Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-465 (კ-25) 04 აგვისტო, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ.უ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.გ.უ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 06.04.2022 წლის №1000786725 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სახელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელემ 25.03.2022 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა 20.03.2023 წლამდე პერიოდში.

2.2. მოსარჩელემ განცხადებასთან ერთად წარადგინა ა(ა)იპ „ ...ის“ მიერ 28.03.2022 წელს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2021-2022 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებულია ა(ა)იპ „...ის“ ...ის საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტად. ამავე ცნობის მიხედვით, ...ის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა 6 წელი და სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის სექტემბერი.

2.3. განცხადების განხილვის მიზნით მოპასუხემ 29.03.2022 წლის №1000786725/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.

2.4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 01.04.2022 წლის SSG 6 22 00051324 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მოსარჩელისთვის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

2.5. მოპასუხის 06.04.2022 წლის №1000786725 გადაწყვეტილებით მოსარჩელის 28.03.2022 წლის №1000786725 განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.6. სს „...ის“ მიერ 28.03.2022 წელს გაცემული №119654 ცნობის თანახმად, მოსარჩელე არის პლასტიკური ბარათის მფლობელი სს „...ში“ და ხელმისაწვდომი ნაშთი ცნობის გაცემის დროისთვის შეადგენს - 1 581.43 აშშ დოლარსა და 42.72 ლარს.

2.7. 25.03.2022 წლის ... ელ. ვიზის თანახმად, მოსარჩელის სახელზე გაცემული იყო ... სამგზავრო დოკუმენტი, ვიზის ტიპი - D3, 90 დღის ვადით და იგი ძალაში იყო 25.03.2022 წლიდან 22.06.2022 წლამდე პერიოდში.

2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

2.9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

2.10. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (კონტრდაზვერვის დეპარტამენტი) გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებისას, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა კერძო ინტერესს - მოსარჩელის სასწავლო ბინადრობის ნებართვის უფლებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული იყო ...ის საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტად, ის არის ბანკში პლასტიკური ბარათის მფლობელი და მის სახელზე გაცემულია ვიზა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის 06.04.2022 წლის №1000786725 გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის წანამძღვრებს მისი ბათილად ცნობისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-601 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლომ გამოიკვლია და დაადგინა ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ მოსარჩელის მიმართ გაიცეს სასწავლო ბინადრობის ნებართვა. შესაბამისად, სასკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეზე გასცემს სასწავლო ბინადრობის ნებართვას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“). კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც გაიცემა უცხოელზე საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

11. კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 01.04.2022 წლის SSG 6 22 00051324 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მოსარჩელისთვის, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

12. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ დაადგინა მოსარჩელის რეგისტრაცია ა(ა)იპ „...ის“ ...ის საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტად, საბარათე საბანკო ანგარიშზე თანხის ფლობა, მის სახელზე ვიზის გაცემა. მართალია, საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელის ჩარიცხვის ან წარსულში ვიზის ქონის ფაქტი იმთავითვე არ ავალდებულებს სააგენტოს დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს (იხ: სუსგ №ბს-1197(კ-22), 20.03.2025წ.).

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებაზე (სუსგ №ბს-815(კ-19), 16.04.2020წ; №ბს-207(კ-20), 07.10.2020წ; №ბს-311(კ-20), 07.10.2020წ.). ისინი არ შეიცავენ განმარტებას მასზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე, ყოველგვარი შეფასების გარეშე, უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ: სუსგ №ბს-1197(კ-22), 20.03.2025წ.).

14. სადავო აქტის მართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ.184-194). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მითითებული გადაწყვეტილებებით არ გამოირიცხება აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროება. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, კონტროლი უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, №50963/99, 20.06.2002წ., §123,124; Chahal v. The United Kingdom [GC], №22414/93, 15.11.1996წ., §127, 145).

15. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, თუმცა, არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების არგაზიარება ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება (შდრ. სუსგ №ბს-1197(კ-22), 20.03.2025წ; №ბს-631(კ-21), 06.04.2023წ; №ბს-789(კ-23), 05.10.2023წ.). უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააგენტომ კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც მოითხოვს ყველა ინფორმაციის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას და შეფასებას. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. სზაკ-ის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სუსგ №ბს-429(კ-21), 28.09.2021წ.). მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება (სუსგ №ბს-991(კ-23), 15.02.2024წ.).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

19. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე მოსარჩელის/კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს მხარეს (შდრ. სუსგ №ბს-181(კ-22), 12.10.2022წ; №ბს-1248 (კ-22), 28.05.2024წ.).

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის განჩინება.

3. ა.გ.უ-ეს შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულება დაუბრუნდეს მხარეს.

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №07409, გადახდის თარიღი 22.04.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე