Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-602(კ-24) 29 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ც-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ც-ემ 2023 წლის 28 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და 2023 წლის 27 ივლისს სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ. ც-ეის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავალება 48 610 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ც-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 თებერვლის განჩინებით გ. ც-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 09/21/2023 N3500 კანონით) მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები: ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში; გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი (გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში). ამასთან, მითითებული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ის არ იყო იუნკერი და როგორც სამხედრო მოსამსახურე ისე მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 13 აგვისტოს N19/47-1 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, „სამხედრო მოსამსახურეს“ ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების განმავლობაში მიეცემოდა ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი, იმ დროისათვის მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ცალსახად ადგენდა, რომ შრომის ანაზღაურების უფლება არ ვრცელდებოდა სტუდენტებზე, იუნკერებზე.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ 2019 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტში გ. ც-ეის სამხედრო მოსამსახურედ მოხსენიება არ ადასტურებს მისი თავდაცვის ძალებში მსახურობის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის 2016 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტის საფუძველზე იუნკერად ყოფნის 3 წელს, თუმცა მითითებულ კონტრაქტშიც გ. ც-ე მითითებულია, როგორც მოსამსახურე და არა იუნკერი. მისი იუნკერად ყოფნის ფაქტს ადასტურებს ასევე 2017-2019 წლების საპატიო სიგელები. გ. ც-ე იუნკერად მოიხსენიება ასევე 2019 წლის შემდგომ გამოცემულ ბრძანებებშიც, კერძოდ, - დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ივნისის №MOD920 00003947 და 2020 წლის 27 ივლისის №MOD42000004527 ბრძანებებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერთა ...ის იუნკერს, რიგით გ. ა.-ს ძე ც-ეს მიეცა ფულად დახმარება 1275,51 ლარის და 382,65 ლარის ოდენობით.

პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 14 თებერვლის №MOD52300000439 ბრძანებაც, რომლის თანახმად, გ. ც-ე დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ...ის იუნკერი და არა როგორც სამხედრო მოსამსახურე. პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელე მხარის მიერ ხაზგასმულ 2019 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად ხელს აწერს ასევე სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის იუნკერი გ. ა.-ს ძე ც-ე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 13 აგვისტოდან, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში მას ერიცხებოდა მივლინების თანხები. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავდაცვის აკადემიის მიერ გ. ც-ეისათვის ჩარიცხული თანხებითა და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დგინდება სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი ხელფასის მისთვის ჩარიცხვის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ც-ეს სრულად ჩაერიცხა 2020 წლის მივლინების თანხები, კერძოდ, იანვარში - 994.35 ლარი, თებერვალში 1153.45 ლარი, მარტში - 709.49 ლარი, აგვისტოში - 573.55 ლარი, სექტემბერში - 1433.88 ლარი, ოქტომბერში - 1481.68 ლარი, ნოემბერში - 1433.88 ლარი, დეკემბერში - 908.12 ლარი, ხოლო 2020 წლის 18 მარტიდან 2020 წლის 19 აგვისტომდე და 2020 წლის 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ის იმყოფებოდა საქართველოში (რასაც თავადვე ადასტურებს 2020 წლის 23 დეკემბრის მოხსენებით ბარათში).

ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ გ. ც-ე არ წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო მასზე როგორც იუნკერზე, გაცემულია ყველა სახის თანხა, რაც სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად უნდა გავრცელებულიყო, დაუსაბუთებელია თუ რა სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით ითხოვს მოსარჩელე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას 48 610 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ც-ეის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ც-ე წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნულს ადასტურებს 2019 წლის 13 აგვისტოს გ. ც-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტი, რომელშიც გ. ც-ე მოხსენიებულია, როგორც „სამხედრო მოსამსახურე“, განსხვავებით 2016 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტისგან.

კასატორი თვლის, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტზე სასამართლოების მითითება უადგილო და სამართლებრივად გაუმართლებელია. მით უფრო, 2019 წლის კონტრაქტის 1.4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო სამსახური ასევე მოიცავდა ზემოაღნიშნული კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ პირობას.

კასატორი მიუთითებს 2016 წლის კონტრაქტის 8.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მოსამსახურე პარალელურად სარგებლობს ასევე იუნკერის სტატუსით. ხოლო 2019 წლის კონტრაქტის მე-11 მუხლის თანახმად, ამ კონტრაქტის გაფორმება იწვევდა სამხედრო მოსამსახურესთან ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე ადრე შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ გ. ც-ეს იუნკერის სტატუსი აღარ ჰქონდა.

კასატორი აგრეთვე თვლის, რომ ის ფაქტი, რომ 2019 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტის მხარეები არიან მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო მოსამსახურედ წოდებული გ. ც-ე, ხოლო სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამ ურთიერთობის მხარე ამ კონტრაქტის პირობებში აღარ არის, ავტომატურად გამორიცხავს გ. ც-ეის იუნკერად ყოფნას.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება, შესაბამისად, კასატორს ენიჭება შესაძლებლობა მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ც-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეს შორის დაიდო სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი №1100. 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეს შორის დაიდო „ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“. 2019 წლის 05 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თავდაცვის მისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კადეტი გ. ც-ე 2019 წლის 13 აგვისტოს მიემგზავრებოდა საფრანგეთში, სპეციალურ სამხედრო სკოლაში, სამწლიანი სასკოლო კურსის ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის 2019 წლის შესაბამისად გასავლელად. 2019 წლის 23 აგვისტოს სამხედრო სტატუსის დამადასტურებელი ცნობის თანახმად, გ. ც-ე 2019-2022 სასწავლო წელს ჩაირიცხა სპეციალურ სამხედრო სკოლაში (82 სერია), სადაც 2019 წლის 19 აგვისტოდან მსახურობდა საერთაშორისო სტაჟიორად, ხოლო 2022 წლის 18 ივლისს მიიღო კურსდამთავრებულის წოდება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 14 თებერვლის №MOD523 00000439 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ...ის იუნკერი, რიგითი გ. ა.-ს ძე ც-ე, დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან 2023 წლის 03 თებერვლიდან (პირადი პატაკის საფუძველზე).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის N3500 კანონით) მე-10 მუხლზე, რომელიც სხვადასხვა წინაპირობის საფუძველზე სამხედრო სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობას ადგენდა, მათ შორის იყო, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხვა, რა დროსაც, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდებოდა იუნკერი და მასზე ვრცელდებოდა შესაბამისი უფლება-მოვალეობანი (გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა, რომელიც გაიცემოდა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) (მე-5 პ.). 2016 წლის 11 სექტემბრის N1100 კონტრაქტით სწორედ იუნკერის სტატუსი მიენიჭა მოსარჩელეს. ამავე სტატუსით სარგებლობისას, აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 10 მარტის №24 ბრძანების, აკადემიის რექტორის 2019წლის 11 მარტის №367 ბრძანებისა და აკადემიის რექტორის 2018 წლის 22 იანვრის №85 ბრძანების საფუძველზე, გ. ც-ეს, როგორც იუნკერ ბატალიონის იუნკერს გადაეცა საპატიო სიგელები, ამასთან, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2017 წლის მარტის თვეში, გ. ც-ეს, როგორც ასეულის თვის საუკეთესო იუნკერს, გადაეცა საპატიო სიგელი. დადგენილია, რომ გ. ც-ე 2019 წლის 13 აგვისტოს მიემგზავრებოდა საფრანგეთში, სპეციალურ სამხედრო სკოლაში, სამწლიანი სასკოლო კურსის გასავლელად. სწორედ ამ მიზნით, 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეს შორის დაიდო „ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“. კონტრაქტი ითვალისწინებდა გ. ც-ეისთვის კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 311 მუხლის თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერებს, რომლებიც სასწავლებლად იყვნენ წარგზავნილნი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, მიეცემოდათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ც-ეს, მივლინებაში გამგზავრებამდე, 2017 წლიდან 2019 წლამდე ერიცხებოდა სტიპენდია, ხოლო მივლინებაში ყოფნის პერიოდში - 2019 წლის 13 აგვისტოდან, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში (გარდა იმ პერიოდისა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა - 2020 წლის 18 მარტიდან - 19 აგვისტომდე; 19 დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე) მას ერიცხებოდა მივლინების თანხები (იხ. სს „საქართველოს ბანკის“ 2023 წლის 06 თებერვლის ცნობა, ს.ფ. 44-50). კასატორის მითითება კონტრაქტში მისი „სამხედრო მოსამსახურედ“ მოხსენიების თაობაზე არ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. როგორც 2016 წლის, ისე 2019 წლის კონტრაქტებში, ასევე, სიგელებსა თუ ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე ბრძანებებში მხარე მოხსენიებულია „იუნკერად“, მოსარჩელე ამავე სტატუსითაა მოხსენიებული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებაშიც, თუმცა არც-ერთი დოკუმენტი სისწორე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სამინისტროს შაბლონურ კონტრაქტში „სამხედრო მოსამსახურის“ მოხსენიება არ ადასტურებს გ. ც-ეისთვის „იუნკერის“ სტატუსის „სამხედრო მოსამსახურის“ სტატუსით ჩანაცვლებას, რამეთუ კონტრაქტის შინაარსი სწორედ იუნკერის სასწავლო მიზნით მივლინებაა. 2019 წლის კონტრაქტის გაფორმების მიზანი გ. ც-ეისთვის, როგორც იუნკერისთვის, აკადემიური მიზნების მიღწევის ხელშეწყობა იყო და ავტომატურად არ უნდა განიხილებოდეს, როგორც „იუნკერის“ სტატუსის ჩანაცვლება „სამხედრო მოსამსახურედ”. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს იუნკერის სტატუსის ავტომატურად გაუქმებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირი სწავლას აგრძელებს ან მივლინებაშია. პირის სტატუსის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის დაცვით. „იუნკერის“ სტატუსის ჩანაცვლება „სამხედრო მოსამსახურით“ არ ხდება ავტომატურად მხოლოდ კონტრაქტში გამოყენებული ტერმინოლოგიის საფუძველზე ან ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, თუ იგი დოკუმენტურად არ არის გამყარებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქმის მასალებში არ არის დაცული აღნიშნული დოკუმენტაცია. საქმეში არ მოიპოვება ასევე მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს 2019-2022 წლებში გ. ც-ეის პრეტენზიას მისთვის, როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურების გადაუხდელობის თაობაზე. მოსარჩელე, როგორც იუნკერი, იღებდა არაერთ სარგებელს დამსაქმებლისგან. საქმეში დაცულია აკადემიის რექტორის 2020 წლის 22 ივნისის მიმართვა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს ეთხოვა გ. ც-ეისთვის ფულადი დახმარების მიცემა, ამავე წერილშიც, მხარე მოხსენიებულია იუნკერად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ივნისის №MOD92000003947 და 2020 წლის 27 ივლისის №MOD42000004527 ბრძანებების საფუძველზე, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერი გ. ც-ეის მიმართ არაერთხელ გაიცა ფულადი დახმარება. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ქმედება, თუ ჩანაწერი მიუთითებდა, რომ გ. ც-ე სარგებლობდა იუნკერის სტატუსით, საწინააღმდეგო არ დასტურდება მხარეთა შორის არსებული კონტრაქტით, გ. ც-ეის მიერ წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაციით. ამდენად, არ დასტურდება გ. ც-ეის თავდაცვის სამინისტროსთან იმგვარი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რაც სახელფასო დავალიანების გადახდას დაადასტურებდა.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს გ. ც-ეის პატაკის შინაარსზე, რომლის შესაბამისად, იგი მიუთითებს მის მიერ მივლინების პერიოდში სასწავლებელში მიღებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე და დიპლომის მიღებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაზე და გამოთქვამს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის სურვილს. აკადემიის გენერლის 2023 წლის 18 მაისის წერილით დასტურდება, რომ 2022 წლის 6 სექტემბრიდან 2023 წლის 6 მარტამდე გ. ც-ე გარიცხული იყო საფრანგეთის სასწავლებლიდან. სწორედ ზემოაღნიშნული პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 14 თებერვლის №MOD52300000439 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ...ის იუნკერი, რიგითი გ. ა.-ს ძე ც-ე, დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო(პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან 2023 წლის 3 თებერვლიდან. ამდენად, პირის სამსახურიდან დათხოვნა გამოწვეულია მის მიერ სამივლინებო მისიის განუხორციელებლობით - სასწავლო პროგრამის წარუმატებლად დასრულებითა და დიპლომის მიუღებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეის შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაიგივებას „სამხედრო მოსამსახურის“ სტატუსთან და ამავდროულად, გამორიცხავს მისგან გამომდინარე ვალდებულებების სამინისტროსთვის დაკისრების კანონიერებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ც-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი