Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-971(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ს. პ-ი, მ. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 5 აპრილს ს. პ-იმა და მ. კ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და №... ბრძანებების; საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №... და №... ბრძანებების, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5610 და №5614 ბრძანებების ბათილად ცნობა. ამავე სარჩელში მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, კერძოდ, გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, ს. პ-ისა და მ. კ-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ს. პ-ის და მ. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი განჩინება; ს. პ-ის და მ. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და №... ბრძანებების, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №... და №... ბრძანებების მოქმედება, საქმეზე სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. კ-ასა და ს. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5610 ბრძანება ს. პ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5614 ბრძანება მ. კ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და №... ბრძანებები, ასევე, 2023 წლის 1 თებერვლის №... და №... ბრძანებები და მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით, ს. პ-ისა და მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანებით, სხვა პირებთან ერთად, ს. პ-ი და მ. კ-ა აღიარებულ იქნენ შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით. ამასთან, სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის - შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერი პირების მიმართ გამოყენებულ იქნა გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და №... სადავო ბრძანებებით ყადაღა დაედო ს. პ-ისა და მ. კ-ას საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №... და №... ბრძანებებით ს. პ-ისა და მ. კ-ას საბანკო ანგარიშებზე გავრცელდა ინკასო გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მიზნით. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანებებით ცრუმაგიერი პირების ქონება სრულად იქნა გამოყენებული გადამხდელის ვალდებულების აღსასრულებლად ისე, რომ გათვალისწინებული არ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით დადგენილ იმ ოპერაციათა მოცულობა, რომლებიც ს. პ-ისა და მ. კ-ას ცრუმაგიერად ცნობას დაედო საფუძვლად. შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანებებით აპელანტების (მოსარჩელეების) უფლებები არათანაზომიერად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიზნის საწინააღმდეგოდ, დაუსაბუთებლად შეიზღუდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებებით მოსარჩელეთა უფლებების დარღვევას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სადავო ბრძანებები არ შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას. კერძოდ, მითითებული განჩინებით ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის განჩინება; ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების - ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „ლ...“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანების (ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე) სათანადოდ აღსრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მოხდა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება და ცალსახად განისაზღვრა, რომ შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების - ს. პ-ისა და მ. კ-ას პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „ლ...“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული აქტებით დარღვეულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობა, რაც ასევე ადასტურებს სსიპ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებების უკანონობას. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გაკეთებული განმარტება და არ იქნა შესწავლილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, სრულად არის დარღვეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების პრინციპი. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სსიპ შემოსავლების სამსახურს მართებულად დაევალა მ. კ-ასა და ს. პ-ის საგადასახადო ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა 2022 წლის 8 აპრილის სასამართლო ბრძანებით დადგენილი გარემოებებითა და 2023 წლის 3 ივლისის სასამართლო განჩინებაში ასახული განმარტების გათვალისწინებით, დადგენილი მოცულობის ფარგლებში კი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით არ არის განსაზღვრული ს. პ-ისა და მ. კ-ას პასუხისმგებლობის ფარგლები. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არსებული ფორმით შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით (ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით), სხვა პირებთან ერთად, ს. პ-ი და მ. კ-ა აღიარებულ იქნენ შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად. ბრძანებით მათ შორის დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) 2018 წლის 16 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - ქ. ლ-ე; ნასყიდობის საგნის ღირებულება - 467 000 ლარი), 2018 წლის 16 მაისს მ. ჩ-ის და მ. კ-ას საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..., ...ს ქუჩა №..., 1 212 კვ.მ (ძველი ს/კ ...; ახალი ს/კ ... და ს/კ ...); 2) 2018 წლის 26 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - კ. ნ-ა; ნასყიდობის საგნის ღირებულება - 20 000 ლარი), 2018 წლის 27 აპრილს ს. პ-ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..., მიკრო/რაიონი „...“, კორპუსი ..., ბინა №..., ფართი 21.42 კვ.მ. (ს/კ ...). აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო კ. ნ-ა 2013 წლის 17 ივნისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ხოლო უფრო ადრე - აღრიცხული იყო ტ. ნ-ას სახელზე; 3) 2018 წლის 26 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - კ. ნ-ა; ნასყიდობის საგნის ღირებულება - 40 000 ლარი), 2018 წლის 1 მაისს ს. პ-ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..., ... კვარტალი, ... კორპუსი, ბინა №..., ფართი 50 კვ.მ. (ს/კ ...). აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო კ. ნ-ა 2017 წლის 17 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო უფრო ადრე - აღრიცხული იყო დ. ნ-ას სახელზე; 4) 2019 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - თ. ზ-ი; ნასყიდობის საგნის ღირებულება - 70 000 აშშ დოლარი), 2019 წლის 21 მარტს მ. კ-ას საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..., ...ს ქუჩა №..., დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ. (ს/კ ...); 5) დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ს. პ-ის 2007-2020 წლების პერიოდში ჯამურად 289 618.17 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღება უფიქსირდება. შპს „ლ...დან“ ხელფასის მიზნით უფიქსირდება 12-ჯერ 3 000 ლარის ჩარიცხვა, ჯამურად 36 000 ლარი. სს „ს...ს“ 2022 წლის 15 თებერვლის ცნობით დგინდება, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს ს. პ-ის შპს „ლ...ს“ ანგარიშიდან ხელფასის სახით ჩაერიცხა 3 000 ლარი; 6) დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მ. კ-ას 2007-2020 წლების პერიოდში ჯამურად 859 508.32 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღება უფიქსირდება. აღნიშნული ოქმის მიხედვით, მ. კ-ას შპს „ლ...დან“ ჩარიცხვები არ უფიქსირდება. სს „ს...ს“ 2022 წლის 16 თებერვლის ცნობით დგინდება, რომ 2015 წლის 16 მარტს მ. კ-ას სახელზე გაცემულია სესხი 470 000 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის განჩინება; ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების განმარტების თაობაზე, დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტებული იქნა შემდეგნაირად: შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების - ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „ლ...“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში.

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... ბრძანებით, შპს „ლ...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის - ს. პ-ის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №... ბრძანებით, ს. პ-ის საბანკო ანგარიშებზე გავრცელდა ინკასო გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მიზნით. აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 თებერვლის №2023/.../1 აქტის თანახმად, აღიწერა და ყადაღა დაედო ს. პ-ის საკუთრებაში არსებულ სამ უძრავ ნივთს (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...), ხოლო 2023 წლის 27 თებერვლის №2023/.../2 აქტის თანახმად, აღიწერა და ყადაღა დაედო ს. პ-ის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს - ....

ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... ბრძანებით, შპს „ლ...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის - მ. კ-ას საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №... ბრძანებით, მ. კ-ას საბანკო ანგარიშებზე გავრცელდა ინკასო გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მიზნით. აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 თებერვლის №2023/.../1 აქტით, აღიწერა და ყადაღა დაედო მ. კ-ას საკუთრებაში არსებულ 11 უძრავ ნივთს (საკადასტრო კოდებით: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...).

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და 2023 წლის 1 თებერვლის №... ბრძანებები გასაჩივრებული იქნა ს. პ-ის მიერ. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5610 ბრძანებით, ს. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და 2023 წლის 1 თებერვლის №... ბრძანებები გასაჩივრებული იქნა მ. კ-ას მიერ. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5614 ბრძანებით, მ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ლ...ს“ ცრუმაგიერი პირების - ს. პ-ის და მ. კ-ას ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, რაც არსებითია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებისთვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან, კანონმდებელი არ ჩამოთვლის კონკრეტულ გარემოებებს, რომელთა ერთობლიობაც ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერი პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, რადგან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ ცრუმაგიერ პირთა არსებობა დადასტურდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.

ცრუმაგიერი პირის ვალდებულების მოცულობის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირად ცნობა ეფუძნება გადასახადის გადამხდელსა და მის ცრუმაგიერ პირს შორის კონკრეტული ოპერაციების განხორციელებას, რომელთა რეალური მიზანია გადასახადის გადამხდელის ქონების (გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტის) გარიდება და სწორედ ამ მიზნით ხდება ცრუმაგიერი პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ცრუმაგიერი პირის პასუხისმგებლობის საზღვრებიც განხორციელებული ოპერაციებით (ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლის) უნდა შემოიფარგლებოდეს. ცრუმაგიერი პირს არ უნდა დაეკისროს გადასახადის გადამხდელის აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე სრული პასუხისმგებლობა, თუკი ვალდებულების ოდენობა აღემატება ცრუმაგიერი პირისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გადაცემული აქტივის ოდენობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს პირის დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა, საკუთრების უფლებაში გაუმართლებელი და არათანაზომიერი ჩარევა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული ბრძანების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სხვა პირებთან ერთად, ს. პ-ი და მ. კ-ა აღიარებულ იქნენ შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის - შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერი პირების - ს. პ-ისა და მ. კ-ას მიმართ გამოიყენა გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №... და №... სადავო ბრძანებებით, ყადაღა დაედო ს. პ-ისა და მ. კ-ას საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №... და №... სადავო ბრძანებებით, ს. პ-ისა და მ. კ-ას საბანკო ანგარიშებზე გავრცელდა ინკასო გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მიზნით. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანებებით, ცრუმაგიერი პირების ქონება სრულად იქნა გამოყენებული გადამხდელის ვალდებულების აღსასრულებლად ისე, რომ გათვალისწინებული არ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით დადგენილ იმ ოპერაციათა მოცულობა, რომლებიც ს. პ-ისა და მ. კ-ას ცრუმაგიერად ცნობას დაედო საფუძვლად. შესაბამისად, გასაჩივრებული სადავო ბრძანებებით, მოსარჩელეთა უფლებები არათანაზომიერად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიზნის საწინააღმდეგოდ, დაუსაბუთებლად შეიზღუდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს აქტის შესრულების სავალდებულოობისა და მისი სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა. მითითებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებაზე, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტებული იქნა შემდეგნაირად: შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების - ს. პ-ის, მ. კ-ას და კ. პ-ის პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „ლ...“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა და ცალსახად განისაზღვრა, რომ შპს „ლ...ს“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების - ს. პ-ისა და მ. კ-ას პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „ლ...“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გაკეთებული განმარტება და არ იქნა სათანადოდ შესწავლილი ბრძანებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რითაც ასევე დაირღვა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების პრინციპი. აქედან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურს მართებულად დაევალა მ. კ-ასა და ს. პ-ის საგადასახადო ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით დადგენილი გარემოებებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაში ასახული განმარტების გათვალისწინებით, დადგენილი მოცულობის ფარგლებში კი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი