საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-298(კ-25) 23 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-ემ 2022 წლის 19 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „ლ. ბ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის №IDP 0 22 00000841 ბრძანების ბათილად ცნობა; ლ. ბ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ (დაზუსტებული მოთხოვნა იხ. 2023 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის №IDP 0 22 00000841 ბრძანება „ლ. ბ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ბ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ეის მამა - ა. ბ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელემ სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ, პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. მაშასადამე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს განმარტებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის შვილი, აკმაყოფილებს დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს. ამასთან, სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება არარელევანტურია, რადგან სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა არ უნდა მოხდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მოსარჩელის მამის დევნილის სტატუსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მშობელს არ მოუთხოვია მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დევნილის სტატუსი მინიჭება, ამდენად, ლ. ბ-ეისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდა არა მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არამედ - ცალკე, დამოუკიდებლად. პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისას განმსაზღვრელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა. საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრის მიზნით კასატორი მიუთითებს საკასაციო პალატის პრაქტიკაზე (საქმე Nბს-1896-1849(კ-10). ლ. ბ-ეისთვის, როგორ დევნილი პირის შვილისთვის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების არსებობის გამორიცხვის შემდგომ, კასატორი მსჯელობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძელზე, ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ლ. ბ-ეისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და გამორიცხავს აღნიშნულს იმ საფუძვლით, რომ ლ. ბ-ეს აფხაზეთში არასდროს უცხოვრია და უსწავლია. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები სახეზე არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ... წლის ...ს, ქ. ზუგდიდში დაბადებულმა ლ. ბ-ემ №202419 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მოსარჩელე 2002-2004 წწ. ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, 2004-2013წწ. - რუსეთში. განცხადების განხილვის ეტაპზე ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში ბებიასთან. მოსარჩელის მამა, ა. ბ-ე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს. მოწმობა გაცემულია 2018 წლის 29 იანვარს. დევნილთა მონაცემთა ბაზის თანახმად, ა. ბ-ე დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან. მას არ გაუვლია 2007 და 2013-2014 წლის რეგისტრაციები, რის გამოც შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, განცხადებით მიმართვის შემდეგ, კი 2018 წლის 23 იანვრის N56 ბრძანების საფუძველზე, ა. ბ-ეს აღუდგა დევნილის სტატუსი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 21 სექტემბრის №IDP 0 22 00000841 ბრძანებით ლ. ბ-ეის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის თანახმად, მიჩნეულ იქნა, რომ ლ. ბ-ესთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ლ. ბ-ე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. შესაბამისად, ლ. ბ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. საქმეში წარმოდგენილია, ლ. ბ-ეის მშობლების ნ. ქ-ას და ა. ბ-ეის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, ლ. ბ-ეისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ბ-ეის მიერ ლ. ბ-ეის არასრულწლოვანების პერიოდში მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სააგენტოსთვის მიმართვის არარსებობა არ ართმევს ლ. ბ-ეს დევნილის სტატუსის მიღების შესაძლებლობას. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ამდენად, პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვანებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც მის სრულწლოვანებამდე არ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება. საკასაციო პალატის განმარტებით, ერთ-ერთი მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ასევე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი) დევნილის სტატუსის შემძენი (სუსგ 2023 წლის 05 მაისის საქმე №ბს-1094(კ-22)). ამდენად, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია განმცხადებლის მშობლისათვის დევნილის სტატუსის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, ლ. ბ-ეის მამას ა. ბ-ეს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია ამ გარემოებათა გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი