Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-53(კ-25) 10 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 13 იანვარს ა. ვ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.01222173 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ვ-ის უარი ეთქვა მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის N1142 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ვ-ისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით აპელანტ ა. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3, მე-15, 61-ე, 62-ე, 72-ე, მე-80, 81-ე, 82-ე, 84-ე, 861 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემის წესის“ (დანართი N1) 1-ლი, მე-2, მე-3 მუხლები და მიუთითა, რომ სადავო საკითხი ექცევა მითითებული წესის ფარგლებში.

იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად, რომ მოსარჩელე ა. ვ-ი 2022 წლის 8 ივლისის N19/01221893198-37 განცხადებით ითხოვდა მიზნობრივი (სარემონტო სამუშაოების განხორციელება) ფინანსური დახმარების - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის გაცემას მისი საცხოვრებელი სახლის მიშენების შესაკეთებლად, რომლის მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ წარმადგენს, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის ა. ვ-ის იმ განმარტებაზე, რომ ის ითხოვს სარემონტო სამუშაოებისათვის ფინანსური დახმარების მიღებას საცხოვრებელი სახლის მიშენებაზე, რომლის საკუთრების ან მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნია. ამასთან, თანხის ოდენობასთან (70 000 ლარი) დაკავშირებით განმარტა, რომ მას რაიმე ოფიციალური გაანგარიშება არ გაუკეთებია, ხარჯთაღრიცხვა/ინვოისი არ აქვს. მისი ძმა არის ხელოსანი და დაეხმარა სარემონტო თანხის (სამშენებლო მასალები + ხელოსნის გასამრჯელო) გაანგარიშებაში, თუ კოკრეტულად რა დაჯდებოდა სამშენებლო სამუშაოებისათვის მასალა და ხელოსნის ხარჯი.

პალატის მსჯელობით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში გააჩნდა ქალაქ თბილისის (სამგორის რაიონი) რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. დახმარების მიღების მიზნით, პირს განცხადებით უნდა მიემართა გამგეობის რეგისტრაციის ადგილის, ხოლო საცხოვრებელი სახლის/ფართის დაზიანების შემთხვევაში, პირის საკუთრებაში/კანონიერ სარგებლობაში არსებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლის/ფართის ადგილმდებარეობის მიხედვით. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ დახმარების მიღების მიზნით განცხადების წარდგენა, თავისთავად არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუზღუდავად დააკმაყოფილოს თითოეული განმცხადებლის მოთხოვნა. პალატის მოსაზრებით, გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სოციალური პროექტების განხორციელება, მათ შორის მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა განეკუთვნება რაიონის გამგეობის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.01222173 ბრძანება (ა. ვ-ის ნაწილში) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის N1142 ბრძანება (ა. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) - არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი, შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ დაფიქსირებულ შეფასებები და დასკვნები დავის საგანთან მიმართებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ვ-ის მიერ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ არის სოციალურად დაუცველი და სოციალური დახმარებით გათვალისწინებული თანხა არის მისი ერთადერთი შემოსავალი. ჰყავდა 1-ლი ჯგუფის ინვალიდი შშმ პირი შვილი მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობით და ქცევის აშლილობით. მიიჩნევს, რომ სწორედ გაუმართავმა საცხოვრებელმა პირობებმა გამოიწვია მის სახლში ხანძრის გაჩენა, რასაც შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სჭირდება საარსებო პირობების გაუმჯობესება, კერძოდ აღსადგენია ღობე, დაზიანებული სახურავიდან ჩამოდის წყალი, ასევე სრულად შესაცვლელია გაყვანილობა და საჭიროებს შეკეთებას. მიიჩნევს, რომ მისი პრობლემების მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გულგრილობას და სრულ უმოქმედობას. მიუთითებს, რომ მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს დახმარებისთვის თუმცა უშედეგოდ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის - "სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეთათვის დახმარების გაცემის წესის შესაბამისად მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას, რომელიც კასატორის მსჯელობით წარმოადგენს თავის ტერიტორიულ ერთეულში პირთა სოციალური დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას და ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, ზედმიწევნით ზუსტად დაადგინოს და შეაფასოს დაინტერესებული პირის/განმცხადებლის ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. აპელირებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საიდენტიფიკაციო ნომრით .... 2023 წლის 6 იანვრის მონაცემებით ოჯახი შედგებოდა სამი წევრისაგან, თავად ა. ვ-ი, რ. ვ-ი და ე. ა-ი. ოჯახის სარეიტინგო ქულა - 51000; სოციალური შემწეობა - თვეში 150 ლარის ოდენობით.

ე. ა-ი იყო მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, აღნიშნული სტატუსი მინიჭებული ჰქონდა უვადოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ე. ა-ის საქმის წარმოების დასრულებამდე დაენიშნა ა. ვ-ი დროებით მხარდამჭერად, ე. ა-ის მაგივრად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, ფულადი საარსებო სოციალური დახმარება და სხვა) დანიშვნის, აღდგენის, მიღების, განკარგვის, აღების სფეროში; აღნიშნული მიზნით სს „ლ...თან“ ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში, საბანკო დაწესებულებებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის (პლასიტიკური ბარათის მიღების/შეცვლის ან/და ხსენებულისთვის საჭირო „პინ კოდის“ მიღების/შეცვლის) სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; დახმარების მიღების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კერძო კომპანიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება/შეძენის სფეროში. ამავე განჩინებით ა. ვ-ი დროებით დაინიშნა ედმონის მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს აღნიშნული უფლებამოსილებანი მხარდასაჭერი პირის სახელითა და ინტერესების შესაბამისად.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივნისის Nბ37.01181781 ბრძანებით, ა. ვ-ის 2017 წლის 6 დეკემბრის N19/01173402754-37 განცხადება დაკმაყოფილდა და მის მიერ წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი იზოლირებული ბინა N2, იზოლირებული ფართით 53,39 კვ.მ - მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ს უბანი N...-ში. საჯარო რეესტრის 2022 წლის 7 თებერვლის ამონაწერით, N ს/კ ... მიწის ნაკვეთზე არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ...ს უბანი N..., ბინა N2, საერთო ფართით 53.39 კვ.მ, ს/კ ... რეგისტრირებულია ა. ვ-ის საკუთრებად.

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ა. ვ-იმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და სამშენებლო მასალების შესაძენად 7159,2 ლარის ოდენობით მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემა მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის Nბ37.01183414 და 2018 წლის 12 დეკემბრის N37ბ.01183462 ბრძანებებით დაკმაყოფილდა ა. ვ-ის მოთხოვნა (3000 ლარისა და 4159 ლარის ოდენობით, ჯამში - 7159,20 ლარი) და დაზიანებული სახლის შეკეთებისთვის სამშენებლო მასალების შესაძენად გაიცა დახმარება ჯამში - 7159,20 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2022 წლის 8 ივლისს ა. ვ-იმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით მიზნობრივი (სამშენებლო მასალების შეძენა და ხელოსნის გასამრჯელო) სოციალური დახმარების გაცემა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას დამატებითი დოკუმენტაციის სახით დაერთო პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი, ცნობა ვეტერანთა სამსახურიდან, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, შშმ პირის შესახებ ცნობა, მხარდამჭერის ცნობა და ანგარიშის რეკვიზიტები. განცხადებაში მიუთითა, რომ ა. ვ-ი ცხოვრობს ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონი, ...ს უბანი სახლი N... - ბN2-ში და არის ამავე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე აღინიშნა, რომ მის საცხოვრებელ კორპუსს ამხანაგობის პროგრამით სახურავი გამოეცვალა, მაგრამ აღნიშნული პროგრამა არ შეეხო იმ ფართს, რომელიც მას ეკუთვნის. მისი სახურავი არის მხოლოდ მის საკუთრებაში და არ ეკუთვნის ამხანაგობის საერთო საკუთრებას. აღნიშნული ოთახის თავზე დაზიანებულია სახურავი და აუცილებელია მისი შეკეთება, კედლებს აქვს ბზარები და გასალესია, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის ჩამოვარდნის საშიშროება, ასევე დაზიანებული კედლებისა და სახურავის გამო წვიმის დროს სახლში ჩადის წვიმის წყალი, არის მუდმივი სიცივე, ანტისანიტარია და ნესტი, სახურავის ღრიჭოებიდან ჩადიან მღრღნელები და ქვეწარმავლები, რის გამოც მისი ავადმყოფი შვილი შიშისაგან მუდმივ სტრესში იმყოფება, რაც ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. ამასთან, საპირფარეშო არის გარეთ და ისიც საცხოვრებელ სახლთან ერთად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს და საცხოვრებელი სახლის ღობეც არის შესაკეთებელი. ამრიგად, ა. ვ-იმა 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით მიზნობრივი (სამშენებლო მასალების შეძენა და ხელოსნის გასამრჯელო) სოციალური დახმარების გაცემა მოითხოვა.

2022 წლის 27 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის საუბნო განყოფილების უფროსის თ. ბ-ეის მიერ ქალაქ თბილისში, ...ს N..., ბN2-ის განხორციელდა შემოწმება, რაზეც შედგა შესაბამისი შემოწმების აქტი. აქტის მიხედვით, ა. ვ-ი ითხოვს 70 000 ლარს სამშენებლო მასალისთვის, იმ ფართის სარემონტოდ, რომელიც წარმოადგენს კორპუსზე განხორციელებულ მიშენებას, რომელიც არ აქვს საკუთრებაში ა. ვ-ის.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს N37-01222173012 მოხსენებითი ბარათით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სოციალური პროექტების განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, გამგებლის საკონსულტაციო სათათბირო ორგანოს (საბჭო) მიერ, სხვა სოციალური დახმარების გაცემის მიზნით 2022 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე განხილული იქნა - 10 მოქალაქის განცხადება (მიზნობრივი ფინანსური დახმარება სამშენებლო მასალების შესაძენად), საიდანაც ათივე მოქალაქეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მათ შორის არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის განცხადება, შესაბამისად საბჭომ რეკომენდაციით მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას და სოციალურად დაუცველ ან/და შეჭირვებული ათი მოქალაქის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემა მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.0122.173 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა 10 მოქალაქის განცხადება, მათ შორის ა. ვ-ის 2022 წლის 8 ივლისის განცხადება.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 29 აგვისტოს N37-01222411135 წერილით, ა. ვ-ის ეცნობა, რომ გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.0122.173 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა 2022 წლის 8 ივლისის განცხადება, რადგან წარდგენილი დოკუმენტაციითა და ინსპექტირების ოქმით დადგინდა, რომ სარემონტოდ მოთხოვნილი ფართი არ იყო რეგისტრირებული ა. ვ-ის საკუთრებაში.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.01222173 ბრძანება ა. ვ-ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის N1142 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.01222173 ბრძანება.

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ ... წლის ...ს დაბადებული ე. ა-ი (ა. ვ-ის შვილი) გარდაიცვალა 2024 წლის 16 ივლისს.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.01222173 ბრძანების იმ ნაწილის კანონიერება, რომლითაც ა. ვ-ის უარი ეთქვა მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის N1142 ბრძანების კანონიერება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

სოციალური უფლებები, მათ შორის მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღების უფლება განეკუთვნება მოქალაქეთა ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ, ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის.

მოქალაქეთა სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. „..სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე..“ (სუს 2020 წლის 26 თებერვლის Nბს-50(კ-20) განჩინება).

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ საქართველოს ორგანულ კანონს - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებულ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემის წესის“ 1-ლი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემის წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების (შემდგომში გამგეობა) მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიღების მიზნით ფინანსური დახმარების, ასევე უმწეო და მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ფინანსური დახმარების გაცემის წესს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დარეგულირებულია, რომ პირისათვის დახმარების გაწევა შეიძლება მოხდეს მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების, სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისა ან/და პირისათვის დახმარების გაწევის მიზნით შეძენილი საქონლის გადაცემის გზით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, წესით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ (კოდი...) ასიგნებების ფარგლებში. ამავე წესის მე-2 მუხლი ადგენს განცხადებების წარდგენისა და განხილვის წესს, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობაში განცხადების წარდგენის წესს, განცხადებაში მისათითებელ სავალდებულო ინფორმაციასა და განცხადებასთან ერთად წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს. ასევე დადგენილია განმცხადებლის ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები და შასრულოს გამგეობის მიერ განსაზღვრული სხვა პირობები. წესის ფარგლებში დახმარების მიღების მიზნით პირმა განცხადებით უნდა მიმართოს გამგეობას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო საცხოვრებელი სახლის/ფართის დაზიანების შემთხვევაში დახმარების მიღებისათვის მის საკუთრებაში/კანონიერ სარგებლობაში არსებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლის/ფართის ადგილმდებარეობის მიხედვით. რაც შეეხება პროცედურებს, კანონმდებლის მიერ განიმარტა, რომ გამგეობა დახმარების გაცემის თაობაზე განიხილავს მხოლოდ იმ განცხადებას, რომელიც წარდგენილია წესის მოთხოვნების დაცვით.

მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის (შემდგომში გამგებელი) ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს დახმარების მიღების თაობაზე შესულ განცხადებებს, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის წარდგენის შემდგომ, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სადავო საკითხი ექცევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. ვ-იმა 2022 წლის 8 ივლისის N19/01221893198-37 განცხადებით მოითხოვა მიზნობრივი (სარემონტო სამუშაოების განხორციელება) ფინანსური დახმარების 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის გაცემა, მისი საცხოვრებელი სახლის მიშენების შესაკეთებლად, რომლის მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს (ა. ვ-ი) არ წარომადგენს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ა. ვ-ის 2022 წლის 8 ივლისის N19/01221893198-37 განცხადებით მოთხოვნილი - მიზნობრივი ფინანსური დახმარების 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის გაცემის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილმა გამგებლის საკონსულტაციო - სათათბირო ორგანომ (სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ) იმსჯელა და განცხადების ავტორს არ გაუწია რეკომენდაცია. სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 05 აგვისტოს ბ37.01222173 ბრძანებაში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ფართი არ იყო განმცხადებლის (ა. ვ-ი) საკუთრებაში. აღნიშნული გარემოება დადგინდა წარდგენილი დოკუმენტაციით და ინსპექტირების ოქმის საფუძველზე. საკასაციო პალატა გასათვალისწინებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად ა. ვ-ის (მოსარჩელე) იმ განმარტებას, რომ საკუთრების ან მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნია. ამასთან, თანხის ოდენობასთან (70 000 ლარი) დაკავშირებით მიუთითა, რომ ოფიციალური გაანგარიშება არ გაუკეთებია, ხარჯთაღრიცხვა/ინვოისი არ აქვს. მისი ძმა არის ხელოსანი და ის დაეხმარა სარემონტი თანხის გაანგარიშებაში, თუ კონკრეტულად რა დაჯდებოდა სამშენებლო სამუშაოებისათვის მასალა და ხელოსნის ხარჯი.

მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდგომ პალატამ მართებულად განმარტა, რომ მხოლოდ დახმარების მიღების მიზნით განცხადების წარდგენა, თავისთავად, არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუზღუდავად დააკმაყოფილოს თითოეული განმცხადებლის მოთხოვნა. ადმინსტრაციულ ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში გააჩნდა ქალაქ თბილისის (სამგორის რაიონი) რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. დახმარების მიღების მიზნით პირს განცხადებით უნდა მიემართა გამგეობის რეგისტრაციის ადგილის, ხოლო საცხოვრებელი სახლის/ფართის დაზიანების შემთხვევაში, პირის საკუთრებაში/კანონიერ სარგებლობაში არსებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლის/ფართის ადგილმდებარეობის მიხედვით. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სოციალური პროექტების განხორციელება, მათ შორის მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა განეკუთვნება რაიონის გამგეობის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამ კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამ კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიული მოწესრიგების ფორმალური დაცვა იმთავითვე არ გულისხმობს აქტის მართლზომიერებას. აქტის კანონიერების შემოწმებისას ფასდება მისი როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს აქტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემას, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმის გამოცემით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგების შესაბამისობას მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მატერიალურ - სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები და ადმინისტრაციული ორგანოს უარი მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე ეფუძნება ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან (ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ ქონა) ა. ვ-ის მონაცემების შეუსაბამობას. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 აგვისტოს Nბ37.01222173 (ა. ვ-ის ნაწილში) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის N1142 ბრძანება არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი. შესაბამისად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს უარი როგორც აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის, ასევე ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი