Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-658(კს-24) 18 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ბათუმის მერია

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ. დ-ემ 20.12.2012წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ საკომპენსაციო თანხის 181 630 ლარის და საკომპენსაციო თანხის გადაუხდელობის გამო დამდგარი ზიანის 67 809 ლარის მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2013წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა დ. დ-ეის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2013წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და დ. დ-ეს დაევალა მისი (ან უფლებამოსილი პირის) მიერ სსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

დ. დ-ეის წარმომადგენელმა 30.04.2013წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის (ჩატარებული ოპერაციის) გამო მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2013წ. განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და დ. დ-ეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 20 დღით.

დ. დ-ეის წარმომადგენელმა 16.05.2013წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის, უმუშევრობისა და შემოსავლის არარსებობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2013წ. განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველი. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს არ წარუდგენია სსკ-ის 47.1 მუხლით განსაზღვრული მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია მითითებული ნორმით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას. ვინაიდან განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო ხარვეზის შევსება და არც ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

დ. დ-ეის წარმომადგენელმა 04.04.2024წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 23.05.2013წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გაუმჯობესდა დ. დ-ეის ეკონომიკური მდგომარეობა და მას შეუძლია სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა. საქმის წარმოების განახლებით დაცული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბაჟის გადაუხდელობის გამო მხარემ კომპენსაციით მისაღები თანხა არ უნდა დაკარგოს. საქალაქო სასამართლოს 14.02.2013წ. გადაწყვეტილება არის უკანონო. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი. განცხადებას აგრეთვე ერთვის სახელწმიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინებით დ. დ-ეის წარმომადგენლის რ. ჯ-ეის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.05.2013წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, დ. დ-ეს ასევე დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარი. პალატა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 10 წელზე მეტი, ამასთან უდავოა და არც მხარე უარყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს 23.05.2013წ. განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა დ. დ-ეს კანონით დადგენილი წესით 13.07.2013წ.. განსახილველ შემთხვევაში გასულია განცხადების შეტანისთვის კანონით დადგენილი ხუთწლიანი ვადა, შესაბამისად განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად. პალატამ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს. საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. გარდა იმისა, რომ დ. დ-ეის განცხადება დაუშვებელია, ასევე განცხადება არის უსაფუძვლო, რადგან კანონი არ ითვალისწინებს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებით საქმის წარმოების განახლებას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საქმის წარმოების განახლების მიზნით მხარის ეკონომიური მდგომარეობა ახალ გარემოებად ან ახალ მტკიცებულებად არ მიიჩნევა. რაც შეეხება მხარის მითითებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.02.2013წ. გადაწყვეტილების უკანონობაზე, სსკ-ის 424.1 მუხლის მიხედვით მხარეს უფლება აქვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი საფუძვლებზე მითითებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ. დ-ეის მიერ. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა 2013 წელს დ. დ-ეის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საშუალების არარსებობა, რითაც მას წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სახელმწიფოს მიერ მას ჩამოერთვა უძრავი ქონება საექსპროპრიაციო კომპენსაციის გადახდის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები. განცხადების განხილვის წინაპირობას კი ქმნის მისი დასაშვებობის საფუძვლების არსებობის დადგენა, კერძოდ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, განცხადება რჩება განუხილველი (429-ე მუხ.). განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა, რომელიც ადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადას. აღნიშნული ვადა შეადგენს ხუთ წელს (სსკ-ის 426.4 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 23.05.2013წ. განჩინების ასლი დ. დ-ეს გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე და 13.07.2013წ. ჩაბარდა მის დას - ნ. დ-ეს (ტ. 1, ს.ფ. 242). ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარისთვის უწყების ჩაბარება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხავევებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ამდენად კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 13.07.2013წ., ხოლო განცხდება კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარმოდგენილი იქნა სსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ - 04.04.2024წ.. აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავდა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაშვების პროცესუალურ შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], §61). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას, ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 27.05.2010წ. განჩინება საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, §53). მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თ. ჯანაშვილი, ნ. ჯანაშვილი და ი. ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - §19, §25). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სასამართლო აქტი იძენს უდავო, უცილობელ ხასიათს. სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, საზედამხედველო წარმოების წესებს, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის მითითება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობაზე უსაფუძვლოა. საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს და დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.). ბათილად ცნობის ან ახლად გამოვლენის გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა კი წარმოადგენს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, როგორებიცაა: სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, განსაზღვრულობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი სანდოობა (საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის 07.06.2024წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ე. კვიციანი, ე. ჩხეტიანი-ანსიანი და სხვ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §25). განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შეტანის კანონმდებლობით დადგენილი ვადა განმცხადებლის მიერ არ არის დაცული.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 426.4 მუხლით გათვალისწინებული დათქმა განცხადების შეტანის ვადასთან დაკავშირებით არ ვრცელდება სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი არ მიუთითებს აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლების საფუძვლებზე, განცხადება საერთოდ არ შეიცავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კონკრეტულ ნორმაზე მითითებას. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ამ ეტაპზე ბაჟის გადახდის შესაძლებლობის არსებობაზე, რაც არ პასუხობს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ მითითებული ნორმის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ აქვს, ვინაიდან დ. დ-ეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა ჯერ ხარვეზის დადგენის, ხოლო შემდეგში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების არსებობისას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ამასთან აღნიშნულ შემთხვევებში დადგენილია საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შეტანის უფრო მცირე, 3 და 6 თვიანი ვადები. ამასთანავე საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის 07.06.2024წ. გადაწყვეტილებიდან (საქმე „ე. კვიციანი, ე. ჩხეტიანი-ანსიანი და სხვ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გამომდინარე სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი განცხადების შეტანის ვადა არ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე (ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით). აღნიშნული ნორმები შეეხება საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე (422.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.) და სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა (423.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი არც მითითებული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე მიუთითებს. როგორც უკვე აღინიშნა, განმცხადებლის მოთხოვნის ძირითად საფუძველს შეადგენს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფინანსური შესაძლებლობის წარმოშობა, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საქმის წარმოების განახლების წინაპირობად არ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის მტკიცება და სასამართლოსათვის უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა წარმოშობს (სსკ-ის 47.1 მუხ.). დადგენილია, რომ დ. დ-ეის წარმომადგენლის 16.05.2013წ. განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით არ ერთვის მხარის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განმცხადებელი არც ახლა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გადახდისუუნარობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ამასთან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 23.05.2013წ. განჩინება დ. დ-ეს არ გაუსაჩივრებია ზემდგომ ინსტანციაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარე დაეთანხმა განჩინებით დამდგარ შედეგს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლების არარსებობას. ამდენად კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობის შეუძლებლობას. გადაწყვეტილების საბოლოობაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სიკეთეა (საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის 07.06.2024წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ე. კვიციანი, ე. ჩხეტიანი-ანსიანი და სხვ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §44).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. დ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 422-ე, 423-ე, 426-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი