Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-664(კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აწ გარდაცვლილი ა. მ-ის უფლებამონაცვლეები - თ. მ-ი, გ. მ-ი, მ. მ-ი და მ. შ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ-იმა 2023 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიმართ და მოითხოვა: „საჯარო საქმიანობის გამო სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 შეტყობინების ბათილად ცნობა, „ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის SSA 6 23 00580195 გადაწვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების დედოფლისწყაროს სერვის ცენტრისთვის ა. მ-ის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება 01 თვის ვადაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი დასაქმებული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში შრომითი ხელშეკრულებით, კონსულტანტის პოზიციაზე. მას სახელმწიფო პენსია (ასაკობრივი) შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. მოსარჩელის მითითებით, კულტურის სფეროში მოღვაწე სსიპ-ში დასაქმებული პირები არ ახორციელებენ საჯარო საქმიანობას, აღნიშნულს, გარდა მოქმედი კანონმდებლობისა, ადასტურებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წერილიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. მ-ის სარჩელი, მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიმართ, განსჯადობით გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 შეტყობინება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის SSA 6 23 00580195 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების დედოფლისწყაროს სერვის ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 01 თვის ვადაში ა. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე როგორც შესაგებელში ისე სასამართლო სხდომაზე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა დამოუკიდებელ სუბიექტს, შესაბამისად ა. მ-ი წარმოადგენს სსიპ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში და არა მუზეუმში დასაქმებულ პირს, ხოლო, „მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი“ კი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს (მუზეუმს). სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის ზემოაღნიშნულ მსჯელობა და მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნულ პუნქტში მითითებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებაზე (Nბს-631 (კ-23)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის დასახელებული ნორმები („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) კულტურულ სფეროში საქმიანობას საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევს. სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებაში (საქმე Nბს-113 (კ-20)) საკასაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს“. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე Nბს-631 (კ-23)) აღნიშნულია, რომ „რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა“. სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობა ზემოაღნიშნულ ფინანსურ რისკებს სახელმწიფოსგან გამართლებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პირი საქმიანობს მუზეუმში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე ა. მ-ი დასაქმებულია ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში და აღნიშნული საქმიანობის სფეროს სპეციფიკიდან და ბენეფიციარის ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე კი დადგენილია, რომ მისი საქმიანობა არ ითვლება საჯარო საქმიანობად, ამიტომ მას კანონის შესაბამისად არ უწყდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშეუსაბამოა, ამ პირობებში კი, არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის N SSA 6 23 00580195 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლებიც. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში სდაცულ 2023 წლის 23 ივნისის N1687525105 და 2023 წლის 14 ნოემბრის N852578003 საგადახდო დავალებებზე, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელე ა. მ-ის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის - 1200 ლარის გადახდას. წარმოდგენილი მტკიცებულების, შუამდგომლობისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით მოპასუხეებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრს მოსარჩელე ა. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 500 ლარის ოდენობით.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. პალატამ აგრეთვე მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნულ პუნქტში მითითებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ხოლო, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენს სააგენტოს მუზეუმს.

სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აღნიშნა, რომ ნორმა უნდა განიმარტოს არა განყენებულად, არამედ სისტემურად კანონმდებლის ნებისა და მიზნის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმების საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. ამრიგად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეული (სამსახურები). იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლის მიზანი იქნებოდა მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად (სამსახურებად) მოაზრება, ნორმის ფორმულირებაც სხვაგვარი იქნებოდა ჩამოყალიბებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში, შესაბამისად, ითვლება, რომ ა. მ-ი არის მუზეუმში დასაქმებული პირი, რის გამოც იგი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლებითაც კულტურულ სფეროში საქმიანობას საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. ამდენად, ვინაიდან „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია და იმ პირობებში, როდესაც მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებითა და ფუნქციებით უდავოდ დგინდება მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითებით, მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც მასში დასაქმებული პირები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, რის გამოც, ა. მ-ი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სახეზეა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული მოთხოვნაც საფუძვლიანია. კერძოდ, თუ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს შორის, იგი უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ, მისივე ხარჯებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელის ჩარიცხვა. ამდენად, სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, კერძოდ, მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, რომ არა სახელმწიფო ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედება. ამასთან, პალატამ მართებულად მიიჩნია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების თანხის 500 ლარის ოდენობით დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიერ.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია საჯარო საქმიანობა - სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისთვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, სსიპ-ში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს სსიპ-თან დადებული არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. კასატორი მიუთითებს აგრეთვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის 05/05 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო შექმნილია სსიპების, მათ შორის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არის სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში და არა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები. უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლოა გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. ამდენად, მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში ნებისმიერ პოზიციაზე შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში, კანონით დადგენილი პირობებით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით შეჩერდა Nბს-664(კ-24) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ა. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება „საჯარო საქმიანობის გამო სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 შეტყობინების ბათილად ცნობას, „ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის SSA 6 23 00580195 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალებას; შეწყდა Nბს-664(კ-24) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ა. მ-ის გარდაცვალების გამო, ა. მ-ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში; გაუქმდა მოცემულ საქმეზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება იმ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება ა. მ-ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. მ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ისა და მ. შ-ის წარმომადგენლის - გ. ა-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება: „საჯარო საქმიანობის გამო სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 შეტყობინების ბათილად ცნობას, „ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის SSA 6 23 00580195 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალებას; მოწინააღმდეგე მხარის - აწ გარდაცვლილი ა. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაერთნენ მისი შვილები: თ. მ-ი, გ. მ-ი, მ. მ-ი და მ. შ-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. მ-ი იყო საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, მას პენსია დაენიშნა 2014 წლის 01 თებერვლიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ ა. მ-ი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიციაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის N2023/2 შეტყობინებით ა. მ-ის 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 შეტყობინება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით (სუსგ 2020 წლის 3 დეკემბრის საქმე N744(კ-20)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამდენად, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ ა. მ-ი იყო ასაკით პენსიონერი და იღებდა სახელმწიფოსგან შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის N2023/2 გადაწყვეტილებით ა. მ-ის 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ახორციელებდა თუ არა ა. მ-ი საჯარო საქმიანობას და მისი სამუშაო ადგილი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმი - წარმოადგენს თუ არა იმგვარ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენ მის უფლებამონაცვლეს. დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიზნები და ამოცანებია: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, პოპულარიზაცია და მართვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების დაცვა და მართვა, საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების განხორციელება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, შესაბამისი რეესტრების წარმოება და ნორმატიული ბაზის შექმნა, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და სხვა). ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სრულმასშტაბიან მართვას, დაცვასა და პოპულარიზაციას – სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებით (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღმოჩენა, დაცვა, აღრიცხვა, კვლევა, რეაბილიტაცია, პოპულარიზაცია და რეგულირება; სპეციალისტების მომზადება, ინფორმაციის გავრცელება და საერთაშორისო თანამშრომლობა; მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა). ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმებს შორისაა მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი. დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიაკუთვნეს მუზეუმში ა. მ-ის საქმიანობა საჯარო საქმიანობას. ხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერები ადასტურებს, რომ მუზეუმის საქმიანობა, მისი მიზნებით, ამოცანებითა და ფუნქციებით ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას („მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ. „ა“ ქვ.პ.), აღნიშნული კი, თავის მხრივ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამასთანავე, ამავე ნორმით საჯარო საქმიანობას არ მიეკუთვნება შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის მუზეუმში განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მნიშვნელობა ენიჭება არა მთლიანად ორგანიზაციის სამართლებრივ ფორმას, არამედ იმ კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციურ ბუნებას, სადაც პირი არის დასაქმებული. ამდენად, მართალია, მუზეუმში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში დასაქმებულ პირს, თუმცა, მისი საქმიანობა შემოიფარგლება მუზეუმის მიზნებითა და ფუნქციებით და ვერ გაიგივდება საჯარო საქმიანობასთან, ვინაიდან მუზეუმი მიეკუთვნება ორგანიზაციას, რომელიც ცალსახად გამონაკლისს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განმარტებიდან.

ამდენად, სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 შეტყობინების ბათილად ცნობის საფუძვლები, ამ პირობებში კი, საფუძვლიანია აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის SSA 6 23 00580195 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის SSA 0 23 00446044 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

განსახილველ საქმეში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. მ-ი (პ/ნ ...) გარდაიცვალა 2024 წლის 29 ივნისს (რეგისტრაციისა თარიღია 2024 წლის 30 ივნისი). აწ გარდაცვლილი ა. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაერთნენ მისი შვილები: თ. მ-ი, გ. მ-ი, მ. მ-ი და მ. შ-ი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გასაცემელთან (პენსია) დაკავშირებულ სამართალურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა, რაც დასტურდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამდენად, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ სადავო აქტების უკანონოდ ცნობის პირობებში, ა. მ-ის უფლებამონაცვლეებს - თ. მ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის და მ. შ-ის, შესაბამისი უფლებით სარგებლობის ფარგლებში, სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობა აქვთ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არსებული პერიოდის მხედველობაში მიღებით, იმ ოდენობით, რასაც მიიღებდა ა. მ-ი პენსიის აღდგენიდან გარდაცვალებამდე. რაც შეეხება სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე მოთხოვნას, აღნიშნული პერსონიფიცირებული უფლებაა და მოსარჩელის გარდაცვალების პირობებში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით შეწყდა Nბს-664(კ-24) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ა. მ-ის გარდაცვალების გამო, ა. მ-ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, აგრეთვე, წარმომადგენელთა მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის ინტენსივობის გათვალისწინებით, საფუძვლიანია მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას - 500 ლარის ოდენობით და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხლვისას - 600 ლარის ოდენობით დაკისრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.

დავა ეხება სახელმწიფო სოციალურ დაცვას და მაშასადამე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მე-5 პუნქტი, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს აწ გარდაცვლილი ა. მ-ის უფლებამონაცვლეების - თ. მ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ისა და მ. შ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 01 მაისიდან ა. მ-ის გარდაცვალებამდე (2024 წლის 29 ივნისი);

5.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი