საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-391(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 24 მაისს გ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი მიმართული განცხადებით მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ ...ს მიმდებარედ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სახით წარდგენილია სამკვიდრო მოწმობა და N513 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მისმა მამკვიდრებელმა ლ. ა-იმა მიწის რეფორმით მიიღო 0.24 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში დაშვებულია უზუსტობა, რადგან მის მამკვიდრებელს სახლთან მიმდებარედ არასოდეს ჰქონია ერთ ტერიტორიულ ერთეულში 0.24 ჰა მიწის ნაკვეთი. სინამდვილეში ლ. ა-ის მიწის ნაკვეთი მიღებული აქვს ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი მიწის ნაკვეთი (900 კვ.მ) მდებარეობს სახლთან და მეორე მიწის ნაკვეთი (1500 კვ.მ) არის სოფელ ...ს შემოგარენში. გ. ა-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მოთხოვნით დაედგინათ მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენის მიზნით რამდენჯერმე მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას. გამგეობის წერილობითი კორესპოდენციის თანახმად, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განახორციელონ „მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა შესაბამისი მოხელის დანიშვნამდე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში განმცხადებელმა არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გ. ა-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 26 დეკემბრის N34-0122360702 და 2023 წლის 7 ივნისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, კერძოდ გ. ა-ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ ...ს შემოგარენში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების სპორადული წესით რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 26 დეკემბრის N34-0122360702 და 2023 წლის 7 ივნისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 11 ივნისს გ. ა-იმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო შპს „კ...ს“ უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 1998 წლის 10 თებერვლის N513 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 28 ივლისის N6313 წერილი, 2016 წლის 19 აგვისტოს NAA2016063789-04 საარქივო ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის N2/33828-16 დადგენილება და 2013 წლის 10 იანვრის N130015909 სამკვიდრო მოწმობა.
№513 (10.02.1998 წ.) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ლო. გი.-ს ძე ა-ის გამოეყო 0.24 ჰა მიწა ერთ ნაკვეთად. დოკუმენტში მითითებული იყო ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ: ჩრდილოეთით - გზა, სამხრეთით - ზ. გ-ი, აღმოსავლეთით - ა. ჩ-ი, დასავლეთით - გზა.
სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ. ა-ი არის ნ. ა-ის მემკვიდრე. გ. ა-იმა მიიღო, როგორც ნ. ა-ის სამკვიდრო, ასევე, ლ. ა-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ნ. ა-ის.
განმცხადებლის განმარტებით, №513 მიღება-ჩაბარების აქტში არასწორად იყო მითითებული ის გარემოება, რომ 0.24 ჰა მიწა გამოიყო ერთ ნაკვეთად. რეალურად ლ.(ლო.) ა-ის გამოეყო ორი ნაკვეთი, აქედან ერთი 900 კვ.მ, რომელზეც დგას სახლი, უკვე დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი ...).
საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით არ დადგინდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. საჯარო რეესტრმა მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ინფორმაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგემვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობის თაობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2023 წლის 7 ივნისის N... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა შემდეგი: მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. „ყვითელ ფენებში“ არსებული ინფორმაციების გათვალისწინებით შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტურობის დადგენას, ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციები და მისი აღრიცხვის საფუძვლები არ არის გლდანის რაიონის გამგეობაში დაცული და არ გააჩნია შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება. შესაბამისად, გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მიწის ნაკვეთთა იდენტურობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 26 დეკემბრის N34-0122360702 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გ. ა-ის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობას არ ჰყავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დარგის სპეციალისტი, რომელიც განიხილავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ კორესპონდენციას, შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მოხელის დანიშვნამდე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განიხილონ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის "ჟ" და "რ" ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-7 მუხლის მე-14 პუნქტზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოება პირდაპირ კავშირშია მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენასთან, რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს გამგეობის კომპეტენციას. ის გარემოება, რომ ორგანოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი ან არ გააჩნია ინსტიტუციური მეხსიერება, არ წარმოადგენს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. გამგეობა, როგორც მის ტერიტორიულ დაქვემდებარებაში შემავალ უძრავ ქონებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო, დატვირთულია კანონისმიერი ვალდებულებით საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობა რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულ მიწის ნაკვეთთან. გამგეობა ვალდებულია ამ პროცესში მხედველობაში მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი - მათ შორის ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება, გამოიკვლიოს და დაადგინოს ყველა ის კომპონენტი, რაც დაეხმარება ადმინისტრაციულ ორგანოებს მათი გადასაწყვეტი საკითხის სრულყოფილად შესწავლაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გამგეობის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით მათთვის გადაგზავნილი სიტუაციური ნახაზი ასახავს სისტემური (ყვითელი ფენის) ფენის შესახებ ინფორმაციას, რომელთან მიმართებაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება იდენტურობის დადგენის კუთხით. ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციები და მისი აღრიცხვის საფუძვლები გლდანის რაიონის გამგეობაში დაცული არ არის. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ინსტიტუციური მეხსიერება, შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა გ. ა-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთთან. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახდენს მიწის ნაკვეთთა რეგისტრაციას, სწორედ მას უნდა დავალებოდა საკითხის თავიდან გამოკვლევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 26 დეკემბრის N34-0122360702 და 2023 წლის 7 ივნისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილებების კანონიერება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გ. ა-ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ ...ს შემოგარენში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების სპორადული წესით რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2024წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 26 დეკემბრის N34-0122360702 და 2023 წლის 7 ივნისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით გასაჩივრდა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი გ. ა-ის ზედა ინსტანციის სასამართლოებში სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი.
1998 წლის 10 თებერვლის №513 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სოფელ ...ში მცხოვრებ - ლო. გი.-ს ძე ა-ის, გლდანის საკრებულოს 1992 წლის 23 მარტის დადგენილების, ოქმი N1-ის საფუძველზე გადაეცა 0,24 ჰა მიწის ნაკვეთი, ერთ ნაკვეთად. აქტში მითითებულა ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ. ჩრდილოეთით - გზა, სამხრეთით - ზ. გ-ი, აღმოსავლეთით - ა. ჩ-ი, დასავლეთით - გზა.
2013 წლის 10 იანვრის N130015909 სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ გ. ა-ი არის ნ. ა-ის და ლ. ა-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (შვილი). გ. ა-იმა მიიღო გარდაცვლილი მამის - ლ. ა-ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილი, ასევე, დედის - ნ. ა-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების წილი, რომელიც ნ. ა-ის ეკუთვნოდა გარდაცვლილი მეუღლისგან ლ. ა-ისგან.
საჯარო რეესტრის 14.12.2016წ. ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი N..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 900.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, N2, აღრიცხულია გ. ა-ის სახელზე. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 25 მარტიდან აღრიცხულია ნ. ა-ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი ვ. ა-ის 2023 წლის 24 თებერვლის და ნ. მ-ეის, მ. ბ-ის და ი. გ-ის 2023 წლის 27 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით ზემოაღნიშნულმა პირებმა, დაადასტურეს, რომ აწ გარდაცვლილი ლ.(ლო.) ა-ის ოჯახს, საცხოვრებელ სახლთან 0,24 ჰა მიწის ნაკვეთი არასოდეს ჰქონია. რეფორმის დროს მიწის ამზომველების მიერ დაშვებულია მექანიკური შეცდომა და მითითებული არ არის, რომ მან 0,24 ჰა მიწის ნაკვეთი ლ. ა-იმა მიიღო სულ რეფორმიანად ორ ტერიტორიულ ერთეულში. სახლთან და სოფელ ...ს შემოგარენთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ა-იმა 2020 წლის 11 ივნისს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო შპს „კ...ს“ უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, 1998 წლის 10 თებერვლის N513 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, სამკვიდრო მოწმობა და სხვა დოკუმენტები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2020 წლის 21 ივნისის N... წერილით გლდანის რაიონის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 26 დეკემბრის N34-0122360702 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ გ. ა-ის მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰყავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დარგის სპეციალისტი, რომელიც განიხილავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გადაგზავნილ კორესპონდენციას, შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მოხელის დანიშვნამდე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განიხილონ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2020 წლის 19 აგვისტოს N..., 10 ოქტომბრის N... და 14 დეკემბრის N... წერილებით მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას, სადაც მიუთითა, რომ გ. ა-ის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირის და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაციით არ დადგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, სააგენტომ ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2023 წლის 7 ივნისის N... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს N... წერილით გადმოგზავნილია სიტუაციური ნახაზი სადაც ასახულია სისტემური ფენის (ე.წ. ყვითელი ფენის) შესახებ ინფორმაცია. მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. „ყვითელ ფენებში“ არსებული ინფორმაციების გათვალისწინებით შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტურობის დადგენას, აღნიშნული ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციები და მისი აღრიცხვის საფუძვლები არ არის გლდანის რაიონის გამგეობაში დაცული და არ გააჩნია შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას შეარულოს მოთხოვნა მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენის მიზნით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.01.2023წ. N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან წარმოსადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნაზაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გ. ა-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაცია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ მინისტრი) მიერ შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთეზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მონაცემები, მიწის ნაკვეთების ფართობი ან/და გვერდების ზომები არ შეესაბამება ამავე მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაში ასახულ მონაცემებს, ან თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურდეს მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში იდენტურობას ადგენს სააგენტო
განსახილველ შემთხვევაში, გ. ა-ის სპორადული რეგისტრაციის წესით აქვს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება/გამოცემა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვა. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე დაეფუძნა ორ გარემოებას: 1. აღნიშნული წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანონით დადგენილ უფლებამოსილებას და 2. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ინსტიტუციური მეხსიერება, ასევე შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო უფლებამოსილი დაედგინა მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სარეგისტრაციო წარმოება უშუალო კავშირშია მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენასთან, რამეთუ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის დაუდარებლობა მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზთან. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადგინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რამაც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოუშვა საჭიროება მიემართა მუნიციპალიტეტის ორგანოსთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით. სადავო საკითხი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის ნორმატიულად დადგენილ უფლებამოსილებას („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის მე-14 ნაწილი). ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო მსგავსი საკითხის შესწავლის შედეგად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კონკრეტული დარგის სპეციალისტისა და ინსტიტუციური მეხსიერების არარსებობა, აგრეთვე, კასატორის მითითება მასზედ, რომ იგი არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დამდგენ ორგანოს, გამგეობის მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას იმთავითვე არ გამორიცხავს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამგეობა შემოიფარგლა ფორმალური მიდგომით, ვინაიდან სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადგენის მიზნით შესაძლებელი იყო ჩაეტარებინა ადგილზე დათვალიერება, გამოეკითხა მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მოიძიებინა დამატებითი დოკუმენტაცია, გამოერკვია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსი და მიეღო სხვა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამდენად, მართებულია, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ეწინააღმდეგება კანონს, რაც სადავო აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობისა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა