Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-233(კს-25) 13 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - თ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს გენერალური პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელე თ. ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ თ. ქ-ეის სასარგებლოდ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით და 105-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სსკ-ის 17-104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, სსკ-ის 105-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. დანიშნული სასჯელები სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა და საბოლოოდ, თ. ქ-ეს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მოსარჩელეს განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაიწყო 2006 წლის 26 მაისიდან.

2020 წლის 4 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს თ. ქ-ეის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა და მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობას დაურთეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება „ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ“. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით თ. ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების დასაბუთების ფარგლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ქ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე თ. ქ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით თ. ქ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 13 იანვარს, ხოლო ფოსტაში ჩაბარებულია 2024 წლის 3 იანვარს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. თ. ქ-ეის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო უფლებამოსილება კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი სასამართლომ განუხილველად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ქ-ეის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია პირთა წრე, რომლისთვის ჩაბარებაც ითვლება მხარისათვის ჩაბარებად. მისი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს, არამედ გზავნილი ჩაიბარა ს. ვ-იმა, რომელიც არც მისი თანამშრომელია, როგორც ეს გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული, და არც საქმეში მონაწილე მხარეა. ს. ვ-იი მისი კოლეგაა, რომელიც ხშირად არის თ. ქ-ეის წარმომადგენლის ოფისში სტუმრად და მათ რაიმე სამსახურებრივი ვალდებულება ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. თ. ქ-ეის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ვინაიდან მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადენილი წესით არ ჩაბარებია, საჩივარი მის მიერ საპროცესო ვადის დაცვით არის წარდგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით თ. ქ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2024 წლის 13 დეკემბერს გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს - კ. კ-ეს საქმეში მითითებულ, სამუშაო ადგილის მისამართზე (ქ. გორი, ...ს გამზ. №...), სადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2024 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა ს. ვ-ის, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩაბარებულია 2024 წლის 3 იანვარს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში მითითებულია გზავნილის ჩაბარების თარიღი, მისი მიმღები პირი, ასევე, მიმღების პირადი ნომერი და ადრესატთან დამოკიდებულება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გზავნილის მიმღებ პირთან დაკავშირებით სტატუსად მითითებულია „თანამშრომელი“.

საკასაციო პალატა განმეორებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილი უწყების მიმღებს ავალდებულებს უწყების ადრესატისათვის დაუყოვნებლივ ჩაბარებას. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიმღებ პირთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ თ. ქ-ეის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაც, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის მსგავსად, ჩაიბარა ს. ვ-იმა. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში, ამ შემთხვევაშიც, ს. ვ-იის ადრესატთან დამოკიდებულება აღნიშნულია როგორც „თანამშრომელი“. კერძო საჩივარი კი, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ 12 დღიან ვადაში.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ - საპროცესო მოვალეობებიც. „მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში“ (სუსგ №ბს-377-377(კს-18), 07.06.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე გააგზავნეს სასამართლო გზავნილები, რაც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ადგილზე მყოფ პირს, რომლის განმარტების შედეგად საფოსტო უკუგზავნილზე კურიერმა მიუთითა უწყების ჩამბარებელ პირზე, რომ იგი წარმოადგენდა ადრესატის თანამშრომელს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც უწყების მიმღების მხრიდან განზრახ უკანონო ქმედების ჩადენას დაადასტურებდა, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერი მითითება, რომ უწყების ჩამბარებელი პირი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნულ პირს არაერთხელ ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო უფლება თ. ქ-ეის წარმომადგენლის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ქ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე