Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1180(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - ბ. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ-სამშენებლო საქმიანობისა ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №დ-06.7222329001 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 18 იანვრის №72-7223018148 (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) წერილი.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით დ. კ-ეის წარმომადგენლის - ვ. კ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2022 წლის 25 ნოემბრის №დ-06.7222329001 დადგენილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. კ-ე.

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით დ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით დ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, დ. კ-ეს, ობიექტის მის საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მიმართული აქვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და ელოდება პასუხს. რაც შეეხება თავად ობიექტს, ის წარმოადგენს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს და აშენებულია სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით. დ. კ-ე არის ქველმოქმედი, უწყვეტად ეხმარება თანასოფლელებს, უკვე აშენებული აქვს ეკლესია სოფელში. მოცემულ შემთხვევაში კი, სურვილი აქვს და უკვე ახორციელებს სასტუმრო სახლის, კორტების, ხელოვნური ტბისა და კიდევ სხვა ობიექტების მშენებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფელი ...ას განვითარებას და წინსვლას. შესაბამისად, თითქმის დასრულებული ობიექტის დანგრევა იქნება ამ დიდი საქმის ცუდი დასასრული და მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს სოფელ ...ას და მის ახალგაზრდობას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს „სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ-სამშენებლო საქმიანობისა ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №დ-06.7222329001 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 18 იანვრის №72-7223018148 (ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის) წერილის კანონიერება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი 93.1 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას (1); II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (2). ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება, თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას. დასახელებული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

დასახელებული კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით; ბ) ქალაქში – 4 000 ლარის ოდენობით; გ) დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 26 ოქტომბერს დ. კ-ემ განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ სოფელ ...ში არსებული ღობის მშენებლობა არის მისი ნაწარმოები და მოითხოვა, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (ტ.1, ს.ფ. 43); ბ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის მიერ 2022 წლის 18 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ღობის (ხაზოვანი ნაგებობის) მშენებლობა ნაწარმოებია სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე სანებართვო-სამშენებლო დოკუმენტაციისა და შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გარეშე (ტ.1, ს.ფ. 13-14); გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის 25.11.2022 წლის №დ-06.7222329001 დადგენილებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობისთვის მოქალაქე დ. კ-ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და დაევალა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი ან/და სანებართვო სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენა გონივრულ ვადაში (ტ.1, ს.ფ. 13-14); დ) დ. კ-ეს, მის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 წლის 05 დეკემბერს წარდგენილი №19/722233982–72 წერილის პასუხად, მერის 18.01.2023 წლის №72-7223018148 წერილით ეცნობა, რომ დადგენილება გამოტანილია მისივე აღიარებითი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ. 15).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის 25.11.2022 წლის №დ-06.7222329001 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.

ზემოდასახელებული კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით (1); ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა (2). ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ბ) მითითების გაცემის გარეშე მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა; გ) მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.

იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამშენებლო სამართალდარღვევა, რომლის ჩადენასაც არ უარყოფს დ. კ-ე, უფრო მეტიც, მისმა წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ჯარიმის თანხაზე პრეტენზია არ გააჩნია და გასაჩივრებული აქტების გაუქმებას მხოლოდ მშენებლობის (ღობის) დემონტაჟის ნაწილში ითხოვს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. კ-ეის მიმართ მართებულად დაიწყო სამშენებლო სამართალწარმოება, რომლის ლოგიკური დასასრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის 25.11.2022 წლის №დ-06.7222329001 დადგენილების გამოცემა იყო. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, აღნიშნული დადგენილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს „სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ“ მოცემული დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოცემულ დავაში არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც, სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. დ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.08.2024წ. №1137 საგადახდო დავალებით ვ. კ-ეის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია