Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1390(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ჩ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ჩ-ემ 2022 წლის 30 აგვისტოს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2022 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3912 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის თ. ჩ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ თ. ჩ-ეის ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 1990-იანი წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა 3912 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მასზე გააშენა თხილის ბაღი, ააშენა საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მან 2022 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. თ. ჩ-ემ საჯარო რეესტრს წარუდგინა შიდა აზომვითი და საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ელექტრონული ვერსია, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთს, რომლის რეგისტრაციასაც ასევე ითხოვდნენ ა. ფ-ე, ე. დ-ე და ზ. ჯ-ე.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებმა დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი, გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგებით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილება თ. ჩ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რაზედაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის აკმაყოფილებდა საკუთრების რეგისტრაციის ყველა პირობას, რის გამოც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები მიიჩნია უკანონოდ, მოითხოვა მათი ბათილად ცნობა და ახალი აქტით ქონების მის საკუთრებად რეგისტრაცია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილება და 2022 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ჩ-ეის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადასტურებული ფაქტებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გაზიარებისას, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილება უნდა შეამოწმოს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის პირობებში, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო საჩივრის ფარგლებით და ვერ იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შესაბამისი პრეტენზია არ წარმოდგენილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით კვლავ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა გაასაჩივრეს, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცეს სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებს და არასწორად განმარტეს კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ №3-128 გადაწყვეტილებაში მითითებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი სრულიად ეწინააღმდეგება მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებულ პირს არ გააჩნია საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ, მართალია, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 30 აპრილის №... ოქმის მიხედვით, დაინტერესებული პირი სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს, ამასთან, სხვა პირებს პრეტენზია არ განუცხადებიათ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული №3-128 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო ქონებას. აღსანიშნავია, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 8 აპრილის №43 საოქმო გადაწყვეტილება თ. ჩ-ეის ნაწილში და №7165 საკუთრების უფლების მოწმობა იმ მოტივით, რომ თ. ჩ-ეის მიერ არ იყო გადახდილი საკუთრების უფლების აღიარებისთვის დადგენილი საფასური, ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ჩ-ე არ იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი პირი, რის გამოც მან სადავო მიწის ნაკვეთზე უკანონოდ მოიპოვა საკუთრების უფლება.

კასატორების მითითებით, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 378 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) და ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაცულ ინფორმაციას, კერძოდ, ამოწმებს იმავე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თუ არა უფლება, წარდგენილია თუ არა სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ან/და ადმინისტრაციული საჩივარი. სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აგრეთვე იღებს აღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც, კასატორების მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). კონკრეტულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს და შეისწავლეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმე განიხილეს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მოსარჩელისათვის - თ. ჩ-ეისათვის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ვერ იქნა მოძიებული საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- თ. ჩ-ემ 2008 წელს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3015 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. აღიარების კომისიამ 2008 წლის 8 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით თ. ჩ-ეის განცხადება დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე გაიცა №7165 საკუთრების უფლების მოწმობა და თ. ჩ-ე დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 3015 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ;

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 8 აპრილის საოქმო გადაწყვეტილების კანონიერება სადავო გახადეს ა. ფ-ემ, ა. ფ-ემ და დ. ფ-ემ. შედეგად, ხელვაჩაურის რაინული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს №3-128 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოთ მითითებული საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაუქმდა საჯარო რეესტრში თ. ჩ-ეის საკუთრების უფლების ჩანაწერი;

- 2022 წლის 28 მარტს თ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. თ. ჩ-ემ განცხადებას დაურთო შემდეგი მტკიცებულებები: შიდა აზომვითი ნახაზი, მოქალაქის განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 8 ივნისს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ დასაბუთებით, რომ ვერ იქნა მოძიებული საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს №3-128 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო ნაკვეთს. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ჩ-ემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, თავის მხრივ, 2022 წლის 27 ივლისს, იმავე დასაბუთებით, მიიღო №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფენ, რომ სწორედ კანონიერ ძალაში შესული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო ქონებას, გახდა თ. ჩ-ეისთვის უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რადიკალურად შეიცვალა კანონმდებლობა, რის გამოც თვითნებურად დაკავებული მიწის ცნება მაშინ და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს თვისობრივად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2009 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ არსებითად შეცვლილია ასევე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესები და, მათ შორის, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებში.

განსახილველ დავაში თ. ჩ-ეის მიერ მოთხოვნილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3912 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში 2019 წლის 11 დეკემბრის №5500-Iს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება მიენიჭა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ანალოგიური ცვლილება შევიდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილება მიენიჭა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. დასახელებული ბრძანების 35-ე მუხლის თანახმად კი, დადგენილია, რომ: თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოადგენს ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც უნდა დგინდებოდეს, რომ დაინტერესებული პირი მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს (მე-10 პუნქტი).

ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ნათელია, რომ 2009 წელს სასამართლო დავის დასრულებიდან, თ. ჩ-ეის მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ახალი განცხადებით მიმართვის დროისთვის (2022 წლის 28 მარტი) არსებითად შეიცვალა სამართლებრივი მდგომარეობა იმ საკითხთან მიმართებაში, რომლის გადაწყვეტის მიზნითაც მოსარჩელემ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს. შესაბამისად, თ. ჩ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო არსებითად, მოქმედი კანონმდებლობის დებულებათა სრული დაცვით, განეხილა მის წინაშე დასმული საკითხი და განესაზღვრა, წარმოადგენდა თუ არა თ. ჩ-ე მოქმედი კანონის თანახმად, უძრავ ქონების თვითნებურად დამკავებელს, რაც არ განხორციელდა და რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობაა.

განსახილველ შემთხვევაში, გარდა საქმის მასალებით დადასტურებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს ასევე მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეების: ა. ფ-ეისა და ს. შ-ეის განცხადებებზე, რომლებიც ადასტურებენ თ. ჩ-ეის მიერ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. მოსარჩელემ წარმოადგინა ა. ფ-ეის, ა. ფ-ეის და ე. ფ-ეის განცხადება, ასევე დ. ფ-ეის ცოლის - გ. ფ-ეის და შვილის - თ. ფ-ეის განცხადება, რომლებშიც მითითებულია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3912 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს თ. ჩ-ე და ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მათ ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია. საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ 2011 წლის 29 ივნისს თ. ჩ-ე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, იმ დასაბუთებით, რომ მას თვითნებურად დაკავებული ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთში თ. ჩ-ეს აშენებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა, რაც დაზიანდა და დაიშალა მეწყრული პროცესების გამო. თ. ჩ-ემ, როგორც სტიქიით დაზარალებულმა, სახელმწიფოსაგან მიიღო 15 000 ლარის კომპენსაცია.

გარდა ამისა, 2022 წლის 30 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილმა პირებმა, „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დაათვალიერეს ის მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებად რეგისტრაციასაც მოითხოვდა თ. ჩ-ე. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მისი საკადასტრო კოდია .... დათვალიერების შედეგებში მითითებულია რომ: ,,მიწის ნაკვეთია 3935 კვ.მ; მასში დგას 88.4 კვ.მ შენობა; მიმდებარე ნაკვეთის მოსარგებლეები არიან გ. შ-ე, ა. ც-ე, რ. ხ-ე. დათვალიერებას ესწრებოდა იმავე ბლოკის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის სამი მესაკუთრე. მათ დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთს 1995 წლიდან ფლობს და სარგებლობს თ. ჩ-ე“.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხის სააპელაციო და საკასაციო პრეტენზია და დავის ამგვარ გადაწყვეტას სადავოდ არ ხდის მოსარჩელე. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამაც შედეგად კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა გამოიწვია. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი, მარეგისტრირებელმა ორგანომ პირველ რიგში უნდა შეაფასოს მის მიერ ჩატარებული 2022 წლის 30 აპრილის ადგილზე დათვალიერების №... ოქმის შედეგები და შეაჯეროს ისინი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მხედველობაში უნდა მიიღოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ეს აშენებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა, რომელიც დაზიანდა და დაიშალა მეწყრული პროცესების გამო. აღნიშნული მიზეზით თ. ჩ-ემ, როგორც სტიქიით დაზარალებულმა, სახელმწიფოსაგან მიიღო 15000 ლარის კომპენსაცია. მოსარჩელეს მიწის ნაკვეთში შეყვანილი აქვს დენი და არის აბონენტი. მიწის ნაკვეთის მფლობელობის გამო 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. გარდა ამისა, ნაკვეთის თ. ჩ-ეის მხრიდან მფლობელობას ადასტურებენ, ერთი მხრივ, პირები, რომელთაც საკუთრების უფლება 2009 წელში სადავოდ გახადეს და, მეორე მხრივ, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ბლოკში არსებული მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეები (სამი მესაკუთრე).

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ საქმის მასალებით დადასტურებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 11 დეკემბერს №65310 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე