Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-540 (2კ-22) 18 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ვ-ემ 20.11.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. ვ-ეის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 19.06.2017წ. N381 დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 14.09.2017წ. N02/235 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2019წ. გადაწყვეტილებით დ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. ვ-ეის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 19.06.2017წ. N381 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 14.09.2017წ. N02/235 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და დ. ვ-ეის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინებით დ. ვ-ეის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ დ. ვ-ემ გაუშვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ. ვ-ეის მიერ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2021წ. განჩინებით დ. ვ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2021წ. განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.12.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 19.06.2017წ. №381 დადგენილებით მიჩნეულ იქნა, რომ დ. ვ-ეს ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში, 1032 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციისათვის არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და მის მიერ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად. დ. ვ-ე უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3000 ლარით, ასევე დადგინდა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ვიტრაჟების დემონტაჟი და ჩაჭრილი ღიობების ამოვსება). მოსარჩელემ 16.06.2017წ. №2033/01 განცხადებით მიმართა მერიის შესაბამის სამსახურს და მოითხოვა შენობის რეკონსტრუქციის მიზნით ნებართვის გაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 20.06.2017წ. №2033/01 წერილით დ. ვ-ეს №2033/01 განცხადებასთან დაკავშირებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: "ა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 274.03.2009წ. №57 დადგენილების შესაბამისად წარმოედგინა სამშენებლო ღობე (ესკიზი, პროექტი), ზომების მითითებით; ბ) გაეთვალისწინებინა ,,საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის“ დამტკიცების შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს 24.03.2017წ. №6 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის განთავსება - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ შეზღუდულ 1 კვ.მ-ზე თვეში შეადგენს 1 (ერთი) ლარს (სახაზინო კოდი: 300693047)". წერილში აღნიშნული ხარვეზის შესავსებად დ. ვ-ეს განესაზღვრა 15 დღე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.13 მუხლზე, რომლის თანახმად საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით იმ პირობებში, როცა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოსთვის ცნობილი იყო რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი პროექტი შეთანხმებული ჰქონდა უფლებამოსილ ორგანოს და ის ელოდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემას, რისთვისაც ითხოვდა დამატებით ვადას, ადმინისტრაციულ ორგანოს მოტივირებული საფუძვლით შეეძლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, რამდენადაც საქმის მასალები უდავოდ ადასტურებდა დამრღვევის მიმართ დადგენილების გამოცემის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გამოყენების საფუძველს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარის 16.06.2017წ. №2033/01 წერილზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებამდე და მასში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გასვლამდე, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №381 დადგენილება დ. ვ-ეის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობისა და მისი დაჯარიმების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მისცეს შესაძლებლობა პირს, რომლის მიმართაც დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გამოასწოროს დარღვევა _ ფაქტობრივად არსებული გარემობების მხედველობაში მიღებით, კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და ორივე ინტერესისათვის მინიმალური დანაკარგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითება, რომელიც ეძლევა დამრღვევს, იძენს ფორმალურ ხასიათს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობისა და მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საკითხი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა და გადაწყვიტა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

უზენაესი სასამართლოს 16.05.2022წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2021წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

უზენაესი სასამართლოს 16.05.2022წ. განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სასკ-ის 34.3 ნაწილის შესაბამისად.

კასატორმა - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემდგომ, 17.05.2017წ. N121 მითითების საფუძველზე სამართალდამრღვევს მიეცა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. მას უნდა შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, რადგან არ გააჩნდა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო ნებართვა. კასატორმა მიუთითა, რომ დ. ვ-ეის 30.03.2017წ. N970/01 განცხადება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე დაკმაყოფილდა. 14.06.2017წ. ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა სამშენებლო ობიექტი და დადგინდა, რომ მითითება არ იყო შესრულებული. კანომდებლობის სრული დაცვით სამართალდამრღვევს ეცნობა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის დრო, ადგილი, თარიღი და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, მოწვეული იქნა ზეპირ მოსმენაზე, სადაც საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება. დ. ვ-ემ განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი ჰქონდა განცხადება მერიაში, თუმცა საქმის მასალებიდან ნათლად ირკვევა, რომ მოთხოვნა წარდგენილ იქნა 16 ივნისს. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამრღვევს მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა მისცემოდა გონივრული ვადა. კასატორმა მიუთითა, რომ 17 მაისის, კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემდეგ, მშენებელს საკმარისი დრო ჰქონდა კანონის შესაბამისად მოეთხოვა და მიეღო სამშენებლო ნებართვა, თუმცა მან იქამდე არ ჩათვალა საჭიროდ დოკუმენტაციის მოწესრიგება, ვიდრე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ პუნქტით არ დაჯარიმდა 3000 ლარით. კასატორმა აღნიშნა, რომ ნებართვა მშენებლობის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მშენებლობის დაწყებამდე, ვინაიდან მხოლოდ მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზეა შესაძლებელი მშენებლობის წარმოება. კასატორმა მიუთითა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 112.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებული შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი. კასატორის მოსაზრებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო სამართალდამღვევს არც ჯარიმის გადახდა ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისაგან და არც დარღვევის გამოსწორება ჯარიმისაგან. კასატორმა აღნიშნა, რომ 16.06.2017წ. განცხადება წარდგენილი იყო ხარვეზით და მხარეს წერილობით ეცნობა ამის შესახებ, ხოლო აპელირება იმ ფაქტზე თითქოს არ იყო მითითებული კონკრეტული თანხა, არ შეესაბამება სიმართლეს. კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ყველა დოკუმენტი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს სადავო აქტის ბათილობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 17.05.2017წ. №121 მითითების საფუძველზე დ. ვ-ეის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში, 1032 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N...) მდებარე შენობის რეკონსტრუქციის (ვიტრაჟის მოწყობა, ღიობის ამოჭრა) უკანონოდ მიმდინარეობის შესახებ. მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 05 (ხუთი) დღიანი ვადა, რათა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 19.06.2017წ. N381 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე დ. ვ-ე დაჯარიმდა 3 000 ლარით. დ. ვ-ეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, კერძოდ, მოწყობილი ვიტრაჟების დემონტაჟი და ჩაჭრილი ღიობის ამოვსება. აღსანიშნავია, რომ სადავო დადგენილების მიღებამდე 15.06.2017წ. ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ზეპირი მოსმენა, რა დროსაც დ. ვ-ემ განმარტა, რომ მას შეთანხმებული ჰქონდა არქიტექტურული პროექტი, მან ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 19.04.2017წ. Nმ/701 ბრძანება ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 1032 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N...) შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. ამასთან, დ. ვ-ემ ითხოვა გონივრული ვადა მშენებლობის ნებართვის წარმოსადგენად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ვ-ემ 16.06.2017წ. N2033/01 განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შენობის რეკონსტრუქციის მიზნით ნებართვის გაცემა, თუმცა პასუხად დ. ვ-ეს გაეგზავნა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 20.06.2017წ. N2033/01 წერილი ხარვეზის თაობაზე, რომლითაც განემარტა, რომ არქიტექტურის სამსახურში უნდა წარედგინა სამშენებლო ღობის ესკიზი ზომების მითითებით და ქ. ბათუმის საკრებულოს 24.03.2017წ. N6 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის განთავსებისათვის - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის მოსაკრებელი ყოველ შეზღუდულ 1 კვ.მ-ზე თვეში 1 (ერთი) ლარის ოდენობით. წერილში არ იყო დაკონკრეტებული გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა. დადგენილი ხარვეზის შესავსებად დ. ვ-ეს განესაზღვრა 15 დღის ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის 16.06.2017წ. N2033/01 წერილზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებამდე და მასში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გასვლამდე, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სადავო დადგენილება დ. ვ-ეის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობისა და მისი დაჯარიმების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მისცეს შესაძლებლობა პირს, რომლის მიმართაც დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გამოასწოროს დარღვევა _ ფაქტობრივად არსებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და ორივე ინტერესისათვის მინიმალური დანაკარგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითება, რომელიც ეძლევა დამრღვევს იძენს ფორმალურ ხასიათს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებამდე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო, რომ დ. ვ-ეს შეთანხმებული ჰქონდა რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი, რომელიც "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას წარმოადგენს, ამასთან, დ. ვ-ეს უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართული ჰქონდა მშენებლობის ნებართვის ასაღებად. ამდენად, შენობის რეკონსტრუქციაზე ნებართვის მისაღებად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ჯერ არ იყო დასრულებული, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მიღებულ იქნა დადგენილება დ. ვ-ეის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობისა და მისი დაჯარიმების შესახებ. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი მოცემულობა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას დ. ვ-ეისთვის გაეგრძელებინა სამართალდარღვევის გამოსწორების ვადა, რასაც ითვალისწინებს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25.13 მუხლი. ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა მხარის მოთხოვნა სამართალდარღვევის საქმის განხილვის გონივრული ვადით გაგრძელების თაობაზე და შემოწმების აქტის შედგენიდან რამდენიმე დღეში მიიღო დადგენილება დ. ვ-ეის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, მაშინ როდესაც "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 4 თვე.

მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისე გადაწყვიტა დ. ვ-ეის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და სამართლებრივად არ შეუფასებია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შემდგომ, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დ. ვ-ეის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მოთხოვნაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის და შესაბამისად უფლების გონივრულ ვადაში რეალიზების საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი