Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-8(კ-25) 20 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირები - სს „ე...“, ამ. ა-ე, არ. ა-ე, გ. ა-ე, გი. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 19 ივლისს ა. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, მოპასუხის 2019 წლის 13 ივნისის №46/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ა. ა-ეისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ე...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ამ. ა-ე, არ. ა-ე და გ. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გი. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით ა. ა-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენდა ქარელის რაიონში, სოფელ ...ში ა. ა-ეის დაინტერესებაში არსებული საცხოვრებელი ფართის, ე.წ. ,,კოტეჯის’’ სს „ე...ს“ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხი. განმცხადებელს უარი ეთქვა აბონენტად რეგისტრაციასა და მომსახურების გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი გასამრიცხველიანებელი ფართის საკუთრების დამდასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთრის თანხმობა კუთვნილი ფართის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სს „ე...ს“ მიერ ა. ა-ეის საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ უძრავი ქონება ე.წ. ,,კოტეჯი’’, რომლის გამრიცხველიანებასაც ითხოვდა დაინტერესებული პირი, მდებარეობდა არა ა. ა-ეის საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, იყო ამ. ა-ეისა და არ. ა-ეის საკუთრება სადავო აქტის გამოცემის მომენტში.

სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ა. ა-ეისა (1/2 ნაწილი) და გ. ა-ეის (1/2 წილი) თანასაკუთრებას წარმოადგენს ქარელის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3388.00 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №..., მასზე განთავსებული №1 და №2 შენობა- ნაგებობებით. ამდენად, მოცემული ამონაწერი ადასტურებს, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობით, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერი არ იძლევა ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდებარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რამდენიმე შენობა-ნაგებობა, ამასთან, ამონაწერში არ იყო მითითებული შენობა-ნაგებობების ფართობი და დახასიათება, შეუძლებელი იყო ამონაწერით კონკრეტული შენობის იდენტიფიცირება და იმ გარემოების დადგენა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ობიექტი ე.წ. ,,კოტეჯი’’ წარმოადგენდა თუ არა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობებიდან ერთ-ერთს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები. პალატის მითითებით, სს ,,ე...ს’’ მიერ ა. ა-ეის განცხადების განხილვის პროცესში მომზადებული სიტუაციური მდგომარეობის ამსახველი ორთოფოტოს მიხედვით, ,,კოტეჯი‘‘, რომლის გამრიცხველიანებასაც ითხოვს ა. ა-ე, მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემაც, რომლის საკუთრებაც დასტურდება სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმი არ ადასტურებდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ობიექტის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობას, რამდენადაც ფაქტების კონსტატაციის ოქმი ეწინააღმდეგებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ მონაცემებს. კერძოდ, ფაქტების კონსტატაციის ოქმზე თანდართული ფოტომასალა ასახავდა სამ შენობა-ნაგებობას, რაც მოსარჩელე მხარემაც დაადასტურა. საჯარო რეესტრის ამონაწერში კი მითითებული იყო, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა ორი შენობა-ნაგებობა. ამასთან ფოტოებსა და ვიდეომასალაზე ჩანდა მავთულბადის ღობე, რომელიც ყოფდა მიწის ნაკვეთს, რის გამოც ე.წ. ,,ძველი სახლი’’, ,,დამხმარე ნაგებობა’’ და ,,კოტეჯი’’ ექცეოდა მავთულბადის ღობის სხვადასხვა მხარეს, რაც, საქმეზე წარმოდგენილი სიტუაციური მდგომარეობის ამსახველი ორთოფოტოსა და მესამე პირის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამყარებდა სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმი არ წარმოადგენდა იმ სათანადო მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს სადავო შენობის ადგილმდებარეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ სადავო აქტი კანონიერად ჩათვალა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი, რომელითაც სადავო კოტეჯზე სხვა პირის საკუთრების უფლება დგინდება, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკუთრების უფლება და ამონაწერი შეჩერებულია და თუ შეჩერების პროცესში საჯარო რეესტრი დაადგენდა, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ამონაწერში შევიდოდა ცვლილება და გასწორდებოდა ძველი მონაცემი. სასამართლოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, დაუშვებელი იყო ამონაწერის მტკიცებულებად გამოყენება. მოსარჩელე სწორედ იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ სადავო ტერიტორიაზე უკანონოდ იყო რეგისტრირებული ამ. და არ. ა-ეების საკუთრების უფლება. სადავო კოტეჯი სახელმწიფომ აუშენა მოსარჩელეს, როგორც ომში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს.

სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სს „ე...მ“ ა. ა-ეს აბონენტირებისათვის მოსთხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც იქნებოდა მითითებული მესაკუთრედ და ასევე ქსელზე მიერთების საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, რაც არ იქნა მოსარჩელის მიერ შესრულებული. კასატორის მითითებით, აღნიშნული არ წარმოადგენს სიმართლეს, ვინაიდან ა. ა-ეისათვის არასოდეს მოუთხოვიათ მიერთების საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. კასატორის მითითებით, ასევე არასწორი ფაქტია, რომ გ. ა-ე უკვე იყო რეგისტრირებული აბონენტად მოთხოვნილ ფართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქარელის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 3388.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობებით (ს/კ ... წარმოადგენს ა. ა-ეისა (1/2 ნაწილი) და გ. ა-ეის (1/2 წილი) თანასაკუთრებას, ხოლო ქარელის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული №01 და №2 შენობა-ნაგებობებით (ს/კ ...) - ამ. ა-ეისა (1/2 წილი) და არ. ა-ეის (1/2 წილი) თანასაკუთრებას.

მოსარჩელემ 2014 წლის 9 ივნისის განცხადებით მიმართა სს „ე...ს“ და მოითხოვა ქარელის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი ,,კოტეჯის’’ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. სს „ე...მ“ №8008265 წერილით განმცხადებელს განუმარტა, რომ საცხოვრებელი ობიექტის ელექტრომომარაგების შესაძლებლობის დადგენის და ტექნიკური პირობის მომზადებისთვის, განმცხადებელს უნდა წარედგინა არსებული ფორმის განაცხადი, რომელსაც უნდა დაერთოს კუთვნილი საცხოვრებელი ფართის (გამოყოფილი ნაწილის) საკადასტრო კოდი, საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, საჯარო რეესტრის ამონაწერი. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ არასწორად ჰქონდა წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, ვინაიდან მასში მითითებული იყო მიწის (სახნავი) ნაკვეთის წილობრივი საკუთრება. ამასთან, განცხადებაზე დართული სოფ. ...ს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მართალია, ა. ა-ე რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად, თუმცა ცნობაში არ იყო მითითებული კუთვნილი საცხოვრებელი ფართის/სახლის არსებობა. განმცხადებელს, ასევე, განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობა-ნაგებობა არ არსებობდა, ან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და წარმოადგენდა ახალ მომხმარებელს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის №19 დადგენილების მიხედვით, ქსელთან მიერთებისათვის საჭირო იყო ახალი განაცხადისა და ქსელზე მიერთების საფასურის (50%-ის) გადახდის ქვითრის წარდგენა.

მოსარჩელემ 2014 წლის 10 ივლისის განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების დამცველს და აცნობა, რომ სს „ე...მ“ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ქარელის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აშენებული საცხოვრებელი კოტეჯის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების თაობაზე. განმცხადებელმა მოითხოვა სადავო საკითხზე რეაგირება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ა. ა-ესა და სს ,,ე...ს’’ შორის არსებულ დავაზე იმსჯელა 2015 წლის 6 აპრილის საჯარო სხდომაზე. კომპანიის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმ საკადასტრო ერთეულზე სადაც მდებარეობდა კოტეჯი, აბონენტად უკვე რეგისტრირებული იყო გ. ა-ე, რომელთანაც ანგარიშსწორება ხდებოდა ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მიხედვით. იმავე სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თუ მოხდებოდა უძრავი ქონების გაყოფა და გამოყოფილი ქონების მესაკუთრე (ა. ა-ე) მოითხოვდა აბონენტად რეგისტრაციას, კომპანია იმოქმედებდა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისთვის ითვალისწინებდა მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობის საფასურის - არაუმეტეს 100 ლარის გადახდის ვალდებულებას. მხარეები სხდომაზე ამ პირობით მორიგდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და სს ,,ე...ს’’ შორის არსებულ დავაზე საქმისწარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.

2018 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ქარელის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე ე.წ. ,,კოტეჯში’’ ა. ა-ეის ოჯახისათვის ელექტროენერგიის მიწოდება, სს „ე...ს“ მეშვეობით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ კუთვნილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაწვის გამო, ხელისუფლებამ ააშენა მათთვის კოტეჯი, რომელიც არ იყო გამრიცხველიანებული.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №46/1 სადავო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ა-ეის განცხადება. კომისიამ განმარტა, რომ №... საკადასტრო ერთეული, სადაც განთავსებული იყო საცხოვრებელი კოტეჯი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საკითხის განხილვის დროისათვის წარმოადგენდა ამ. და არ. ა-ეების თანასაკუთრებას, რომლებსაც კომპანიისათვის არ მიუმართავთ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაბამისად, ვინაიდან ა. ა-ე არ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს, ასევე, დროებით სარგებლობაში არ ფლობდა აღნიშნულ ფართს, კომისიამ მიიჩნია, რომ ა. ა-ე არ იყო უფლებამოსილი პირი აბონენტად რეგისტრაციისა და სხვა პირების კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე არსებულ ფართში ელექტროენერგიით მომარაგების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს ა. ა-ეისათვის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებდა ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

მითითებული წესების მე-4 მუხლის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. განაცხადში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს). ამასთან, განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს სადავო „კოტეჯი“, არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს თავად მოსარჩელეც, თუმცა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მხედველობაში უნდა მიეღო სასამართლოს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ მოსაზრებას, ვინაიდან სადავო აქტის გამოცემის პერიოდისათვის უტყუარად დასტურდებოდა ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, რაც გამორიცხავდა ა. ა-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე ა. ა-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, ა. ა-ე არ კარგავს უფლებას ხელახლა მიმართოს შესაბამის კომპანიას აბონენტირების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება;

3. მ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 4 ნოემბრის №24462450982 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი და 2025 წლის 22 იანვრის №25599979613 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ. მაკარიძე