საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-680(კ-24) 16 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ვ-ი, ა. ვ-ი, ლ. თ-ი (ნ. თ-ის უფლებამონაცვლე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ვ-იმა, ა. ვ-იმა და ნ. თ-იმა სარჩელით მიმართეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №09/2116 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №09/2117 გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ნოემბრის №09/2200 გადაწყვეტილება; დ) დაევალოს წალკის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ვ. ვ-ის, ა. ვ-ისა და ნ. თ-ის საკუთრებაში გადაეცემათ მათ მფლობელობაში არსებული (ორდერით დადგენილი) ფართები უსასყიდლოდ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. თ-ი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ის, ა. ვ-ისა და ლ. თ-ის (ნ. თ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №09/2116, 2019 წლის 24 ოქტომბრის №09/2117 და 2019 წლის 5 ნოემბრის №09/2200 გადაწყვეტილებები. წალკის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ვ-ის, ა. ვ-ის, ლ. თ-ის და წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ვ. ვ-ის, ა. ვ-ის, ლ. თ-ის (ნ. თ-ის უფლებამონაცვლე) და წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების დასკვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულების დარღვევაზე, წინააღმდეგობაში მოდის ამავე საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან. წალკის რაიონის ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №27, 2005 წლის 20 დეკემბრის №28 და 2004 წლის 30 აგვისტოს №6 ორდერებზე დაფიქსირებული არ არის ...ის საკრებულოს თავმჯდომარის - ვ. პ-ის ხელმოწერა. ორდერებზე ფიქსირდება არაუფლებამოსილი პირის, კერძოდ, ...ის საკრებულოს მდივნის - რ. კ-ას ხელმოწერა. შესაბამისად, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ვ. ვ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) წალკის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ვ. ვ-იმა და მოითხოვა ...ში, მე-... ქუჩა, №... სახლში მდებარე 3 ოთახის პრივატიზაცია. განცხადებაზე თანდართული იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №28 ორდერი და აზომვითი ნახაზი (ს.ფ 79-85); ბ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის №09/1756 წერილით ვ. ვ-ის განემარტა, რომ წარსადგენი იყო: 1) 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; 2) წალკის რაიონის ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №28 ორდერის ხელშეკრულება; 3) წალკის რაიონის ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №28 ორდერის დაბის საკრებულოს კრების გადაწყვეტილება; 4) აზომვითი ნახაზი, 5) წალკის რაიონის ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №28 ორდერის დედანი (ს.ფ 15-16); გ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №09/2117 გადაწყვეტილებით, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე (განცხადების წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია) ვ. ვ-ის განცხადება დარჩა განუხილველი (ს.ფ 31); დ) ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №28 ორდერის თანახმად, ვ. ვ-ის (შპს „ბ...ს“ ...) ...ის საკრებულოს კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, მისამართზე ...ი, მე-... ქუჩა, სახლი №..., სადარბაზო ..., სართული ..., უფლება აქვს შეასახლოს ოჯახის 2 სული; ბინის ფართობი - 61,80 კვ.მ. ხელმოწერილია: რ. კ-ა, წალკის რაიონის ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობების დროებითი შემსრულებელი. ორდერზე დასმულია ბეჭედი (ს.ფ. 81-84).
ა. ვ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) წალკის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ა. ვ-იმა და მოითხოვა ...ში, მე-... ქუჩა, მე-... კორპუსის, მეორე სართულზე არსებულ ოთხ ოთახზე პრივატიზაცია. განცხადებაზე თანდართული იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, წალკის რაიონის ...ის საკრებულოს 2005 წლის 20 დეკემბრის №27 ორდერი და აზომვითი ნახაზი (ს.ფ 86-93); ბ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის №09/1755 წერილით ა. ვ-ის განემარტა, რომ წარსადგენი იყო: 1) 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; 2) წალკის რაიონის ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №27 ორდერის ხელშეკრულება; 3) წალკის რაიონის ... საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №27 ორდერის დაბის საკრებულოს კრების გადაწყვეტილება; 4) აზომვითი ნახაზი; (ს.ფ 13-14); გ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №09/2116 გადაწყვეტილებით, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე (განცხადების წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია) ა. ვ-ის განცხადება დარჩა განუხილველი (ს.ფ 30); დ) წალკის რაიონის ...ის საკრებულოს 2005 წლის 20 დეკემბრის №27 ორდერის თანახმად, ა. ა-ის (ქორწინების შემდგომი გვარი ვ-ი) (შპს „ბ...ს“ ...) ...ის საკრებულოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისამართზე ...ი, მე-... ქუჩა, სახლი №..., სადარბაზო ..., სართული 2, უფლება აქვს ჩაისახლოს ოჯახის 2 წევრი. ოთახების რაოდენობა - 4, საცხოვრებელი ფართი - 55,95 კვ.მ. ხელმოწერილია: რ. კ-ა, წალკის რაიონის ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობების დროებითი შემსრულებელი. ბეჭედდასმულია. ორდერზე დასმულია ბეჭედი (ს.ფ. 88-91, 93).
ნ. თ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) წალკის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ნ. თ-იმა და მოითხოვა ...ში, მე-... ქუჩა, მე-... კორპუსში მდებარე ორ ოთახზე პრივატიზაცია. განცხადებაზე თანდართული იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ...ის მმართველობის სხდომის საბჭოს 2004 წლის 30 აგვისტოს №6 ორდერი და აზომვითი ნახაზი (ს.ფ 86-93); ბ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის №09/1757 წერილით ნ. თ-ის განემარტა, რომ წარსადგენი იყო: 1) 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; 2) წალკის რაიონის ... საბჭოს 2004 წლის 30 აგვისტოს №6 ორდერის ხელშეკრულება; 3) წალკის რაიონის ... საბჭოს 2004 წლის 30 აგვისტოს №6 ორდერის დაბის საკრებულოს კრების გადაწყვეტილება; 4) აზომვითი ნახაზი; (ს.ფ 13-14); ); გ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ნოემბრის №09/2200 გადაწყვეტილებით, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე (განცხადების წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია) ნ. თ-ის განცხადება დარჩა განუხილველი (ს.ფ 32); დ) ...ის მმართველობის სხდომის საბჭოს 2004 წლის 30 აგვისტოს №6 ორდერის თანახმად, ნ. თ-ი (სამუშაო ადგილი - მეტრომშენებლობა, თანამდებობა არ არის მითითებული) ...ის საკრებულოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისამართზე სოფ. ..., მე-... ქუჩა, უფლება აქვს ჩაისახლოს ოჯახის 4 წევრი. ოთახების რაოდენობა - 2, საცხოვრებელი ფართი - 42,5 კვ.მ. ჩასახლებულთა სია: თ-ი ნ; თ-ი ლ. - ცოლი; თ-ი ნ. - შვილი; თ-ი ზ. - შვილი. ხელმოწერილია ორივე გვერდზე: კ-ი, წალკის რაიონის ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობების დროებითი შემსრულებელი. ორდერზე დასმულია ბეჭედი (ს.ფ. 96-101).
საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ვ. ვ-ის, ა. ვ-ის და ლ. თ-ის (ნ. თ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ზემოაღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, (1) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში; (2) განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას; (3) განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა); (7) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია; (10) თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის წერილებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ წარსადგენი იყო: 1) მოთხოვნილ ფართ(ებ)ზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი 2007 წლის 2 თებერვლამდე; 2) წალკის რაიონის ... საბჭოს ორდერის ხელშეკრულება; 3) წალკის რაიონის ... საბჭოს ორდერის დაბის საკრებულოს კრების გადაწყვეტილება; 4) აზომვითი ნახაზი. გარდა მითითებული დოკუმენტებისა, ვ. ვ-ისგან მოთხოვნილ იქნა დამატებით ორდერის დედნის წარდგენა, ხოლო ნ. თ-ისგან - ლ. თ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარდგენა. აღნიშნული წერილების პასუხად, განმცხადებლებმა მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს და აცნობეს, რომ არ ეთანხმებოდნენ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ აზომვითი ნახაზი დართული ჰქონდა მათ განცხადებებს, ხოლო სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი არ ითვალისწინებდა (ს.ფ. 19-22).
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები - ... საბჭოს ორდერები დედნის სახით, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა. მოპასუხე მხარემ ისე დატოვა განუხილველად მოსარჩელეთა განცხადებები, რომ სადავო საკითხზე არსებითად არ უმსჯელია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიას არ გამოუკვლევია ორდერების წარდგენის პირობებში, რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა მოთხოვნილ დანარჩენ დოკუმენტებს და ხსენებული დადგენილებით რამდენად სავალდებულო იყო მათი წარდგენა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს თავად შეეძლო გამოეკვლია აღნიშნული საკითხები, მოეძიებინა დოკუმენტები და დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
რაც შეეხება კასატორის შედავებას ორდერების არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ორდერები წარმოდგენილია დედნის სახით, ძალაშია და არ გაუქმებულა. ორდერები ბეჭედდასმულია და ხელს აწერს რ. კ-ა, რომელიც ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლადაა მოხსენიებული. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ორდერების არანამდვილობას დაადასტურებდა და შესაბამისად, არ არსებობს კასატორის აღნიშნული შედავების გაზიარების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელეთა განცხადებები და საკითხი არსებითად არ შესწავლილა, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია