Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-63 (კ-25) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 15 აპრილს შპს „ა...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ პაციენტ ზ. ჯ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51076 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №04/18338 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 13 024,12 ლარის ანაზღაურების, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51076 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №04/18338 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა შპს „ა...სთვის №... პროგრამული შემთხვევის ღირებულების - 13024,12 ლარის სრულად ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს „ა...ს“ ზ. ჯ-ასათვის (პირადი №..., შემთხვევის №...) აუნაზღაუროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური 13 024,12 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

პაციენტი წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს, რომელიც 2018 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „ა...ში“.

პაციენტი მოთავსდა კლინიკაში საოპერაციოდ - ...ის ჩვენებით. 18.05.18-ში ჩატარდა ოპერაცია. ინტრაოპერაციულად შეიცვალა ჩარევის ტაქტიკა და მოცულობა, ჩატარდა მხოლოდ ...ით, გართულებების გარეშე.

2018 წლის 30 მაისს შპს „ა...ს“ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია .../...ის კომპონენტით, დიაგნოზი: ..., ...ით; ჩარევა - ...; ხელოვნური კოდი: ....

პაციენტი გაეწერა 29.05.2018წ., ხოლო 2018 წლის 08 ივნისს კლინიკის მიერ შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეიცვალა არსებული ხელოვნური კოდი და მიეწოდა კოდი: ...-...-/-... ავადმყოფობები/... ავადმყოფობები/... ავადმყოფობები/... დაზიანებები/... დაზიანეზები/... დაზიანებები-/-...- ...ით/.../...ის ....

პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე შპს „ა...ს“ მოპასუხემ უარი უთხრა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N-1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

სასამართლომ მიუთითა რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა) ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი.

სასამართლომ ასევე მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაში. აღნიშნული ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს და ადგილი არ აქვს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევის ანაზაღაურებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის სხვა საფუძვლებს, აღნიშნული პროგრამული მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა სახის ისეთი არასწორი მონაცემები, რომლებიც არსებითად არ ცვლიან შემთხვევაზე/პროგრამულ შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს (მაგ.: პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმა, მიმართვის ნომერი და ა. შ.), განიხილება ხარვეზად, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, 50 ლარის ოდენობით, თითოეულ სამედიცინო შემთხვევაზე. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებას დაექვემდებარება გეგმური ქირურგიული ოპერაციის ხარჯები (მათ შორის, დღის სტაციონარი), თუ დოკუმენტური ფორმით წარმოდგენილი პროგრამული შემთხვევის დიაგნოზ(ებ)ი და შესაბამისი ჩარევა (ჩარევები) ემთხვევა შეტყობინებაში დაფიქსირებულ დიაგნოზ(ებ)სა და შესაბამისი ჩარევას (ჩარევებს).

სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, მოსარჩელის მიერ თავდაპირველის ხელოვნური კოდის (...) შეცვლა და კოდის (...) მითითება განხორციელდა შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდგომ (2018 წლის 8 ივნისს), თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ 2018 წლის 30 მაისს გაკეთებულ შეტყობინებაში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი (..., ...ით), ჩარევა (...) და დაზუსტება (სტაციონარში მოთავსებისა და გაწერის დრო), ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულს, ხოლო ხელოვნური კოდის არასწორად მითითება, შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო ისეთი სახის ხარვეზად, რომელიც არსებითად არ ცვლიდა შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რო პაციენტი ზ. ჯ-ა 2018 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს ა...ში. კასატორი აღნიშნავს, რომ შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისას მითითებულია პროგრამული კოდი: ..., ხოლო დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ, შეიცვალა პროგრამული კოდი და მიეთითა ....

კასატორი განმარტავს, რომ ინსპექტირების ეტაპზე, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ვინაიდან, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე–15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, ხოლო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა) ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს პაციენტ ზ. ჯ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51076 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 გადაწყვეტილებების კანონიერება, ასევე, მოსარჩელისთვის №... პროგრამული შემთხვევის ღირებულების - 13 024,12 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პაციენტი ზ. ჯ-ა წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს, რომელიც 2018 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს ,,ა...ში“.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 აპრილს გაცემული №... მიმართვით დგინდება, რომ პაციენტს - ზ. ჯ-ას ესაჭიროებოდა ...ით, ჩარევა - ..., ხელოვნური კოდი - .... ხოლო, ოპერაციის შემდგომ შეიცვალა მიმართვა და 2018 წლის 29 მაისს გაცემული №... მიმართვის თანახმად, პაციენტს დასჭირდა ...ით, ჩარევა - ..., ხელოვნური კოდი - ....

შპს „ა...ს“ 2018 წლის 31 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) თანახმად, პაციენტი - ზ. ჯ-ა (დაბ. თარიღი ...წ.; შემთხვევის №...) 2018 წლის 17 მაისს მოათავსეს შპს „ა...ში“. ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ პაციენტი მოთავსდა კლინიკაში საოპერაციოდ, დიაგნოზით: ...ა (ხელოვნური კოდი - ...). 2018 წლის 18 მაისს პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ინტრაოპერაციულად შეიცვალა ჩარევის ტაქტიკა და მოცულობა, ჩატარდა მხოლოდ ...ით (ხელოვნური კოდი - ...).

შპს „ა...ს“’ მიერ 2018 წლის 30 მაისს გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში მოხდა .../...ის კომპონენტით, დიაგნოზით: ..., ...ით; ჩარევა - ...; ხელოვნური კოდი: ...., ხოლო 2018 წლის 08 ივნისს კლინიკის მიერ შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარედაქტირდა არსებული ხელოვნური კოდი და დაფიქსირდა როგორც ......6-/-... ავადმყოფობები/... ავადმყოფობები/... ავადმყოფობები/ ... დაზიანებები/... დაზიანეზები/... დაზიანებები-/-...- ...ით/.../...ის ....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე სადავოდ არ გამხდარა გაწეული მომსახურების საჭიროება, მოცულობა და ხარისხი. ანაზღაურებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ თავდაპირველი ხელოვნური კოდის (...) შეცვლა და სწორი კოდის (...) მითითება განხორციელდა შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდგომ, რაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N-1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამორიცხავდა შემთხვევის ანაზღაურების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანებაზე, რომლის №1 დანართის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს და ადგილი არ აქვს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევის ანაზაღაურებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის სხვა საფუძვლებს, აღნიშნული პროგრამული მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა სახის ისეთი არასწორი მონაცემები, რომლებიც არსებითად არ ცვლიან შემთხვევაზე/პროგრამულ შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს (მაგ.: პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმა, მიმართვის ნომერი და ა. შ.), განიხილება ხარვეზად, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, 50 ლარის ოდენობით, თითოეულ სამედიცინო შემთხვევაზე. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებას დაექვემდებარება გეგმური ქირურგიული ოპერაციის ხარჯები (მათ შორის, დღის სტაციონარი), თუ დოკუმენტური ფორმით წარმოდგენილი პროგრამული შემთხვევის დიაგნოზ(ებ)ი და შესაბამისი ჩარევა (ჩარევები) ემთხვევა შეტყობინებაში დაფიქსირებულ დიაგნოზ(ებ)სა და შესაბამისი ჩარევას (ჩარევებს).

მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ 2018 წლის 30 მაისს გაკეთებულ შეტყობინებაში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი (..., ...ით), ჩარევა (...) და დაზუსტება (სტაციონარში მოთავსებისა და გაწერის დრო), ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს, ხოლო ხელოვნური კოდის არასწორად მითითება, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთი სახის ხარვეზად, რომელიც არსებითად არ ცვლიდა შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს, ვინაიდან, კანონმდებლობა არ ასახელებს ხელოვნურ კოდს როგორც მომსახურების ანაზღაურების განმსაზღვრელ კომპონენტს. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 30 მაისს გაკეთებულ შეტყობინებაში ...-ის ნაცვლად კვლავ ...-ის მითითება, წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას/ტექნიკურ ხარვეზს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები №ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ვერ უზრუნველყო, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობისა და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2025წ. საგადახდო მოთხოვნა №02948-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე