საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№834(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ც. მ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ც. მ-იმა 2021 წლის 15 აპრილს სარჩელით, ხოლო საბოლოოდ 2022 წლის 6 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს შიდა-ქართლის რეგიონული ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 539 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და №1 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით 155.3 კვ.მ) რ. მ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გორში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...-ში) მდებარე 539 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და №2 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით 134 კვ.მ) ც. მ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში; დაყოფის საფუძველზე, მითითებული უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 მარტის №122050 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისათვის თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის დავალდებულების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხის დავალდებულება, 2022 წლის 2 დეკემბრის №... განცხადების მიხედვით მოახდინოს თანასაკუთრებაში არსებული წილების გადანაწილება; გორში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...-ში) მდებარე უძრავ ქონებაზე 1985 წლის 19 აპრილის სააღრიცხვო ბარათისა და 1989 წლის 3 მაისის ტექპასპორტის ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, ც. და რ. მ-იების სახელზე, №... საკადასტრო კოდით, თანასაკუთრების უფლებით ირიცხება 539 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით 155.3 კვ.მ) მესაკუთრეა რ. მ-ი, ხოლო №2 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით 134 კვ.მ) - ც. მ-ი. მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში აღრიცხვა მოხდა უსაფუძვლოდ, რადგან გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 27 ივნისის №211 და გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 27 ოქტომბრის №306 გადაწყვეტილებებით, მიწაზე საერთო სარგებლობა აღარ არსებობდა და საჯარო რეესტრში ეს ქონება უნდა აღრიცხულიყო ორი ოჯახის ინდივიდუალურ საკუთრებაში, რა მიზნითაც საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა თანამესაკუთრის თანხმობა და მისი წარუდგენლობის მოტივით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. განმეორებით წარდგენილი განაცხადი კი, არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ ანალოგიურ საკითხზე უკვე იყო ნამსჯელი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. მ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით ც. მ-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გორში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...-ში) მდებარე უძრავ ქონებაზე 1985 წლის 19 აპრილის სააღრიცხვო ბარათისა და 1989 წლის 3 მაისის ტექპასპორტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განუხილველად იქნა დატოვებული.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ც. მ-იმა 2020 წლის 24 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 27 ივნისის №211 და გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 27 ოქტომბრის №306 გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, კერძოდ, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაცია იმ მოტივით, რომ მითითებული გადაწყვეტილებებით ქონება წარმოადგენდა მისი და რ. მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებებს.
თანასაკუთრებაში არსებული ქონების დაყოფის რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მას მოეთხოვა თანამესაკუთრე რ. მ-ის თანხმობა. ადმინისტრაციულ წარმოებას დაერთო ტექინვენტარიზაციის სააღრიცხვო მასალა. ც. მ-იმა 2020 წლის 23 დეკემბერს და 2021 წლის 8 იანვარს განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გამიჯვნა, რასაც დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზები, თუმცა მას კვლავ მოეთხოვა თანამესაკუთრის თანხმობა. თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობის გამო, ც. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა (შეწყდა/განუხილველად დარჩა.)
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1959 წლის 10 ივლისის №229 გადაწყვეტილების (ოქმი №19) თანახმად, ვინაიდან ს. მ-იი მამის მიერ დატოვებული სახლის ერთ-ერთი მემკვიდრეა და მის დედინაცვალს - მ. მ-ის არ ჰქონდა საშუალება ამჟამად მასთან ერთად ,,გამოიყენოს“ საცხოვრებელი სახლი, ამიტომ ნება დაერთო ს. მ-ის, აეშენებინა სახლი საერთო სარგებლობის ეზოში, ...ს ქუჩიდან, ნაკვეთის ბოლოში, ეზო დარჩა საერთო მფლობელობაში. ამასთან, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 27 ივნისის №211 გადაწყვეტილების თანახმად, აღმასკომმა 1959 წლის 10 ივლისის ,,№230“ გადაწყვეტილებით (ოქმი №19) მ. მ-იის საკარმიდამო ნაკვეთში, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მისცა მის გერს - ს. მ-ის. აღმასკომის იმავე გადაწყვეტილებით, ეზო დატოვებული იქნა საერთო სარგებლობაში, მაგრამ იმის გამო, რომ ს. მ-იის ბინის პროექტი ითვალისწინებდა ყრუ კედელს მ. მ-იის მხრიდან, ფაქტობრივად ეზო გაყოფილი იქნა მესრით ს. მ-იის ყრუ კედლის გასწვრივ, ეზოს ბოლომდე. ეს გამყოფი კედელი ხანგრძლივი დროით არსებობდა.
მ. მ-იის საჩივრის საფუძველზე პარტიის საქალაქო კომიტეტმა გამოყო კომისია, რომელმაც შეისწავლა სადავო საკითხი და წარადგინა დასკვნა: კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღდგენილი ყოფილიყო ს. და მ. მ-იების ეზოების გამყოფი მესერი, რომელიც ხანგრძლივი დროით არსებობდა, რათა ამით თავიდან ყოფილიყო აცილებული მხარეთა შორის ურთიერთობის შემდგომი გამწვავება და უსიამოვნება, მით უმეტეს, რომ ამის შესაძლებლობას იძლეოდა ნაკვეთის ფართობი: მ. მ-ის ეკავა 333 კვ.მ, ს. მ-ის - 208 კვ.მ. ამასთან ერთად, მ. მ-იი იწერებოდა ...ს, ხოლო ს. მ-იი - ...ს ქუჩაზე, და ბინები ერთმანეთისაგან იზოლირებული იყო. აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ 1959 წლის 10 ივლისის ,,№230“ გადაწყვეტილებაში (ოქმი №19) შეტანილი ყოფილიყო ცვლილება: ამოღებულიყო სიტყვები - ,,ეზო დარჩეს საერთო მფლობელობაში“ - და აღდგენილიყო ეზოების გამყოფი მესერი ს. მ-იის ყრუ კედლის გასწვრივ ეზოს ბოლომდე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწა 1959 წლიდან წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ობიექტს, რომლის აღრიცხვაც მოხდა უფლებამოსილ პირთა ჯერ საერთო სარგებლობაში, შემდეგ - საერთო საკუთრებაში, და, შესაბამისად, არ არსებობდა ც. მ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ც. მ-ის მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 26 თებერვლის №... და 2008 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოსთან ერთად ამავე დროს ხანდაზმულიც იყო, რადგან ც. მ-იმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაარეგისტრირა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და მისთვის უკვე ამ დროიდან იყო ოფიციალურად ცნობილი, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით საერთო საკუთრებაში იყო აღრიცხული მიწის ნაკვეთი.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ც. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სადავო უძრავი ქონების ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის გათვალისწინებით, სადავო მიწა წარმოადგენდა თანასაკუთრების უფლების ობიექტს და ც. მ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებას დართულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-იმა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი და შეფასებული აღმასკომის გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც მისი თანმდევი გადაწყვეტილებებიც შეფასდა არასწორად და სასამართლო მივიდა უკანონო გადაწყვეტილებამდე. კერძოდ 1959 წლის გადაწყვეტილების თანახმად, სადავო ქონება წარმოადგენდა 6 პირის თანასაკუთრებას. ამავე წლის აღმასკომის გადაწყვეტილებით თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ს. მ-იმა ააშენა საცხოვრებელი სახლი „საერთო სარგებლობის“ ეზოში, რასაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოყვა კონფლიქტი - მათ შორის იყო დავა ეზოს გამყოფ მესერზე, რომელიც ს. მ-იის სახლის ყრუ კედლის გასწვრივ გადიოდა. 1975 წლის აღმასკომის გადაწყვეტილებით სიტყვები - „ეზო დარჩეს საერთო მფლობელობაში“, ამოღებული იქნა და დადგინდა მესაკუთრეთა ინდივიდუალური მისამართები და ფართები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლისაც. კასატორი სასამართლოს ყურადღებას მიქცევს 1978 წლის 27 ოქტომბრის აღმასკომის გადაწყვეტილებაზე, რის საფუძველზეც გაიცა მ.-სა და ც.-ს სასარგებლოდ სახლის მშენებლობის ნებართვა, სადაც ნათქვამია, რომ სახლი უნდა „აშენდეს თავისივე ნაკვეთში“ და არა „სართო სარგებლობის ეზოში“, ისე როგორც 1959 წლის ს. მ-იის სასარგებლოდ გაცემულ მშენებლობის ნებართვაში ითქვა არამედ „თავისი“ გამოყო. ე.ი. მას შემდგომ, რაც აღმასკომმა 1975 წლის 27 ივნისს თქვა, რომ სიტყვები „ეზო დარჩეს საერთო მფლობელობაში“ - ამოღებული იქნეს, დადგინდა მიწის ნაკვეთის ინდივიდუალური მფლობელობა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა ეზოს საერთო სარგებლობაში დატოვების განმარტების შესახებ, არის უკანონო და უსაფუძვლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ც. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავში მოცემული წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. იმავე კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. ამასთან, 957-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან) დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი.
ამრიგად, თანამესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ საერთო საკუთრებაში არსებულ ობიექტთან დაკავშირებით რეგისტრირებული უფლების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვს თანამესაკუთრის თანხმობას. იმ შემთხვევაში კი, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო მისი აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - შეწყვეტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 27 ივნისის №211 და გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 27 ოქტომბრის №306 გადაწყვეტილებების საფუძველზე, მას გააჩნდა ინდივიდუალური საკუთრება და არა რ. მ-ითან ერთად საზიარო უფლება, შესაბამისად, როგორც ტექინვენტარიზაციის სააღრიცხვო მონაცემებში, ასევე საჯარო რეესტრში ეს ქონება უნდა აღრიცხულიყო ორი ოჯახის ინდივიდუალურ საკუთრებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1959 წლის 10 ივლისის №229 გადაწყვეტილების (ოქმი № 19) თანახმად, ვინაიდან ს. მ-იი მამის მიერ დატოვებული სახლის ერთ-ერთი მემკვიდრეთაგანია და მისი დედინაცვალს - მ. მ-ის არ აქვს საშუალება, ამჟამად მასთან ერთად ,,გამოიყენოს“ საცხოვრებელი სახლი, ამიტომ ნება დაერთო ს. მ-ის, ააშენოს სახლი საერთო სარგებლობის ეზოში, ...ს ქუჩიდან, ნაკვეთის ბოლოში, ეზო დარჩეს საერთო მფლობელობაში. მითითებული უძრავი ქონება ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა ამ პირთა სახელზე. შემდგომში, მხარეთა შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული დავიდან გამომდინარე, აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ 1959 წლის 10 ივლისის ,,№230" გადაწყვეტილებაში (ოქმი № 19) შეტანილი ყოფილიყო ცვლილება: ამოღებულიყო სიტყვები - ,,ეზო დარჩეს საერთო მფლობელობაში“ - და აღდგენილიყო ეზოების გამყოფი მესერი ს. მ-იის ყრუ კედლის გასწვრივ ეზოს ბოლომდე.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს და აღნიშნავს, რომ გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 27 ივნისის №211 გადაწყვეტილებით 1959 წლის 10 ივლისის №229 (,,№230") გადაწყვეტილებაში ცვლილება შეტანილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ ეზოს საერთო მფლობელობასთან დაკავშირებით, და, ვინაიდან ფაქტობრივი მიჯნის (მესრის) აღების შემდეგ მ-იებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, აღდგენილიყო ფაქტობრივი მიჯნა (მესერი), რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, იურიდიულად, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 27 ივნისის №211 გადაწყვეტილებით მიწაზე საერთო სარგებლობის უფლება არ გაუქმებულა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ ამ პერიოდიდან უძრავი ქონება საზიარო უფლებით იყო რეგისტრირებული ჯერ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ც. მ-ის მართებულად მოეთხოვა თანამესაკუთრე რ. მ-ის თანხმობა.
ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, ც. მ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ც. მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. ც. მ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 07.08.2024წ. №10925/12627 ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით ლ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა