Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-28(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 27 ოქტომბერს კ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №61-01201191833 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 17 სექტემბრის №10-01202614864 წერილის ბათილად ცნობა და ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის გაცვლის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 სექტემბრის №10-01202614864 წერილი და ქალაქ თბილისის მერს დაევალა კ. გ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის N61-01201191833 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კ. გ-ის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 2020 წლის 25 თებერვალს შესულ №19/01200561123-01 განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ქ. თბილისში, ...ში არსებულ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან გაცვლის ფორმით პრივატიზებას, წერილობით ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის’’ მიღებამდე №... საკადასტრო ერთეულზე ვრცელდებოდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და ახალი გეგმით მასზე სატყეო ზონის მინიჭებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების შესაძლებლობა არ გაუარესებულა. შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განცხადებით მოთხოვნილი საკითხი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის იურიდიული საქალაქო სამსახურის 17.09.2020 წლის №10-01202614864 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, კ. გ-ის წარმომადგენელს 2020 წლის 15 ივნისს მის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ №19/01201672899-01 განცხადების პასუხად, რომლითაც სადავოდ ხდიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01201191833 წერილს და ითხოვდა კ. გ-ის საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გაცვლას ან/და ზიანის ანაზღაურება, წერილობით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე, კერძოდ თბილისის საკრებულოს თანხმობით უძრავი ქონების ფიზიკურ პირთათვის სხვა ქონების სანაცვლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, მიეღო გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ სადავოდ გამხდარი №61-01201191833 წერილი მიღებული იყო სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, 23-ე, 48-ე, 54-ე, 61-ე, 62-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე, 79-ე, 1181-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე და აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე შეტანილი საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები. ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სააგენტოს დებულების მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან, თუმცა სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილებულა იმ გარემოებაზე, რომ მერთან საჩივრდება მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სააგენტოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, მიწის მონაცვლეობის საკითხი არ წარმოადგენს სააგენტოს საკუთარ უფლებამოსილებას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც არ ექვემდებარება ადმინისტრაციული საჩივრით მერთან გასაჩივრებას. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორმა აგრეთვე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №61-01201191833 ინფორმაციული ხასიათის წერილი არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის მოთხოვნებს, იმისათვის, რომ მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად და ამასთან, არ შეიცავს იმ აუცილებლად სავალდებულო რეკვიზიტებს, რაც გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ კ. გ-იმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას და თავის საკუთრებაში არსებული (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის გაცვლა ან აღნიშნული ნაკვეთის გამო კომპენსაციის მიღება მოითხოვა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით მასზე დადგენილმა ფუნქციურმა ზონამ მესაკუთრეს შეუზღუდა კუთვნილი ქონების სამშენებლოდ გამოყენების უფლება, არსებული ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ მოთხოვნა კი არ იქნა დაკმაყოფილებული თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 22 მაისის №19.570.748 განკარგულებით. განმცხადებლის განმარტებით, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი შეიძინა 2006 წლის 7 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, ვინაიდან, შესაბამის პერიოდში არ არსებობდა მშენებლობისათვის ხელშემშლელი გარემოება, თუმცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით მიწის ნაკვეთზე შეიზღუდა ყოველგვარი მშენებლობა, ვინაიდან იგი მოექცა ჯერ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, ხოლო შემდგომ - სატყეო ზონაში.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 28 აპრილის №61-01201191833 წერილით კ. გ-ის ეცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთს მიენიჭა სატყეო ზონა, აღნიშნული აქტის მიღებამდე კი მასზე ვრცელდებოდა ლადშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად, ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით არ გაუარესებულა რა განსახილველი მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების შესაძლებლობა, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 28 აპრილის №61-01201191833 წერილი კ. გ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 17 სექტემბრის №10-01202614864 წერილით კ. გ-ის განემარტა, რომ სადავო აქტზე საჩივარი იყო სასამართლოს განსჯადი, რის გამოც ქალაქ თბილისის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა იგი. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ქ. მერიის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობით უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენის ორგანიზება. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, სადავო წერილი მიღებული იყო სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მთავრობას კი არ ჰყავს რა ზემდგომი ორგანო, მისი აქტები საჩივრდება სასამართლოში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, საჩივარი შეიტანება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ იქ არსებობს მისი გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (2018 წლის 16 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) მე-11 მუხლზე, რომლის 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით: „სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული რედაქციით: „სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. დებულების სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო მე-14 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლითაც დადგენილია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება. მითითებული მუხლის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის ფუნქციის განხორციელების მექანიზმს, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობას ხელისუფლების იმავე შტოში და არა აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც გამორიცხავს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-41(კ-20), 29 04 2020წ.; №ბს-361(კ-20), 21.10.2020 წ.).

საკასაციო პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოზე დელეგირებული არის ის უფლებამოსილება, რაც უკავშირდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, მაგრამ არ არის დელეგირებული მაკონტროლებლის უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, მათ შორის საჩივრის საფუძველზე, რაც ე.წ. შემდგომი საკანონმდებლო კონტროლის (ex-post) გავრცელებულ ფორმად განიხილება. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ცალსახად წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი (სუსგ №ბს-25(კ-23),16.05.2023 წ.). მართალია, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციისადმი მიკუთვნებული უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა არის მისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში აღარ უნდა მოხდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მოქმედი რეგულაციები პირდაპირ მიუთითებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან გასაჩივრების წესზე, რაც გამორიცხავს სარჩელის პირდაპირ სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას (სუსგ №ბს-41(კ-20), 29 04 2020წ.).

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო ემსჯელა კ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №61-01201191833 წერილზე და შეამოწმოს მისი კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა შეამოწმოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №61-01201191833 გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება.

რაც შეეხება, კასატორის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №61-01201191833 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა თავის საკუთრებაში არსებული (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის გაცვლა ან აღნიშნული ნაკვეთის გამო კომპენსაციის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით არ გაუარესებულა მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების შესაძლებლობა. საკასაციო პალატის შეფასებით, მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი მოსარჩელის მიმართ ცალსახად წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს და არ არსებობს მისი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის წერილად მიჩნევის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია