. Nბს-257-254(კ-12)). რაც შეეხება ბინის პრივატიზების უფლებისათვის მე-2 კომპონენტს - ფაქტობრივ ფლობას, სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ ფართით რეალური სარგებლობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერი სარგებლობის უფლების რეალიზაცია არსებითად უკავშირდება მოსარგებლის მხრიდან ფართის ფლობის ნების გამოვლენას, რიგ შემთხვევებში გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობამ შესაძლოა შეზღუდოს პირის შესაძლებლობა, ნების არსებობის მიუხედავად, ისარგებლოს კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონებით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა პირს გააჩნდეს ფართით სარგებლობის ცხადად გამოხატული სურვილი, თუმცა მის მიმართ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეუძლებელს ხდიდეს მინიჭებული უფლების რეალიზაციას. ფაქტობრივი ფლობის გამომრიცხველი მდგომარეობა დაუშვებელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული კომპონენტის არარსებობის საფუძვლით პირისათვის ფართის პრივატიზაციაზე უარის თქმას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლით განისაზღვრებოდა დროებით სხვაგან მყოფ მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომის შენახვის წესი და პირობები. მითითებული მუხლის თანახმად, დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრთა დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში, მათ ენახებოდათ საცხოვრებელი სადგომი ექვსი თვის მანძილზე. მითითებული ნორმა შეიცავდა ასევე საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც საცხოვრებელი სადგომის შენახვა უფრო ხანგრძლივი ვადითაც იყო გათვალისწინებული, თუმცა 69-ე მუხლის დასკვნით ნაწილში აღნიშნული იყო, რომ დადგენილი ვადების გადამეტებით სხვაგან ყოფნის შედეგად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად პირის ცნობა ხდებოდა სასამართლო წესით. სასამართლოს მოსაზებით მოცემულ შემთხვევაში მ.კ-ის მხრიდან მოპასუხისათვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ბინაზე მესამე პირის უფლებადაკარგულად ცნობის ფაქტი. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მ.კ-ს მის მიერ მოპასუხისათვის საპრივატიზებოდ წარდგენილი ბინის სრულად საკუთრებაში მისაღებად უნდა წარედგინა ამ ბინაზე უფლების მქონე ყველა პირის, მათ შორის, მ.ტ-ას თანხმობა, მით უფრო იმ პირობებში, როცა მისთვის ცნობილი იყო მ.ტ-ას ადგილსამყოფელი და საკონტაქტო მონაცემები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხმობის წარუდგენლობა მართლზომიერად გახდა მ.ტ-ას წილის პრივატიზების მოთხოვნაზე ხარვეზის დადგენის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2024წ. განჩინებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული, ბინა №...-ში მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი საბინაო ბარათის (ფორმა №17) ასლის მიხედვით, ...ის ... მიკრო/რაიონში, კორპ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე №... ბინის ერთ-ერთ კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა მ.ტ-ა. ამასთან, მ.ტ-ას აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციის თარიღად მითითებული იყო 18.11.1986წ.. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.06.2023წ. №01/130746 წერილის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ..., ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №..., სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 1973 წლის 1-ლი იანვრიდან 1973 წლის 15 ნოემბრამდე რეგისტრირებული იყო 0 პირი, 1973 წლის 15 ნოემბრიდან 2008 წლის 22 აპრილამდე - 1 პირი, 2008 წლის 22 აპრილიდან 2023 წლის 06 ივნისამდე - 0 პირი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.08.2023წ. №01/186010 წერილით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ..., მე-... მ/რ, კორპ. №..., ბინა №..., 1973 წლის 15 ნოემბრიდან 2008 წლის 22 აპრილამდე რეგისტრირებული იყო მ.კ-ი (პ/ნ...). ამავე წერილის თანახმად, სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროში მოიძებნა მ.ტ-ას (დაბ.: ... ... ...წ.) რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვით 1986 წლის 18 ნოემბრიდან მ.ტ-ა რეგისტრირებული იყო მისამართზე: თბილისი, ...ის ..., მე-... მ/რ., კორპ. №..., ბინა №... ამასთან, მ.ტ-ას რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ასევე ინფორმაცია მ.ტ-ას სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25.01.2024წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა თ. დეკანოიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.06.2023წ. №01/130746 წერილში ასახული იყო სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემები, რომლის თანახმად სადავო ბინაში 1973 წლის 15 ნოემბრიდან 2008 წლის 22 აპრილამდე რეგისტრირებული იყო მ.კ-ი (პ/ნ...). რაც შეეხება მ.ტ-ას (დაბ.: ... ... ...წ.) ამავე მისამართზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, სპეციალისტმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოძიებული იქნა სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროში, რომელშიც ინახებოდა ინფორმაცია ძველი საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ჩანაწერებისა და დოკუმენტების გაცემის შესახებ. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მ.ტ-ას (დაბ.: ... ... ...წ.) შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მასზე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საპრივატიზებოდ წარდგენილი ბინის მისამართზე 1986 წლის 18 ნოემბრიდან მ.ტ-ას რეგისტრაციის ფაქტი და აღნიშნა, რომ საპრივატიზებოდ წარდგენილ ბინაზე მფლობელობის უფლებისა და მისგან გამომდინარე პრივატიზების უფლების მქონე პირს, მ.კ-სთან და მისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მ.ტ-აც წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ განაპირობებდა მითითებული პირის თანხობის წარდგენის აუცილებლობას (შესაბამის წილზე). ჩაწერის ფაქტი მეტყველებს მ.ტ-ას უფლებაზე ესარგებლა ბინით. კანონიერი სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის საფუძველზე სარგებლობის, როგორც პრივატიზაციისათვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის დასასაბუთებლად მხოლოდ ფართის რეალური ფლობის გამორიცხვა არ კმარა. არსებითია დადასტურდეს, რომ პირი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული ფართით არ სარგებლობს მისივე ნებით. სარგებლობის კომპონენტის გამორიცხვისათვის გადამწყვეტია ის მიზეზი, რის გამოც პირისათვის მინიჭებული უფლება საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ვერ რეალიზდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტების კანონიერების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.კ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მ.ტ-ა და მისი მეუღლე ზ.გ-ი 1992 წელს გადავიდნენ ვლადიკავკაზში საცხოვრებლად, რის შემდგომაც აღარ ჩამოსულან საქართველოში. კასატორის მოსაზრებით მ.ტ-ას არ გააჩნია კანონიერი სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტი, იგი საერთოდ არ ფლობს და არ სარგებლობს სადავო ფართით. კასატორი თვლის, რომ მ.ტ-ა ფიქტიურად იყო ჩაწერილი სადავო ბინაში და დაკარგული აქვს მის მიმართ ინტერესი. საქმეში დაცული არ არის ზემოაღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება. ვერც გამგეობამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა განსხვავებული გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 04.12.2020წ. ნაძალადევის რაიონის გამგეობას წარედგინა მ.კ-ის წარმომადგენლის ც.ფ-ის განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის დასახლების მე-... მ/რ-ში მდებარე №... კორპუსის №... ბინის (ფართით 61,18 კვ.მ.) მ.კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგეობას წარედგინა: დაინტერესებული პირისა და მისი წარმომადგენლის პირადობის მოწმობების ასლები; 05.10.1973წ. №025092 ორდერის ასლი, რომლის მიხედვით ყ.გ-ის 4-სულიან ოჯახს (თვითონ, მეუღლე მ.კ-ი და შვილები - ზ. და გ. გ-ები) მიეცა უფლება დაეკავებინა თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში, მე-... კორპუსის მე-... სადარბაზოში, მე-... სართულზე მდებარე ორი ოთახი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.02.2020წ. №2/20018-20 დადგენილების ასლი, რომლითაც დადგინდა მ.კ-ისათვის 05.10.1973წ. №025092 ბინის ორდერის კუთვნილების ფაქტი, რადგან ორდერში მითითებული მ.კ-ის მამის სახელი „ი.“ არ ემთხვეოდა მ.კ-ის დაბადების მოწმობაში მითითებულ მამის სახელს „ი.“; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 04.11.2020წ. საინფორმაციო ბარათი მ.კ-ის შესახებ, რომლის მიხედვით მ.კ-ი 1973 წლის 15 ნოემბრიდან 2008 წლის 22 აპრილამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე - თბილისი, ...ის ..., მე-... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.07.2019წ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მ.კ-ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთს (მისამართი - ...ის მე-... მ/რ, კორპუსი №..., უფლების დამდგენი დოკუმენტი - ორდერი №025092, 05.10.1973წ.) მიენიჭა №... და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: თბილისი, ...ის ... , მე-... მ/რ, კორპუსი №..., ბინა ...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.02.2019წ. წერილი, რომლის მიხედვით თბილისში, ...ის დასახლების მე-... მ/რ-ში მდებარე №... კორპუსის №... ბინაზე რაიმე სახის უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2020წ. წერილი, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ...ის თბილისის პრემიერის 1999 წლის №645 განკარგულების საფუძველზე ეწოდა ...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.02.2019წ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში მდებარე №... კორპუსის №... ბინაზე უფლება აღრიცხული არ ყოფილა; ბინის შიდა აზომვითი ნახაზი; მ.კ-ისა და ყ.გ-ის ქორწინების მოწმობა; ყ.გ-ის, გ.გ-ის, ზ.გ-ის, მ.თ-ის, მ.კ-ის, ხ.გ-ისა და ყ.გ-ის დაბადების მოწმობები; გ.გ-ისა და მ.თ-ის ქორწინების მოწმობა; ყ.გ-ის გარდაცვალების მოწმობა; სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მ.კ-იმა სრულად მიიღო გარდაცვლილი მეუღლის - ყ.გ-ის სამკვიდრო ქონება; ზ.გ-ის გარდაცვალების მოწმობა და მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; მ.თ-ის და ხ.გ-ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში მდებარე №... კორპუსის №... ბინის მ.კ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ, ასევე აღნიშნული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; ყ.გ-ისა და გ.გ-ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში მდებარე №... კორპუსის №... ბინის მ.კ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ, ასევე აღნიშნული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 16.11.2020წ. წერილი, რომლითაც მ.კ-ის წარმომადგენელს ც.ფ-ეს უარი ეთქვა მ.ტ-ას მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე; მ.კ-ის მიერ ც.ფ-ეზე გაცემული რწმუნებულება.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ რამდენჯერმე დადგინდა ხარვეზი, ხოლო 31.03.2021წ. წერილით მ.კ-ის ეცნობა, რომ გამგეობამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა მ.ტ-ას საინფორმაციო ბარათი, რომლის საფუძველზეც გაირკვა, რომ საპრივატიზებო ბინის მისამართზე აღნიშნული პირი რეგისტრირებული იყო 1986 წლის 18 ნოემბრიდან, რაც ემთხვეოდა საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული სარეგისტრაციო ბარათის, ფორმა №17-ის ჩანაწერს. დაინტერესებულ პირს დაევალა ბინის პრივატიზების თაობაზე მ.ტ-ას სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის, მ.ტ-ას დაბადების და ქორწინების მოწმობების სანოტარო წესით დამოწმებული ასლების წარდგენა. აღნიშნული წერილი მ.კ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.06.2021წ. №777 ბრძანებით მ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის 31.03.2021წ. წერილი ბათილად იქნა ცნობილი დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ბინის 6/7 წილის (მ.კ-ის, ყ.გ-ის, მ.თ-ის, ხ.გ-ის, ყ.გ-ისა და გ.გ-ის წილების) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის ნაწილში და ნაძალადევის რაიონის გამგეობას შესაბამის ნაწილში საქმის გარემოებების გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამავე ბრძანებით ძალაში დარჩა ნაძალადევის რაიონის გამგეობის 31.03.2021წ. წერილი დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ბინის 1/7 წილის (მ.ტ-ას წილის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე ხარვეზის დადგენის ნაწილში.

17.08.2021წ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას წარედგინა მ.კ-ის წარმომადგენლის ც.ფ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 21.06.2021წ. №777 ბრძანების შესაბამისად საქმის წარმოების სრულად განახლება, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომელზეც დაინტერესებული პირის საჩივარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ დააკმაყოფილა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.08.2021წ. წერილით მ.კ-ის ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მ.კ-ის ევალებოდა წარედგინა მ.ტ-ას თანხმობა დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ფართის პრივატიზების თაობაზე, აღნიშნულის გარეშე გამგეობა ვერ დააკმაყოფილებდა მოთხოვნას განსახილველი ფართის სრულად პრივატიზების თაობაზე. ზემოაღნიშნული წერილი მ.კ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 29.09.2021წ. №1430 ბრძანებით მ.კ-ის წარმომადგენლის ც.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის 26.08.2021წ. წერილი ბათილად იქნა ცნობილი დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ბინის 6/7 წილის (მ.კ-ის, ყ.გ-ის, მ.თ-ის, ხ.გ-ის, ყ.გ-ისა და გ.გ-ის წილების) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის განაცხადზე ხარვეზის დადგენის ნაწილში და ნაძალადევის რაიონის გამგეობას შესაბამის ნაწილში საქმის გარემოებების გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამავე ბრძანებით ძალაში დარჩა ნაძალადევის რაიონის გამგეობის 26.08.2021წ. წერილი დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ბინის 1/7 წილის (მ.ტ-ას წილის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე ხარვეზის დადგენის ნაწილში.

საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის 26.07.2022წ. ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ... ში, მე-... მიკრო/რაიონში მდებარე №... კორპუსის №... ბინაზე მ.კ-ი დარეგისტრირდა 6/7 წილის მესაკუთრედ. რეგისტრაციის საფუძველია ქ. თბილისის მერიის მიერ 18.11.2021წ. გაცემული №487 საკუთრების მოწმობა. რაც შეეხება 1/7 წილს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტებით მიჩნეულ იქნა, რომ მითითებულ წილზე პრივატიზების უფლების მქონე პირს წარმოადგენდა მ.ტ-ა და მის წილზე მ.კ-ის საკუთრების უფლების წარმოსაშობად საჭირო იყო მ.ტ-ას სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მოსარჩელის სასარგებლოდ დათმობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (1.1 მუხლი). ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულატიურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამდენად, საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული წესით კანონიერი მოსარგებლისათვის მოთხოვნილი ფართის პრივატიზების პროცესში კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია არსებობდეს ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრული მეორე წინაპირობაც - ფართით ფაქტობრივი სარგებლობა. შესაბამისად, საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობა, არამედ ამ უფლების რეალიზაციაც - ფართის ფაქტობრივი დაუფლება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ შპს „გლდანი-ნაძალადევის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრის, „ზღვის უბანი - 2-ის“ მოქალაქეთა დოკუმენტებში დაცულ საბინაო ბარათზე (ფორმა №17). აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ...ის ... მიკრო/რაიონში, №... კორპუსში, მესამე სართულზე მდებარე ბინა №...-ის მოსარგებლეები იყვნენ: გ-ი.ყ, კ-ი.მ., გ-ი. ზ., გ-ი. გ., გ-ი. ყ., გ-ი. მ., გ-ი.ი., თ-ი.ს., ტ-ა.მ., გ-ი.ხ. ამავე დოკუმენტით დგინდება ასევე, რომ გ-ი.ზ., გ-ი. მ. და გ-ი.ი. ამოწერილები არიან ზემოაღნიშნული უძრავი ქონებიდან. ამასთან, საქმეში დაცული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ბარათით და ამავე სააგენტოს 03.08.2023წ. წერილით დასტურდება, რომ საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მონაცემებით, მ.ტ-ა, რომელიც არის ზ.გ-ის მეუღლე, 1986 წლის 18 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ..., მე-... მ/რ, კორპ. №..., ბინა №..., ხოლო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ინფორმაცია მ.ტ-ას სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. №677 დადგენილებით დამტკიცებული „სსრკ-ში საპასპორტო სისტემის შესახებ წესის“ მიხედვით საბჭოთა პასპორტი მოიცავდა ინფორმაციას ჩაწერის შესახებ (I.4), მოქალაქეები ექვემდებარებოდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჩაწერას, ასევე დროებით საცხოვრებლის მიხედვით ჩაწერას ან რეგისტრაციას (I.6). ზემოაღნიშნული „წესის“ მიხედვით საბჭოთა მოქალაქეები ვალდებულები იყვნენ ჩაწერილიყვნენ საცხოვრებელ ადგილას (III.22). საბჭოური ჩაწერის ინსტიტუტი, ამჟამად მოქმედი რეგისტრაციის ინსტიტუტისაგან განსხვავებით, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას (იხ. სუსგ 18.07.2012წ. საქმე №ბს-257-254(კ-12), 17.11.2023წ. საქმე №ბს-250(4კ-23), სსრკ მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. №678 დადგენილება „მოქალაქეთა ჩაწერის ზოგიერთი წესის შესახებ“), ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მ.ტ-ა ჩაწერილი იყო სადავო ბინაში 1986 წლის 18 ნოემბრიდან, თუმცა მხოლოდ ჩაწერა საკმარისი არ არის სადავო ფართთან დაკავშირებით პირის უფლებების წარმოსაშობად, არამედ უნდა დასტურდებოდეს სადავო ფართით სარგებლობის ფაქტიც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში არ მოიძებნა ინფორმაცია მ.ტ-ას სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ. საქმეში დაცულია მ.კ-ის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მ.კ-ი 1973 წლიდან ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ყოფილი ..., ...ის ..., მე-... მკ/რ, კორპუსი №..., სადარბაზო №..., მესამე სართული, ბინა №.... მ.ტ-ა არის მ.კ-ის რძალი, შვილის - ზ.გ-ის მეუღლე. მეზობლების განმარტებით მ.ტ-ა სადავო ბინაში აღარ ცხოვრობს 1992 წლიდან, იმ დროიდან, როდესაც იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ვლადიკავკაზში. ამასთან, დასახელებულ ხელწერილებში აღნიშნულია, რომ მ.ტ-ა ოჯახთან ერთად დღემდე ცხოვრობს ვლადიკავკაზში და საქართველოში აღარ ჩამოსულა. 08.06.2023წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ერთ-ერთი მეზობელი ლ.მ-ი, რომელმაც დაადასტურა ხელწერილში მითითებული გარემოებები, ამასთან აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით მ.ტ-ას დაკარგული აქვს ინტერესი სადავო ბინის მიმართ, მას არ სურს საქართველოში დაბრუნება და არ სურს ჰქონდეს რაიმე კავშირი საქართველოსთან. აღსანიშნავია, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმის შემდეგ მ.ტ-ას სასამართლო შეტყობინებები ეგზავნებოდა მისამართზე: ქ. ვლადიკავკაზი, ...ის ..., კორპ. №..., ...-ლი სადარბაზო, ბინა №..., თუმცა ვერ ბარდებოდა. საქმეში დაცულია სატელეფონო შეტყობინების აქტები, რომლითაც დგინდება, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეები დაუკავშირდნენ მ.ტ-ას სატელეფონო ნომერზე .... და აცნობეს აღნიშნულ საქმეზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომების შესახებ. 15.04.2022წ. სატელეფონო შეტყობინების აქტში მითითებულია, რომ მ.ტ-ას განცხადებით მას არ სურს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება და დისტანციურად ჩართვა. აღსანიშნავია, რომ +7 არის რუსეთის ფედერაციის სატელეფონო კოდი. საქმეში დაცულია ასევე მ.ტ-ას ქმრის, ზ.გ-ის გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად ზ.გ-ი გარდაიცვალა 08.02.2011წ. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ მ.ტ-ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 1997 წლიდან 2023 წლის 31 ივლისამდე არ დაფიქსირებულა, ხოლო ინფორმაცია 1992-1996 წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ კომუნალური გადახდის ქვითრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო ბინის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა მხოლოდ მოსარჩელე - მ.კ-ი. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ.ტ-ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა 1997 წლამდე განხორციელდა, 1997 წლიდან დღემდე მ.ტ-ას მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი ოფიციალური მონაცემებით არ ფიქსრიდება, ამასთან, მისი მეუღლის გარდაცვალების ადგილი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაა, ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდა მ.ტ-ასთან დაკავშირება ეკუთვნის არა ქართულ, არამედ რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კავშირგაბმულობის ოპერატორს. ამდენად, არ დასტურდება მ.ტ-ას და მისი ოჯახის საქართველოში ყოფნის, მით უფრო, მ.ტ-ას მიერ სადავო ბინით სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის მეორე აუცილებელი ელემენტი - ფართის ფაქტობრივი დაუფლება.

კანონიერი სარგებლობის უფლების რეალიზაცია არსებითად უკავშირდება მოსარგებლის მხრიდან ფართის ფლობის ნების გამოვლენას - რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობამ შესაძლოა შეზღუდოს პირის შესაძლებლობა, ნების არსებობის მიუხედავად, ისარგებლოს კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონებით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა პირს გააჩნდეს ფართით სარგებლობის ცხადად გამოხატული სურვილი, თუმცა მის მიმართ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეუძლებელს ხდიდეს მინიჭებული უფლების რეალიზაციას (იხ. სუსგ 10.12.2015წ. №ბს-250-246(კ-15); 01.07.2009წ. №ბს-1086-1048(კ-08)). ამდენად, არსებითია დადასტურდეს, რომ პირი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული ფართით არ სარგებლობს მისივე ნებით. სარგებლობის კომპონენტის გამორიცხვისათვის გადამწყვეტია ის მიზეზი, რის გამოც პირისათვის მინიჭებული უფლება საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ვერ რეალიზდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბინაში მ.ტ-ას ჩაწერიდან დღემდე 35 წელზე მეტია გასული. არ დასტურდება ამ დროის მანძილზე მ.ტ-ას მიერ ფართის ფაქტობრივი დაუფლება, არ დასტურდება აგრეთვე ათწლეულების განმავლობაში ფაქტობრივი დაუფლების ხელშემშლელი რაიმე გარემოების არსებობა. აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებთან კომუნიკაციის შედეგად მხარისათვის ცნობილი გახდა მიმდინარე დავის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, მას დავის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხერხდა მ.ტ-ასთან დაკავშირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესში უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტიან რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით პრივატიზაციაზე უარის თქმა. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, იმის გამო, რომ მ.ტ-ა ჩაწერილი იყო სადავო ბინაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით მ.კ-ს მოსთხოვა მ.ტ-ას, როგორც ერთ-ერთი კანონიერი მოსარგებლის, თანხმობის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ფართის პრივატიზების თაობაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე, რომ არ შეუფასებია მ.ტ-ას კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ.ტ-ას კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევა და მოსარჩელის უფლების რეალიზაციისათვის მ.ტ-ას თანხმობის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, ეწინააღმდეგება საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს და წარმოადგენს მოსარჩელის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს. ამასთან, საკუთრების უფლებით დაცული სფერო იცავს არა მხოლოდ არსებულ საკუთრებას, არამედ ლეგიტიმურ მოლოდინს საკუთრების მიღების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ („მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Maurice v. France), no. 11810/03, 6.10.05, §§63-66; „პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Plechanow v. Poland), no. 22279/04, 7.7.09, §83;). მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის სადავო ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი გამომდინარეობდა როგორც 05.10.1973წ. №025092 ორდერის, ასევე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სადავო ბინის ფლობისა და მასზე მზრუნველობის ფაქტიდან. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს, ხოლო მისი უფლების რეალიზაციისათვის ისეთი პირის თანხმობის მოთხოვნა, რომელიც კანონიერ მოსარგებლედ არ მიიჩნევა, საფუძველს მოკლებულია (სზაკ-ის 81.1 მუხ.). სააპელაციო პალატა უთითებს, რომ სარგებლობის კომპონენტის გამორიცხვისათვის გადამწყვეტია ის მიზეზი, რის გამოც პირის უფლება ვერ რეალიზდება, აღნიშნულის მიუხედავად სარგებლობის უფლების გამომრიცხავ რაიმე მიზეზს არც ერთი ინსტანციის სასამართლო არ უთითებს, საქმის მასალებით რაიმე გარემოება ამ მიმართებით არ იკვეთება. მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას (სკ-ის 156-ე მუხ.), შესაბამისად მფლობელობა წყდება ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტით. მფლობელობა შეიძლება შეწყდეს პირის ნების გამოვლენის საფუძველზე ან ასეთი ნების გამოვლენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში მ.ტ-ას მიერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობის შეწყვეტა არ დგინდება. მართალია მფლობელობა ყოველთვის არ უკავშირდება უძრავი ნივთის ხელთპყრობას, თუმცა სარგებლობის გამომრიცხავი გარემოების არარსებობა, მფლობელობიდან გასვლა გამორიცხავს მ.ტ-ას ბინის 1/7 ნაწილზე პრივატიზების უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. მ.კ-ის წარმომადგენლის ც.ფ-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, სააპელაციო საჩივარზე 150 (ას ორმოცდაათი), ხოლო საკასაციო საჩივარზე 300 (სამასი) ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2024წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 26.08.2021წ. წერილი მ.კ-ის წარმომადგენლის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის ნაწილში;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 29.09.2021წ. №1430 ბრძანება ნაძალადევის რაიონის გამგეობის 26.08.2021წ. წერილის ძალაში დატოვების ნაწილში;

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალოს სადავო აქტებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო ფართის 1/7 ნაწილზე მ.კ-ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა;

7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას ც.ფ-ის (პ/ნ...) სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. აბუსერიძე