Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1013(კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 19 ივნისს ლ. გ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 8 ივნისის N01-06/268 დადგენილების (დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობით, სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. სასამართლოს მსჯელობით, სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და ასევე, სახეზე უნდა იყოს ბრალი.

სასამართლომ მიუთითა, რომ 2019 წლის 06 თებერვალს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ლ. გ-ეის მიერ დაშენების წარმოება, კერძოდ, დამატებითი საცხოვრებელი ფართის მოწყობის მიზნით განხორციელდა ტერასის გადახურვა, კედლების ამოშენება და ვიტრაჟის მოწყობა. ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ლ. გ-ეის მიმართ გაიცა მითითება N17 და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით ლ. გ-ეს დაევალა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, რისთვისაც მიეცა გონივრული ვადა, 10 დღე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 06 მაისს გადამოწმდა ობიექტი და დადგინდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ, არ განხორციელდა ტერასაზე უნებართვოდ მოწყობილი - დაშენებული ფართის და სახურავის დემონტაჟი, რაზედაც შედგა №212 შემოწმების აქტი და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტზე. სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მხარის იმ განმარტებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადებული ჰქონდა თუმცა, მშენებლობის ნებართვის მისაღებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართული არ ჰქონდა. აღნიშნული არგუმენტი არ იქნა მიჩნეული ჩადენილი სამართალდარღვევის გამომრიცხავ გარემოებად და შესაბამისად, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის 08 ივნისს გამოცემული იქნა დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე N01-06/268 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით. მასვე დაევალა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (ტერასაზე მოწყობილი - დაშენებული ფართის და სახურავის დემონტაჟი).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, „სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ლ. გ-ეის დაჯარიმების და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების თაობაზე 2020 წლის 08 ივნისის N01-06/268 დადგენილების მისაღებად. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130.1 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა. მიუთითა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ემ. აპელანტმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინებით, ლ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო პალატის მსჯელობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს. სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად მითითებით, ყურადღება გაამახვილა საქმისწარმოების შესახებ 2020 წლის 25 მაისის ოქმში გაკეთებულ იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ ლ. გ-ეს, მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში (მერიაში) 2019 წლის 12 თებერვალს წარდგენილ მიმართვაზე წერილობით ეცნობა, რომ მითითებული სამუშაოები საჭიროებდა შეთანხმებას. მხარის განმარტებით, მერიაში წარსადგენად დოკუმენტაცია მომზადებული ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე საგანგებო მდგომარეობამ შეაფერხა დოკუმენტაციის წარდგენა და თანხმობის მიღებისა და სადავო საკითხის კანონის ფარგლებში მოყვანის მიზნით, ითხოვა გონივრული დროის განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ. გ-ეის მიერ განხორციელდა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე დაშენების სამუშაოები, ჩატარდა ტერასის გადახურვა, მასზე კედლების ამოშენება და ვიტრაჟის მოწყობა, სათანადო ნებართვის გარეშე (ს.ფ. 93). პალატის მსჯელობით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 08 ივნისის N0106/268 დადგენილებაში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. გ-ემ განახორციელა ტერასის გადახურვა, ტერასაზე კედლების ამოშენება და ვიტრაჟების მოწყობა, არც მითითებაში და არც შემოწმების აქტში არ არის მითითებული. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დამრღვევის მიმართ შედგენილ მითითებაში ზუსტად ასახოს დარღვევები და მისი აღმოფხვრის გზები, რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ასევე გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე (აპელანტი) სადავოდ არ ხდის ტერასაზე ვიტრაჟებითა და გადახურვით დამატებით საცხოვრებელი ფართის მოწყობას, არამედ არ ეთანხმება მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმ განმარტებაზე, რომ ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის N...-ში მდებარე შენობა (საცხოვრებელი კორპუსი) დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. მიუთითა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 1417.1 მუხლზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 1417.12 მუხლზე და განმარტა, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმება საჭიროებს აქტის გამოცემის შემდეგ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების (სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით) გამოყენების შესაძლებლობის გარკვევას. მიუთითა, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები იძლევა უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" 2023 წლის 31 მაისის N2990 კანონით განხორციელებულ ცვლილებაზე (დაემატა 1417 მუხლი) და განმარტა, რომ აღნიშნული ითვალისწინებს იმ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესაძლებლობას, რომელზედაც ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამკვიდრებული განაშენიანების გეგმის არეალშია განთავსებული. პალატის მსჯელობით, გარკვევას საჭიროებს აგრეთვე ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 1417.12 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების სუბიექტებს შორის, მოსარჩელის მოქცევის და დაკისრებული სანქციისაგან მისი გათავისუფლების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის მიერ. კასატორი ითხოვს ძალაში დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ლ. გ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

კასატორი წარმოდგენილი საჩივრით არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ლ. გ-ეს გააჩნდა I კლასის შეთანხმება, პერგოლას მოწყობაზე, ხოლო მის მიერ განხორციელდა კედლების ამოყვანა, გადახურვის და ვიტრაჟების მოწყობა, რაც შესაბამის სამშენებლო ნებართვის მიღებას საჭიროებდა და არა შეთანხმებას. წარმომადგენლის მსჯელობით, მშენებლობის კლასის ცვლილების შემთხვევაში, მშენებლობა საჭიროებს ახალ ნებართვას, რაც გულისხმობს, რომ მისი წარმოება ახალ მშენებლობას მოიაზრებს და კვალიფიკაციაც შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის არის, როგორც უნებართვო მშენებლობისათვის. კლასის ცვლილება ვერ განიხილება უკვე არსებული ნებართვის პირობების დარღვევად. კასატორის განმარტებით, პირობის დარღვევა არის შესაბამისი კლასის მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის პირობებისაგან გადახვევა და არა ახალი კლასის მშენებლობის წარმოება, რაც ახალ ნებართვას საჭიროებს.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აპელირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს მხოლოდ შენობა - ნაგებობის რემონტი. მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი სახის მშენებლობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, ხოლო I კლასს მიკუთვნებული ობიექტის შემთხვევაში საჭიროებს შეთანხმებას. კასატორი აკონკრეტებს, რომ ლ. გ-ე ბათუმში, ...ს ქ. №...-ში აწარმოებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენებას. ფართის მოწყობის მიზნით განახორციელა ტერასის გადახურვა, ამოშენება და ვიტრაჟების მოწყობა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ, ობიექტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ლ. გ-ეს არ გააჩნდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მისამართზე მშენებლობის განხორციელება მიჩნეული იქნა უნებართვო მშენებლობად.

კასატორის განმარტებით, საქმისწარმოების პროცესში მოძიებული მასალების და ინფორმაციის საფუძველზე დადგენილად ჩაითვალა ლ. გ-ეის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, 2020 წლის 8 ივნისის N 01-06/268 დადგენილებით დაჯარიმდა 3 000 (სამიათასი) ლარით და დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. რაც შეეხება აქტის ბათილობის და საქმისწარმოების სამართლებრივ შესაბამისობას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე მუხლებზე მითითებით კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მნიშვნელოვნად მიიჩნევს არ დაინერგოს პრაქტიკა, სამშენებლო კლასის ცვლილება სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნეს თუნდაც უკვე გაცემული ნებართვის პირობების დარღვევად და არა ახალ სამშენებლო სამართალდარღვევად. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორი, საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინების გაუქმებას და ლ. გ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება -დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ საქმისათვის, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 დეკემბრის N25/20478 წერილით, ლ. გ-ეის სახელზე გაიცა თანხმობა (შეთანხმება), ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში, განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (ს/კ-ით N..., N...; N...; N...; N...) მსუბუქი კონსტრუქციის - პერგოლის მოწყობის მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.

2019 წლის 06 თებერვალს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ გამოვლინდა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ლ. გ-ეის მიერ დაშენების წარმოება, კერძოდ, ფართის მოწყობის მიზნით მის მიერ განხორციელდა ტერასის გადახურვა, კედლების ამოშენება და ვიტრაჟის მოწყობა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2019 წლის 6 თებერვალს გაიცა N17 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნული მითითებით, ლ. გ-ეს დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 10 დღე.

დადგენილია, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადამოწმდა ობიექტი და დადგინდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ, ლ. გ-ეს ობიექტი არ ჰქონდა მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში, რაზედაც 2020 წლის 6 მაისს შედგა №212 შემოწმების აქტი და 2020 წლის 07 მაისს, „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128.1 მუხლის შესაბამისად განთავსდა ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას.

დადგენილია, რომ ლ. გ-ეს, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად უწყებით ეცნობა საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა (№01-05/1251, 14.05.2020წ.).

დადგენილია, რომ 2020 წლის 25 მაისს, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურში საქმის განხილვაზე გამოცხადდა ლ. გ-ე და დააფიქსირა თავისი პოზიცია. ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა მერიას, რაზედაც მიიღო წერილობითი პასუხი მასზე, რომ სამუშაოები საჭიროებდა შეთანხმებას. განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით მომზადებული აქვს დოკუმენტაცია ადმინისტრაციულ ორგანოში (მერია) წარსადგენად, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე საგანგებო მდგომარეობამ შეაფერხა. სადავო საკითხის კანონის ფარგლებში მოყვანის მიზნით ლ. გ-ემ ითხოვა გონივრული ვადის განსაზღვრა.

დადგენილია, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 08 ივნისს მიღებული იქნა N01-06/268 დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ. გ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე.

დავის საგნისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეფასება და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, პრინციპულია სააპელაციო პალატის მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობის საკითხისა და პირველი ინსტანციის - ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მართებულობის შეფასება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. „..სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა დაიკარგოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა..“ (სუს 2022 წლის 15 დეკემბრის Nბს-488 (2კ-22) განჩინება).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებაში. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით, მხარეთა უფლებების დაცვას. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. „..საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თავისთავად არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს..“ (სუს 2021 წლის 2 ივნისის Nბს-568(2კ-კს-20) განჩინება).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა. საკასაციო პალატის მსჯელობით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მართებულობას ვერ ადასტურებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე. დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობისათვის საპირწონე არგუმენტს არ წარმოადგენს ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დამრღვევის მიმართ შედგენილ მითითებაში ზუსტად ასახოს დარღვევები და მისი აღმოფხვრის გზები, რაც არ განხორციელებულა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისათვის გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე (აპელანტი) სადავოდ არ ხდის ტერასაზე ვიტრაჟებითა და გადახურვით დამატებით საცხოვრებელი ფართის მოწყობას, არამედ არ ეთანხმება მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადგილი ჰქონდა მშენებლობის კლასის ცვლილებას, რომელიც ახალ ნებართვას საჭიროებს, თუ შესაბამისი კლასის მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის პირობებისაგან გადახვევას.

„..სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში. სააპელაციო სასამართლო ერთის მხრივ ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო მეორეს მხრივ თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის..“ (სუს 2021 წლის 2 ივნისის Nბს-568(2კ-კს-20) განჩინება).

გასაჩივრებული განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დავალებული საკითხების გამოკვლევის შესაძლებლობა თავად სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა. საყურადღებოა, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მოტივირებულია ასევე სადავო აქტის გამოცემის შემდგომ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მითითებით და ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ პოზიციით, რომ ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის N...-ში მდებარე შენობა (საცხოვრებელი კორპუსი) დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ქუთაისის სააპელაციო პალატამ დეტალურად მოახდინა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ განხორციელებული ცვლილებების ციტირება, მიუთითა 1417.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმება საჭიროებს აქტის გამოცემის შემდგომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების (სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით) გამოყენების შესაძლებლობის გარკვევას. მიუხედავად ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო რეგულაციის დეტალური მითითებისა, სააპელაციო სასამართლომ მათი შინაარსობრივი ანალიზის გარეშე მიიჩნია, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმება საჭიროებს აქტის გამოცემის შემდეგ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების (სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით) გამოყენების შესაძლებლობის გარკვევას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს გააჩნია არა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, არამედ დადგენილ ფაქტებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთანავე, საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს, თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებათა გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლო, რომელიც მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე და შედეგად გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა. უნდა დადგინდეს ის ფაქტობრივი გარემოება ადგილი ჰქონდა მშენებლობის კლასის ცვლილებას, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას თუ ადგილი ჰქონდა შესაბამისი კლასის მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის პირობებისაგან გადახვევას და არა ახალი კლასის მშენებლობის წარმოებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვერ შეფასდება საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნების წინაპირობები, ვინაიდან სადავო საკითხის გამოკვლევა და შეფასება სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეუძლია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი