საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-707(კ-24) 23 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ჩ-ე
მოპასუხეები - გ. ც-ი, ნ. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ჩ-ემ 2020 წლის 18 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გ. ც-ისა და ნ. ს-ეის მიმართ და მოითხოვა „თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 და „დისციპლინური წესით დასჯის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 ივლისის №1631208 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ. ჩ-ეის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის ან მისი არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გ. ც-ის და ნ. ს-ეის მხრიდან მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების დადასტურება, მისი შეწყვეტა და შედეგების აღმოფხვრა, ამასთანავე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, თ. ჩ-ე 2015 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობაზე. 2020 წლის 22 იანვარს კი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გადაინიშნა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობაზე. მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლებისა და დანიშვნის ბრძანებას წინ უძღოდა დისკრიმინაციული და ღირსების შემლახველი მოპყრობა უშუალოდ იმდროინდელი ხელმძღვანელის - ნ. ს-ეისა და გ. ც-ის მხრიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიხატებოდა არა მხოლოდ მოპასუხე პირების მხრიდან მტრული გარემოს შექმნაში, არამედ თავად მინისტრის ბრძანებები - სამსახურიდან გათავისუფლებისა და გადანიშვნის თაობაზე, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, წარმოადგენდა დისკრიმინაციულ ქმედებას, რაც გამოიხატებოდა მოსარჩელის შევიწროებაში, რომელიც მიზნად ისახავდა მისთვის მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას - შევიწროებას. განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად კი, შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამაც მიმაყენა მას მორალური ზიანი.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციული ქმედების დადასტურება, მისი შედეგების აღმოფხვრა და აქედან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. ჩ-ეის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის ან მისი არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დადასტურდა დისკრიმინაციული ქმედება პირადი განწყობის ნიშნით, შეწყდა იგი და აღმოიფხვრა მისი შედეგები; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ, დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელე თ. ჩ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობაზე, რომელიც ტერიტორიულად სხვაგან მდებარეობს;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2020 წლის 24 იანვარს დაიწყო დისციპლინური წარმოება - სამსახურებრივი შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის - მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 2019 წლის 7 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ... განყოფილების უფროსის - ნ. ს-ეის მიერ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს - თ. ჩ-ეს, გ. გ-ეს და ლ. ხ-ეს დაევალათ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პიროვნების ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქალაქ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში ბადრაგირება და შემდგომ უნდა დაბრუნებულიყვნენ სამუშაო ადგილზე. აღნიშნულმა მოსამსახურეებმა დაკავებული პიროვნება ქალაქ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს იმავე დღეს, დაახლოებით, 23:40 საათზე, რაც შეატყობინეს უფროსს ნ. ს-ეს, რის შემდგომაც, დასვენების მიზნით, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენეს ხელმძღვანელი მივიდნენ ქ. ქუთაისში მდებარე გ. გ-ეის სახლში და მომდევნო დღის 10:35 საათამდე არ პასუხობდნენ ხელმძღვანელის - ნ. ს-ეის სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რადგან მათი განმარტებით, იყვნენ დაღლილები და ჩაეძინათ. 2019 წლის 9 დეკემბერს, თ. ჩ-ე, გ. გ-ე და ლ. ხ-ე დილის თათბირის დაწყებამდე, დაახლოებით, 09:40 საათზე გამოცხადდნენ განყოფილების უფროსის - ნ. ს-ეის სამუშაო ოთახში, რათა განემარტათ, თუ რატომ დააგვიანდათ ჩამოსვლა და ვერ პასუხობდნენ მის სატელეფონო ზარებს ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რისი საშუალებაც მათ არ მისცა, მათი ქმედებებით გაღიზიანებულმა ნ. ს-ემ და მოსთხოვა განყოფილების მორიგისთვის დაუყოვნებლივ ჩაებარებინათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები და მოეძებნათ სხვა სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ მას აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა გენერალური ინსპექცია. თ. ჩ-ემ, გ. გ-ემ და ლ. ხ-ემ დაუყოვნებლივ ჩააბარეს სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები. იმავე დღეს, დაახლოებით, 10 საათზე ნ. ს-ეის სამუშაო ოთახში, სადაც იგი ატარებდა დილის თათბირს პირად შემადგენლობასთან, შევიდა თ. ჩ-ე და ნ. ს-ეს ჰკითხა, რა უნდა ექნა - დარჩენილიყო თათბირზე, თუ არა, რაზეც ნ. ს-ემ უპასუხა, რომ აღნიშნულზე მისთვის უკვე გაცემული ჰქონდა პასუხი და ხმამაღალი ტონით რამდენჯერმე მოსთხოვა დაეტოვებინა მისი სამუშაო ოთახი. აღნიშნულ ფაქტზე თ. ჩ-ე გაღიზიანდა და ნ. ს-ესთან შევიდა კონფლიქტში, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამსახურებრივი შემოწმებით, ასევე დადგინდა, რომ ნ. ს-ეის თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, მისივე თანამშრომლები - თ. ჩ-ე, გ. გ-ე და ლ. ხ-ე 2019 წლის 9 დეკემბრიდან გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან, მათ აღარ სვამდნენ მორიგე ჯგუფებში, ასევე აღარ აძლევდნენ რაიმე სახის სამსახურებრივ დავალებებს მანამ, სანამ აღნიშნული პირები არ გადაინიშნენ სხვა თანამდებობაზე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2020 წლის 1 ივლისს დამტკიცებული იქნა ამავე სამინისტროს მოსამსახურე თ. ჩ-ეის და სხვათა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა, დასახელებული დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2020 წლის 17 ივლისის მიღებულ იქნა №1631208 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ს - თ. ჩ-ეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-4, 25-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლები, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 36-ე მუხლები, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (სამსახურებრივი საჭიროება) შესაბამისად, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით მოსამსახურის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. მოსამსახურის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1-წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით. ამ წესით მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია, თუ მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.
სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის გადაყვანის თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა რაიმე სახის დასაბუთებას მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის სამსახურებრივი საჭიროების შესახებ, ამასთან, აღნიშნული აქტის გამოცემას წინ უძღოდა მოსარჩელესა და მის უშუალო ხელმძღვანელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა განპირობებული იყო აღნიშნული გარემოებით და არა სამსახურებრივი საჭიროებით. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის მითითებული ვადა გასული იყო, რის გამოც იგი ექვემდებარებოდა გადაყვანამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენას. აქედან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა - „თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, საფუძვლიანი იყო და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ამასთან, განმარტა, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით, დადგინდა, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის - ნ. ს-ეის თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, მისივე თანამშრომელი - თ. ჩ-ე 2019 წლის 9 დეკემბრიდან გათავისუფლდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან, მას აღარ სვამდნენ მორიგე ჯგუფებში, ასევე აღარ აძლევდნენ რაიმე სახის სამსახურებრივ დავალებებს მანამ, სანამ აღნიშნული პირი არ გადაინიშნა სხვა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობაზე, რადგან მოსარჩელესა და მის უშუალო ხელმძღვანელს - ნ. ს-ეს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ჩ-ეს მისი უშუალო ხელმძღვანელის - ნ. ს-ეის პირადი წყენის და ბრაზის გამო, დაუსაბუთებლად შეეზღუდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ, მის ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პოლიციელთაგან დაუსაბუთებელი და უკანონოდ განსხვავებული მოპყრობა, ასევე სხვა სტრუქტურულ ერთეულში მისი გადაყვანა. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის - ნ. ს-ეის სამსახურებრივ მოვალეობას, მოსარჩელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინება წარმოადგენდა და არა მოსარჩელისათვის უკანონოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შეზღუდვა. ამასთან მოპასუხე ნ. ს-ეის განმარტებით, მას აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული ჰქონდა მის ხელმძღვანელთან - გ. ც-ითან.
საქალაქო სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. შესაბამისად, დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის, მისი შედეგების აღმოფხვრის და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თ. ჩ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას „დისციპლინური წესით დასჯის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 ივლისის №1631208 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გარემოებები რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას და მისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადებას, მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი პოლიციელის ეთიკური სტანდარტების და კანონის მოთხოვნათა დაუცველობას და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების სწორი ბალანსის საფუძველზე იქნა მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სასტიკი საყვედურის გამოყენება, რაც მოცემულ შემთხვევაში შეესაბამებოდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს და სხვა პირობებს, რომლებიც განსაზღვრული იყო ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. შესაბამისად, პალატამ იმსჯელა მხოლოდ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და შეამოწმა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის კანონიერება. ამ ნაწილში კი სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი დასაბუთება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი, ისევე, როგორც სააპელაციო პალატაში, კვლავ მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანებით მოსარჩელე გადაინიშნა იმავე სამმართველოს შემადგენლობაში არსებულ სხვა განყოფილებაში, იდენტურ პოზიციაზე. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2020 წლის 19 აგვისტოს, სადავოდ გამხდარი აქტის გამოცემიდან 8 თვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის წარდგენის ვადა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ბრძანების შესახებ, ვინაიდან მოცემული თარიღიდან იგი აღარ დადიოდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ამავე სამმართველოს მე-4 განყოფილებაში. მოცემული ბრძანების შინაარსობრივი და ფორმალური ნაწილის შესახებ მისი ინფორმირებულობა დასტურდება მისსავე სარჩელით. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებაში (საქმეზე №ბს-707(კ-21)) ასახულ სამართლებრივ შეფასებებზე, დასკვნებზე და აღნიშნა, რომ თ. ჩ-ეის პირველი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. სწორედ აღნიშნული, პოლიციის უმთავრესი სამართლებრივი სიკეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არის აუცილებელი სწორი და თანმიმდევრული ორგანიზაციული მოწყობის განხორციელება, მოცემული საკითხის განხორციელების მიზნით კანონმდებელი ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას სამინისტროს მენეჯმენტს განახორციელოს საპოლიციო ძალების იმდაგვარად გადაადგილება, როტაცია, მივლინება, დროებით მოვალეობის დაკისრება, რომ საფრთხე არ შეექმნას სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას და კრიმინალთან ბრძოლას, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საკადრო გადაადგილება წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას, რათა საფრთხე არ შეექმნას სისტემის მუშაობის უწყვეტობას. ამასთან აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ.“ აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ თ. ჩ-ე მუშაობდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-... განყოფილებაში, ხოლო გადანიშვნის შემდეგ მუშაობა განაგრძო იმავე სამმართველოს მე-... განყოფილებაში, იმავე თანამდებობაზე. შესაბამისად, ხელმძღვანელობის მხრიდან სამსახურებრივი საჭიროების არსებობის დროს აღნიშნულ განყოფილებაში თ. ჩ-ეის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთება სრულად თავსებადია კონკრეტულ სამსახურებრივ საჭიროებებთან. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები და სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულიად დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც გამოიხატა თ. ჩ-ეის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მისთვის სამსახურებრივი მოვალეობისგან ჩამოშორებაში. აღნიშნული არგუმენტი წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის პოზიციასთან, ვინაიდან მან თავად განმარტა, რომ ის დადიოდა სამსახურში ჩვეული გრაფიკით, მას მხოლოდ და მხოლოდ იარაღი ჰქონდა ხელმძღვანელის მითითებით ჩაბარებული სამორიგეოში. აღნიშნული ფაქტი კი ვერ ჩაითვლება მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად. ამასთან, მის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების სამართლებრივი და ინსტიტუციური შესაძლებლობა - ბერკეტი მის ხელმძღვანელს არ გააჩნდა. კასატორის განმარტებით, ამ პირობებში როგორ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ დისკრიმინაციის არსებობის ფაქტი, სრულად გაუგებარია.
კასატორის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში, კერძოდ, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია - მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ - სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნეს როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 – საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
კასატორის ასევე მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და განმარტავს, რომ ქმედების დისკრიმინაციულად მიჩნევისათვის კანონის თანახმად უნდა გვქონდეს შემდეგი ელემენტები: 1. პირი არახელსაყრელ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო; 3. პირს აყენებენ არახელსაყრელ მდგომარეობაში ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით; 4. ამგვარი მოპყრობა არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამასთან გამოყენებული საშუალებები არათანაზომიერია მიზნის მისაღწევად. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. მითითებული ნორმის მიხედვით, პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. თავდაპირველად მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს, რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა და ამავე დროს, ეს განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რომელიმე დაცულ ნიშანს. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ არის მოპასუხე ვალდებული ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო მის მიმართ მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მხრიდან დისკრიმინაციის დადგენის ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ პროცესუალურ მხარეს, ასევე, ეროვნულ სასამართლო პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების დადასტურების, მისი შეწყვეტისა და შედეგების აღმოფხვრის, ამასთანავე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ეის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- მოსარჩელე თ. ჩ-ე 2015 წლიდან მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2019 წლის 4 თებერვლიდან იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობაზე;
- სადავო - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე თ. ჩ-ე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ის თანამდებობაზე, რომელიც ტერიტორიულად სხვაგან მდებარეობს;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2020 წლის 24 იანვარს დაიწყო დისციპლინური წარმოება - სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 7 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ... განყოფილების უფროსის - ნ. ს-ეის მიერ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს - თ. ჩ-ეს, გ. გ-ესა და ლ. ხ-ეს დაევალათ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პიროვნების ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოდან ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში ბადრაგირება და შემდგომ სამუშაო ადგილზე დაბრუნება. აღნიშნულმა მოსამსახურეებმა დაკავებული პიროვნება ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს იმავე დღეს, დაახლოებით, 23:40 საათზე, რაც შეატყობინეს უფროსს ნ. ს-ეს, რის შემდგომაც დასვენების მიზნით, ისე, რომ არ აცნობეს ხელმძღვანელს, მივიდნენ ქალაქ ქუთაისში მდებარე გ. გ-ეის სახლში და მომდევნო დღის 10:35 საათამდე არ პასუხობდნენ ხელმძღვანელის - ნ. ს-ეის სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რადგან მათი განმარტებით, იყვნენ დაღლილები და ჩაეძინათ. 2019 წლის 9 დეკემბერს, თ. ჩ-ე, გ. გ-ე და ლ. ხ-ე დილის თათბირის დაწყებამდე, დაახლოებით 09:40 საათზე გამოცხადდნენ განყოფილების უფროსის - ნ. ს-ეის სამუშაო ოთახში, რათა განემარტათ, თუ რატომ დააგვიანდათ ჩამოსვლა და ვერ პასუხობდნენ მის სატელეფონო ზარებს ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რისი საშუალებაც მათ არ მისცა, მათი ქმედებებით გაღიზიანებულმა ნ. ს-ემ და მოსთხოვა განყოფილების მორიგისათვის დაუყოვნებლივ ჩაებარებინათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები და მოეძებნათ სხვა სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებინა გენერალური ინსპექციისათვის. თ. ჩ-ემ, გ. გ-ემ და ლ. ხ-ემ დაუყოვნებლივ ჩააბარეს სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები. დაახლოებით, 10 საათზე ნ. ს-ეის სამუშაო ოთახში, სადაც იგი ატარებდა დილის თათბირს პირად შემადგენლობასთან, შევიდა თ. ჩ-ე და ნ. ს-ეს ჰკითხა, რა უნდა ექნა - დარჩენილიყო თათბირზე, თუ არა, რაზეც ნ. ს-ემ უპასუხა, რომ აღნიშნულზე მისთვის უკვე გაცემული ჰქონდა პასუხი და ხმამაღალი ტონით რამდენჯერმე მოსთხოვა დაეტოვებინა მისი სამუშაო ოთახი, რაზეც თ. ჩ-ე გაღიზიანდა და ნ. ს-ესთან შევიდა კონფლიქტში. მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- სამსახურებრივი შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ ნ. ს-ეის გადაწყვეტილებით, მისივე თანამშრომლები - თ. ჩ-ე, გ. გ-ე და ლ. ხ-ე 2019 წლის 9 დეკემბრიდან გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან, მათ აღარ სვამდნენ მორიგე ჯგუფებში, ასევე აღარ აძლევდნენ რაიმე სახის სამსახურებრივ დავალებებს მანამ, სანამ აღნიშნული პირები არ გადაინიშნენ სხვა თანამდებობაზე;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2020 წლის პირველ ივლისს დამტკიცებული იქნა თ. ჩ-ეისა და სხვათა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა, რომლის თანახმად, დადასტურდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ - თ. ჩ-ემ ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ხელმძღვანელის მითითების შეუსრულებლობაში - დროულად დაბრუნებულიყვნენ სამსახურში, მისი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების იგნორირებაში და მასთან კონფლიქტში შესვლაში. ამავე დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სამინისტროს მოსამსახურე თ. ჩ-ეს შეფარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური. შესაბამისად, სადავო - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 ივლისის №MIA 1631208 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ...ს - თ. ჩ-ეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს მოსარჩელე თ. ჩ-ეის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, ასევე, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობის დადგენა, თუმცა, მოცემული დავის გადასაწყვეტად, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რამეთუ, ზოგადად, „ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული... სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი გაცნობიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრების შესაძლებლობა. გამონაკლისის სახით, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მის აუცილებელ რეკვიზიტს გასაჩივრების წესის განმარტების თაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი და ასეთი აქტის გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ „თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანება არ შეიცავს მისი გასაჩივრების წესის განმარტებას. დამატებით საყურადღებოა მოსარჩელის განმარტება, რომ აქტი ჩაბარდა 2020 წლის ივლისში, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრების ვადის დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასახელებულ ბრძანებას მოსარჩელე ასაჩივრებს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის მოტივით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. მითითებული მუხლი მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნევს იმ მომენტს, როდესაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო დისკრიმინაციული გარემოების არსებობის თაობაზე. ამდენად, „თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანების გამოცემისთანავე მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო გათავისუფლების სავარაუდო დისკრიმინაციული მიზეზის არსებობის შესახებ, შესაბამისად, მას დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა შეეძლო აღნიშნული თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში 2021 წლის 22 იანვრამდე; როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ჩ-ემ 2020 წლის 12 აგვისტოს აღძრა სარჩელი სასამართლოში ზემოაღნიშნული მოთხოვნებით, ამიტომ, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ თ. ჩ-ეის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ არის ხანდაზმული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია სამსახურებრივი დაწინაურებისას, სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება), საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი განცხადებით (პატაკი), სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად, დადებული დისციპლინური სახდელის გამო. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“, ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სამინისტროს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ1“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომელშიც მოცემულია დისკრეციული უფლებამოსილებს ცნება. აღნიშნული ნორმის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის ნორმებით კი განმტკიცებულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის და გათვალისწინების სავალდებულოობის პრინციპი; კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის სამსახურებრივი საჭიროების შესახებ მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეთითებინა თანამდებობრივი გადაადგილების კონკრეტული საფუძველი, დაესაბუთებინა მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის სამსახურებრივი საჭიროება. აღნიშნული აქტის გამოცემას წინ უძღოდა მოსარჩელესა და მის უშუალო ხელმძღვანელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა განპირობებული იყო აღნიშნული გარემოებით და არა სამსახურებრივი საჭიროებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ესთან მიმართებით სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები, რის გამოც სადავო აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე სხვა თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის ბრძანებით, ამდენად, გასულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის 21-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურებრივი საჭიროების გამო სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ერთწლიანი ვადა, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ. ჩ-ე ექვემდებარება გადაყვანამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენას.
რაც შეეხება მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების საკითხს, რამაც კონკრეტულ შემთხვევაში ახალი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი). როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები - ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს - ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ასევე ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. შეფასების ტესტთან მიმართებით ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, №26111/02).
დისკრიმინაციასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილებისას კი, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ. რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის, ისეთი დასკვნებით, რომლებიც, შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დისკრიმინაციის საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სატელეფონო ზარებზე უპასუხებლობის გამო გაღიზიანებულმა ნ. ს-ემ, რომელიც წარმოადგენდა მის უშუალო ხელმძღვანელს, მოსთხოვა მოსარჩელეს - ჩაებარებინა სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და ეძებნა სხვა სამსახური. აღნიშნულმა ფაქტმა მათ შორის გამოიწვია კონფლიქტი და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოსარჩელის მოსაზრებით, ნ. ს-ეის პირადი წყენისა და ბრაზის გამო, მას შეეზღუდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, რაც გამოიხატა იმ ქმედებებში, რომ მას აღარ სვამდნენ მორიგე ჯგუფებში, ასევე, აღარ აძლევდნენ რაიმე სახის სამსახურებრივ დავალებებს მანამ, სანამ იგი არ გადაინიშნა სხვა თანამდებობაზე. თ. ჩ-ეის განმარტებით, აღნიშნული ქმედებებით მის მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას, რაც გამოიხატა მოსარჩელის შევიწროებაში, რომელიც მიზნად ისახავდა მისთვის მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებები არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციული ქმედების ინტენსივობის ხარისხი არ აღწევს განსხვავებულად მოპყრობის შეფასების დონეს. მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მისი სხვა განყოფილებაში გადაყვანა, ასევე დისციპლინური წესით დასჯა ხელმძღვანელის მხრიდან მხოლოდ პირადი წყენის გამო იყო გამოწვეული, არ ქმნის საკმარის საფუძველს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, თ. ჩ-ეის მიმართ მიღებული „დისციპლინური წესით დასჯის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 17 ივლისის №1631208 ბრძანების უკანონობა სასამართლო წესით არ დადგენილა, უფრო მეტიც, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება „თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 იანვრის №166514 ბრძანების ბათილად ცნობას, სასამართლოს ამ ნაწილშიც არ დაუდგენია მოსარჩელის სხვა განყოფილებაში გადაყვანის უკანონობა, არამედ მოსამსახურე აღადგინა დაკავებამდე არსებულ თანამდებობაზე სამსახურებრივი საჭიროების გამო სხვა თანამდებობაზე გადაყვანის კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადის გასვლის გამო. ამდენად, არ არსებობს დისკრიმინაციული ქმედების დადასტურების, მისი შეწყვეტის, შედეგების აღმოფხვრის და აღნიშნული საფუძვლით მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების დადასტურების, მისი შეწყვეტისა და შედეგების აღმოფხვრის, ამასთან, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, არასრულია. შესაბამისად, ამ ნაწილში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება ინ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დადასტურდა დისკრიმინაციული ქმედება პირადი განწყობის ნიშნით, შეწყდა იგი და აღმოიფხვრა მისი შედეგები. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ჩ-ეის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გ. ც-ისა და ნ. ს-ეის მხრიდან მოსარჩელე თ. ჩ-ეის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების დადასტურების, მისი შეწყვეტისა და შედეგების აღმოფხვრის, ამასთანავე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე