Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-67(3კ-24) 10 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ. გ-ა, მოსარჩელე - ნ. გ-ა, მესამე პირები - კ. ა-ა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 8 ოქტომბერს ბ. გ-ამ და ნ. გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, და მოითხოვეს: საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის წლის №17/05/01 განკარგულების დანართის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულნი არიან ბ. გ-ა და ნ. გ-ა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ. ა-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც კ. ა-ას ეკისრება მისთვის გადაცემულ ქონებაში ბ. და ნ. გ-აების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება; სახელმწიფოსთვის დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირებად ბ. გ-ას და ნ. გ-ას აღიარების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ბ. გ-ას და ნ. გ-ას სარჩელი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, გადაეგზავნა განსჯად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიკგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №17/05/01 განკარგულების დანართის ის ნაწილი, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია ბ. გ-ა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ. ა-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის ის ნაწილი, რომლის საფუძველზეც კ. ა-ას ეკისრება მისთვის გადაცემულ ქონებაში ბ. და ნ. გ-აების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ. გ-ა აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლიდან ბ. გ-ა ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში სხვადასხვა მისამართზე და აღნიშნულ მისამართებზე იღებდა სახელმწიფოსგან შემწეობას, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი. ამასთან, სადავო განკარგულების მიღებისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს იგი არ ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას კ. ა-ასა და ნ. გ-ასთან ერთად, ვინაიდან მისი იმ ოჯახის შემადგენლობაში (სადაც იგი აღრიცხული იყო სოციალური სამსახურის მხრიდან) კ. ა-ა და ნ. გ-ა არ შედიოდნენ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. გ-ა არ იყო კ. ა-ასთან და ნ. გ-ასთან ერთ ოჯახად - კ. ა-ასთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ფართში მცხოვრები (რეგისტრირებული) პირი და ის ვერ იქნებოდა გასაჩივრებული განკარგულების სუბიექტი. სადავო განკარგულება ვერ მოაწესრიგებდა მის საბინაო საკითხებს კ. ა-ასთან და ნ. გ-ასთან ერთად.

ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ბ. გ-ასთან მიმართებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აღნიშნული კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ. ა-ას შორის დადებული ხელშეკრულების, ბ. გ-ას ნაწილში, ბათილად ცნობის საფუძველია, რადგან არ არსებობს მის დადებაზე მოსარჩელის წერილობითი თანხმობა.

პალატის შეფასებით, საფუძვლიანია საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №17/05/01 განკარგულების ბ. გ-ას საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე ბ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა, რადგან აღნიშნული განკარგულება გამოცემულია მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე შესაძლებელია მიღებულიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მოსაზრებებს, პალატის მითითებით, არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ ბ. გ-ასთვის ცნობილი იყო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების თაობაზე ბ. გ-ამ შეიტყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 06 სექტემბრის №01/3657-ს წერილით. ვარაუდი, რომ ბ. გ-ას უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების თაობაზე, არ დასტურდება. ამდენად, დაცულია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №17/05/01 განკარგულება ბ. გ-ას არ ჩაჰბარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ ნაწილში მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა გასაჩივრების ვადის გაცდენის საფუძვლით წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის თაობაზე.

ნ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის ანკეტა შედგენილია მისი მონაწილეობით, მისთვის ცნობილი იყო ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ და მას სარჩელის აღძვრამდე აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. შესაბამისად, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ნ. გ-ა ინფორმირებული იყო პრივატიზაციის პროცესის შესახებ. მას არ განუცხადებია უარი პრივატიზაციაზე, არც სხვა საცხოვრისის მიღებაზე წარუდგენია განცხადება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. გ-ასგან განსხვავებით, არ დასტურდება ნ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით, საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ. გ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ. მოპასუხეთა განმარტებით, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ აღწერილი და დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის კ. ა-ა, ბ. გ-ა და ნ. გ-ა წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს და მათი როგორც დროებითი, ასევე, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი იყო ზუგდიდი, სოფელი ..., კორპ. ..., ბინა 1, ე.წ. „...“, ოჯახი რეგისტრირებული იყო ერთ სარეგისტრაციო ნომერზე: .... ამასთან, კასატორები თვლიან, რომ ბ. გ-ამ საცხოვრებლის დაკანონების შესახებ იცოდა და მისი მხრიდან დარღვეულია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ. გ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №17/05/01 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის. 2012 წელს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, ...ში, კორპუსი №1-ში მდებარე 29,68 კვ.მ ფართის (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად კ. ა-ასთვის გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების დადების საფუძვლად აღნიშნულია პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის განკარგულება №17/05/01. აღნიშნული ხელშეკრულებით, კ. ა-ამ აიღო ბ. გ-ას და ნ. გ-ას მისთვის გადაცემულ ქონებაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა კ. ა-ა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა - დადგენილია, რომ ბ. გ-ასგან რაიმე თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე არ მიუღია ხელშეკრულების არც-ერთ მხარეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67-ე მუხ. 1-ლი ნაწ.). მართლაც, ბ. გ-ამ 2018 წლის წლის 04 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. სამინისტროს 2018 წლის 06 სექტემბრის №01/3657-ს წერილით ბ. გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ მის ოჯახს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, უკვე დაუკანონდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში (...ში) დაკავებული ფართი და მისი განცხადების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ იყო.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 16 აპრილის №04-00-გ/4006 ცნობით დგინდება, რომ ბაკურ გარაგულია 2010 წლის 29 იანვრიდან 2013 წლის 30 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო საარსებო შემწეობის მიმღებად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: ...ს ქ. N.... ანალოგიური დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის ცნობითაც. ამავე ცნობის შესაბამისად, ბ. გ-ას ოჯახის წევრებად, 2010 წლიდან - 2018 წლის ჩათვლით, მითითებულნი არ არიან ნ. გ-ა და კ. ა-ა. 2020 წლის 16 ოქტომბერს ბ. გ-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა და მოითხოვა მისი და მისი შვილის დამისამართება მისამართზე: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ...ს ქ. №..., ბ. .... ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2010 წლიდან ბ. გ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში სხვადასხვა მისამართზე და აღნიშნულ მისამართებზე იღებს სახელმწიფოსგან შემწეობას, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო განკარგულების მიღებისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს ბ. გ-ა არ ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას კ. ა-ასა და ნ. გ-ასთან ერთად, ვინაიდან მისი ოჯახის შემადგენლობაში კ. ა-ა და ნ. გ-ა არ შედიოდნენ. ბ. გ-ა არ იყო კ. ა-ასთან და ნ. გ-ასთან ერთ ოჯახად - კ. ა-ასთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ფართში მცხოვრები (რეგისტრირებული) პირი და ის ვერ იქნებოდა გასაჩივრებული განკარგულების სუბიექტი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორების მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. ამდენად, ვარაუდი, რომ ბ. გ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული დოკუმენტაციით დასტურდება 2010 წლიდან ბ. გ-ას სხვა ქალაქში ცხოვრების ფაქტი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო კოდექსის 102 მუხ. 1-ლი ნაწ.). განსახილველ საქმეში, კასატორებს არ წარმოუდგენიათ ბ. გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების გამომრიცხავი რაიმე მტკიცებულება.

რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქმეში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხე მხარეა (კასატორი) სწორედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამდენად, საფუძველსაა მოკლებული სააგენტოს ხელახლა საქმეში ჩაბმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქმეში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი