Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1015(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ა

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. კ-ამ 2022 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №640 ბრძანებით შექმნილი „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2021 წლის 07 ივლისის სხდომის №2 საოქმო გადაწყვეტილების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №640 ბრძანებით შექმნილი „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის მიერ შედგენილი 2021 წლის 12 ივნისის ადგილზე დათვალიერების №00076 ოქმის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №640 ბრძანებით შექმნილი „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №05/51 წერილის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი (მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., ს/კ ...) მიჩნეულ იქნება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №640 ბრძანებით შექმნილი „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კომისიის 2021 წლის 07 ივლისის №2 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე, ე. კ-ას სარგებლობაში არსებული 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №640 ბრძანებით შექმნილი „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2021 წლის 12 ივნისის №00076 ადგილზე დათვალიერების ოქმისა და 2021 წლის 29 ივლისის №05/51 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; მითითებული განჩინება კვლავ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნევს ...ის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის აგვისტოს გადაწყვეტილება, მდინარე ...ის ადიდებისა და მიმდებარე ტერიტორიების დამეწყრის შესახებ, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეს არ წარმოუდგენია ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსაც შეეხო დამეწყვრა, რის შედეგადაც ადგილზე გაჩნდა ლოდები და ტერიტორია მრავალწლოვანი კულტურებისთვის გამოუსადეგარი გახდა. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია იმ არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც ცალსახად მიუთითებდა სადავო მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე, კერძოდ, 2021 წლის 07 ივლისის №2 ოქმში ხსენებულ და მტკიცებულებად წარდგენილ ,,პარსელ ბაზის“ მონაცემების შესახებ (სიტუაციური გეგმა), რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ბუჩქნარს. საქართველოს კანონის ,,ტყის კოდექსის“ თანახმად კი, ბუჩქნარი წარმოადგენს ტყის ნაწილს, ხოლო საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ტყის მიწა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობა და საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემა. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ორთაბათუმის თემში 1991-2006 წლებში აღრიცხულია ე. კ-ას კომლი, რომელიც შედგება ერთი წევრისაგან. კომლის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობის შესახებ ინფორმაცია არქივში დაცული არაა. 2020 წლის 30 სექტემბერს ე. კ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა. ე. კ-ას განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 15 ოქტომბერს №... წერილით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ეცნობებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 06 ოქტომბერს №... წერილით მიმართა არქივსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს და 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ე. კ-ას კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ასლების მიწოდება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 12 ოქტომბრის №... წერილით საჯარო რეესტრს აცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2005-2007 წლის 20 სექტემბრამდე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში, ე. კ-ა გადასახადის გადამხდელად არ ირიცხება. 2021 წლის 12 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილმა პირებმა, „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დაათვალიერეს ის მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებად რეგისტრაციასაც მოითხოვდა ე. კ-ა. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. მისი საკადასტრო კოდია - .... დათვალიერების შედეგებში მითითებულია შემდეგი: - ,,მიწის ნაკვეთი 4000 კვ.მ შემოსაზღვრულია ნაწილობრივ ბუნებრივ და ნაწილობრივ ფიქსირებულ საზღვრებში. იგი არ არის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ნაკვეთში გავრცელებულია ბუნებრივად ამოსული ნარგავები და ასევე ნაკვეთი მოიცავს ბუნებრივად წარმოქმნილ ქვის ლოდებს, ჯგუფურად მდგომიარე ხეების კორომებს. დათვალიერების შედეგების მიხედვით კომისიამ 2021 წლის 07 ივლისის №2 სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ ტერიტორია არ წარმოადგენს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №640 ბრძანებით შექმნილი „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელმა კომისიამ, 2021 წლის 29 ივლისს საჯარო რეესტრს აცნობა, რომ ე. კ-ას მიერ მოთხოვნილი ნაკვეთი არ წარმოადგენს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.

ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 04 აგვისტოს გამოსცა №... გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ-ას უარი ეთქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია შემდეგი: - დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის თანახმად, არ დადასტურდა სარეგისტრაციო ნაკვეთის საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტი. - სარეგისტრაციო უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაწესებულ პირობებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ მითითებას და მოპასუხე მხარის დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის მიერ ე. კ-ას მოთხოვნის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იქნა მიღებული დასკვნა, რომლის თანახმად მოსარჩელის განცხადება არ აკმაყოფილებდა, სპორადული წესით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ...ის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომელზე მითითებითაც, როგორც მოსარჩელე, ასევე მოწმეები განმარტავენ, რომ მიწის ნაკვეთი დაიტბორა 1991 წელს და ერთწლოვანი კულტურებისათვის გამოუყენებელი გახადა. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია მოწმეების განმარტებები, რომ ადიდებულმა მდინარემ ნაკვეთში ქვა-ღორღი შეიტანა, თუმცა ე. კ-ას მიწის ნაკვეთის მფლობელობა და სარგებლობა არ შეუწყვეტია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე , რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელისა და მისი ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყენების ფაქტი; საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის ეტაპზე გამოკვლეულ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელებისა და მიწის ნაკვეთზე ე. კ-ას საკუთრების რეგისტრაციისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა მიწის ნაკვეთის გამოყენების, მისი შემოღობვის და ნაკვეთით სარგებლობის, ასევე 2021 წლის 07 ივლისის სხდომის №2 საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულია მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ ბუნებრივ და ნაწილობრივ ფიქსირებულ საზღვრებში შემოსაზღვრის ფაქტები, ნაკვეთში გავრცელებული ბუნებრივად ამოსული ნარგავების და ასევე ბუნებრივად წარმოქმნილ ქვის ლოდების და ჯგუფურად მდგომიარე ხეების კორომების არსებობის შესახებ, რაც დათვალიერების შესახებ აქტშიც აღნიშნულია, თუმცა მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება კომისიის დასკვნას და განმარტავს, რომ ნარგავები ბუნებრივად არის ამოსული, არამედ წყალდიდობის შემდეგ მის მიერ დარგული მრავალწლიანი ხეებია, რაც მოწმეთა მიერაც დადასტურებულია.

ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსახილველი საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე