Facebook Twitter

№72აგ-14 3 ოქტომბერი, 2014 წელი

ზ-ი დ 72აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დ. ზ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით.

ამავე განაჩენით ასევე მსჯავრი დაედოთ: გ. ს-ს, გ. ჯ-ს, ა. ფ-ა და ზ. დ-ს.

2014 წლის 25 ივნისს მსჯავრდებულმა დ. ზ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

მსჯავრდებული დ. ზ-ი წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა; იგი გამოტანილია საქართველოს სსსკ-ის, სსკ-ის და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომელსაც საფუძვლად დაედო იურიდიული ძალის არმქონე, გამოუკვლეველი და დაუშვებელი მტკიცებულება, კერძოდ: სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნ.ფ-ს ავტორობის შემსწავლელი კომისიის 2011 წლის 1 აპრილის სხდომის ¹№ ოქმი, რომლის თანახმად, „კომისიის წევრების ერთობლივი აზრია, რომ აბრა „კ-ო“ წარმოადგენს ფ-ს შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ-ერთ ნიმუშს. ამასთან, საჭიროა ნამუშევრის სრულყოფილი შესწავლა და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება“; ამჟამად ახლად გამოვლენილი გარემოებებით კი დადგინდა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ბ. ბ-ს მიერ 2014 წლის 19 ივნისს გამოცემული¹ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, აბრას „კ-ო“ (თუნუქი, ზეთი 107,5X58 სმ) დღესაც კი არა აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შესაბამისად, არ არის შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში; მსჯავრდებულის აზრით, უტყუარად არის დადგენილი, რომ აბრა „კ-ო“ (თუნუქი, ზეთი 107,5X58 სმ) არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მას კულტურული ღირებულება არ გააჩნია; 2011 წლის 1 აპრილის სხდომის № ოქმი არის ერთადერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მას განესაზღვრა შერაცხული ბრალის კვალიფიკაცია.

მსჯავრდებული ასევე უთითებს, რომ იმ დროს, როცა იგი ჩაერთო საქმეში, მისთვის რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სურათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა, ცნობილი არ იყო და მისი ქმედება იდეის დონეზეც კი არ შეიცავდა დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს; 2011 წლის 31 მარტს, გ. ჯ-ს ბინის ჩხრეკის დროს, ამოღებულ იქნა ხის დაზიანებულ ჩარჩოში ჩასმული, ლითონის ფირფიტაზე შესრულებული სურათი „კ-ი“, იგივე აბრა „კ-ო“. საქმეში არსებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, ჩხრეკის ოქმით, გ.ჯ-ს, ა.ფ-ა და გ.ს-ს ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ იმ დროისათვის, როდესაც იგი ადვოკატის სტატუსით ჩაერთო საქმეში, მისდამი ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრივი ხელყოფის ობიექტი – ფ-ს სურათი „კ-ო“ გამოძიებისას ჩხრეკის შედეგად უკვე ამოღებული ჰქონდა. ამდენად, ყოველგვარი საშუალება ნახატის აზერბაიჯანში არალეგალურად გადასატანად აღკვეთილი იყო და იმის მტკიცება, რომ თითქოსდა იგი დანაშაულს ამზადებდა, აბსურდული და უსაფუძვლოა.

მსჯავრდებული აღნიშნავს: ის გარემოება, რომ მითითებული ნამუშევარი არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, ვინაიდან თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში 2011 წლის 24 მარტს საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით გ.ს-ს განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ ნამუშევარი არ წარმოადგენდა ანტიკვარულ ნივთს და ღირებულება არ გააჩნდა და რომ ა.ფ-ე ცდილობდა თაღლითურად მის მოტყუებასა და ფულის მოგებას; ნამუშევარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ ყოფილიყო, მაშინ ის რეესტრში იქნებოდა აღრიცხული.

მსჯავრდებული დ. ზ-ი აღნიშნავს, რომ მან წარმოადგინა ახალი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი სასამართლოსათვის და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მის უდანაშაულობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ზ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა დ. ზ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება, შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოებების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ზ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ დ. ზ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე