საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-999(კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ხ-ამ 2022 წლის 20 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 26 სექტემბრის №MES 9 22 0001163504 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ზ. ხ-ას სახელზე გაცემული BA №000384 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად შეამოწმა ზ. ხ-ას სახელზე „ქ...ის“ ბაკალავრის BA №000384 დიპლომის შესაბამისობა სადავო საკითხის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებთან და მართებულად დაადგინა, რომ არ არსებობდა მისი ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესაძლებლობა. შესაბამისად, სახეზე არ არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 26 სექტემბრის MES 9 22 0001163504 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ხ-ას მიერ.
კასატორი თავადვე ადასტურებს მის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ზოგადი განათლების ატესტატის საფუძველზე ინსტიტუტში ჩარიცხვისა და ბაკალავრის ხარისხის მინიჭების საკითხს. კასატორისთვის გაუგებარია რას გულისხმობს მის მიერ უკანონო ქმედების ჩადენა და აღნიშნავს, რომ მას 2007 წელს არ უფიქრია ეროვნული გამოცდების გავლაზე, ხოლო ქ...ის მიერ ყოველგვარი დათქმის გარეშე შეთავაზებულ იქნა უმაღლესი განათლების მიღება. კასატორის მოსაზრებით, მის მიმართ უნდა მოქმედებდეს კანონიერი ნდობის პრინციპი, რადგან იგი ეროვნულ გამოცდებზე საერთოდ არ გასულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ხ-ას სახელზე 2011 წლის 30 ოქტომბერს გაცემულია „ქ...-ის“ ...ის ბაკალავრის დიპლომი BA №000384. 2022 წლის 26 აგვისტოს ზ. ხ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ზემოაღნიშნული BA №000384 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით. „ქ...ის’’ ცნობის შესაბამისად, ზ. ხ-ა 2007 წელს ჩაირიცხა „ქ...ში“ ... ფაკულტეტზე, გაიარა ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ინსტიტუტი დაამთავრა 2011 წელს და მიენიჭა ...ის სპეციალობა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტუდენტთა საინფორმაციო ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ზ. ხ-ას შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ზ. ხ-ამ 2007 წელს სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ქ...მა“ 2000 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 26 სექტემბრის MES 9 22 0001163504 გადაწყვეტილებით ზ. ხ-ას უარი ეთქვა კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ქ...ში“ მოსარჩელის ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელსაც გავლილი ჰქონდა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქმის მასალებით დადასტურებულია და თავად კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ ზ. ხ-ას მიერ სტუდენტის სტატუსი მოპოვებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა გვერდის ავლით - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამდენად, არ დასტურდება სადავო აქტის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „ქ...მა“ 2000 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება, ინსტიტუტს არ მინიჭებია ინსტიტუციური აკრედიტაცია და არ გაუვლია ავტორიზაცია. ინსტიტუტის ამ რეჟიმში საქმიანობა კი, გამორიცხავდა მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ცნობას, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, ხოლო დასახელებული ინსტიტუტი სწავლის პერიოდში არ წარმოადგენდა ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებას. საკასაციო პალატის მითითებით, კანონით დადგენილი წესით დიპლომის გაცემა გულისხმობს, რომ კუმულატიურად უნდა არსებობდეს ლიცენზირებული/აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და კურსდამთავრებულის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული სტუდენტის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, იგი სწავლობდა არალიცენზირებულ/არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მმართველობითი ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან. კანონიერი ნდობის პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც ერთი მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის დარღვევას. კანონიერ ნდობის თაობაზე კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი (სსკ-ის მე-3 მუხ მე-2 ნაწ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება ან ფუნქცია არ აქვს, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე განსახილველ სადავო სამართაურთიერთობასთან. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, ხოლო ასეთი ნორმის არცოდნაზე მითითება არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები (მაგ.: კანონის გამოუქვეყნებლობა, ნორმის ტექსტის არსებითი ბუნდოვანება და სხვ.), რასაც შეეძლო ხელი შეეშალა კანონის გაცნობაში, არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა კანონის დანაწესი სტუდენტის სტატუსისა და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში პირველ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა. ინსტიტუტში სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ იგი წარმოადგენდა არალიცენზირებულ/არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამასთან, თავად მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე), საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით გამორიცხავს კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. ხ-ას უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 20 ნოემბრის №24696458147 საგადახდო დავალებით კ-ა ნ.-ს (პ/ნ: ...) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. ზ. ხ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს 2024 წლის 20 ნოემბრის №24696458147 საგადახდო დავალებით კ-ა ნ.-ს (პ/ნ: ...) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი