საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-326(კ-24) 6 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ლ. ა-ა (რ. ა-ის უფლებამონაცვლე), ს. ზ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 1 დეკემბერს მ. ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის ოქტომბრის დასაწყისში რ. ა-ითან მიაღწია შეთანხმებას, რომ შეიძენდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში. შეთანხმების შესაბამისად, 2005 წლის 10 ოქტომბერს, რ. ა-იმა მის ახლო ნათესავზე, კ. ნ-ეზე გასცა მინდობილობა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით.
2005 წლის 12 ოქტომბერს აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, მ. ნ-ესა კ. ნ-ეს შორის გაფორმდა №1-7279 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შეიძინა ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილიც, 374 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, დანარჩენი 226 კვ.მ კი საჯარო რეესტრში არ იყო აღრიცხული რ. ა-ის სახელზე, თუმცა ტექბიუროს არქივში იყო რეგისტრირებული, როგორც მფლობელობა. შესაბამისად, 226 კვ.მ მიწის ფართი ვერ შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, თუმცა დაფიქსირებულია მინდობილობაში, რომელიც გასცა რ. ა-იმა და რომლის საფუძველზეც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები 2005 წლიდან დღემდე მოქცეულია ერთ ღობეში, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოსარჩელე დაეუფლა მთლიან ქონებას, მათ შორის 226 კვ.მ მიწის ნაკვეთსაც. მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...) მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან დარჩენილი 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაცია, რაზედაც ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში მდებარე, 226 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე, მ. ნ-ეის საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. ნ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება რ. ა-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირის - რ. ა-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირის რ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ა-ის მეუღლე - ლ. ი.-ის ასული ა-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ მოსარჩელემ თავის საკუთრებად მიჩნეულ 226 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი ვერ დაადასტურა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმადაც, რ. ა-იმა მ. ნ-ეზე გაასხვისა მხოლოდ 374 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რაც მას რეგისტრირებული აქვს კიდეც საჯარო რეესტრში, ხოლო 226 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა და მის შესახებ აღნიშნულ ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მითითებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ.
კასატორის განმარტებით, 2005 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. ნ-ემ შეიძინა ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის რ. ა-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დღემდე მოქცეულია ერთ ღობეში, რომლის ნაწილიც - 374 კვ.მ მიწის ფართი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იყო რეგისტრირებული რ. ა-ის საკუთრებაში, ხოლო დანარჩენი 226 კვ.მ არ იყო აღრიცხული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა ტექბიუროს არქივში იყო რეგისტრირებული როგორც მფლობელობა და ამიტომ 226 კვ.მ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვერ დაფიქსირდებოდა, თუმცა მითითებული იყო მინდობილობაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. კასატორის განმარტებით, აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის შემდეგ იგი სრულად დაეუფლა შეძენილ მიწის ნაკვეთს და რ. ა-ი სადავო 226 კვ.მ მიწის ნაკვეთს არც ფლობდა და არც სარგებლობდა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ტექინვენტარიზაციის არქივში სადავო 226 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ალიმოვზე, როგორც 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ვერ გახდება ავტომატურად რ. ა-იზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიკვლია სათანადოდ მტკიცებულებები და არ მისცა მათ სათანადო შეფასება.
კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება; ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში (ამჟამად ...ის ქუჩა №...) მდებარე, 226 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე მ. ნ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში (ამჟამად ...ის ქ.№...) მდებარე საცხოვრებელი სახლი და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში (ამჟამად ...ის ქ.№...) მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი - 374 კვ.მ, ხოლო დანარჩენი 226 კვ.მ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის არ იყო აღრიცხული გამყიდველის საკუთრებაში, თუმცა ტექბიუროს არქივში ფიქსირდებოდა, როგორც მფლობელობაში არსებული ნაკვეთი და შესაბამისად, ვერ აღირიცხა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის საკუთრებად. თუმცა მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაეუფლა როგორც საცხოვრებელ სახლსა და 374 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ასევე 226 კვ.მ მიწის ნაკვეთსაც და მიიჩნევს, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე შეწყვეტილ იქნა რ. ა-ის (გამყიდველი) საკუთრების უფლება. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს სწორედ ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში (ამჟამად ...ის ქ.№...) მდებარე 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია წარმოადგენს. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება კი შეუძლებლად იქნა მიჩნეული სადავო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტზე არ დგინდებოდა მოსარჩელის უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის თანახმად, ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევი №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...) მდებარე მთლიანი სახლთმფლობელობის საერთო მახასიათებლებია: ნაკვეთის ფუნქცია - გაურკვეველი, ფაქტობრივი ფართობი - 600 კვ.მ, ფართობი დოკუმენტით - 374 კვ.მ, მიწის ფართობი უფლება დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე - 226 კვ.მ; საკუთრების აღწერა - ლიტერი „ა“, დასახელება - საცხოვრებელი, საერთო ფართი (კვ.მ.) – 7.50 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 7.50 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ.) 57.50 კვ.მ; ლიტერი ,,ბ“ საკუთრების აღწერა - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ) – 19.33 კვ.მ; ლიტერი ,,ვ“ საკუთრების აღწერა - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ) -12.63 კვ.მ; ნაკვეთი, მესაკუთრედ მითითებულია რ. ა-ი ფართობი დოკუმენტით - 374 (საფუძველი: სამკვიდრო მოწმობა №6956, 04/09/1992, ნოტარიუსი: კ-ი); ბინა - მესაკუთრეების/მოსარგებლეების აღწერა: ა-ი რ. (საფუძველი: სამკვიდრო მოწმობა №6956, 04/09/1992, ნოტარიუსი: კ-ი);
2005 წლის 10 ოქტომბერს რ. ა-ის მიერ კ. ნ-ეზე გაიცა მინდობილობა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით. სანოტარო აქტის
შესაბამისად, ,,მინდობილ მესაკუთრეს (კ. ნ-ე) მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია მართოს და განკარგოს
საკუთრების მიმნდობის (რ. ა-ი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქობულეთი, ...ის
მე-2 შეს. №...-ში.
2005 წლის 12 ოქტომბერს რ. ა-ის უფლებამოსილ პირს, კ. ნ-ესა და მ. ნ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 374,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქობულეთი, ...ის ქ. №....
2005 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მ. ნ-ეის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ქობულეთში, ...ის ქუჩა №...-შ მდებარე, 374.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...).
2017 წლის 13 თებერვალს მ. ნ-ეის წარმომადგენელმა, მ. ნ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე. 2017 წლის 17 თებერვალს, აჭარის რეგიონული ოფისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და მხარეს დაევალა 226 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა.
2017 წლის 28 თებერვალს საჯარო რეესტრს დამატებით წარედგინა მ. ნ-ეის
წარმომადგენლის, მ. ნ-ეის 21.02.2017 წლის პირადი განცხადება, 7 მარტს კი
აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო რ. ა-ის მინდობილობა (სანოტარო აქტი), რომლის მიხედვითაც, მ. ნ-ეს, როგორც მინდობილ პირს, უფლება ექნებოდა, განეკარგა რ. ა-ის კუთვნილი ქონება - 226 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2017 წლის 21 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. მითითებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-ემ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: 1. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 07 მარტის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ და 2017 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა №... (13.02.2017) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2017 წლის 8 ივლისს №.... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მ. ნ-ეს დაევალა 226 კვ.მ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 31 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, მ. ნ-ეის სარეგისტრაციო განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს, არსებობს თუ არა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი, რა თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია დადასტურდეს, მ. ნ-ეის მიერ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს თუ არა სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, კი საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი ვერ მიიჩნევა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან, მ. ნ-ეის მიერ საკუთრების საგნად მიჩნეული 226 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერებით წარმოადგენს მესამე პირის - რ. ა-ის სახელზე აღრიცხულ და მის მიერ 1994 წლამდე დაკავებულ მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტიდან რ. ა-ის შეუწყდა საკუთრების, მფლობელობის და სარგებლობის უფლება ქ. ქობულეთში, ...ის ქუჩა ... შეს. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - საცხოვრებელ სახლზე და მთლიანად 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, თვითნებურად დაკავებულ 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რ. ა-იმა მ. ნ-ეზე გაასხვისა მხოლოდ 374 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რაც ამ უკანასკნელს დარეგისტრირებული აქვს კიდეც საჯარო რეესტრში, ხოლო დანარჩენი 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა და მის შესახებ აღნიშნულ ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მითითებული.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, მ. ნ-ეის მიერ 226 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარმოებულ დავებზე. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 28 ივნისის №8 ოქმის №28 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ნ-ეს უარი ეთქვა ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევი №...-ში მდებარე 226 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც კანონიერ ძალაშია შესული.
მ. ნ-ემ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. ა-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქ. ქობულეთში, ...ის №...-ში (ყოფილი ...ის ქუჩა, №...) მდებარე, 226 კვ.მ ფართის უძრავ ნივთზე რ. ა-ის მფლობელობის უფლების შეწყვეტილად აღიარება; ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევი №...-ში (ყოფილი ...ის ქუჩა, №...) მდებარე, 226 კვ.მ ფართის უძრავ ნივთზე, მ. ნ-ეის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დადგენა; ტექბიუროს არქივში დაცულ, ტექნიკური აღრიცხვის ბარათში რ. ა-ის შესახებ, 226 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე არსებული თვითნებურად დაკავების შესახებ ჩანაწერის ძალადაკარგულად ცნობა (2005 წლიდან).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, მ. ნ-ეის სარჩელი ქ. ქობულეთში, ...ის ... შესახვევის №...-ში (ყოფილი ...ის ქუჩა, №...) მდებარე, 226 კვ.მ ფართის უძრავ ნივთზე, რ. ა-ის მფლობელობის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ამ უძრავ ნივთზე, მ. ნ-ეის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. ნ-ეის სარჩელი, ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც შესულია კანონიერ ძალაში.
2016 წლის 2 ივნისს მ. ნ-ემ სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. ა-ის მიმართ სადავო, 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადგენის მოთხოვნით, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. ნ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის N2/ბ-631-2016 განჩინებით დარჩა ძალში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მ. ნ-ეის მიერ მის საკუთრებად მიჩნეულ 226 კვ. მეტრი მოცულობის მიწის ნაკვეთთან მიმართებით ვერც ზემოაღნიშნული დავების შედეგად იქნა დადასტურებული საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
პროცესის ხარჯების მოპასუხეთათვის დაკისრების შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარზე დ. ხ-ეის მიერ 14.06.2024წ. №159 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ხ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. არ დაკმაყოფილდეს მ. ნ-ეის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისთვის პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე;
4. დ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. ნ-ეის საკასაციო საჩივარზე 14.06.2024წ. №159 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე