Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ

საქმე №ზ-307-1(ა-25) 1 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ.ღ-ი

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2021 წლის 20 აპრილს ნ.ღ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 დეკემბრის №1739 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ვაკის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში, №... კორპუსში მდებარე სადავო უძრავი ქონება - ოროთახიანი ბინის №...-ის ერთი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 14.85 კვ.მ, აღირიცხებოდა ნ.ღ-ის სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ღ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით ნ.ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ღ-იმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინებით ნ.ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება.

2025 წლის 11 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ღ-იმა და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო ფართი მას ეკუთვნის და არა საქმეში მესამე პირებად დასახელებულთ.

საკასაციო სასამართლო ნ.ღ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას (სსკ 421-ე მუხ.), თუმცა იქვე, იმპერატიულად განსაზღვრავს განცხადების განმხილველ სასამართლოს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ღ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნებზე არსებითად სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ღ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე