საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1389(კ-24) 11 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ზ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თ. ზ-ე, ნ. ზ-ე, მ. კ-ი, შ. ზ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ზ-ეემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თ. ზ-ეის, ნ. ზ-ეის, მ. კ-ისა და შ. ზ-ეის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის (№..., 11.04.2023წ.) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ერევნული სააგენტოს 2022 წლის 15 დეკემბრის ,,უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების’’ №... ოქმი, მიწის ნაკვეთზე მდებარე საჩხერე, სოფელი ... (ს/კ ...); გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდით თ. ზ-ეის, ნ. ზ-ეის, მ. კ-ის, შ. ზ-ეის თასაკუთრებაში 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ;
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ე. ზ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე. ზ-ეეს დაეკისრა წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი თ. ზ-ეის, ნ. ზ-ეის, მ. კ-ის და შ. ზ-ეის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ზ-ეის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით ე. ზ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება. ე. ზ-ეეს გადასახდელად დაეკისრა წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი თ. ზ-ეის, ნ. ზ-ეის, მ. კ-ის და შ. ზ-ეის სასარგებლოდ 800 ლარის ოდენობით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ზ-ეემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმეორებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა განჩინება არ შეიცავს პასუხს სააპელაციო საჩივარზე. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. ზ-ეის სარჩელი სადავო მიწის ნაკვეთის (375 კვ.მ) იდენტურობის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, თ. ზ-ეის მიერ იმავე საკითხზე შეტანილი სარჩელი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და დადასტურებულად მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ანუ სასამართლომ გააუქმა 2021 წლის 9 მაისის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სადავო მიწის ნაკვეთის საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სავალდებულოდ არ მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება და 2023 წლის 20 იანვარს თ. ზ-ესა და მისი ოჯახის წევრებს თანასაკუთრებაში დაურეგისტრირა 375 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 15 დეკემბრის ოქმისა და საარქივო ცნობის საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანების დარღვევითაა ჩატარებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო სერვიტუტით, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია იდენტურობას არ ადასტურებდა. ე. ზ-ეე და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით, თუმცა დათვალიერების შესახებ მათთვის ცნობილი არ ყოფილა და ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე. ბუნდოვანია თავად დათვალიერების ოქმიც, კერძოდ, გაურკვეველია, რა არის დადასტურებული მითითებული ოქმით - ის, რომ თ. ზ-ეს ნაკვეთი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული 2007 წლამდე, თუ ის გარემოება, რომ ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 20-25 წლის წინ პრივატიზაციის პერიოდში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით. რაც შეეხება საარქივო ცნობას, იგი არ მოიცავს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ადგილმდებარეობას და ნაკვეთის მოცულობას. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით დამტკიცებულ მორიგებაში არ მონაწილეობდა თ. ზ-ე, თუმცა იმ დროისთვის არ არსებობდა ამის აუცილებლობა, რადგან მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო. მორიგების შემდეგ ე. ზ-ეე სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით მის ნაკვეთამდე მისასვლელად.
კასატორის განმარტებით, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით დადგენილია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი 800 ლარის ოდენობით, რაც არ არის დასაბუთებული. საქმეში წარმომადგენილია ე.წ. ქვითრები, რომლითაც ერთი და იგივე პირმა (თ. ზ-ე) ერთი და იგივე თარიღით (13.02.2024) და ერთი და იგივე თანხა (200 ლარი) გადაიხადა ცალ-ცალკე მისი და მისი ოჯახის წევრების ნ. ზ-ეის, მ. კ-ის და შ. ზ-ეის ნაცვლად. აღნიშნული ქვითრების, საქმის გარემოებათა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელი (ი. გ-ე) თ. ზ-ეის ახლო ნათესავია, ქვითრები მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ზ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ზ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 10 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა თ. ზ-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 375 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ... (ტ.1, ს.ფ 181-184); სახელმძღვანელოდ მიუთითა №..., №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებზე. ასევე, დამატებით წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 06.07.2021წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 29.06.2022წ. (ტ.1, ს.ფ 208-209); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ იქნა №... (13.10.2022) გადაწყვეტილება, რომელშიც აღინიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას მოძიებულ იქნა საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო ცნობა. სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საჩხერე, სოფელი .... ვინაიდან ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობა, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა ჩატარდეს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (ტ.1. ს.ფ. 231-232); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის №...-06 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მოძიებულ იქნა საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ვერ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობა, რაც საჭირო იყო დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის (ტ.1, ს.ფ 233-234); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით საჯაროდ გამოქვეყნდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ თ. ზ-ე, ნ. ზ-ე, მ. კ-ი და შ. ზ-ე ფაქტობრივად ფლობენ მიწის ნაკვეთს. სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სხვა პირს პრეტენზია არ გამოუთქვამს. დათვალიერებას, დაინტერესებულ პირთან ერთად ესწრებოდნენ ბლოკში რეგისტრირებული სხვა სამი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლოვანი ნარგავები, კერძოდ, ვაზი (ტალავერი). დაინტერესებული პირის - თ. ზ-ეის განმარტებით, ნაკვეთი გაიცა მასზე მიწის პრივატიზების დროს, რასაც ადასტურებენ მოწმეები ხელმოწერით. მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 375 კვ.მ. სარეგისტრაციო განცხადებით და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები შეესაბამება ერთმანეთს, რაც დადასტურებულია იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული სამი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ (ზ. პ-ი (პირადი ნომერი ...), თ. ზ-ე (პირადი ნომერი ...) და ო. მ-ი (პირადი ნომერი ...)) (ტ.1. ს.ფ. 235-236, 225-226); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით 375 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე საჩხერე, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა თ. ზ-ეის, მ. კ-ის, ნ. ზ-ეის და შ. ზ-ეის თანასაკუთრების უფლებით (ტ.1. ს.ფ. 194-195, 196-197); ვ) 2023 წლის 11 აპრილს ე. ზ-ეემ №90753/17 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებისა და №... (15.12.2022) ადგილზე დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება №...(11.05.23) (ტ.1, ს.ფ 249-253, 395-397); ზ) საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 8 მაისის №13/51179 საარქივო ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, საჩხერის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ...ს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი პ. რ-ის ასული ზ-ე გადახაზულია და კომლის უფროსად რეგისტრირებულია თ. შ.-ს ძე ზ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პ. რ-ის ასული ზ-ე - კომლის უფროსი, გადახაზულია (გარდაიცვალა); თ. შ.-ს ძე ზ-ე - შვილი; ნ. შ.-ს ასული ზ-ე - შვილი; მ. მა.-ს ასული კ-ი - ცოლი; შ. თ.-ს ძე ზ-ე -შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1920 წელს, საერთო სასარგებლო ფართით 108 მ2. მიწის ნაკვეთის ფართობი 1986-1990 წლების ჩანაწერით 0,37 ჰა. 1992 წლის ჩანაწერით 0,38 ჰა. 1986-1996 წლებში საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. 1991 და 1993-1996 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. ...ს საკრებულოს სოფელ ...ს 2001- 2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია თ. შ.-ს ძე ზ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: თ. შ.-ს ძე ზ-ე - ოჯახის უფროსი; ნ. შ.-ს ასული ზ-ე - და; მ. მა.-ს ასული კ-ი - ცოლი; შ. თ.-ს ძე ზ-ე -შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი 2002 წლის ჩანაწერით, საერთო სასარგებლო ფართით 108 მ2. მიწის ნაკვეთის ფართობი 2004 წლის ჩანაწერით 3800 (ასეა დოკუმენტებში). 2001, 2003-2006 წლებში საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. 2001-2003, 2005-2006 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის (ტ.1, ს.ფ 185-186); თ) საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე ე. ზ-ეესა და მოპასუხეებს - ზ. ტ-ეს, ე. ტ-ეს, გ. ზ-ეს და ნ. ზ-ეს შორის შემდეგი პირობებით: ა) ზ. ტ-ე (პ/ნ ...), ე. ტ-ე (პ/ნ ...), გ. ზ-ე (პ/ნ ...) და ნ. ზ-ე (პ/ნ ...) თანხმდებიან, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდით ...) წარმოდგენილი ნახაზის საფუძველზე ისარგებლოს ე. ზ-ეემ და მისმა ოჯახის წევრებმა, რადგან აღნიშნული გზის გავლით მოხვდნენ თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ... და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებულ 253 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მორიგებას თან ერთვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სიტუაციური ნახაზი და ორთოფოტო.) მორიგება შედგენილია საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული მონაკვეთის სარგებლობის თაობაზე. აღნიშნული მიწის ფართობი ეკუთვნის მოპასუხეებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობა მოხდება უსასყიდლოდ. ბ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შესაბამისი მონიშვნით წარმოადგენს განჩინების შემადგენელ ნაწილს (ტ.1, ს.ფ 315-318); ი) 2020 წლის 5 ოქტომბერს თ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ 2020 წლის 31 აგვისტოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის №00832 (აღნიშნული ოქმით არ დადასტურდა №13/51179 (08.05.2019) საარქივო ცნობით და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა, შემდეგი საფუძვლით: მიწის ნაკვეთის ნაწილზე მიღებულია სასამარლოს გადაწყვეტილება და მიმდინარეობს დავა); ბათილად იქნეს ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის №53/3743 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (წერილი); დადგენილ იქნეს თ. ზ-ეის კომლის მფლობელობაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თ. ზ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტროს აზომვითი ნახაზის უფლების დამდგენ დოკუმენტთან მიმართებაში (ტ.1. ს.ფ. 66-81). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წლის 31 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმი №00832 და დაევალა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.07.2020წ. №233358 წერილთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო განაცხადი: №...) (ტ.1, 82-92). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. განჩინებაში აღნიშნულია, რომ ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ოქმით დაინტერესებულ პირს იდენტურობის დადგენაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ მიზეზით, თითქოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 27.06.2019წ. განჩინებაზე დართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით, გზად მიჩნეული მიწის ნაკვეთის ნაწილი ექცეოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობში, რის გამოც საარქივო ცნობით კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი არ აბალანსებდა უკვე რეგისტრირებულ და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ფართობის ჯამს. ამგვარი მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი მხოლოდ ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს იმ პირობებში, როდესაც ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 27.06.2019წ. განჩინება არ შეხებია თ. ზ-ეის მფლობელობაში არსებულ და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სადავო მიწის ნაკვეთს, ეს განჩინება შეეხო იმავე საქმეში მონაწილე მხარეების ე. ზ-ეის (მოსარჩელე) და ზ. ტ-ეის, ე. ტ-ეის, გ. ზ-ეისა და ნ. ზ-ეის (მოპასუხეები) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს’’ (ტ.1, ს.ფ 200-206).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე, რომლის 371 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე ინსტრუქციის 373 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ ამ ინსტრუქციის 371 მუხლით განსაზღვრული წესით დადგინდა, რომ საჭიროა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, სააგენტო ვალდებულია, ამავე ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება უნდა ჩატარდეს ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისი თარიღი და დრო განისაზღვრება დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე კი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ზ-ეის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებულ იქნა საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ვერ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობა. მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი №.... დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დაინტერესებული პირები ფაქტობრივად ფლობენ მიწის ნაკვეთს, რაც ასევე, დადასტურებულ იქნა დათვალიერებაში მონაწილე ამავე ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთის სამი მესაკუთრის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას დაადასტურებდა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ,,უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი’’, რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მოპასუხეების მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების კასატორისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ე. ზ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც არსებობდა მოპასუხეთა მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუსგ საქმეზე №ბს-1330-1315 (კ-11), 09.02.2012წ.; სუსგ საქმეზე №ას-444-423-2015, 30.10.15წ.; სუსგ საქმეზე №ას-12-12-2016, 25.03.2016წ.; სუსგ საქმეზე №ბს-809-805(3კ-17)), 17.01.2019წ.), მით უფრო, რომ საქმის მასალებით დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმება ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდის თაობაზე. მართალია, ზოგადი წესის მიხედვით, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა ინტერესებს იცავდა ადვოკატი ი. გ-ე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საბანკო გადახდის ქვითრები, რომელთა თანახმად თითოეულ მოპასუხეს ადვოკატისათვის გადახდილი ჰქონდა 200 ლარი (ტ.2. ს.ფ. 44-47). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა უზრუნველყოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის და მაქსიმალური თანხის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ საქმეზე Nას-792-1114-07, 11.02.08წ.). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე, ზღვრული თანხის ფარგლებში ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ. (სუსგ საქმეზე Nბს-776-768(2კ-4კს-15), 4.07.2016წ.). სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეფასების შედეგად ადგენს ადვოკატის მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხის გონივრულ ოდენობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, ინსტანციურობის, დავის დასრულების შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გაწეული წარმომადგენლობითი საქმიანობის ასანაზღაურებლად გონივრული და სამართლიანია დაკისრებული თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ზ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. ე. ზ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 25.11.2024წ. №50388204 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია