Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-325(2კ-25) 23 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- საქართველოს გენერალური პროკურატურა

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. თ-ი (საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით)

მესამე პირი (ასკ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

2024 წლის 25 მარტს ვ. თ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის სახით 56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 2 000 (ორი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ვ. თ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ვ. თ-იმა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413.1, 992-ე და 1005.3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით პროკურატურისთვის ვ. თ-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას და ყურადღებას ამახვილებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად პირის გამართლებისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.

კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ვ. თ-ის ბრალად ედებოდა ფინანსური დანაშაულის ჩადენა, რომელიც ძალადობრივი, სქესობრივი ან სხვა კატეგორიის დანაშაულთაგან განსხვავებით, ნაკლები რეპუტაციული ზიანის მიმყენებელია პირისათვის საზოგადოების თვალში, ამასთან, მოსარჩელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და მას მხოლოდ დაკავების ფარგლებში მოუწია 2 დღით საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ამასთან, მას არ ჰქონია ისეთი ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მას ციხეში ყოფნის დროს.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე არ ეთანხმება მისთვის მატერიალური ზიანის სახით (სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი) - 15 000 ლარის დაკისრებას, რამეთუ გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს ხარჯების გაწევის აუცილებლობისა და ნამდვილობის დადასტურება. კასატორის მითითებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს მხარე ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებელი გასაწევი ხარჯი - საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ინფორმაციით კი არ დასტურდება ვ. თ-ის მიერ ადვოკატების - მ. ნ-ეისა და ლ. ბ-ეისათვის 15 000 ლარის გადახდის ფაქტი. საქართველოს გენერალური პროკურატურა აღნიშნული თანხის ოდენობას საქმის სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით არაგონივრულად მიიჩნევს. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიმდინარე ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გაწეული ხარჯის - 500 ლარის დაკისრების ნაწილშიც, მაშინ როდესაც მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების გარდა, არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 3 მარტის 05:22 საათიდან, ვ. თ-ი დაკავებულ იქნა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებით ვ. თ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო, რომლის თანხად განისაზღვრა - 5 000 ლარი. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით ვ. თ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა. შესაბამისად, სახეზეა ვ. თ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის/აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების ან უკანონო მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. „პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა“ (სუსგ №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდს და წარდგენილი ბრალდების არსს, ნეგატიურ განცდებსა და სტრესს, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში, ვ. თ-ის მიერ ადვოკატებისაგან იურიდიული მომსახურების მიღება. საქმეს ერთვის ხელშეკრულებები საადვოკატო მომსახურების შესახებ, რომელთა თანახმადაც ვ. თ-ის დედას - მ. ქ-ის ვალდებულება აქვს გადაუხადოს მ. ნ-ესა და ლ. ბ-ეს საადვოკატო მომსახურების თანხა (ჯამში 56 000 ლარი), რათა დაიცვან ვ. თ-ის ინტერესები სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიებაში, ასევე გორის რაიონულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქმეში არ მოიპოვება თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა უდავოა, რომ სისხლის სამართლის დავის ფარგლებში ადვოკატები - ლ. ბ-ე და მ. ნ-ე მოსარჩელის წარმომადგენლობას რეალურად ახორციელებდნენ. აღნიშნული მიუთითებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით. ადვოკატის მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ საქმეზე №ბს-809-805(3კ-17), სუსგ საქმეზე №ბს-432-429(2კ-17)). ამდენად, საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146).

რაც შეეხება განსახილველი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში გაწეული საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თნახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით კი, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია, ადმინისტრაციული დავის წარმოების მიზნით ვ. თ-ის მიერ მ. ნ-ესა და ლ. ბ-ესთან გაფორმებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, სადაც მომსახურების თანხად თითოეული ადვოკატისათვის განსაზღვრულია 6000-6000 ლარი.

ასევე უდავოა, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატები - მ. ნ-ე და ლ. ბ-ე მოსარჩელის წარმომადგენლობას რეალურად ახორციელებდნენ, თუმცა საქმეში არ მოიპოვება თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის გონივრულ ფარგლებში - 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ.ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე