საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-518(კს-24) 18 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს „თ...“
მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ძ-ე (მოსარჩელე), ა. ძ-ე (მოსარჩელე), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მესამე პირები - თ. მ-ი, შპს „ს...“, კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი, სს „მ...“
დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2024წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ძ-ემ და ა. ძ-ემ 21.08.2019წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სს „მ...ს“ ბათუმის ფილიალის და თ. მ-ის მიმართ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.08.2019წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 16.09.2019წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დაასახელა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო. მოსარჩელეებმა აგრეთვე მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ თ. მ-ისთვის აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.2019წ. განჩინებით გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.2019წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაება თ. მ-ი და სს „მ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2020წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „უ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2020წ. განჩინებით გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის შუამდგომლობა აღსრულების ეროვნული ბიუროს 02.08.2019წ. განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილებით გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.10.2020წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელეების გ. ძ-ეის და ა. ძ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.08.2019წ. №A19064495-019/001 განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და კერძო აღმასრულებლის დ. ე-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2022წ. განჩინებით კერძო აღმასრულებლის დ. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 07.11.2022წ. შუამდგომლობით მიმართა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა და სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მოითხოვა სს „თ...ს“ საქმეში მესამე პირად ჩაბმა იმაზე მითითებით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე 2021 წლის 18 თებერვლიდან რეგისტრირებულია ბანკის იპოთეკის უფლება, შესაბამისად მოცემულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება არსებით გავლენას მოახდენს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლების მქონე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2023წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა მესამე პირად სს „თ...ს“ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სს „თ...ს“ წარმომადგენელმა 30.01.2024წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ასევე მოითხოვა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე სს „თ...ს“ მესამე პირად ჩაბმა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 18.02.2021წ. იპოთეკით დაიტვირთა თ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე სხვა იპოთეკა ან რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა არ ფიქსირდებოდა. კერძო აღმასრულებლმა 22.01.2024წ. მიმართა ბანკს და აცნობა უძრავ ნივთზე მოსალოდნელი იძულებითი აუქციონის ჩანიშვნის თაობაზე. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით გაირკვა, რომ სააპელაციო სასამართლოს 18.11.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში გაუქმდა თ. მ-ის საკუთრების უფლება და უძრავ ქონებაზე აღდგა ა. ძ-ეის საკუთრების უფლება, ასევე აღდგა ბანკის იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სს „მ...ს“ იპოთეკის უფლება. აღნიშნულის გამო სს „თ...“ იქცა მეორე რიგის იპოთეკარად. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ იპოთეკარს წარმოადგენდა, განსახილველ საქმეზე იგი მესამე პირად არ ყოფილა ჩაბმული და არც ასეთი სახის ინფორმაცია გააჩნდა. ბანკის მხარედ მოწვევის შემთხვევაში მას მიეცემოდა საკუთარი მოსაზრებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რაც დავაზე სხვა შედეგის დადგომას განაპირობებდა. განმცხადებელმა მიუთითა სასკ-ის 16.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება ბანკის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რის გამო საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა ბანკის, როგორც სადავო ქონების პირველი რიგის იპოთეკარის უფლებები. განმცხადებელმა აგრეთვე მოითხოვა დავის დასრულებამდე №A19064495 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება სს „თ...ს“ იპოთეკის საგანს, რომელიც აუქციონზე გადის სხვა იპოთეკარის - სს „მ...ს“ სასარგებლოდ. არსებული მონაცემებით სს „თ...“ წარმოადგენს მეორე რიგის იპოთეკარს, რაც ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში გამორიცხავს ამ იპოთეკის შემძენზე გადასვლის შესაძლებლობას. აუქციონის გზით ქონების შემძენი პირი იქნება კეთილსინდისიერი და უკვე მის საკუთრებაში გადასულ ქონებაზე შეუძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება დარჩება შეუსრულებელი, შესაბამისად ბანკის იპოთეკის რიგითობის გარკვევამდე, სს „მ...ს“ სასარგებლოდ ქონების რეალიზება არ უნდა განხორციელდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2024წ. განჩინებით სს „თ...ს“ განცხადება კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/367-21) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების, სასკ-ის მე-16.2 მუხლის საფუძველზე სს „თ...ს“ მესამე პირად ჩაბმის და დავის დასრულებამდე №A19064495 სააღსრულებო საქმეზე საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. მ-ისთვის, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა მესამე პირის სტატუსით, ცნობილი იყო მოსარჩელეების ა. ძ-ეის და გ. ძ-ეის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო დავის მიმდინარეობის შესახებ, ამდენად, მესამე პირს - თ. მ-ის კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე გააჩნდა სასამართლო დავის მიმდინარეობის თაობაზე იპოთეკარისთვის - სს „თ...სთვის“ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2023წ. განჩინებით სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად სს „თ...ს“ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს „თ...“ არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად სახეზეა არ არის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მატერიალური და პროცესუალური საფუძვლები. ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმყოფილდა, შესაბამისად სახეზე არ არის სასკ-ის მე-16.2. მუხლის საფუძველზე სს „თ...ს“ მესამე პირად ჩაბმის და დავის დასრულებამდე №A19064495 სააღსრულებო საქმეზე საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2024წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრდა სს „თ...ს“ მიერ. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იპოთეკარისთვის სასამართლოს დავის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ თ. მ-ის ვალდებულებაზე. სასკ-ის მე-16 მუხლი არ ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებას დავის მიმდინარეობის შესახებ სხვა პირებისთვის ცნობების შესახებ. ბუნდოვანია სასამართლოს მითითება კეთილსინდისიერების პრინციპზე, ამასთან გასაჩივრებული განჩინება არანაირ არგუმენტირებულ და საფუძვლიან მსჯელობას არ შეიცავს. თუნდაც თ. მ-ის ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბანკის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენება. ბანკის იპოთეკის რეგისტრაციის მომენტისთვის ქონებაზე სხვა იპოთეკა ან ვალდებულება არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად იგი წარმოადგენდა პირველი რიგის იპოთეკარს, რაც იმპერატიულად ავალდებულებდა სასამართლოს სს „თ...“ ჩაება დავაში მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღება ბანკის მესამე პირად მოწვევის გარეშე არღვევს მისი, როგორც სადავო ქონების პირველი რიგის იპოთეკარის უფლებებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო ბიუროს 02.08.2019წ. განკარგულება, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არც იყო შესაძლებელი, ვინაიდან დავის მიმდინარეობისას უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ბანკის პირველი რიგის იპოთეკის უფლება, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენდა გარდამავალ ვალდებულებას, შესაბამისად თუნდაც სადავო განკარგულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ბანკის მეორე რიგის იპოთეკარად გარდაქმნა გამოირიცხებოდა. მესამე პირად ჩაბმის შემთხვევაში ბანკს მიეცემოდა საკუთარი მოსაზრებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რაც საქმეზე სხვა შედეგის დადგომას განაპირობებდა. გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით განხორციელდა ქონებაზე ა. ძ-ეის საკუთრებისა და მიკრო ბიზნეს კაპიტალის იპოთეკის აღდგენა. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ბანკი არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე არ მიუთითებია არც საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენა არაფერს შეცვლიდა დავის გადაწყვეტისას. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 11.04.2024წ. განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს 18.11.2021წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, ასევე სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე სს „თ...ს“ საქმეში მესამე პირად ჩაბმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დაცული მასალებით გ. ძ-ეის სესხის უზრუნველყოფის მიზნით ა. ძ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე 10.01.2018წ. დარეგისტრირდა სს „მ...ს“ იპოთეკის უფლება. იპოთეკით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო განხორციელდა აღნიშნული უძრავი ნივთის იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, კერძოდ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.08.2019წ. განკარგულებით აუქციონზე უძრავი ქონება შეიძინა თ. მ-იმა. ა. ძ-ემ და გ. ძ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს თბილისის სააპელაციო ბიუროს 02.08.2019წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება თ. მ-ი, სს „მ...“ და კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე - შპს „უ...“. თ. მ-ის მიერ აუქციონზე შეძენილ და მის საკუთარებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 19.02.2021წ. დარეგისტრირდა სს „თ...ს“ იპოთეკის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.08.2019წ. განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავ ნივთზე აღდგა ა. ძ-ეის საკუთრებისა და სს „მ...ს“ იპოთეკის უფლება, ამასთან მესაკუთრის ცვლილების მიუხედავად სს „თ...ს“ იპოთეკის უფლება არ გაუქმებულა და გადაყვა უძრავ ნივთს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით სს „თ...ს“ სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაციის დროისთვის უძრავ ნივთზე სხვა პირის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 18.11.2021წ. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად საჯარო რეესტრში ჩანაწერებში იგი აღირიცხა მეორე რიგის იპოეთაკარად, შესაბამისად დაირღვა მისი, როგორც იპოთეკარის უფლებები. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზე იყო ზემოთ მითითებულ ადმინისტრაციულ დავაში ბანკის სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მოწვევის წინაპირობები და საქმის განხილვაში მისი მიუწვევლობა სსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოშობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები. განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებული ნორმის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან დასაბუთებული არ არის კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მისი მესამე პირად ჩაბმის წინაპირობების არსებობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის 16.1 მუხ.), სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში ჩართვა. სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის 16.2 მუხ.) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (სუსგ 16.01.2020წ. №ბს-1170(კს-18)). ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (მე-16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. მოწვევა სავალდებულოა, თუ მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე (სუსგ 03.06.2020წ. №ბს-992(კს-20)). უკეთუ სს „თ...ს“ განხილულ დავაში გააჩნდა დამოუკიდებელი, არსებითი სამართლებრივი ინტერესი, რაც შესაძლოა გამხადარიყო საქმეში მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 12.02.2015წ. №ბს-145-138(კ-13)). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლის განახლებასაც მოითხოვს კერძოს საჩივრის ავტორი, დავის საგანს შეადგენს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სააღსრულებო ბიუროს განკარგულების მართლზომიერება. აუქციონზე ქონების რეალიზაცია და აღნიშნული განკარგულების მიღება განპირობებული იყო გ. ძ-ეის შეუსრულებელი ვალდებულებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, რის გამოც სარეალიზაციოდ მიექცა მესაკუთრის - ა. ძ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მითითებული დავის ფარგლებში ასევე შეფასებას დაექვემდებარა აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედებების მართლზომიერება და აუქციონზე სარეალიზაციოდ ქონების გატანის წინაპირობების არსებობა, ამდენად აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ სს „თ...“ არ ყოფილა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რამაც განაპირობა მოვალის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორცილება, რაც საბოლოოდ დასრულდა ქონების აუქციონზე რეალიზაციით. დაუსაბუთებელია აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვაში მოწვევის შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი იქნებოდა ისეთი სახის მტკიცებულებები, რაც საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში მყოფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმასრულების განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო წარმოებისას დაცული არ ყოფილა აუქციონის ჩატარების თაობაზე მოვალისა და მესაკუთრის ინფორმირების ვალდებულება, რის გამო ა. ძ-ესა და გ. ძ-ეს შეეზღუდათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოებში მონაწილეობის მიღების უფლება. ამდენად, გაუგებარია სს „თ...ს“ მიერ ისეთი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რომელიც სადავო სააღსრულებო წარმოების მართებულებას დაადასტურებდა, ვინაიდან ბანკი აღნიშნული სააღწრულები წარმოების მხარე არ ყოფილა, ამასთანავე სადავო აქტის გამოცემის პერიოდში ბანკის რაიმე სამართლებრივი კავშირის არსებობა ა. ძ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან არ დასტურდება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 18.11.2021წ. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შეილახა მისი, როგორც იპოთეკარის უფლებები, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით აღდგა ა. ძ-ეის საკუთრების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იპოთეკის უფლება, ხოლო ბანკი მეორე რიგის იპოთეკარად იქნა რეგისტრირებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსითა და საჯარო რეესტრის წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს შეადგენდა განხორციელებული სააღსრულებო წარმოების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონთან შესაბამისობის დადგენა და ამ წარმოების საფუძველზე აუქციონზე უძრავი ნივთის რეალიზაციის საფუძვლების არსებობა. იპოთეკარების რიგითობის განსაზღვრა და მოვალეთა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სამომავლოდ უძრავი ნივთის რეალიზაციის მიზნით განსახორციელებელი შესაძლო სააღსრულებო ქმედებები, მისი შედეგები ადმინისტრაციული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანი არ გამხდარა, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს „თ...ს“ უფლებები და მოვალეობები არ განსაზღვრულა. საკასაციო პალატა ადასტურებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს და ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 27.12.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“, §42), თუმცა ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა, მისი სავალდებულოობა, გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ მხარის დაცვის ღირსი ინტერესი არ ასაბუთებს საქმეში მესამე პირად ყველა იმ სუბიექტის ჩართვის საჭიროებას, რომელსაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღსრულების პროცესთან და მოქმედებდეს გადაწყვეტილების წარმატებით აღსრულების მიზნით. აღსრულება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ერთგვარი პროცედურული გაგრძელებაა, თუმცა ეროვნული სამართლის გაგებით დამოუკიდებელ წარმოებას ქმნის. სასამართლოს მიერ დავის არსებითად განხილვისას დგინდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების არსებობა, რის საფუძველზეც მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა აღსასრულებლად. საპროცესო კანონმდებლობა დავაში მესამე პირად ჩართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობასთან პირის კავშირის გათვალისწინებით, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს ადგენს (1.1 მუხ.) და არა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს (სუსგ 01.06.2022წ. საქმე №ბს-651(კს-21)). სარჩელი ემსახურება მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების რეალიზაციაში მდგომარეობს (სუსგ 27.12.2019წ. №ბს-764-764(2კს-18)). სასკ-ის 16.2 მუხლში ხდება სამართალურთიერთობის მონაწილე პირის საქმეში ჩართვის საჭიროებაზე მითითება, აღნიშნულ სამართალურთიერთობაში სწორედ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობას გულისხმობს, რომლის შედეგიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება. სააღსრულებო წარმოება და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებული ქმედებები აღარ არის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ნაწილი. სააღსრულებო წარმოება არსობრივად საპროცესო წარმოებას ემსგავსება, იგი მართალია ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზებას, თუმცა არ არის ამ ურთიერთობის ნაწილი (სუსგ 01.06.2022წ. საქმე №ბს-651(კს-21)). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის განვითარების არც ერთ ეტაპზე სს „თ...ს“ მოსარჩელეებთან, მოპასუხესთან, მათ ქმედებებთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია, ბანკი არ ყოფილა ა. ძ-ეს, გ. ძ-ეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის არსებული სასესხო და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე, არ ყოფილა ასევე აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაწყებული სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირი. ამდენად, სს „თ...“ არ არის სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, შესაბამისად დავაში მისი მესამე პირად ჩართვა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველი გამოირიცხება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით განხილული საქმის ფარგლებში სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა სს „თ...ს“ სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის საფუძვლების არსებობა, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2023წ. განჩინებით სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა სს „თ...ს“ სასკ-ს 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები არ არსებობდა, ამასთან ბანკის მესამე პირად მოწვევა გავლენას ვერ იქონიებდა საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძველი. აღსანიშნავია, რომ იმ პირის საქმის განხილვაზე მიუწვევლობა, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, a priori არ მიუთითებს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობას/საჭიროებას, შესაძლოა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდეს და პროცესის განახლების შედეგად მიღებულ იქნეს იგივე გადაწყვეტილება, რაც ვერც მხარეთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს და ვერც საჯარო ინტერესების რეალიზებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.06.2024წ. №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ე. კვიციანი, ე. ჩხეტიანი-ანსიანი, მ. ანსიანი და ი. ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018წ. №2/8/765 გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი იმ შემთხვევებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შეცვლის აუცილებლობა. იგივე სტანდარტი იქნა გამოყენებული სსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2024წ. გადაწყვეტილებით (საქმეზე „გ. გვიდიანი, ბ. გვიდიანი და სხვ. პარლამენტის წინააღმდეგ“), კერძოდ პირის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შედეგად არსებულისაგან განსხვავებულ სამართლებრივი შედეგის მიღების შესაძლებლობა უნდა იყოს ცხადი (მითითებული გადაწყვეტილებით სსკ-ის 430.3 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი ივნისიდან). გარდა იმისა, რომ ბანკი ვერ ადასტურებს საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მისი მოწვევის საფუძვლების არსებობას, კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების მართლზომიერებასა და გასაჩივრებული განკარგულების კანონშესაბამისობას დაადასტურებდა. კანონიერ ძალაში მყოფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება მოვალეებს გაეგზავნათ რეგისტრირებულ მისამართზე (მშენებარე კორპუსში), მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო მოვალეთა ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები, აღმასრულებელმა რეგისტრირებულ მისამართზე შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო მიიღო საჯარო შეტყობინების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად აღმასრულებლის მიერ გატარებული ღონისძიებები ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მოვალეებს დაუსაბუთებლად შეეზღუდათ სააღრულებო წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება. ამდენად გარდა იმისა, რომ არ დგინდება ბანკის სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები, კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე ვერ ასაბუთრებს მისი მონაწილეობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], §61). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად, საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 27.05.2010წ. განჩინება საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, §53). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §19, §25). აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების არსებობისას. საქმის წარმოება შესაძლებელია განახლდეს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 421.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის სავალდებულო მესამე პირად მოწვევის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, ვინაიდან იგი სადავო სამართლებრივი ანუ მატერიალური ურთიერთობის მონაწილე მხარე არ ყოფილა, სსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერი ინტერესი კი მხოლოდ სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს შეიძლება გააჩნდეს, შესაბამისად არ არსებობს მითითებული ნორმის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კრედიტორი - იპოთეკარი, რომლის ინტერესია მის მიერ სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, არ რჩება სამართლებრივი დაცვის გარეშე. საჯარო რეესტრის მონაცემებით სს „თ...ს“ იპოთეკის უფლება არ გაუქმებულა, ამასთან სათანადო წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში ბანკს შეუძლია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. რაც შეეხება სასამართლოში დავის მიმდინარეობის თაობაზე თ. მ-ის მიერ ბანკის ინფორმირების ვალდებულებას, აღნიშნული საკითხი სახელშეკრულებო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება. კონკრეტული ინფორმაციის კონტრაჰენტისთვის მიწოდების ვალდებულება დამოკიდებულია ხელშეკრულების საგანზე და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხასიათზე. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს მხარეების ვალდებულება - ერთმანეთს მიაწოდონო ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია და გავლენას იქონიებს კონკრეტული ხელშეკრულების დასადებად ნების ფორმირებაზე. განსახილველი დავის საგნის ფარგლებში სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თ. მ-ისა და სს „თ...ს“ შორის არსებული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის საკითხზე, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან არ არსებობდა ზემოთ მითითებულ ადმინისტრაციულ დავაში სს „თ...ს“ სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მოწვევის, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „თ...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 422-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი