Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-370(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 30 ოქტომბერს შ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას გააჩნდა სასწავლო ბინადრობის ნებართვა და ზემოაღნიშნული ნებართვის მოსაპოვებლად მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ ის უკვე გადამოწმებული იყო და აკმაყოფილებდა მათ სტანდარტებს. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არც საკუთარ სამშობლოში და არც საქართველოში იგი ნასამართლევი არ ყოფილა. ამასთან მოსარჩელის განმარტებით, იგი საქართველოს მოქალაქეზეა დაქორწინებული და ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში.

ამდენად, შ. ა-იმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ოქტომბრის №1000909208 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შ. ა-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მოითხოვა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყევტილების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ა-ი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №1000776418 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შ. ა-ის 2022 წლის 3 იანვრის №1000776418 განცხადება და მას გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.

2023 წლის 26 სექტემბერს, შ. ა-იმა, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, 2023 წლის 27 სექტემბერს, №1000909208/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ შ. ა-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცენაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის SSG 4 23 00216238 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შ. ა-ისთვის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ოქტომბრის №1000909208 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა 2023 წლის 26 სექტემბრის №1000909208 განცხადება და შ. ა-ის უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რადგან დადგენილი იქნა, რომ მის მიმართ არსებობდა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2023 წლის 18 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (სართული ..., ბინა ...) მდებარე მშენებარე 94.3 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა შ. ა-ი. შპს ,,ე...ს’’ 2023 წლის 20 სექტემბრის შეფასების დასკვნის თანახმად - შ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 414 668.40 ლარს, რაც შეფასების მომენტისთვის შეადგენდა - 157 000.0 აშშ დოლარს.

2023 წლის 24 ივნისის №01231015627 ქორწინების მოწმობის თანახმად, 2023 წლის 24 ივნისს, სქართველოს მოქალაქე - ი. ვ-ა და ირანის მოქალაქე - შ. ა-ი დაქორწინდნენ, აქტის ჩანაწერი №..., რეგისტრაციის ადგილი - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 27 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად - შ. ა-ითან დაკავშირებით მითითებულ დეპარტამენტში ინფორმაცია არ მოიპოვება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ, 2023 წლის 15 სექტემბერს გაცემული №1511/2/302985 ცნობის თანახმად - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №37412 ნასამართლობის ცნობის თანახმად და საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, შ. ა-ი ცნობის გაცემის მომენტამდე არ იყო ნასამართლევი.

სააპელაციო პალატამ მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ იყო დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით. ადმინისტრაციულმა ორგანომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მოუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულად გამოკვლევის შემთხვევაში არ მოხდებოდა მოსარჩელისთვის არასასურველი შედეგის დადგომა; მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს უკვე ჰქონდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია არაერთგზის უნდა ყოფილიყო გადამოწმებული. ამასთან, კასატორი განმეორებით მიუთთებს საქართველოში არსებული უძრავი საკუთრების თაობაზე; ამასთან აღნიშნავს, რომ ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მისი განაცხადის დაუკმაყოფილებლობით დაირღვა როგორც საკუთრების, ასევე ოჯახის ერთიანობის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ოქტომბრის №1000909208 გადაწყვეტილების კანონიერება და შ. ა-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნოვთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიულიპირის-აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ. ა-ი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №1000776418 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შ. ა-ის 2022 წლის 3 იანვრის №1000776418 განცხადება და მას გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.

2023 წლის 26 სექტემბერს, შ. ა-იმა, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის SSG 4 23 00216238 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შ. ა-ისთვის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ოქტომბრის №1000909208 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა 2023 წლის 26 სექტემბრის განცხადება და შ. ა-ის უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რადგან დადგენილი იქნა, რომ მის მიმართ არსებობდა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2023 წლის 18 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (სართული ..., ბინა ...) მდებარე მშენებარე 94.3 კვ.მ. ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს - შ. ა-ი. შპს ,,ე...ს’’ 2023 წლის 20 სექტემბრის შეფასების დასკვნის თანახმად - შ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ზემოთ მითითებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 414 668.40 ლარი, რამაც შეფასების მომენტისთვის შეადგინა - 157 000.0 აშშ დოლარი.

2023 წლის 24 ივნისის №01231015627 ქორწინების მოწმობის თანახმად, 2023 წლის 24 ივნისს, საქართველოს მოქალაქე - ი. ვ-ა და ირანის მოქალაქე - შ. ა-ი დაქორწინდნენ. საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 27 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად - შ. ა-ითან დაკავშირებით მითითებულ დეპარტამენტში ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ, 2023 წლის 15 სექტემბერს გაცემული №1511/2/302985 ცნობის თანახმად - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №37412 ნასამართლობის ცნობის თანახმად და საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, შ. ა-ი ცნობის გაცემის მომენტამდე არ იყო ნასამართლევი.

2025 წლის 14 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 5.10.2023წ. №1000909208 გადაწყვეტილებით შ. ა-ის (S. A-I დაბ.: ...; ირანში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2/10/2023წ. SSG 4 23 00216238 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა შ. ა-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2/10/2023წ. SSG 4 23 00216238 წერილს მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.

საკასაციო პალატა გაეცნო რა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო ინფორმაციას მოსარჩელის თაობაზე, ამასთან, მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი მასალები და მტკიცებულებები, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მართებულად მიიჩნევს უარს შ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ. ა-ის საკასაციო საჩივარზე თ. ნ-ეს (პ/ნ ...) 14.04.2025წ. №7781 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ნ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შ. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. თ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 14.04.2025წ. №7781 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა