Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-282(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ნ. მ-ეის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მაისის №პ/599 ბრძანება; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, ნ. მ-ეის მიმართ მობილობის პროცესის განხორციელების თაობაზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 მაისის №პ/599 ბრძანება „ნ. მ-ეის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ. მ-ეის მიმართ მობილობის პროცესის განხორციელების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 31 იანვარს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №455 ბრძანებით, დაწყებულ იქნა რეორგანიზაციის პროცესი, რომლის მეორე ეტაპზე განისაზღვრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურა, კერძოდ, გაუქმდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეორგანიზაციის მესამე ეტაპზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის №1301 ბრძანების №3 დანართით განსაზღვრულ იქნენ მერიის ის საჯარო მოხელეები, მათ შორის, მოსარჩელე ნ. მ-ე, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად შეიძლებოდა გათავისუფლებულიყვნენ სამსახურიდან შტატების შემცირების გამო. ამავე ბრძანებით (ბრძანების მე-3 პუნქტი), მითითებული პირები გაფრთხილებულ იქნენ, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირების შემთხვევაში, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილი ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მითითებული პირები ასევე გაფრთხილებულ იქნენ, რომ მობილობა განხორციელდებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელე გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხებოდა რეზერვში. შესაბამისად, უდავოა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ნ. მ-ე, როგორც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, დაექვემდებარა მობილობის პროცესს.

კანონის მოთხოვნათა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის №1301 ბრძანება 2018 წლის 4 აპრილის №25/6576 წერილით, გაეგზავნა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და ეთხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების (მათ შორის, ნ. მ-ეის თანამდებობის) შესახებ. ამდენად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად დაიცვა კანონმდებლობა მობილობას დაქვემდებარებულ პირებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №25/6576 მიმართვიდან ერთი კვირიას ვადაში მოეძიებინა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობები სხვა საჯარო დაწესებულებებში, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მხოლოდ 2018 წლის 26 აპრილს №გ4524 წერილით იქნა მიწოდებული ინფორმაცია აჭარის მასშტაბით პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების შესახებ (22 დღის შემდგომ ნაცვლად ერთი კვირისა). საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის მთლიანი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ამასთან, რეორგანიზაციის მესამე ეტაპი მობილობა, დაწყებულ იქნა 2018 წლის 1 აპრილიდან და იგი უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის 1 მაისისა, ანუ ერთ თვეში. განსახილველ შემთხვევაში, მერიის მიერ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაცია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული იქნა 2018 წლის 26 აპრილს, ანუ მობილობის საერთო ვადის გასვლამდე 4 დღით ადრე. შესაბამისად, მობილობის პროცესის განხორციელების მიზნით მერიას ჰქონდა მხოლოდ 4 დღე, ნაცვლად სამი კვირისა. გარდა იმისა, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროდან ინფორმაცია მიღებულ იქნა დაგვიანებით, რის გამოც, მერია ობიექტურად ვეღარ განახორციელებდა მობილობას, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 26 აპრილის №გ4524 წერილით დამატებით აცნობა, რომ ბიუროს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განხორციელებულიყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის №1301 ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული პირების (მათ შორის, ნ. მ-ე) მობილობის წესით გადაყვანა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რგოლს მობილობის პროცესის განხორციელებაში და რომელსაც ევალება საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, მითითებული პირების მიმართ მობილობის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით განაცხადა უარი, ვიდრე სასამართლოს მიერ არ მიიღებოდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მერია ვალდებული იყო მობილობის პროცესი განეხორციელებინა საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებას. განსახილველ შემთხვევაში, მერიას ობიექტურად აღარ გააჩნდა ვადა, ანუ შესაძლებლობა განეხორციელებინა მობილობის პროცესი შესაბამისი პირების მიმართ და ამავდროულად, საჯარო სამსახურის ბიურომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მობილობის პროცესის განხორციელება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივნისის №010708013247880 განჩინებით თანამდებობიდან გადაყენებული პირების მიმართ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, მერია ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა მითითებული პირები თანამდებობიდან თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ჩაირიცხა რეზერვში და მიეცა სამი თვის კომპენსაცია, რაც ხორციელდება მხოლოდ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული აქტით დადგინდა, რომ მობილობის საკითხი გადაწყდება სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, მერიის მიერ განხორციელდება მობილობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის შუამდგომლობა და ნ. მ-ე გადაყენებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის ...ის თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.1, ს.ფ 13-16); ბ) ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 10 ივნისის №516 ბრძანებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 08 ივნისის განჩინების შესრულების მიზნით, ნ. მ-ე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის ...ის თანამდებობიდან და მას შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა; გ) ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 5 სექტემბრის №პ/913 ბრძანებით, ნ. მ-ე გადაყვანილი იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის (... კატეგორია) თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ 17); დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის №455 ბრძანებით დაწყებულ იქნა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის განხორციელება განისაზღვრა 3 ეტაპად, კერძოდ, პირველი ეტაპი - რეორგანიზაციის დაგეგმვა; მეორე ეტაპი – რეორგანიზაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება; მესამე ეტაპი – რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა (ტ.1. ს.ფ. 18-19); ე) რეორგანიზაციის პროცესის დაწყებისას, ნ. მ-ე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ...ში, ... კატეგორიის ...ად, ხოლო, ...ის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა ამ დროისათვის განისაზღვრებოდა, 24 საშტატო ერთეულით (ტ.1. ს.ფ. 113-115; ვ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ...ში საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა განისაზღვრა, 24 ერთეულით, მათ შორის, ამავე სამსახურში ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებაში ...ის შტატი განისაზღვრა, 11 ერთეულით (ტ.1, ს.ფ 72-78); ზ) ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრისა და რეორგანიზაციის მეორე ეტაპის დაწყების შეახებ’’ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 თებერვლის №874 ბრძანების თანახმად, დაიწყო რეორგანიზაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, შეიქმნა რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი, განისაზღვრა რეორგანიზაციის განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა შემდეგი სახით: სამუშაო ჯგუფის მიერ არაუგვიანეს 2018 წლის 10 მარტისა, უნდა მომხდარიყო ქ. ბათუმის მერიის ახალი სტრუქტურისა და მისგან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტების ქ. ბათუმის მერიის საკრებულოსათვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა; მერიის ახალი სტრუქტურის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, არაუგვიანეს, 2018 წლის 1-ლი აპრილისა, სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა მომხდარიყო იმ პირთა განსაზღვრა, ვინც რეორგანიზაციის გამო კომპეტენციის გათვალისწინებით შეიძლება გადაყვანილიყვნენ სხვა პოზიციაზე. რეორგანიზაციის მე-3 ეტაპის, კერძოდ, მობილობის დაწყების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 1-ლი აპრილი. ამასთან სამუშაო ჯგუფს დაევალა მობილობას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჯარო სამსახურის ბიუროსათვის (ტ.1, ს.ფ 118-120); თ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 მარტის №1301 ბრძანებით დაიწყო რეორგანიზაციის მე-3 ეტაპი - მობილობა; ბრძანების დანართი №1-ით განისაზღვრნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც რეორგანიზაციის გამო, კომპეტენციის გათვალისწინებით, მათი თანხმობით გადადიოდნენ მერიის სისტემაში სხვა პოზიციებზე, ხოლო დანართი №2-ით განისაზღვრნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც მათივე თანხმობით გადადიოდნენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში. ბრძანების დანართი №3-ით განისაზღვრნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლებულიყვნენ სამსახურიდან შტატების შემცირების გამო, ამ პირთა სიაში - მითითებული იყო ნ. მ-ე და ის ორი საჯარო მოხელე, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 08 ივნისის განჩინებით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იყვნენ თანამდებობიდან და შეჩერებული ჰქონდათ სამსახურეობრივი ურთიერთობა (ტ.1. ს.ფ. 131-132, 133-137, 138-140, 141, 13-16); ი) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 მარტის №1301 ბრძანების №2 დანართში მითითებული ყველა საჯარო მოხელე, ნ. მ-ეისა და მის მსგავსად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პირობებში მყოფი ორი საჯარო მოხელის გარდა, გადაყვანილ იქნენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში; კ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 აპრილის №1344 ბრძანებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (ტ.1, ს.ფ 52-53); ლ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 მარტის №1301 ბრძანება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №25/6576 წერილით, გაეგზავნა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. №25/6576 წერილით ბიუროს ეთხოვა მერიისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების, მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობის შესახებ (ტ.1, ს.ფ 42); მ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წლის 26 აპრილის №გ4524 წერილით მიეწოდა ინფორმაცია აჭარის მასშტაბით პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების შესახებ, რაც წერილს თან ერთვოდა ფაილის სახით. ამავე წერილის თანახმად, რეკომენდაციის სახით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა წერილში აღნიშნული საჯარო მოხელეების მობილობის წესით გადაყვანა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.1, ს.ფ. 43); ნ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მაისის №1772 ბრძანებით დამტკიცდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქალაქო ინფრასტუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები; ბრძანებით დამტკიცებული დანართით ამავე- სამმართველოში შტატების რაოდენობა განისაზღვრა - 80 ერთეულით (ტ.1, ს.ფ 61-63); ო) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მაისის №პ/599 ბრძანებით ნ. მ-ე გათავისუფლებულ იქნა ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან და მის მიმართ მობილობის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.1, ს.ფ 23).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. მ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მაისის №პ/599 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ნ. მ-ეის მიმართ მობილობის პროცესის განხორციელების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.

ზემოაღნიშნული კანონის 105-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს (1.1 მუხლი). მითითებული წესის მე-12 მუხლი განსაზღვრავს მობილობის განხორციელების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, (1) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; (3) საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; (4) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე; (5) საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით; (6) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან. მობილობის შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. თუ ამ პროცესის დასრულებამდე საჯარო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, მოხელის თანამდებობა გახდა ვაკანტური, ან საშტატო ნუსხას დაემატა ახალი საშტატო ერთეული, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ვაკანტურ თანამდებობაზე განახორციელოს შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა; (7) მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიმართვიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან ჩაატაროს გასაუბრება. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ პუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში შეთანხმების შესახებ შეუტყობინებლობა მიიჩნევა უარის თქმად. ამავე წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და, სურვილის შემთხვევაში, ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

ზემოაღნიშნული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. მ-ეის მიმართ სრულყოფილად არ იქნა განხორციელებული მობილობის პროცესი, კერძოდ, მოსარჩელე ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ, იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში გადაყვანა, მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რომელიც მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა რეზერვში ჩარიცხვას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით არ გამორიცხულა ნ. მ-ეის მობილობის შესაძლებლობა.

საგულისხმოა, რომ თავად კასატორიც არ ხდის სადავოდ მოსარჩელის მიმართ მობილობის კანონით დადგენილი წესით განუხორციელებლობის ფაქტს, თუმცა აღნიშნულს უკავშირებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ აჭარის მასშტაბით პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაციის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მიწოდებას, ასევე, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ნ. მ-ეის მობილობით სარგებლობის მიზანშეუწონლად მიჩნევას, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები არ ქმნიდა ნ. მ-ეის მიმართ მობილობის პროცესის სრულყოფილად განუხორციელებლობის საფუძველს. ამასთან, მართალია, მოსარჩელე რეორგანიზაციის პერიოდში სასამართლოს განჩინებით იყო გადაყენებული დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არ არის საჯარო მოხელის სტატუსის შეჩერების იდენტური ცნება. პირი საჯარო მოხელის სტატუსს იძენს შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებით და კარგავს ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების არსებობისას, აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებით, თუ გათავისუფლების საფუძველს მისი სხვა საჯარო თანამდებობაზე იმავდროული გადასვლა არ ქმნის. მოხელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მოხელის სტატუსის შეწყვეტასაც იწვევს, თუმცა შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან მიმართებით მსგავსი განმარტება ნორმატიულ პირობებს არ ეფუძნება. გარკვეული გარემოებების გამო მოხელის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობა თუ შეუსრულებლობა, არ ადასტურებს მისი სტატუსის შეჩერებასა თუ შეწყვეტას (სუსგ №695(კ-24), 24.10.2024წ.). შესაბამისად, ნ. მ-ეისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ფაქტი ასევე არ ქმნიდა მობილობის განხორციელების შეუძლებლობას.

შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე