Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1113(კ-23) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - ს. კ-ი, ა. კ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 09 სექტემბრის №00604 ოქმის და 2019 წლის 09 სექტემბრის №604 ბრძანების ბათილად ცნობა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ს. კ-ი ჩაერთო. ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ა. კ-ი ჩაერთო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

4. ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის საკანონმდებლო საფუძვლები უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. სააგენტო არ დავობს საქართველოს ეროვნული არქივის ჩანაწერზე მესამე პირისათვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, არამედ დავობს ამ უფლების კონკრეტულად სახელმწიფოს ტყის საზღვრებში არსებობის შესახებ. არ შეიძლება საარქივო მონაცემებში ასახული ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ტყის მიწების დასარეგისტრირებლად, ვინაიდან სახელმწიფოს არცერთ პერიოდში კერძო პირებზე სახელმწიფო ტყის მიწები არ გაუცია. საარქივო მასალებში ასახულ ინფორმაცია სადავო არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო ტყის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო მიწა არ გადასცემია დაინტერესებულ პირს და ადგილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტის არასწორად გამოყენების მცდელობას.

კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად იქნა კანონშესაბამისად მიჩნეული მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 09 სექტემბრის №00604 ოქმი და 2019 წლის 09 სექტემბრის №604 ბრძანება, რადგან აღნიშნული აქტები არ ადასტურებენ უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობას აზომვით ნახაზთან, არამედ ადგენენ აზომვითი ნახაზის იდენტურობას მიწის ნაკვეთის ფიზიკურად კონკრეტულად იმ ადგილას მდებარეობასთან დაკავშირებით. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუსწავლია საკითხი შეიძლებოდა თუ არა საარქივო მონაცემებში ასახული ინფორმაცია, გავრცელებულიყო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ტყეს წარმოადგენდა.

კასატორი მიუთითებს, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნება 2012 წლის 1 იანვრამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლი და საკმარისად მიიჩნია მხოლოდ საარქივო ჩანაწერში არსებული მონაცემები 2001-2005 წლების თაობაზე, შეფასების მიღმა დატოვა შეიძლებოდა თუ არა ამ უფლების არსებობა სახელმწიფო ტყის მიწაზე, მაშინ როცა ეს ფართობები კერძო პირებისათვის არასოდეს გადაცემულა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 04 ივნისს ბ. კ-იის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა №... სარეგისტრაციო განცხადება თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიებით. განცხადებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 13 979 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადება ასევე შეიცავდა თანხმობას ისეთი შემთხვევისათვის, თუკი მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდება სახელწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირება წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 61-64); ბ) 2019 წლის 07 ივნისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ბ. კ-ის განემარტა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 07 ივნისის №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან მ. (ლ.) კ-ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით (ტ.1. ს.ფ. 66); დ) 2019 წლის 13 ივნისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. კ-ის განემარტა, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა მართლზომიერი მფლობელობა ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნას (ს.ფ. ტ.1. ს.ფ. 75); ე) 2019 წლის 19 ივლისს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა განცხადება №... ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ს. კ-ის ჩართვის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ს. კ-ის მიერ ბ. კ-იის მიმართ გაცემული მინდობილობა (ტ.1. ს.ფ. 84-90); ვ) 2019 წლის 25 ივლისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №...-11 გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. კ-ის განემარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 25 ივლისის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (ტ.1. ს.ფ. 91); ზ) 2019 წლის 22 აგვისტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. კ-ის განემარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 102); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 22 აგვისტოს №... წერილით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა ს. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.1. ს.ფ. 103); ი) მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 09 სექტემბერს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00604 ოქმი. ოქმში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 15 მაისის №45/53354 ცნობაში მითითებული მონაცემები იდენტურია შპს „ბ...“-ის მიერ 17.03.2019წ. შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონებისა (ტ.1. ს.ფ. 105-107); კ) მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 09 სექტემბრის №604 ბრძანებით, დადგინდა ს. კ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 108-109); ლ) საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 15 მაისის №45/53354 ცნობის თანახმად, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერში ფიქსირდება ს. კ-ის კომლი. კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა-ნაგებობასთან ერთად, შეადგენს: 1986-1988 წლებში - 0,50 ჰა-ს; 2001-2005 წლების მონაცემებით - სახნავი - 0,92 ჰა, სათიბი - 1,0 ჰა. ცნობაში მითითებულია საძოვარი 8,3 ჰა (აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მითითებული ოდენობით მიწის ნაკვეთი კომლს არ გამოეყოფოდა, თუმცა მისი რეგისტრაცია ს. კ-ის არ მოუთხოვია. მხოლოდ სახნავის და სათიბის რეგისტრაცია მოითხოვა (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება (02.06.2023წ. სხდომის ოქმი)) (ტ.1. ს.ფ. 175-176); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 13 979 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ს. კ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2019 წლის 15 მაისის №45/53354 საარქივო ცნობა (ტ.1. ს.ფ. 17, 18-19); ნ) 2022 წლის 9 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 13 979 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., ½-½ წილის უფლებით რეგისტრირებულია ს. კ-ის და ა. კ-ის თანასაკუთრებად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2019 წლის 15 მაისის №45/53354 საარქივო ცნობა (ტ.1. ს.ფ. 138-139).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 09 სექტემბრის №00604 ოქმის და 2019 წლის 09 სექტემბრის №604 ბრძანების კანონიერებაა.

იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მიზანი, სადავო აქტების ბათილობით, მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტყის ფონდში დაბრუნებაა, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. დავის საგანი გათვალისწინებით, აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ საქმეში სადავო რეგისტრაცია განხორციელდა ბ. კ-იის სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლება კი, დასტურდებოდა საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 15 მაისის №45/53354 ცნობით, რომლის თანახმად, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერში ფიქსირდება ს. კ-ის კომლი, კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა-ნაგებობასთან ერთად, შეადგენს: 1986-1988 წლებში - 0,50 ჰა-ს; 2001-2005 წლების მონაცემებით - სახნავი - 0,92 ჰა, სათიბი - 1,0 ჰა. ცნობაში მითითებულია საძოვარი 8,3 ჰა და სარეგისტრაციო დოკუმენტი (არა არქივის ცნობის თარიღი, არამედ ამ ცნობაში მითითებული ინფორმაცია არის საკუთრების უფლების საფუძველი) გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომელმაც სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე მიუთითა, რომლის შესაბამისადაც, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებულია, როგორც 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 22 აგვისტოს №... წერილით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა ს. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 09 სექტემბერს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00604 ოქმი. ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 15 მაისის №45/53354 ცნობაში აღნიშნული მონაცემები იდენტურია შპს „ბ...“-ის მიერ 17.03.2019წ. შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონებისა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 09 სექტემბრის №604 ბრძანებით, დადგინდა ს. კ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) მიღების საფუძველი გახდა, რომლითაც მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 13 979 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ს. კ-ის თანასაკუთრების უფლებით, უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი №..., უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი, მითითებულია 2019 წლის 15 მაისის №45/53354 საარქივო ცნობა.

მაშასადამე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ სადავო „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილებით უფლების რეგისტრაციის საფუძველი სწორედ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 15.05.2019წ. გაცემული №45/53354 საარქივო ცნობა იყო. ამდენად, განმცხადებელს სადავო უძრავ ქონებაზე გააჩნდა უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო რეგისტრაციას, ხოლო კასატორს, ამ დოკუმენტით დადგენილი უფლების ნამდვილობის გამაბათილებელი რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, სრულად მდებარეობდა სახელმწიფო ტყის საზღვრებში და ექცეოდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ფართოში. იდენტურობის დადგენისას, არ იქნა შესწავლილი რამდენად შეიძლებოდა სახელმწიფო ტყის კერძო საკუთრებაში გადაცემა.

კასატორის აღნიშნულ მსჯელობის საპასუხოდ საკასაციო პალატა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 151 მუხლზე მიუთითებს, სადაც განმარტებულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (1-ლი და მე-2 პუნქტები). ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი არის საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცული იქნა კანონის მოთხოვნები. გასათვალისწინებელია, რომ ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღებია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. როგორც ზემოთ აღინიშნა, ,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151 მუხლი, ტყის საზღვრის კორექტირების უფლებას აძლევს სარეგისტრაციო სამსახურსაც, თუ ამ უკანასკნელს მიმართა მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე (151 მუხლის მე-4 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვტილება ტყის საზღვრის კორექტირების თაობაზე (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-439(კ-24)).

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, მას სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.10.2023წ. №25341 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია