საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-15(კ-25) 9 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ზ-ე
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 20 ივნისს ვ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო საქმიანობის გამო სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის SSA 0 23 00443481 შეტყობინების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის SSA 9 23 00555204 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვ. ზ-ეის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების ასპინძის სერვის ცენტრისთვის, 1 თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ვ. ზ-ეის სასარგებლოდ 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით ვ. ზ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის N3 23 00443481 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების 2023 წლის 29 მაისის N9 23 00555204 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ. ზ-ეისთვის 2023 წლის 1 მაისიდან, კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით, სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ. ზ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 2023 წლის 16 ივნისის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ვ. ზ-ე დასაქმებული იყო სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის პოზიციაზე, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 820 ლარს.
ვ. ზ-ე დაბადებულია ... წლის ...ს და არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. მას 2022 წლის 9 იანვრიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. შეწყვეტამდე იგი იღებდა პენსიას 354 ლარს, საიდანაც 295 ლარი არის სახელმწიფო პენსია, ხოლო 59 ლარი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი.
მოსარჩელეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 აპრილის NSSA 4 23 004434481 შეტყობინებით ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო პენსია 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის NSSA 4 23 004434481 შეტყობინება გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის NSSA 9 23 00555204 გადაწყვეტილებით ვ. ზ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 25 მაისისა და 29 მაისის ელექტრონული შეტყობინებების თანახმად, ბიურომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ამავე კანონის 1261 მუხლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არასამეწარმეო იურიდიულ პირში (მუზეუმი) განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე, მასში დასაქმებული პირები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.
სააპელაციო პალატის მითითებით, ერთი მხრივ, აპელანტი აცხადებდა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაფუძნებული იყო ყოფილი სსიპ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენდა მის უფლებამონაცვლეს, მეორე მხრივ კი, იმავე მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებულ პირს მიიჩნევდა საჯარო მოხელედ.
სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - განეხორციელებინა სსიპ-ების რეორგანიზაცია, ვერ გააუქმებდა ამ სსიპ-ებში დასაქმებული პირების სოციალური დაცვის ღონისძიებებს და რომ არ განხორციელებულიყო რეორგანიზაცია, სსიპ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირები უდავოდ მიიღებდნენ სახელმწიფო პენსიას.
რეორგანიზაციის მიზანი მართვის გაუმჯობესებაა და არა სოციალური გარანტიების გაუქმება. იმის აღიარებაც, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არის სსიპ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის უფლებამონაცვლე, სამართლებრივად სწორედ იმას გულისხმობს, რომ აღნიშნულ მუზეუმ-ნაკრძალთან მიმართებით არსებულ სამართლებრივ (მათ შორის - შრომით) ურთიერთობებში მუზეუმ-ნაკრძალს ჩაენაცვლა ახლად შექმნილი სააგენტო, ხოლო ფუნქციები, რასაც მუზეუმ-ნაკრძალი დამოუკიდებლად ახორციელებდა, არ გაუქმებულა, ისინი სააგენტოს გადაეცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ეს კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც (გარდა გამონაკლისებისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, სსიპ-ში ეწევა ანაზღაურებად შრომით საქმიანობას. ამდენად, კასატორები საფუძვლიანად მიიჩნევენ მოსარჩელისათვის დანიშნული პენსიის შეწყვეტას.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სუბიექტს; ის დაფუძნებულია სხვადასხვა სსიპ-ების (მათ შორის - ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის) ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. ამდენად, ,,მუზეუმი“ მითითებული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, არ არსებობს დამოუკიდებლად და მისი გამიჯვნა ვერ მოხდება სააგენტოსგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს 2023 წლის 27 აპრილის NSSA 4 23 004434481 შეტყობინება, რომლითაც ვ. ზ-ეს შეუწყდა დანიშნული სახელმწიფო პენსია. სხვა სადავო საკითხები დაკავშირებულია მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან, რამდენადაც, მოსარჩელე ითხოვდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე აქტის ბათილად ცნობას, უსაფუძვლოდ შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენასა და პენსიის უკანონოდ შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ვ. ზ-ე დასაქმებული იყო სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის პოზიციაზე, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 820 ლარს.
მოსარჩელე ვ. ზ-ეს 2022 წლის 9 იანვრიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. შეწყვეტამდე იგი იღებდა პენსიას 354 ლარს, საიდანაც 295 ლარი იყო სახელმწიფო პენსია, ხოლო 59 ლარი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი. მოსარჩელეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 აპრილის NSSA 4 23 004434481 შეტყობინებით ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო პენსია 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის NSSA 9 23 00555204 გადაწყვეტილებით ვ. ზ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. დასახელებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოცემული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის ცნებას. მოცემული მუხლის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონმდებელმა დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა. ასეთ ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს მუზეუმში მუშაობა („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4.გ).
საკასაციო სასამართლო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის № 05/05 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.
მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთი მუზეუმ-ნაკრძალია ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ხოლო მე-9 მუხლი განსაზღვრავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს, რომელთა შორისაა: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და ა. შ.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ამდენად, მართალია, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს მხოლოდ მუზეუმს, თუმცა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, რომლის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით, უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. სადავო აქტების უკანონობის პირობებში კი, მოპასუხეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულად დაევალა ვ. ზ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენა და მიყენებული ზიანის სახით სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ №ბს-973(კ-24) 15.01.2025 წ.).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე