Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1097(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „ე...ს“ (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონული ოფისი; მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ე. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 28 ნოემბერს სს „ე...მ“ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონული ოფისის მიმართ. დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სს ,,ე...ს“ კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სს ,,ე...ს“ საკუთრებად აღირიცხება 2022 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით გაუქმებული მიწის ნაკვეთი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ე. კ-ა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, სს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“, ,,ი“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 21-ე, 22-ე, 26-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველ, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები (28.10.2022 წლის №... და 08.02.2023 წლის №...) მიღებულია რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრაციას საფუძვლად უდევს უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებიც სადავოდ არ არის ქცეული და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რეგისტრაციის დროს არსებობდა რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოებები. ამდენად, გასაჩივრებული აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას, რითაც დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე ადმინისტრაციული წარმოებისას ადგილი არ ჰქონია ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი (მოსარჩელის/აპელანტის სასარგებლო) გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მ“.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 183-ე, 185-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის წერილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული წერილი (ცნობა) წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ე. კ-ას უფლების დამდგენ ბოლო დოკუმენტს და მარეგისტრირებელ ორგანოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე (მასში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართის მოცულობის გათვალისწინებით) უნდა განეხორციელებინა რეგისტრაცია. ამასთან, კასატორი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, ასევე, 1998 წელს მიღებული ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 20.09.2007წ.) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ე. კ-ას მართლზომიერ მფლობელობაში ვერ იქნებოდა ენერგეტიკული დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მიწის ნაკვეთი. სს ,,ე...ს“ კუთვნილი ქვესადგური ნამდვილად მდებარეობს მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, ...ს ქუჩაზე და ამ ტერიტორიაზე განთავსებული იქნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში. არც ისაა სადავო, რომ ენერგოკომპანიის ქონება თავიდანვე ღობით იყო გამოყოფილი (ჯერ მავთულბადის და შემდგომ კაპიტალური). კასატორის განმარტებით, სადავო ტერიტორია ხსენებული პერიოდიდან წარმოადგენს ქვესადგურის განუყოფელ ნაწილს და ასეთი სახით იქნა იგი შეძენილი სს ,,ე...ს“ მიერ სს ,,ს...ისაგან“ 2007 წლის 29 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით. შესაბამისად, სს ,,ე...“ წარმოადგენს აღნიშნული ქონების კეთილსინდისიერ მესაკუთრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 3 ივლისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სს ,,სგსე“ უძრავი ქონების 2007 წლის 29 ივნისის N6316 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ფოთში, ...ს (...ს N...) ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...), დაუზუსტებული ფართობით - 4 049 კვ.მ., მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სს ,,ე...“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, სს ,,ე...ს“ განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...), დაზუსტებული ფართობი - 4 049 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, დარეგისტრირდა სს ,,ე...ს“ საკუთრების უფლება.

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს ე. ღ-იმა (კ-ა) N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა უ. კ-ას სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ სამკვიდრო მოწმობა, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის არქივის 2016 წლის 18 მარტის საარქივო ცნობა, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 1 850 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქ. ..., სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის არქივის 2016 წლის 18 მარტის საარქივო ცნობის თანახმად, ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1978-1980 წწ. წიგნში ...ს ქუჩა N...-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი დარიცხულია უ. ს.-ს ძე კ-ას სახელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 1 700 კვ.მ.-ს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ნოემბრის N... და 2016 წლის 24 ნოემბრის N.... გადაწყვეტილებებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ ..., მესაკუთრე: სს ,,ე...“). შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

ამასთან, დადგენილია, რომ მითითებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახული უძრავი ნივთის იდენტურობის დადასტურების მიზნით. აღნიშნული წერილის პასუხად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 აპრილის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N1, რომლის თანახმად, დადასტურდა ე. კ-ას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ასევე, სააგენტოს გადაეგზავნა ...ს უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 აპრილის N3 ბრძანება, რომლის თანახმად, დადგენილ იქნა ე. კ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება N...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ე. კ-ას მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნაზაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 5 ივნისს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის ადგილობრივი არქივის 2018 წლის 15 თებერვლის საარქივო ცნობის თანახმად, ,,ზოგიერთ მოქალაქეებზე ძველი, საცხოვრებლად უვარგისი სახლის დაშლისა და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ’’ ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1963 წლის 13 თებერვლის N47 გადაწყვეტილებით, აღმასკომმა გადაწყვიტა: ,,კ-ა უ. ს.-ს ძეს, ... ... ტრესტის ,,...ს’’ მებეტონეს, მცხოვრებს ...ს ქ. N...-ში, რომლის ოჯახი შედგება 6 სულისაგან, ნება დაერთოს დაშალოს თავისი ძველი, საცხოვრებლად უვარგისი სახლი და მის ნაცვლად ააშენოს ახალი საცხოვრებელი სახლი, თანახმად დამტკიცებული გეგმისა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე’’. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 თებერვლის წერილის თანახმად, ქალაქ ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., მდებარეობს ორ სხვადასხვა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში, 3 366 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს სამრეწველო ზონა 1-ში (ს1) და 683 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - საცხოვრებელ ზონა 2-ში (სზ2).

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის N006462618 დასკვნა, რომლის თანახმად, ა) ექსპერტიზისათვის წარდგენილი ე. კ-ასა და სს ,,ე...ს’’ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართია 5 276.85 კვ.მ.; ბ) 2018 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული, სს ,,ე...ს’’ შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული შენობის მდებარეობას; გ) მოსარჩელე ე. კ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და სს ,,ე...ს’’ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ფართობების დაჯამების გათვალისწინებით (1 850 + 4 049 = 5 899 კვ.მ.), ფაქტიურად არ არის იმ რაოდენობის ფართი (5 276.85 კვ.მ.), რომ მოხდეს ორივე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება; დ) თუ მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება მოსარჩელის საკუთრებაში, ფაქტობრივად არ რჩება იმ ფართის მიწის ნაკვეთი, რაც ამჟამად რეგისტრირებული აქვს სს ,,ე...ს’’; ე) სადავო მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არსებული მავთულბადის ღობის მდებარეობა მოცემულია N2 დანართში. აღნიშნული ღობის ნაწილში (ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით) ფაქტიურად მოწყობილია ორი ღობე (შედარებით ახალი და ძველი). სადავო მიწის ნაკვეთებს შორის, სხვა ნაწილში დღეისათვის ღობე მოწყობილი არ არის, ასევე არ შეინიშნება ძველი ღობის ნარჩენები; ვ) დღეის მდგომარეობით კ-ას მარცხნივ და მარჯვნივ არსებული სამეზობლო საზღვრების (განთავსებულია ...ს ქ. N...) ზომების შედარება, NAA2018004023-03 საარქივო ცნობის გეგმაზე (ტომი II ს.ფ. 86) არსებულ მონაცემებთან ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან გეგმაზე არ არის მითითებული მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების ზომები. ე. კ-ას ფაქტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიგანე ...ს (...ს) ქუჩის მხარეს, ძირითადად შეესაბამება აღნიშნულ გეგმაში მითითებულ ზომას (17.20 მ). საარქივო ცნობის გეგმაზე, კ-ას მიწის ნაკვეთის მარცხნივ მითითებულია თ. ძ-ეის მიწის ნაკვეთი. დღეისათვის ე. კ-ას ჩრდილოეთ მხარეს (რომელიც შეესაბამება გეგმაზე მითითებულ თ.ძ-ეის მიწის ნაკვეთის განლაგებას) მდებარე მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში ელექტრონულად არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკურად შეუძლებელია მიწის მესაკუთრის ვინაობის დადგენა. საარქივო ცნობის გეგმაზე კ-ას მიწის ნაკვეთის მარჯვნივ მითითებულია ნ.მ-ის მიწის ნაკვეთი. დღეისათვის ე. კ-ას სამხრეთ მხარეს (რომელიც შეესაბამება გეგმაზე მითითებულ ნ.მ-ის მიწის ნაკვეთის განლაგებას) მდებარე ს/კ N... მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია სს ,,ე...ს’’ საკუთრებად, რაც არ შეესაბამება საარქივო ცნობის გეგმაზე მითითებულ მონაცემებს. საარქივო ცნობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ნ.მ-ის მიწის ნაკვეთი მოიცავს ს/კ N... მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილს (სადავო მიწის ნაკვეთს).

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 აგვისტოს N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოთხოვნის დაზუსტების გათვალისწინებით), 2017 წლის 5 ივნისის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2017 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ე. კ-ას (ე. კ-ას მემკვიდრე) მიერ გასაჩივრდა სასარჩელო წესით. მოსარჩელემ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან ერთად ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ე. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ე. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით), ე. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2015წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (განმცხადებელი სს „ე...“, განცხადების ნომერი: ..., 07.08.2015წ.), 01.11.2016წ. №... განცხადებაზე საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სს „ე...ს“ 07.08.2015წ. №... განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 05.06.2017წ. №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.2017წ. №... გადაწყვეტილება; ე. კ-ას სარჩელი ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. კ-ა ითხოვდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მტკიცებით, სს „ე...“ მათი ოჯახისგან თანხმობას ითხოვდა მიწის ნაკვეთის გამოსაყენებლად, მოიჭრა რამდენიმე ძირი მრავალწლიანი ნარგავი იმ იმედით, რომ კომპანია შეისყიდდა მოსარჩელისაგან ტერიტორიის ნაწილს მიწისქვეშა კომუნიკაციების (ელექტრო გადამცემი ხაზების) მოსაწყობად. ფოთში ტექინვენტარიზაციის ბიურო ხანძრის შედეგად განადგურებულია, შესაბამისად, პირს არ გააჩნია თავის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ტექინვენტარიზაციის სრულყოფილი მასალა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 18.03.2016წ. №AA 2016020894-03 ფოთის საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1976-1980წწ. წიგნში ...ს ქ. №80-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი დარიცხულია უ. კ-ას სახელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 1 700 კვ.მ.-ს. ამასთან, ...ს უბანში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 26.04.2017წ. №3 ბრძანებითა და დათვალიერების №1 ოქმით დადგინდა მოქალაქე ე. კ-ას (მოსარჩელის დედის) მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება №...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 1.1 მუხლით, 1.2 მუხლით, 3.1 მუხლის „დ“, „თ“, „ი“, „ნ“ ქვეპუნქტებით, 4.1, 5.1 და 7.1 მუხლებით გათვალისწინებული დანაწესები რამდენად წარმოშობდა მოსარჩელის უფლებას მიემართა სარეგისტრაციო სამსახურისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ე...ს“ მიერ შეძენილი იქნა ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 4 049 კვ.მ. (დაუზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მდებარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული არ არის, ხოლო საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შედეგად მომზადებულ 25.08.2015წ. ამონაწერში სს „ე...ს“ უფლების ობიექტად მითითებულია ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 049 კვ.მ. მიწის ნაკვეთი №1 შენობა-ნაგებობასთან ერთად, უფლების დამდგენ დოკუმენტად კვლავ მიეთითა 29.06.2007წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შენობა-ნაგებობას არ მოიცავდა და არც ...ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს ეხებოდა, ამ ხელშეკრულების საგანს ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.09.2018წ. №006462618 დასკვნის მიხედვით, 17.09.2018წ. მდგომარეობით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სს „ე...ს“ შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული შენობის მდებარეობას. საქმის მასალებით არ დგინდება, სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა თუ არა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი სს „ს...ის“ ან სს „ე...ს“ უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის დროს. რეგისტრაციის ხელმისაწვდომობის შესახებ 21.10.2019წ. №... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ უძრავი ნივთის ... საკადასტრო კოდით აზომვითი ნახაზი დაცული არ არის. ამრიგად, საჯარო რეესტრის სამსახურს სს „ე...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებამდე უნდა დაედგინა სს „ე...ს“ საკუთრების ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობა, რათა საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას არ შელახულიყო სხვა პირთა კანონიერი უფლებები. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ქ. ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ორ სხვადასხვა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში - სამრეწველო და საცხოვრებელ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სს „ე...ს“ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს სამრეწველო ზონაში, მოსარჩელის ინტერესში შემავალი უძრავი ქონება კი, რომელიც ზედდებაში მოვიდა სს „ე...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებთან, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. კ-ას სარეგისტრაციო განცხადების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაცული არ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სზაკ-ის მოთხოვნები. ე. კ-ას განცხადების ფარგლებში მოპასუხე მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დამატებით შეესწავლა სს „ე...ს“ სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტის იდენტურობა დაზუსტებული მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტთან, დაედგინა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცულობა და ასეთი რეგისტრაციით სხვა პირის (რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირის ე. კ-ას) კანონიერი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით) აღსრულების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 24 ივნისს მიიღო N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დაკორექტირდა N... განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთთან ზედდების გათვალისწინებით. კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები დარეგისტრირდა შემდეგნაირად, სს ,,ე...ს“ საკუთრებაში არსებული 4 049 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დაიყო ორ მიწის ნაკვეთად: 1) ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩაზე მდებარე 3 381 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, ს/კ ... და 2) ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩაზე მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ....

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 ივნისის, 14 ივლისის, 25 ივლისის, 25 აგვისტოს, 15 სექტემბრის, 4 ოქტომბრის და 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით, N... სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოება იყო შეჩერებული იმ საფუძვლით, რომ ფიქსირდებოდა ზედდება უძრავ ნივთთან ს/კ N..., მესაკუთრე სს ,,ე...“. აღნიშნულ კოდზე ცვლილების რეგისტრაცია მიმდინარეობდა N... განცხადებით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებებში ასევე მითითებული იყო, რომ შემოსავლების სამსახურის წერილით, უ. კ-ას 2004 წელს ერიცხება 980 კვ.მ. მიწის ფართი, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული წერილი (17.06.2022წ.) საქმის მასალებში წარმოდგენილია.

დადგენილია, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო 1 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ხოლო სააგენტოს მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (რენტის გადასახადის გადამხდელი) მითითებული იყო 1 700 კვ.მ. მიწის ფართობი. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

2022 წლის 24 ოქტომბერს ე. კ-ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინა 2022 წლის 22 ოქტომბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 1 715 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართზე.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 ნოემბრის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქ. N... (ს/კ ...), დაზუსტებული ფართობი: 1 715 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01, N02, დარეგისტრირდა ე. კ-ას საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არაერთი წერილით მიმართა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების მიზნით. ...ს უბანში ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2022 წლის 10 ოქტომბრის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სააგენტოს ერთხელ უკვე ეცნობა და დამატებით გადაუგზავნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N1 და ...ს უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 აპრილის N3 ბრძანება. ამასთან, ...ს უბანში ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2023 წლის 2 თებერვლის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N..., რომლის თანახმად, დასტურდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ასევე, სააგენტოს გადაეგზავნა ...ს უბანში ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2023 წლის 2 თებერვლის ბრძანება, რომლის თანახმად, დადგენილ იქნა სს ,,ე...ს“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (მდებარე ქ. ფოთი, ...ს ქ. N...), თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, სს ,,ე...ს“ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.

2023 წლის 8 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 3 381 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (ს/კ ...), დარეგისტრირდა სს ,,ე...ს“ საკუთრების უფლება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №... (სს ,,ე...ს“ კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილში) და 2023 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილებების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, ხელახლა ჩატარებული წარმოების შედეგად. მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2015წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (განმცხადებელი სს „ე...“, განცხადების ნომერი: ..., 07.08.2015წ.), 01.11.2016წ. №... განცხადებაზე საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტთან ზედდების ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სს „ე...ს“ 07.08.2015წ. №... განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 05.06.2017წ. №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.2017წ. №... გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „ე...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებამდე უნდა დაედგინა სს „ე...ს“ საკუთრების ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობა, რათა საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას არ შელახულიყო სხვა პირთა კანონიერი უფლებები. ამასთან, გადაწყვეტილებაში მიეთითა ე. კ-ას (ამჟამად, მემკვიდრე ე. კ-ა) უფლების დამდგენი დოკუმენტების არსებობის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღასრულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, გააუქმა სადავო აქტები და სს ,,ე...სა“ და ე. კ-ას განცხადებების საფუძველზე დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებები. N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში (სს ,,ე...) სააგენტოს მიერ არაერთი წერილით მიემართა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სს ,,ე...ს“ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის მოთხოვნით. აღნიშნული წერილების პასუხად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ადგილზე დათვალიერების N... ოქმისა (იდენტურობის დადასტურების თაობაზე) და ...ს უბანში ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2023 წლის 2 თებერვლის ბრძანების საფუძველზე კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 8 თებერვალს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 3 381 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (ს/კ ...), დარეგისტრირდა სს ,,ე...ს“ საკუთრების უფლება.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა წარმოების შეჩერების შესახებ არაერთი გადაწყვეტილება, რომელთაც ნაწილშიც მართალია მიეთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის წერილზე, თუმცა საბოლოოდ, სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო 1 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ხოლო სააგენტოს მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (რენტის გადასახადის გადამხდელი) კი მითითებული იყო 1 700 კვ.მ. მიწის ფართობი. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რაც ე. კ-ას მიერ წარდგენილ იქნა 1 715 კვ.მ. მიწის ფართობზე. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 ნოემბრის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქ. N... (ს/კ ...), დაზუსტებული ფართობი: 1 715 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01, N02, დარეგისტრირდა ე. კ-ას საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად არსებითად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, გადამხდელთა სიით, უ. კ-ას 2004 წელს უფიქსირდება 980 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სააგენტოს მიერ კი მას დაურეგისტრირდა 1 715 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღრიცხული გადამხდელთა სია არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ ერთადერთ, უტყუარ და საარქივო ცნობასთან შედარებით უპირატესი ძალის მქონე დოკუმენტს. საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის არქივის 2016 წლის 18 მარტის საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1978-1980 წწ. წიგნში ...ს ქუჩა N80-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი დარიცხულია უ. ს.-ს ძე კ-ას სახელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 1 700 კვ.მ.-ს. ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N1 ოქმითა და მის საფუძველზე მიღებული, ...ს უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 აპრილის N3 ბრძანებით, დადგენილ იქნა ე. კ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება N...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული გარემოება ...ს უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ დამატებით იქნა დადასტურებული 2022 წლის 10 ოქტომბრის წერილით. ამდენად, მითითებული გარემოებების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 ნოემბრის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქ. N... (ს/კ ...), დაზუსტებული ფართობი: 1 715 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01, N02, დარეგისტრირდა ე. კ-ას საკუთრების უფლება.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის აპელირებას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე და ასევე, 1998 წელს მიღებული ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 20.09.2007წ.) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ე. კ-ა საკუთრების უფლების რეგისტრაციას ამ საფუძვლით არ ითხოვდა, მხარე მოთხოვნის საფუძვლად უთითებდა უფლებადამდგენ დოკუმენტს. ასევე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონზე მითითება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონი ძალადაკარგული იქნა 11.07.2007წ. №5274 კანონით, ე. კ-ამ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა არა ამ კანონის, არამედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებებზე, რომ ე. კ-ას მართლზომიერ მფლობელობაში ვერ იქნებოდა ენერგეტიკული დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მიწის ნაკვეთი; სს ,,ე...ს“ კუთვნილი ქვესადგური ნამდვილად მდებარეობს მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, ...ს ქუჩაზე, ამ ტერიტორიაზე განთავსებული იქნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, სადავო ტერიტორია აღნიშნული პერიოდიდან წარმოადგენს ქვესადგურის განუყოფელ ნაწილს და ასეთი სახით იქნა იგი შეძენილი სს ,,ე...ს“ მიერ სს ,,ს...ისაგან“ 2007 წლის 29 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, რის გამოც სს ,,ე...“ წარმოადგენს აღნიშნული ქონების კეთილსინდისიერ მესაკუთრეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ე...ს“ მიერ უძრავი ნივთი შეძენილი იქნა დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მოცულობა და ადგილმდებარეობა უტყუარად არ დგინდებოდა. მოსარჩელე მხარის მიერ ენერგეტიკული დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მიწის ნაკვეთის ფლობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 თებერვლის წერილის თანახმად, ქალაქ ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, ს/კ ... (სს ,,ე...ს" თავდაპირველი საკუთრება), მდებარეობდა ორ სხვადასხვა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში, 3 366 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სამრეწველო ზონა 1-ში (ს1) და 683 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - საცხოვრებელ ზონა 2-ში (სზ2). შესაბამისად, საცხოვრებელი ზონა ვერ ექნებოდა მინიჭებული მიწის ნაკვეთს, რომელიც კასატორის განმარტებით, ენერგეტიკული დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სს „ე...ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 20 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. სს „ე...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 20 აგვისტოს (რეფერენსი N196653763) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი