საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-437(კ-24) 29 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 22 დეკემბერს კ. თ-იმა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2021 წლის 07 დეკემბრის Nგ-42.22213415 განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5822 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - კ. თ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კ. თ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2, მე-4, მე-51 მუხლები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2, მე-13 მუხლები და განმარტა შემდეგი: იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას კანონით განსაზღვრული პერიოდიდან მოყოლებული. განსახილველ შემთხვევაში, პალატის მსჯელობით მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა და შექმნიდა შინაგან რწმენას იმისა, რომ დაინტერესებული პირი (მოსარჩელე/აპელანტი) ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით.
პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კ. თ-ის განცხადებაზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, რაც გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას და შესაბამისად, სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, საკუთრების უფლების აღიარებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5822 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ითხოვდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით. მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 11.12.2019წ. განხორციელებულ ცვლილებაზე (კანონი №5501 წ., ამოქმედდა 2020 წლის 01 იანვრიდან) რომლითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკუთრების უფლების აღიარების მსურველ პირთა მდგომარეობა და აღნიშნული კანონის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე აპელირებით, განმარტა, რომ მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი 2007 წლის 11 ივლისის №5274–რს კანონის ამოქმედებამდე.
პალატის მსჯელობით, მიწის ფლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები (მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება, მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის გაკეთება და ა.შ.), არც საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით, ორთოფოტოთი და არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კ. თ-ის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა - განმარტებებით უტყუარად არ დადასტურდა. რაც შეეხება მწვანე ნარგავებს, სარეგისტრაციო ობიექტი მოიცავს ტყის მასივს, რაც ნათლად ჩანს სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დადასტურდა ზედდება ტყის კონტურთან, შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე არის მწვანე ნარგავები, თუმცა არ დასტურდება, რომ ეს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების კვალია და, რომ ნარგავები მისი გაშენებულია.
მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობა ვერ აკმაყოფილებს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაში, კ. თ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა, თავისი კონსტრუქციით, დანიშნულებით და სხვა მახასიათებელი ელემენტების გათვალისწინებით, არ მიეკუთვნება იმ შენობას, რაც კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით არის განსაზღვრული და რაც თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ერთ - ერთ აუცილებელ და სავალდებულო პირობას წარმოადგენს. ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილ, მიწასთან საკუთარი წონით დაკავშირებულ დროებით ნაგებობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ აპელანტს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნაგებობის, სადავო მიწის ნაკვეთზე, კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტს.
რაც შეეხება აპელანტის იმ პრეტენზიას, სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების მომიჯნავეობის საკითხის კომისიის მიერ გადაუმოწმებლობის თაობაზე, აღნიშნულზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თუ არ დასტურდება მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილ პერიოდში ფაქტობრივი მფლობელობა, მასზე ვერ მოხდება საკუთრების უფლების აღიარება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მიწის ნაკვეთი დაინტერესებული პირის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა. ამდენად, დაინტერესებულმა პირმა პირველ რიგში, მიწის მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი უნდა დაადასტუროს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამტკიცოს ექვემდებარება თუ არა საკუთრების უფლების აღიარებას, მომიჯნავეობის ან მასზე შენობა - ნაგებობის განთავსების საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება 2024 წლის 29 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. თ-იმა (კ. თ-ის შვილი), რომელმაც კ. თ-ის გარდაცვალების გამო, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება, უფლებამონაცვლის დადგენამდე. მანვე წარმოადგინა 2024 წლის 14 მარტს გაცემული კ. თ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლითაც დადგინდა, რომ კ. თ-ი გარდაიცვალა 2024 წლის 27 იანვარს. საკასაციო საჩივარს თან ერთვის აგრეთვე ჯ. თ-ის დაბადების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი წარმოადგენს კ. თ-ის შვილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით შეჩერდა Nბს-437(კ-24) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
2024 წლის 09 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კ. თ-ის შვილმა - ჯ. თ-იმა და წარმოადგინა 2024 წლის 21 აგვისტოს გაცემული N241079323 სამკვიდრო მოწმობა საპროცესო უფლებამონაცვლის სტატუსის დასადასტურებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ჯ. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელის - აწ გარდაცვლილი კ. თ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთოს მისი შვილი - ჯ. თ-ი. ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებაზე.
კასატორი არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შედეგს და იმ მსჯელობას, რომ წარმოდგენილი ორთოფოტოთი არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობის არსებობა, ხოლო ის შენობა, რომელიც აღბეჭდილია საქმეში წარმოდგენილ ფოტოებზე არ აკმაყოფილებს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენობა - ნაგებობის კრიტერიუმებს. მიიჩნევს, რომ თუ აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა - ნაგებობა არ შეესაბამება რაიმე სახის სტანდარტს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სათანადო დასაბუთებას უნდა შეიცავდეს აღიარების კომისიის 2021 წლის 07 დეკემბრის განკარგულება, როგორც წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. კასატორის მსჯელობით, იმ ვითარებაში, როდესაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად მდებარეობს შენობა - ნაგებობა, განკარგულებაში კი მხოლოდ მითითება მისი არარსებობის თაობაზე, ვერ გაუთანაბრდება სზაკ-ით დადგენილ გადაწყვეტილების დასაბუთების იმპერატიული ვალდებულების შესრულების ფაქტს. მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა სასამართლოს უნდა შეეფასებინა მათ შორის კომისიის მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ნაწილშიც.
რაც შეეხება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთიან მყარ სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტს მითითებული კანონის ამოქმედებამდე, კასატორი განმარტავს, რომ აღიარების საკითხების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არ არის მითითება, რომ პირს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე) უნდა ფლობდეს. ამასთან, აღიარების კომისიის 2021 წლის 07 დეკემბრის Nგ-42.22213415 განკარგულებაში მხოლოდ მითითებულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ადგილის მომიჯნავედ არ მდებარეობს. რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მტკიცებულებად თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კასატორის განმარტებით, საქმეში წარდგენილი იყო ორთოფოტო, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ ფლობა - სარგებლობის ფაქტს, ანუ იმავე გარემოებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებებში იყო აღწერილი.
კასატორი სარჩელის დასაშვებად ცნობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა აღიარების კომისიის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და მიიჩნევს, რომ აღიარების კომისიის მხრიდან განკარგულების ამგვარი შინაარსი არ ადასტურებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. მიუთითებს ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაზე და მიიჩნევს, რომ ყველა ის შეფასება, რომელიც სასამართლომ გააკეთა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, კომისიის განკარგულებას კანონშესაბამისად ვერ აქცევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 07 დეკემბრის Nგ-42.22213415 განკარგულების კანონიერების შეფასება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 09 ივნისს კ. თ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებას ერთოდა - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, თანხმობა აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადაგზავნის თაობაზე.
დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის განცხადება და მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განხილვის მიზნით, 2021 წლის 28 ივლისის N302684 მიმართვით გადაუგზავნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას.
საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210868519, დამოწმების თარიღი 16.08.2021 წელი), ასევე, ჯ. თ-ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210868471, დამოწმების თარიღი 16.08.2021 წელი) მითითებულია, რომ კ. თ-ი 2007 წლამდე და მის შემდეგაც თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფართით 5822 კვ. მეტრი, მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით, განაშენიანების ფართობი 22.53 კვ. მეტრი ( ს/კ ...) - მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი .... აღნიშნული ქონება აგებულია კ. თ-ის მიერ 2007 წლამდე.
დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, განახორციელა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფ. ...ში 5822 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების და კომისიის მიერ დამატებითი მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული და მასზე არ იკვეთება სარგებლობის კვალი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის ოქმის თანახმად, განმცხადებელი ითხოვდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, 5822 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას. ადგილზე დათვალიერების და კომისიის მიერ დამატებითი მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ა) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის შენობა - ნაგებობა, ასევე, არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრების მომიჯნავედ; ბ) განმცხადებელს მოთხოვნილ ფართობზე არ უდასტურდება ფლობა, არ არის შემოსაზღვრული და არ იკვეთება სარგებლობის კვალი; გ) მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ტყის მასივის კონტურებთან (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრე სახელმწიფო.
დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 07 დეკემბრის გ-42.22213415 განკარგულებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ლ“ პუნქტის საფუძველზე კ. თ-ის უარი ეთქვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 5822 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას.
იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას კანონით განსაზღვრული პერიოდიდან მოყოლებული. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია: ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის/მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა და შექმნიდა შინაგან რწმენას იმისა, რომ დაინტერესებული პირი (მოსარჩელე/აპელანტი) ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით.
როგორც საკასაციო საჩივრით ირკვევა, კასატორი (მოსარჩელე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5822 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით, რაზეც ეთქვა უარი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება. კანონის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 11.12.2019წ. განხორციელებული ცვლილებით (კანონი №5501 წ., ამოქმედდა 2020 წლის 01 იანვრიდან) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკუთრების უფლების აღიარების მსურველ პირთა მდგომარეობა და აღნიშნული კანონის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი 2007 წლის 11 ივლისის №5274–რს კანონის ამოქმედებამდე. ამავე ნორმით დადგენილია სხვა მოთხოვნები, რომლებსაც ნორმითვე განსაზღვრული სუბიექტები, როგორც დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოხდეს ამ კანონის საფუძველზე მათი საკუთრების უფლების აღიარება. კერძოდ, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება თვითნებური დაკავების საფუძვლით დასაშვებია ორ შემთხვევაში - 1) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და 2) თვითნებურად დაკავებული მიწა (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში-5ჰექტარს.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.
იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას კანონით განსაზღვრული პერიოდიდან მოყოლებული. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია: ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
როგორც საკასაციო საჩივარში მიუთითებს მხარე, თვითნებურად იგი დაეუფლა 5822 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს. მფლობელობა კი გამოიხატება მასში, რომ გააშენა მრავალწლიანი ნარგავები და ამ პერიოდამდე მისი ოჯახი მიწის ნაკვეთს იყენებს საძოვრის დანიშნულებით. ამასთან, საკუთარი რესურსით გააკეთა ნაკვეთამდე მისასვლელი გზა. ნაკვეთზე დგას არასაცხოვრებელი დანიშნულების ხის მასალისგან აგებული შენობა. საკასაციო პალატის მსჯელობით, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ აღნიშნულ გარემოებებზე მხარე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებს და „წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი არ წარუდგენია. ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც კასატორს (მოსარჩელე) სურს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება დაადასტუროს, არის მოწმეების: თ. მ-ეის, თ. წ-ის, ე. თ-ის და ჯ. თ-ის დამოწმებული განცხადებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ზესტაფონში, სოფელ ...ში მათ მეზობლად კ. თ-ი 2007 წლამდე და მის შემდეგაც ნამდვილად თვითნებურად ფლობს და სარგებლობს სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს, ფართით - 5822 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (საცხოვრებელი აშენებული) განაშენიანების ფართობი 22.53 კვ.მ. (ს/კ. ...). ამავე განცხადებებში აღნიშნულია, რომ შენობა აგებულია 2007 წლამდე კ. თ-ის მიერ.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ცალკე აღებული მოწმეთა ჩვენება, თუ ის გამყარებული არ იქნება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოს ვერ გაუჩენს შინაგან რწმენას მასზე, რომ დაინტერესებული პირი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. კასატორის მიერ აღიარებამოთხოვნილი მიწის ფლობის თაობაზე მითითებული გარემოებები (მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება, მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის გაკეთება და ა.შ.), არც საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით, ორთოფოტოთი და არც ქვედა ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა - განმარტებებით უტყუარად არ დადასტურდა.
აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტს, რომლითაც კანონმდებლის მიერ შენობა განმარტებულია, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობად მიიჩნევა ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ - დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის Nბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: "დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა - არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, გარემოებები, რომლებიც შესაძლებელია დადასტურდეს კონკრეტული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებული და, მით უფრო, უარყოფილი იქნეს სხვა სახის მტკიცებულებით. საგულისხმოა, რომ მოწმის ჩვენება ვერბალური ხასიათის მტკიცებულებაა, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული განცხადების სახით იურიდიულ ფორმას იძენს. ამგვარი მტკიცებულებით გადმოიცემა მოწმეთა მიერ სუბიექტური თვალით დანახული რეალობა, რომლის ნამდვილობაც განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სწორედ ობიექტურად არსებული გარემოებების ამსახველ, ზემოხსენებული კანონითა და წესით გათვალისწინებული დოკუმენტებით დადგენილ მოცემულობასთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს."
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეფასების და მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობა ვერ აკმაყოფილებს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ კ. თ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა, თავისი კონსტრუქციით, დანიშნულებით და სხვა მახასიათებელი ელემენტების გათვალისწინებით არ მიეკუთვნება იმ შენობას, რაც კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით არის განსაზღვრული და რაც თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ერთ - ერთ აუცილებელ და სავალდებულო პირობას წარმოადგენს. ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს დროებით ნაგებობას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მხარეს არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნაგებობის, სადავო მიწის ნაკვეთზე, კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტს. კასატორი ვერ ადასტურებს, რომ კანონის ამოქმედებამდე დაეუფლა და დღემდე აგრძელებს სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობას, მხოლოდ დაინტერესებული პირის ახსნა - განმარტება კი საპირწონე მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება კასატორის იმ შედავებას კომისიის მიერ, სადავო მიწის ნაკვეთის კ. თ-ის საკუთრების მომიჯნავეობის საკითხის გადაუმოწმებლობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თუ არ დასტურდება მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილ პერიოდში ფაქტობრივი მფლობელობა, - მასზე ვერ მოხდება საკუთრების უფლების აღიარება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მიწის ნაკვეთი დაინტერესებული პირის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა. დაინტერესებულმა პირმა უპირველესად უნდა დაადასტუროს მიწის მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამტკიცოს ექვემდებარება თუ არა მასზე საკუთრების უფლება კომისიის მხრიდან აღიარებას, მომიჯნავეობის საფუძვლით ან მასზე შენობა - ნაგებობის განთავსების არგუმენტით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა.
პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვრის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ჯ. თ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 29 მარტს საკასაციო საჩივარზე სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი (საგადახადო დავალება N21172770916) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. ჯ. თ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 29 მარტს საკასაციო საჩივარზე სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი (საგადახადო დავალება N21172770916) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი