საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-99(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. შ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; მოსარჩელეები - თ. ნ-ე, ტ. შ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ნ-ემ, ა. შ-ემ და ტ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №763 ბრძანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე თ. ნ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ეის, ა. შ-ეისა და ტ. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ნ-ემ, ა. შ-ემ და ტ. შ-ემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ნ-ეის, ტ. შ-ეისა და ა. შ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ნ-ეის, ტ. შ-ეისა და ა. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ტ. შ-ე და თ. ნ-ე გათავისუფლდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღუსრულებელი ნაწილისაგან. დანარჩენ ნაწილში თ. ნ-ეის, ტ. შ-ეისა და ა. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-ემ.
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1412 და 1413 მუხლებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა ზემოდასახელებულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. შ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ნ-ეის, ტ. შ-ეისა და ა. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ტ. შ-ე და თ. ნ-ე გათავისუფლდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღუსრულებელი ნაწილისაგან. დანარჩენ ნაწილში თ. ნ-ეის, ტ. შ-ეისა და ა. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხოლოდ ა. შ-ეის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეამოწმებს ა. შ-ეის საკასაციო საჩივრის ფარგლებში - ა. შ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
მოცემული დავა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №763 ბრძანების კანონიერება.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 აგვისტოს №845074 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში (სექტორი - კრწანისი), ...ს ქ. №...-ში (ნაკვ. №...) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე სასტუმრო-საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. დამკვეთები: თ. ნ-ე, ა. შ-ე, ტ. შ-ე. ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 აგვისტოდან 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით, დამკვეთს დაევალა ბრძანების გაცნობიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარედგინა ქალაქ თბილისის მერის განკარგულება. ხოლო ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით დამკვეთს განემარტა, რომ ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარისა და პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; გ) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 61-ე მუხლის შესაბამისად; მშენებლობის ტიპები: მოსამზადებელი სამუშაოები; არსებული შენობის დემონტაჟი; მიწის სამუშაოები; საძირკველის მოწყობა; ნულოვანი ციკლის დასრულება; კარკასის ამოყვანა და გადახურვების მოწყობა; გარე კედლების მოწყობა; შიდა კედლების ამოყვანა და კარ-ფანჯრების მოწყობა; მოსაპირკეთებელი სამუშაოები; სამუშაოების დასრულება (ტ.1, ს.ფ. 149-150); ბ) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 05 დეკემბრის №1027698 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 აგვისტოს №845074 ბრძანებაში, კერძოდ, მე-6 პუნქტს დაემატა დ) ქვეპუნქტი: კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან (ტ.1, ს.ფ. 145-146); გ) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2014 წლის 19 ნოემბერს გამოსცა №000868 მითითება მასზედ, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №5-ში (ნაკვ. №...) მშენებარე ობიექტი მიტოვებულია კონსერვაციის წესების დარღვევით. დამრღვევებს განემარტათ, რომ საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა ყოფილიყო ფერდების ჩამოქცევის, ასევე, ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისგან; ობიექტსა და სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების მოთხოვნები; უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევადობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი) და სამშენებლო მოედანზე დაშვებულ პირთა უსაფრთხოება; საინფორმაციო დაფაზე უნდა გაკეთებულიყო თვალსაჩინო აღნიშვნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ; ნებართვის მფლობელს/დამკვეთს რეგულარულად, დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, საჭირო პერიოდულობით უნდა შეემოწმებინა დაკონსერვებული ობიექტი და შეედგინა კონსერვაციის აქტი. მითითებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად მხარეებს განესაზღვრათ 30 კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული მითითება იმავე დღესვე ჩაიბარა თ. ნ-ეის წარმომადგენელმა - თ. ტ-იმა. 2014 წლის 20 ნოემბერს ჩაბარდა ა. შ-ეის რძალს - მ. ა-ის, ხოლო ტ. შ-ეს საფოსტო გზავნილი ვერ ჩაბარდა, რის გამოც მითითება განთავსდა ობიექტის სამშენებლო ღობეზე - 2015 წლის 12 იანვარს (ტ.1, ს.ფ. 78-79, 80-81, 83, 172-174 ); დ) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 22 დეკემბრის, 2014 წლის 23 დეკემბრის და 2015 წლის 12 თებერვლის №000868 შემოწმების აქტებით დაფიქსირდა თ. ნ-ეის, ა. შ-ეის და ტ. შ-ეის მიერ მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა (ტ.1, ს.ფ. 165-166, 167-168; 170- 171); ე) სამშენებლო სამართალდარვევის საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში 2015 წლის 12 და 19 მარტს გამართული საქმის განხილვაზე თ. ნ-ე, ა. შ-ე და ტ. შ-ე არ გამოცხადდნენ. 2015 წლის 12 მარტის საქმის განხილვის შესახებ 09.03.2015 წლის №4-2/უ114-15 უწყება განთავსებული იყო ობიექტის სამშენებლო ღობეზე 2015 წლის 11 მარტს, ხოლო 2015 წლის 19 მარტის საქმის განხილვის შესახებ 16.03.2015 წლის №4-2/უ-130-15 უწყება ანთავსებული იყო ობიექტის სამშენებლო ღობეზე - 2015 წლის 18 მარტს (ტ.1, ს.ფ. 63, 67, 68-70, 64-66); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილებით თ. ნ-ე, ა. შ-ე და ტ. შ-ე დაჯარიმდნენ 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს ქ. №5-ში (ნაკვ. №...) სასტუმროს მშენებლობის მიტოვებისთვის დადგენილი წესების დარღვევით. ამავე დადგენილებით, თ. ნ-ეს, ა. შ-ეს და ტ. შ-ეს დაევალათ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში ნაკვეთ №...-ში სამსახურის №000868 19.11.2014წ. მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა (ტ.1, ს.ფ. 58-60); ზ) 2015 წლის 30 სექტემბერს თ. ნ-ემ, 2015 წლის 12 ოქტომბერს თ. ნ-ემ, როგორც ა. შ-ეის წარმომადგენელმა და 2015 წლის 13 ოქტომბერს ტ. შ-ემ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილების ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ. 86-87, 105-106, 113-114); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №763 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ. ნ-ეის, ა. შ-ეისა და ტ. შ-ეის 2015 წლის 30 სექტემბრის №36258/12, 2015 წლის 12 ოქტომბრის №48785/12 და 2015 წლის 13 ოქტომბრის №50262/12 ადმინისტრაციული საჩივრები (ტ.1, ს.ფ. 14-21).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 50-ე მუხლის „ა“ პუნქტი, რომლის თანახმად, მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად.
ამავე დადგენილების 90-ე მუხლის თანახმად, დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს (1); კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობებისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას (2); შენობა-ნაგებობის კონსერვაცია შესაძლებელია არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში კი – არა უმეტეს ერთი წლის ვადით (9); ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამკვეთი ვალდებულია გააგრძელოს დაკონსერვებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან მოახდინოს დემონტაჟი (10).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კანონის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 25.13 მუხლის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში შეჩერებულია სასტუმროს მშენებლობა 6 თვეზე მეტი ხნით. ასევე, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ გააქარწყლა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 19 ნოემბრის №000868 მითითების აქტში აღნიშული გარემოებები მასზედ, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში (ნაკვ. №...) მშენებარე ობიექტი მიტოვებულია კონსერვაციის წესების დარღვევით, კერძოდ, №000868 მითითების აქტით დამრღვევებს განემარტათ, რომ საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა ყოფილიყო ფერდების ჩამოქცევის, ასევე, ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისგან; ობიექტსა და სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების მოთხოვნები; უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევადობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი) და სამშენებლო მოედანზე დაშვებულ პირთა უსაფრთხოება; საინფორმაციო დაფაზე უნდა გაკეთებულიყო თვალსაჩინო აღნიშვნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ; შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 50-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე გამოეცა 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილება, რომელიც შეესაბამება კანონით მოთხოვნებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ სახეზეა სამშენებლო სამართალდარღვევა და 2015 წლის 15 აპრილის №000868 დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ასევე არ არსებობს მოცემულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №763 ბრძანების გაუქმების წინაპირობებიც.
რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საკანონმდებლო ნორმებს, კერძოდ, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1412 და 1413 მუხლები და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლი, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით მოწესრიგებულია სამშენებლო სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი. შესაბამისად, წინამდებარე დავის საგანზე, რომელიც შეეხება მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებას ვერ გავრცელდება კასატორის მიერ მითითებული საკანონმდებლო ნორმები. აქვე საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს მისთვის სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოიფარგლება მხოლოდ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი საფუძვლებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. შ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ა. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2024წ. №647 საგადასახადო დავალებით პეტრე გიორგობიანის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია