Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-866(კ-24) 28 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. თ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის №17989 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა №...; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №25522 ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის №4395/2/2021 გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით თ. თ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის №17989 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა №.... ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №25522 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის №4395/2/2021 გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-იმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს ხის მასალა მიჰქონდა პირადი მოხმარებისათვის, საკუთარი სახლის მშენებლობის მიზნით. სააპელაციო პალატამ უგულებელყო თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში ამ საქმის წარმოებისას წარდგენილი და შესწავლილი მასალები. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მხოლოდ „შინაგან რწმენაზე“ დაყრდნობით არ დააკმაყოფილა სარჩელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე ...ს ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 23 აგვისტოს ცნობის მიხედვით, მეორე ...ს ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრებმა თ. თ-იმა, მამაპაპისეულ ნაკვეთში ააშენა სახლი და როგორც სოფლის ადმინისტრაციისათვის და მშენებლობაში მონაწილე მეზობლების განმარტებით ირკვევა, მას საკუთარი სახლის მშენებლობისათვის (სახურავის ლარტყის და სხვა დანიშნულების) ფიცარი შეძენილი ჰქონდა ბორჯომის რაიონში. მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა 2018 წლის მაისის თვეში (ტ.1, ს.ფ 101); ბ) სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს ...ს თ. ც-ეს და თ. თ-ის შორის 2018 წლის 4 მაისს გაფორმდა ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) ფორმით რეალიზებული ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩატარების აქტი. თ. თ-ის გადაეცა ნაძვის ჯიშის სამასალე მორები, რომელიც რაოდენობრივად იყო 8 ცალი, 9,89 მ3 მოცულობის, განთავსებული ღია ცის ქვეშ და განიცდიდა კლიმატურ ზემოქმედებას, აღენიშნებოდა სოკოვანი დაავადების კვალი, პარამეტრებია სიგრძე და წვრილი თავის დიამეტრი: 1) 6,12მX0,76მ; 2) 6,08მX0,48მ; 3) 6,08მX0,33მ; 4) 6,03მX0,44მ; 5) 5,48მX0,42მ; 6) 6,12მX0,58მ; 7) 6,18მX0,35მ; 8) 6,1მX0,35მ (ტ.1, ს.ფ 159); 2018 წლის 23 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა გ. ნ-ემ და სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს 15.05.2018წ-21.05.2018წ (ლოტი №2) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულმა თ. თ-იმა შეადგინეს აქტი შემდეგზე: გ. ნ-ემ გადასცა, ხოლო თ. თ-იმა მიიღო აღნიშნულ აუქციონზე შეძენილი ქონება დანართი №1-ის მიხედვით. აღნიშნული აქტის შენიშვნის თანახმად, მ... დარჩა გადაცემის ადგილას. თ. თ-ის განემარტა, რომ აღნიშნული მერქნის ტრასპორტირება და გამოყენება საჭიროებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებულ პროცედურებს, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით. აღნიშნული მასალის მახასიათებლებია: 1) ფიჭვის მორი 0,17მ3 , 3 მეტრი სიგრძის 1 ცალი სამასალე მორი; 2) ფიჭვის მორი 0,42მ3, 6 მეტრი სიგრძის 1 ცალი სამასალე მორი; 3) ნაძვის მორი 0,26მ3, 6 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 4) დახერხილი ხის მასალა 0,5მ3 , 6 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 5) დახერხილი ხის მასალა 0,04მ3, 3 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 6) დახერხილი ხის მასალა 0,348მ3, 6 მეტრი სიგრძის ორი მხრიდან ჩამოხერხილი 1 ცალი ძელი 0,20X0,29X6. აღნიშნული ხის მორები და მასალა განთავსებული იყო ბორჯომის რაიონის სოფელ ...სა და პატარა ...ში (ტ.1, ს.ფ 157-158); გ) 2018 წლის 23 მაისს, 16:22 საათზე თ. თ-იმა გამოწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №..., რომელიც შემოსვლების სამსახურის ვებგვერდზე რედაქტირებულია 2018 წლის 23 მაისს 22:28 საათზე. ოპერაციის შინაარსად მითითებულია შიდა გადაზიდვა. ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ქალაქ ბორჯომის ..., ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ქალაქი ხაშური. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ..., მძღოლი თ. თ-ი, სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 3,62 მ3 ფიცარზე (ტ.1, ს.ფ 140-141); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 8 ივნისის №45096/05/18 დასკვნის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე წარდგენილი ფიზიკური პირი თ. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი, „...ს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ...) ძარადან ჩამოღებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2,40მ3, საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1320 ლარი დღგ-ის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 135-139); ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ თ. თ-იმა დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით). კერძოდ, იგი სამეწარმეო საქმიანობისთვის 1320 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის - „დაჩეხილი შეშის“ (2.4 მ3 x 550.00 ლარი, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: ...; მძღოლი - თ. თ-ი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. თ-ი დაჯარიმდა 5000 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად (ტ.1, ს.ფ 133-134); ვ) 2018 წლის 18 ივლისს, თ. თ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დარიცხული ფულადი ჯარიმის გაუქმება. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ 2018 წლის 23 მაისს ბორჯომის რაიონიდან ახორციელებდა 2.4 მ3 მასალის ტრასპორტირებას. იმის გამო, რომ იყო საღამოს 11 საათი ვერ დაუკავშირდა ბუღალტერს ზედნადების გამოსაწერად, ამიტომ თავად შევიდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და გაიაქტიურა სასაქონლო ზედნადები .... ამ დროს დაუშვა შეცდომა და არ შეცვალა ფირნიშის ნომრები, რამაც გამოიწვია სამართალდარღვევა. იგი მიუთითებდა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით და მიზნად არ ისახავდა გადასახადისაგან თავის არიდებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აგვისტოს №20726 ბრძანებით, თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, თ. თ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-ტყის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაში (ტ.1, ს.ფ 142-145, 146-148); ზ) 2018 წლის 21 აგვისტოს, თ. თ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აგვისტოს №20726 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი ინტერნეტ აუქციონზე გამარჯვების შემდეგ გახდა ნაძვის ჯიშის სამასალე მორების მეპატრონე. აღნიშნული სამასალე მორები ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი ჰქონდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ზემოთხსენებული მორები იყიდა საკუთარი სახლის მშენებლობისათვის. მორების ტრანსპორტირებისას ზედნადები თავად შეავსო შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, რა დროსაც დაუშვა ტექნიკური შეცდომა (ტ.1, ს.ფ 149-155); საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №6528/2/2018) თ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.06.2018 წლის 67724-21–12 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 მაისს თ. თ-ის შეძენილი ჰქონდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოდან ხის მრგვალი მორი ჯამში 9,53 მ3, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №..., რომელიც გადამუშავებულ იქნა ქ. ბორჯომში, შპს „ა...-ის“ სახერხ-საამქროში და 2018 წლის 11 მაისს გაიცა ცნობა №... მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ, ჯამში 7,62 მ3 ფიცრის ოდენობით, რომელიც თ. თ-ის მიერ ხე-ტყის ახალი სასაქონლის ზედნადებებით №...; ...; ...; ..., 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით სრულად იქნა გადაზიდული ქ. თბილისში ...ს ქ. №...-ში, ხოლო 2018 წლის 24 მაისს ხე-ტყის ახალი სასაქონლო ზედნადებით №..., სადაც პროდუქციის დასახელებაში დაფიქსირებული ჰქონდა 3,62 მ3 ფიცარი, იგივე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით №... და შესაბამისად, იგივე მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობით №..., გადაჰქონდა ქ. ბორჯომიდან ქ. ხაშურის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტი ვერ გახდება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს მიღებული ბრძანების და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი (ტ.1, ს.ფ 149-155, 163-167); თ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7712 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. თ-იმა გასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის (საქმე №3/7466-18) გადაწყვეტილებით, ფ/პ თ. თ-ის (პ/ნ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აგვისტოს №20726 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№6528/2/2018). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის (საქმე №3/7466-18) გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, თ. თ-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აგვისტოს №20726 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №6528/2/2018). სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სადავო საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად გამოკვეთილი არ არის მოსარჩელის განზრახვა, ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისთვის. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე უთითებდა პირველადი გადამუშავების პროდუქტის ხე-ტყის პირად საჭიროებაზე, რისი დამადასტურებელი ცნობაც ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ აღნიშნული განმარტება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გასაქარწყლებლად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს კერძო სახლი გააჩნია მეორე ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ხე-ტყის ზედნადებების მიხედვით, ბორჯომის ტერიტორიიდან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელებული აქვს არაერთგზის სხვადასხვა მიმართულებით - ხაშურის რაიონში, ქ. თბილისში, ზესტაფონში, საგარეჯოში და სხვა. აქედან გამომდინარე, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საგადასახადო ორგანომ უნდა გადაამოწმოს სხვადასხვა პერიოდში გამოწერილი ზედნადებებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, გაარკვიოს რით იყო გამოწვეული მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში კონკრეტული მისამართების მითითება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხოს ამ მისამართებზე რეგისტრირებული პირები. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოქმედებების ჩატარების საფუძველზე, დადგენილი გარემოებების შეფასების გარეშე, შეუძლებელია მოსარჩელის განზრახვის დადგენის ან უარყოფის თაობაზე დასკვნის გაკეთება. ასევე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო ორგანოს მიერ ხე-ტყის პირველად გადამუშავებულ პროდუქტად მითითებულია „დაჩეხილი შეშა“, თუმცა სასაქონლო ზედნადებში და ექსპერტის დასკვნაში მითითებულია „ფიცარი“. ამასთან, საექსპერტო კვლევაში აღნიშნულია, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინება: დახერხილი, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი სხვადასხვა ტენიანობით, სხვადასხვა სიგანის, სიგრძე 3მ, სისქე 3-4 სმ. ფიცრებზე შეიმჩნევა ხარვეზები, თუმცაღა შტაბელში შეიმჩნევა 2 ღერი ძელაკი. პალატა კვლავ მიუთითებს ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომელიც მრგვალი ხე-ტყის ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიზნით კონკრეტულ პარამეტრებზე უთითებს - საგანი ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს, რა ინფორმაციასაც საქმის მასალები, მათ შორის, ექსპერტის დასკვნა არ შეიცავს. ამასთან, გაურკვეველია, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან წარდგენილი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტი ექსპერტის მიერ ჩათვლილი იქნა ფიცრად, რატომ მიიჩნია ოქმის შემდგენმა აღნიშნული მერქნული რესურსი „დაჩეხილ შეშად“. შესაბამისად, ხომ არ ახდენს ოქმის შემდგენი მოხელის მიერ მერქნული რესურსის ამგვარი კვალიფიცირება გავლენას, მისი შეფასების ოდენობაზე. აღნიშნული გარემოების გარკვევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გამოყენებისათვის საბაზრო ღირებულება ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი კომპონენტია. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადგინოს მოსარჩელის განზრახვა საქონლის სამეწარმეო საქმიანობისადმი კუთვნილება, ასევე გაარკვიოს სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტის დასკვნაში მითითებული შეუსაბამობები, ამასთან უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ ეჭვი სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებელი, არ შეიძლება გახდეს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი; ი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა მოიკვლიეს სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის №17989 ბრძანებით, თ. თ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა. ამავე დროს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარება. მითითებული ბრძანების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მათ მიერ „განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც თ. თ-ის ჰქონდა ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. კერძოდ ი/მ გო...თან ფიქსირდება ექვსი რეალიზაციის ფაქტი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (№...; ...; ...; ...; ...; ...) და ი/მ გ...სთან ფიქსირდება ერთი რეალიზაციის ფაქტი, ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (№ ....) სატელეფონო საუბრებში ი/მ გო...მა და ი/მ გ...მ დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა თ. თ-ისგან ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს თ. თ-ის მიერ რეალიზაციის მიზნით არის გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, კერძოდ, შპს „მ...ს“ მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №..., შპს „გ...ს“ მიმართ ფიქსირდება ორი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (№...; ...), ი/მ ა...ის მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №..., ი/მ ბ...ს მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №..., ი/მ ბ...ის მიმართ ხუთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (№...; ...; ...; ...; ...;) და რ. მ-ეის მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №.... აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგები ცხადჰყოფს, რომ თ. თ-ის მხრიდან იკვეთება ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებულ შეუსაბამობებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის №21-12/68336 წერილით, აღნიშნული დახერხილი ხე-მასალა დროებით განთავსდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, 2018 წლის 8 ივნისის ექსპერტიზის №45096/05/18 დასკვნით კი, განისაზღვრა დახერხილი ხე-მასალის მოცულობა და საბაზრო ღირებულება 2,4 მ3 ფიცარი, 1320 ლარად. 2018 წლის 21 ივნისს თ. თ-ის მიმართ შედგა სსკ 286-ე მუხლის 12 ნაწილით სამართალდარღვევის ოქმი №..., სადაც საქონლის დასახელებაში მითითებულია „დაჩეხილი შეშა“, ნაცვლად დახერხილი ხე-მასალისა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის №21-12/97857 წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საბოლოოდ მიბარდა ჩამორთმეული დახერხილი ხე-მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2018 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოხდა აღნიშნული დახერხილი ხე-მასალის 2,4 მ3 ფიცრის რეალიზაცია აუქციონის წესით (აუქციონის №... ლოტი №1). შესაბამისად, განხორციელებული ქმედებებისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ,,შეუსაბამობა’’ აღმოფხვრილია და ჩამორთმეული საქონელი დახერხილი ხე-მასალა 2,4 მ3 ფიცარი რეალიზებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გამოსაკვლევ ფაქტებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალების, მტკიცებულებების და გარემოებების გამოკვლევის და შეფასების, ასევე, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სახეზეა ფ/პ თ. თ-ის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ფ/პ თ. თ-ის მხრიდან იკვეთება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები (ტ.1, ს.ფ 49-51, 31-36); კ) 2021 წლის 8 ივლისის საჩივრით, თ. თ-იმა მოითხოვა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 08.06.2021 წლის №17989 ბრძანების და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის (№...) ბათილად ცნობა. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №25522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. თ-იმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის №14395/2/2021 გადაწყვეტილებით, თ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 93-98, 91-92, 86-90, 39-40).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს თ. თ-ის მიმართ მიღებული სადავო აქტების - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების, საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი აწესრიგებს, კერძოდ, იგი განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. მითითებული კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ინსტრუქციის სადავო პერიოდში მოქმედი 252 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი; ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი; ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე; ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი; ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი; ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი; ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი; ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე; გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა); დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოყო ხე-ტყე და მის მიმართ შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია გრაფები, რომელთა შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და რეალიზაცია. „ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში (საქართველოს ტყის კოდექსი, პრეამბულა), რის გამოც ხე-ტყის მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვება და რეალიზაცია მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შეადგენს“ (სუსგ. №ბს-1154(კ-20), 16.12.2022წ.).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილი ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. მოცემული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისათვის საჭიროა კუმულატიურად სახეზე იყო რამდენიმე წინაპირობა, კერძოდ, ხე-ტყის ტრანსპორტირება განხორციელებული უნდა იყოს სამეწარმეო მიზნებისათვის და სახეზე არ უნდა იყოს სასაქონლო ზედნადები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სამეწარმეო მიზნებისათვის ტრანსპორტირების განხორციელების ფაქტს და მიუთითებს ტრანსპორტირების პირადი მოხმარებისათვის განხორციელებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განსაზღვრულ ეკონომიკური საქმიანობის დეფინიციაზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მუხ. 9.1). ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხის მიერ აღსრულდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილებაში არსებული მითითებების გათვალისწინებით და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ქმედება არ იყო ერთჯერადი ხასიათის და თ. თ-ის მხრიდან იმავე შინაარსის ოპერაცია სამეწარმეო საქმიანობისთვის განხორციელებული იყო არაერთგზის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ პირადი მოხმარებისათვის ხე-ტყის ტრანსპორტირებას დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება მოსარჩელის არათანმიმდევრულ პოზიციაზე, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ თავდაპირველ საჩივარში, მოსარჩელე არ მიუთითებდა ტრანსპორტირებული ხის მასალის პირადი მიზნებისთვის გადაზიდვაზე, აპელირებდა სასაქონლო ზედნადებში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომაზე და სადავოდ არ გაუხდია, რომ ტრანსპორტირებული საქონელი ექვემდებარებოდა შესაბამისი ზედნადების გამოწერას გადაადგილებისას. მის პოზიციაში პირადი მოხმარებისათვის გადაზიდვის განხორციელების შესახებ არგუმენტი ჩნდება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილ საჩივარში (21.08.2018წ.), სადაც თ. თ-ი აღნიშნავდა, რომ ხის მასალა კერძო სახლის მშენებლობისათვის სჭირდებოდა ქ. თბილისში. შემდგომში მოსარჩელემ მიუთითა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში სახლის მშენებლობისთვის ხის მასალის ტრანსპორტირებაზე. ამასთან, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც თ. თ-ის ჰქონდა ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. კერძოდ ი/მ გო...თან ფიქსირდება ექვსი რეალიზაციის ფაქტი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (№...; ...; ...; ...; ...; ...) და ი/მ გ...სთან ფიქსირდება ერთი რეალიზაციის ფაქტი, ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (№ ....) სატელეფონო საუბრებში ი/მ გო...მა და ი/მ გ...მ დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა თ. თ-ისგან ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს თ. თ-ის მიერ რეალიზაციის მიზნით არის გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, კერძოდ, შპს „მ...ს“ მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №..., შპს „გ...ს“ მიმართ ფიქსირდება ორი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (№...; ...), ი/მ ა...ის მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №..., ი/მ ბ...ს მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №..., ი/მ ბ...ის მიმართ ხუთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (№...; ...; ...; ...; ...;) და რ. მ-ეის მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №....

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხე-ტყის ტრანსპორტირება განხორციელებულია სამეწარმეო მიზნებისათვის და მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა თ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.

მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება;

3. თ. თ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 20.08.2024წ. მის მიერ გადახდილი (გადახდა განხორციელებულია სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. თ. თ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია