Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-940(2კ-24) 30 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - თ. ვ-ე, ი. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ვ-ემ და ი. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 ივნისის №835 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ვ-ეისა და ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ვ-ემ და ი. კ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ვ-ეისა და ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ვ-ეისა და ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილება და დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 ივნისის №835 ბრძანება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

3.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ორთოფოტოების (რომლებზეც აშკარად ჩანს სახურავის რეკონსტრუქციის ფაქტი, რამაც გაბარიტების გაზრდა გამოიწვია) შეფასების შედეგად დადგენილი იყო უძრავი ნივთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუქციის ფაქტი. ამასთან, არ არსებობდა ამ სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი (ნებართვა ან დასტური), ასევე მოსარჩელეებმა (მესაკუთრეებმა) არ აღმოფხვრეს სამართალდარღვევა - უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის ან ლეგალიზაციის გზით. შესაბამისად, სახეზე იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა, რის გამოც არსებობდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადავო დადგენილების გამოცემის საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის განმარტება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გადაუმოწმებიათ, ვის მიერ და რა სახით იქნა განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ობიექტზე, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, რადგან, მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს/სუბიექტს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა, თუ შეუძლებელია ასეთი პირის/სუბიექტის დადგენა, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში კი, თ. ვ-ეს და ი. კ-ას პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეებს.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის დანაწესი მესაკუთრეზე პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა მწარმოებელი პირის დადგენაზე ისეთ ვითარებაში, როცა წარმოება არ იყო დაწყებული, ანუ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მუნიციპალურ ინსპექციას ჯერ უნდა ჩაეტარებინა წარმოება უშუალოდ მწარმოებელი პირის დასადგენად და ამის შემდეგ უნდა გაეცა მითითება, რაც კანონის ამ დანაწესის არასწორ განმარტებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაწესი მოიაზრებს მითითების გაცემას მწარმოებელ პირზე არა დასრულებულ, არამედ მიმდინარე რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ხოლო როდესაც სახეზეა უკვე დასრულებული რეკონსტრუქცია, მისი მწარმოებელი პირის დასადგენად წარმოების დაწყებამდე „წარმოების“ ჩატარებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ბუნებიდან გამომდინარე. დარღვევის ჩამდენი სუბიექტის დადგენა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ქმნის სამართალდამრღვევ პირად მისი მიჩნევის გამომრიცხავ გონივრულ ვარაუდს. განსახილველ შემთხვევაში, თ. ვ-ეისა და ი. კ-ას მხრიდან არ წარდგენილა არანაირი მტკიცებულება, რაც მათი სამართალდამრღვევ პირებად მიჩნევას გამორიცხავდა.

3.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 ოქტომბრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ თ. ვ-ე და ი. კ-ა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თ. ვ-ეის და ი. კ-ას მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2017 წლის 18 ნოემბერს მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №20-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია გაბარიტების ცვლილება. სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეჩერდა სადაო ობიექტზე არქიტექტურის სამსახურში ლეგალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ზედამხედველობის სამსახურში 2018 წლის 7 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა ი. კ-ამ და თ. ვ-ემ განმარტეს, რომ ობიექტის ლეგალიზაცია ვერ მოხდა, ვინაიდან აღნიშნულისთვის ესაჭიროებათ მეზობლების 100% თანხმობა, ერთერთი მეზობლის ადგილსამყოფელი კი, უცნობია. 2018 წლის 8 აგვისტოს, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ნოემბრის მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ იყო გამოსწორებული. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილებით მოსარჩელეები დაჯარიმდნენ 8 000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზანს სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლი, სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნორმები. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად, როდის განხორციელდა სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოები. გასათვალისწინებელია, რომ სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით დენადია, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ამასთან, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. განსახილველ შემთხვევაში, ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან შესაბამისი წერილობითი დასტურის/მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებს. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №20-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, განხორციელებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამაც გამოიწვია გაბარიტების ცვლილება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი უნებართვოდ განხორციელების ფაქტი შესაძლებელია დადგინდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებში ასახული და სადავო დადგენილების გამოცემის მომენტისთვის არსებული მდგომარეობის შედარებით.

საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №20-ში მდებარე შენობების საინვენტარიზაციო გეგმა. ზედამხედველობის სამსახურმა სადავო დადგენილების გამოცემისას იხელმძღვანელა არსებული სიტუაციის შედარებით სწორედ ზემოაღნიშნულ საინვენტარიზაციო გეგმასთან. დადგინდა, რომ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ სიტუაციას და უძრავ ნივთზე განხორციელებული იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამაც გამოიწვი შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. ხსენებულ სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. ვინაიდან, მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული სამშენებლო სამუშაოების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, აღნიშნული მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ბუნდოვანი და გაუგებარია პალატის მითითება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემამდე არ უცდიათ დაედგინათ სამართალდარღვევის განმახორციელებელი პირი. სასამართლო არ აკონკრეტებს, რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა ადმინისტრაციულ ორგანოებს აღნიშნულის დასადგენად. სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეებს. მესაკუთრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი, სახეზეა მაშინ, როდესაც ის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში მესაკუთრე, მართალია, არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას, ამავდროულად, წარმოადგენს უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემული დავა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 ივნისის №835 ბრძანების კანონიერება.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 9 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თ. ვ-ე და ი. კ-ა არიან მესაკუთრეები უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №.... ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 38 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, საკადასტრო კოდი ... (ტ.1, ს.ფ. 43-44); ბ) 2017 წლის 16 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა მითითება №003000, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №20-ში განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რამაც გამოიწვია თ. ვ-ეისა და ი. კ-ას თანასაკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. მათ დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ აღნიშნული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანათ საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა 30 დღე (ტ.1, ს.ფ. 129-130, 193); გ) 2018 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს №16 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამსახურის ლანდშაფტური-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვისა და ინსპექტირების სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა და აცნობა, რომ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში არსებული შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თ. ვ-ეისა და ი. კ-ას მიმართ 2017 წლის 16 ნოემბერს გაიცა №003000 მითითება, რომლითაც დაევალათ 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინათ ხსენებული სარეკონსტრუციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანათ საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. 2018 წლის 4 იანვარს აღნიშნულმა პირებმა მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ზემოაღნიშული უნებართვოდ აშენებული ობიექტის ნაწილების ლეგალიზაცების (AR ...) მოთხოვნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალისტმა ითხოვა, ლეგალიზაციის შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო 2017 წლის 16 ნოემბრის №0030000 მითითებით განსაზღვრული ვადის დინება (ტ.1, ს.ფ. 135); დ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის №3774085 ბრძანებით განუხილველი დარჩა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №20-ში უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების შესახებ განცხადება (ტ.1, ს.ფ. 197); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის №003000 შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებისას დადგინდა რომ თ. ვ-ეის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 16 ნოემბრის №003000 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ტ.1, ს.ფ. 137-138); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 8 მაისსა და 25 ივლისს გამართულ სხდომაზე თ. ვ-ე და ი. კ-ა არ გამოცხადდნენ (ტ.1, ს.ფ. 143-144, 145-147, 162); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2018 წლის 8 ივნისის №4-3/72-ბ118 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 ნოემბრის №003000 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №003000, შედგენილი 2018 წლის 10 აპრილს) თ. ვ-ეისა და ი. კ-ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით, 2018 წლის 8 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 148); თ) 2018 წლის 7 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №003000 ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის სხდომაზე თ. ვ-ემ და ი. კ-ამ ითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძველზე მითითებით, რომ მათ მიერ განხორციელებული შენობის ლეგალიზება ვერ ხდებოდა მეზობლების 100% თანხმობის არ ქონის გამო (ერთ-ერთი მათგანის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება) (ტ.1, ს.ფ. 149-150); ი) 2018 წლის 8 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს №778 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამსახურის ლანდშაფტური-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვისა და ინსპექტირების სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის განყოფილების სპეციალისტმა და აცნობა, რომ თბილისში, ...ს ქუჩა №20-ში არსებული შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებულ სარეკონსტრუციო სამუშაოებთან დაკავშირებით თ. ვ-ეისა და ი. კ-ას მიმართ 2017 წლის 16 ნოემბერს გაიცა №003000 მითითება, რომლითაც დაევალათ 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინათ ხსენებული სარეკონსტრუციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანათ საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. 2018 წლის 10 აპრილს შედგა №003000 შემოწმების აქტი, რომლითც დაფიქსირდა მითთებებით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობა. 2018 წლის 8 აგვისტოს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ არის გამოსწორებული, კერძოდ, არ არის წარდგენილი აღნიშნული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც ობიექტი იქნა მოყვანილი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში (ტ.1, ს.ფ. 151); კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, მოქალაქე თ. ვ-ე და ი. კ-ა დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისთვის, რამაც გამოიწვია გაბარიტების ცვლილება. ამავე დადგენილებით ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს დაევალა შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში (ტ.1, ს.ფ. 29-31); ლ) 2018 წლის 27 სექტემბერს თ. ვ-ემ და ი. კ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №22/01182702721-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 ივნისის №835 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ. ვ-ეისა და ი. კ-ას 2019 წლის 27 სექტემბრის №22/01182702721-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 17-25).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კანონის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 25.13 მუხლის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.

განსახილველი დავის ფარგლებში დასადგენია მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა, რამდენადაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, მათ არ უწარმოებიათ სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისად, არ შეიძლება ისინი მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევ სუბიექტებად.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში (ბ); სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი (გ); შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი (დ).

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა („ბ“ ქვეპუნქტი), ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს („გ“, „დ“ ქვეპუნქტები). შესაბამისად, განსახილველი დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია იმის დადგენა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია თუ არა მოსარჩელეთა მიერ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2).

ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, კერძოდ, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათ არ უწარმოებიათ სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ამ სახით მოხდა მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 9 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ თ. ვ-ე და ი. კ-ა 2005 და 2015 წლებიდან არიან მესაკუთრეები უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ...ს ქუჩა №20, გაუგებარია, რომელ უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ თ. ვ-ე და ი. კ-ა არიან სწორედ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელი პირები. ასევე გაუგებარია, რა მოქმედებები განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რათა დაედგინა მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის ვინაობა, სამართალდარღვევის ჩადენის დროს და სხვ., რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული საკითხის გადასაწყვეტად. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს“ (სუს-ს განჩინება საქმეზე Nბს-579(2კ-21), 17.01.2023წ.).

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად ვერ დგინდება ის გარემოება, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მოსარჩელეთა მიერ, ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და დაუდგენია უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა, მოცემულ პირობებში მოსარჩელეთა მიჩნევა სამართალდამრღვევ სუბიექტად სრულიად გაუმართლებელია, რის გამოც საქმის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გამოიკვლიოს, როდის და ვის მიერ განხორციელდა სადავო სამშენებლო სამუშაოები, რა მიზნითაც საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.

მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია