Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-461(კ-25) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ს-ე

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ს-ემ 2024 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შუახევის განყოფილების მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა „სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების 2020 წლის 30 იანვრის №202011, 2022 წლის 29 ივნისის №7786 და 2022 წლის 26 ივლისის №202211 გადაწყვეტილებების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის პირველი მაისის №SSA 2 24 00493160 მომართვის ბათილად ცნობა მათი მიღების დღიდან, ასევე, მოპასუხის დავალდებულება - გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე - შ. ს-ეს 2020 წლის პირველი თებერვლიდან დაენიშნება შეწყვეტილი სოციალური პაკეტი - პენსია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (მე-2 ჯგუფი) სტატუსით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე შ. ს-ეს 1997 წლის მაისში დადგენილი ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, რის გამოც იგი 2016 წლიდან იღებდა შესაბამის კომპენსაციას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 7 დეკემბრის №SSA 23 01310580 მომართვით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მან სასარჩელო წესით გაასაჩივრა. რაც შეეხება დანარჩენ სადავო აქტებს, მოსარჩელეს ისინი გადაეცა სასამართლო სხდომაზე, მანამდე ეს გადაწყვეტილებები შ. ს-ეს არ ჩაბარებია და შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მათი მიღების დღიდან „სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების 2020 წლის 30 იანვრის №202011, 2022 წლის 29 ივნისის №7786 და 2022 წლის 26 ივლისის №202211 გადაწყვეტილებები, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის პირველი მაისის №SSA 2 24 00493160 მომართვა; მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე - შ. ს-ეს 2020 წლის პირველი თებერვლიდან დაენიშნება შეწყვეტილი სოციალური პაკეტი - პენსია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (მე-2 ჯგუფი) სტატუსით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით კვლავ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ შ. ს-ეს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო სოციალური პაკეტი დანიშნული ჰქონდა 2020 წლის პირველ თებერვლამდე და სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების 2020 წლის 30 იანვრის №202011 გადაწყვეტილებით მას სოციალური პაკეტი შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო 2020 წლის პირველი თებერვლიდან.

სააგენტოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ არის დაცული და საჩივარი ამ მოთხოვნის ნაწილში, ხანდაზმულია, რადგან შ. ს-ემ სოციალური პაკეტის განახლების მოთხოვნით 2022 წლის 24 ივნისს მიმართა სააგენტოს სერვისცენტრს, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია.

რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილების 2022 წლის 29 ივნისის სადავო №7786 გადაწყვეტილებას, ამ უკანასკნელით სოციალური პაკეტის დანიშვნა არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, რომლის თანახმადაც, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაძიებელს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა გავლილი აქვს 2024 წლის პირველი თებერვლის შემდგომ პერიოდში და, შესაბამისად, მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია შეტანილია ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, სააგენტოს მიერ 2022 წლის 26 ივლისს მიღებული №202211 გადაწყვეტილება შ. ს-ეისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის თაობაზე, რაც მხარეს გაეგზავნა 2022 წლის 23 აგვისტოს და ჩაჰბარდა იმავე წლის 24 აგვისტოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის სოციალური პაკეტის - პენსიის შეწყვეტის, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, 2022 წლიდან სოციალური პაკეტის ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება, ბენეფიციარის მხრიდან შესაბამისი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წარუდგენლობის გამო. სწორედ ამიტომ, უნდა შეფასდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით - ...ად მუშაობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რაც გამორიცხავს სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ხსენებული კანონის მე-6 და 121 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ 2020 წლის 30 იანვრის №202011 სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობად განიხილება სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დასახელებულის „წესის და პირობების" მე-12 მუხლის იმავე პერიოდში მოქმედი რედაქციით განსაზღვრული იყო სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებიც, კერძოდ, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი შეწყდებოდა ((შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური განიმარტება, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, მაგრამ საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის, ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით პენსიის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სამინისტროში არ ქმნის მისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პენსიის დანიშვნის დროს მნიშვნელობა აქვს არა პირის დასაქმების ადგილს, არამედ საქმიანობის შინაარსს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ. ს-ე 2019 წლის 23 დეკემბრიდან დღემდე დასაქმებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით, ...ად. მას სადავო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების 2020 წლის 30 იანვრის №202011 გადაწყვეტილებით საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან შეუწყდა სოციალური პაკეტი. საჯარო საქმიანობად კი მიჩნეულ იქნა მოსარჩელის დასაქმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. საკასაციო პალატა, ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ნორმათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით ...ად მომუშავე შ. ს-ეისთვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული სოციალური პაკეტის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, რამეთუ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აღნიშნული სამინისტროს საქმიანობის ხასიათს ენიჭება, არამედ შ. ს-ეის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსს.

ყოველივე აღნიშნული კი, საკასაციო პალატის შეფასებით, უკანონოს ხდის შ. ს-ეისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტას და მასთან დაკავშირებულ აქტებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, ვინაიდან შ. ს-ეს უკანონოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი, რადგან ის არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, არ ევალებოდა მის დასანიშნად ხელახლა მიემართა სააგენტოსათვის და წარედგინა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რადგან მას შშმ პირის სტატუსი დადგენილი ჰქონდა უვადოდ, ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების" მე-16 მუხლის თანახმად (გარდამავალი დებულება) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ 1997 წელს გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის საფუძველზე მოპოვებული უფლება სახელმწიფო გასაცემელზე შ. ს-ეს შენარჩუნებული ჰქონდა მისი შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე (რაზეც მიუთითა კიდევაც სოციალური მომსახურების სააგენტომ სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილებისადმი 2022 წლის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში (ს.ფ.95), შეწყვეტა კი, როგორც აღინიშნა, არასწორად განხორციელდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ შ. ს-ესთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა - მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (მე-2 ჯგუფი) სტატუსით სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე