Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1092(კ-24) 24 ივნისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ. კ-ე, ქ. კ-ე, ნ. მ-ი, მ. თ-ე, მო. თ-ე, ფ. ჭ-ე და ქ. გ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მოსარჩელეები - ა. ი-ი, ნ. ძ-ე

მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) - შპს „დ...“, ხ. ქ-ე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს „ბ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ი-იმა, მ. კ-ემ, ფ. ჭ-ემ, ნ. მ-იმა, ქ. კ-ემ, ნ. ძ-ემ, მ. თ-ემ, ქ. გ-იმა და მო. თ-ემ 2017 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 30 ნოემბრის №მ/3031 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №მ/2560 ბრძანებების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 ნოემბერს შპს „დ...ზე“ გაცემული №მ/2769 მშენებლობის ნებართვისა და 2016 წლის 17 ნოემბერს გაცემული №002155 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 1354 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ა. ი-ის, მ. კ-ეის, ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის და სხვათა თანასაკუთრების ობიექტს. აღნიშნული შენობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური და თანამედროვე კომპლექსია აჭარაში. იგი გაიხსნა ... წელს და ყოველ წელს, ზაფხულში, მომსახურებას უწევს ათასობით სტუმარს, რომელთა უმრავლესობა უცხოელები არიან. აღნიშნული სასტუმროს გვერდით, დაახლოებით 3 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) შეიძინა შპს ,,დ...მა” (საკუთრების რეგისტრაციის თარიღი 07.11.2016 წ.). ქონების წინა მესაკუთრეს წარმოადგენდა ხ. ქ-ე (პ/ნ ...).

2015 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №მ/3031 ბრძანებით სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 ნოემბრის №მ/2769 ბრძანებით, ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 1224.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, შპს ,,დ...ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.

მოსარჩელე მხარის მითითებით, დაპროექტებულ შენობასა და მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ შენობას შორის მანძილი მხოლოდ 3 მეტრია. მშენებლობის განხორციელების შედეგად, მოსარჩელეთა კუთვნილი კომპლექსის ფანჯრების წინ აღმართული იქნება კედელი, შესაბამისად, შპს ,,დ...ის“ მხარეს არსებული ბინები დაბნელდება, ჰაერი და მზის სხივი ვეღარ შეაღწევს, ფანჯრიდან ხედი გაუარესდება, რაც საგრძნობლად შეამცირებს მათ საკუთრებაში არსებული ბინების საბაზრო ღირებულებას. მოსარჩელეები ფიქრობდნენ შპს ,,დ...ისთვის“ შეეძინათ მიწის ნაკვეთი, რათა მომხდარიყო შპს ,,დ...ი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა იმგვარად, რომ მათ სასტუმროსა და საპროექტო შენობას შორის მანძილი მინიმუმ 10 მეტრამდე გაზრდილიყო, თუმცა მიწის ნაკვეთის შეძენის პროცესი და თანმდევი მოქმედებები მოითხოვდა გარკვეულ დროს, შპს ,,დ...ი“ კი არ აპირებდა მშენებლობის შეჩერებას.

მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი, ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და დაინტერესებულ პირთა უფლებების დარღვევით, სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო უარყოფით გავლენას ახდენდნენ მოსარჩელეთა ინტერესებზე, რაც მათივე მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „დ...“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ ხ. ქ-ე, შპს „ბ...“ და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ი-ის, მ. კ-ეის, ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის, ნ. ძ-ეის, მ. თ-ეის, ქ. გ-ისა და მო. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. კ-ეის, ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის, მ. თ-ეის, ქ. გ-ისა და მო. თ-ეის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინებით მ. კ-ეის, ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის, მ. თ-ეის, ქ. გ-ისა და მო. თ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება სადავო სამშენებლო ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნის არსებობის სავალდებულოობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული პუნქტი მოითხოვდა სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გზების მფლობელთან შეთანხმებას და არა სამშენებლო ნებართვის გაცემისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის სავალდებულო დასკვნის არსებობას. დამატებით აღნიშნა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 32-ე მუხლი შეიცავდა ამომწურავ ჩამონათვალს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების შესახებ, რომელ ჩამონათვალშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყო მითითებული.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის დაცვით, გავლილი იყო მშენებლობის სამივე ეტაპი - მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, არქიტექტურული პროექტის დამტკიცება და სამშენებლო ნებართვის გაცემა. არქიტექტორის მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა ადმინისტრაციულ ორგანოს და მასვე მიეწოდა სრული ინფორმაცია, რაც იქნა მოწონებული და გაიცა სამშენებლო ნებართვა. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არქიტექტურულ პროექტთან მიმართებით პრეტენზია არ გააჩნდათ, პრეტენზიის ობიექტს წარმოადგენდა სავალდებულო დასკვნის გაცემის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მესამე პირის ან/და დაინტერესებული პირის ჩართვა თავად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს განეკუთვნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მესამე პირის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა იყო უკანონო, რადგანაც აღნიშნული არ დასტურდებოდა როგორც საქმეზე წარმოდგენილი, ისე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. კ-ეის, ქ. კ-ეის, ნ. მ-ის, მ. თ-ეის, მო. თ-ეის, ფ. ჭ-ეისა და ქ. გ-ის მიერ.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ შეისწავლა და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 30.11.2015წ. №მ/3031 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცდა 1001 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), 20.10.2016წ. №მ/2560 ბრძანებით ცვლილება შევიდა №მ/3031 ბრძანებაში და ასევე შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი, თუმცა ბრძანების გამოცემის მომენტისათვის 1001 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ...-ით აღარ არსებობდა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 17.11.2016წ. შპს „დ...ზე“ გაიცა №მ/2769 მშენებლობის ნებართვა და 17.11.2016წ. გამოიცა სმ №002155 სანებართვო მოწმობა, თუმცა აღნიშნულ აქტებში მითითებულ 1224 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) არ გაუვლია მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირველი და მეორე სტადია. ცხადია, რომ დარღვეულია ზემოხსენებული აქტების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების მოთხოვნები.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №59 დადგენილებაზე და აღნიშნავენ, რომ მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც მოპასუხემ გასცა მშენებლობის ნებართვა, მინიჭებული ჰქონდა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, 30.11.2015წ. №მ/3031 ბრძანების თანახმად კი მიწის ნაკვეთს, გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით, მიენიჭა „სამშენებლო მიწის ნაკვეთის“ სტატუსი. №59 დადგენილების მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეკრეაციო ზონა (რზ) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის (რზ)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამწვანებულ ტერიტორიას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან/და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი). მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თანახმად, გამწვანების კოეფიციენტად განისაზღვრა კ3=0.1, რაც, კასატორთა მოსაზრებით, არ პასუხობს სარეკრეაციო ზონისათვის და გამწვანებული ტერიტორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ კანონი მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს პირდაპირ ავალდებულებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართვას და ეს არ ნიშნავს დეპარტამენტის მხრიდან ამ ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში ჩარევას, ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირების საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამასთან, არასწორად გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. აქვე ხაზგასასმელია, რომ დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით.

საქართველოს მთავრობის 14.02.2011წ. №289 განკარგულების მიხედვით, წითელი ხიდი-თბილისი, სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების ზოლში აკრძალულია მომსახურების კომპლექსების, მათ შორის სასტუმროების განთავსება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მიუხედავად იმისა, რომ გამოიკვლია და შეისწავლა მტკიცებულება, სადაც მოცემული საკითხი იყო განხილული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ეის, ქ. კ-ეის, ნ. მ-ის, მ. თ-ეის, მო. თ-ეის, ფ. ჭ-ეის და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ეის, ქ. კ-ეის, ნ. მ-ის, მ. თ-ეის, მო. თ-ეის, ფ. ჭ-ეის და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „დ...ის“ მიმართ გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 1354 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ა. ი-ის, მ. კ-ეის, ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის, ნ. ძ-ეის, მ. თ-ეის, ქ. გ-ის და სხვათა თანასაკუთრებას.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 30.11.2015წ. №მ/3031 ბრძანებით, ხ. ქ-ეის 21.10.2015წ. განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 1001,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მითითებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია 2006 წლის 25 ოქტომბრიდან ...ს თემის საკრებულოს მიერ 23/10/2006 წელს გაცემული №288 ცნობის საფუძველზე (წინა ს/კ ...).

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20.10.2016წ. №მ/2560 ბრძანებით, ცვლილებები შევიდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 30 ნოემბრის №მ/3031 ბრძანებაში და დამტკიცდა ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 1001,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობები. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 17.11.2016წ. ,,დ...ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა სმ №002155.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 17.05.2016წ. №145 ბრძანებით, ხ. ქ-ეს (შემდგომში - შპს ,,დ...ს“, ს/ნ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 223 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რაზეც 17.05.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხ. ქ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 13.04.2017წ. №2-11/3690 წერილით, თ. ბ-ის ეცნობა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საინჟინრო დაცვის ზონის, როგორც მუდმივი, ასევე მკაცრი ზედამხედველობის ზოლში (პლაჟზე-სადაც დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობით). შპს ,,დ...ის“ მიერ მშენებლობის თაობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მიმართვა არ განხორციელებულა და, შესაბამისად, დეპარტამენტს არ აქვს გაცემული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის სავალდებულო დასკვნა.

ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის, ნ. ძ-ეის, მ. თ-ეის, ქ. გ-ის, მო. თ-ეის, ა. ი-ისა და მ. კ-ეის დაკვეთით, შპს ,,ე...ს“ მიერ, 2017 წელს მომზადებული - უძრავი ქონების მოსალოდნელი გაუფასურების შედეგად მისაღები სავარაუდო ზიანის შესახებ შეფასების დასკვნების შესაბამისად, შპს ,,ე...ს“ შემფასებლებმა ფ. ჭ-ეის, ნ. მ-ის, ქ. კ-ეის, ნ. ძ-ეის, მ. თ-ეის, ქ. გ-ის, მო. თ-ეის, ა. ი-ისა და მ. კ-ეის საკუთრებაში არსებული საქართველოს ზღვისპირა ზოლში მდებარე უძრავი ქონების მოსალოდნელი გაუფასურების შედეგად მისაღები დღიური საიჯარო ღირებულების სავარაუდო ზიანის განსაზღვრის მიზნით განახორციელეს უძრავი ქონების დღიური იჯარის საბაზრო ღირებულების შეფასება. უძრავი ქონების საიჯარო საბაზრო ღირებულების გაუფასურების შედეგად მოსალოდნელი დღიური საიჯარო ღირებულების სავარაუდო ზიანის ოდენობის დადგენა განხორციელდა 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით და დადგინდა, რომ მისაღები სავარაუდო ზიანის კოეფიციენტი შეადგენს (ძირითად შემთხვევებში) საშუალოდ 30%-ს და განისაზღვრება თ/დართულ ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით.

ქ. ბათუმში, ...ში, ...ს ქუჩა, გზატკეცილი №...-ში მდებარე სასტუმროს კომპლექსის პროექტის, შპს ,,ო...ს“ მიერ დამუშავებული 2016 წლის 15 ნოემბრის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შენობა და მისი ცალკეული ელემენტები გაანგარიშებულია მუდმივ და დროებით ვერტიკალურ დატვირთვებზე, აგრეთვე 7 ბალიან სეისმურ ზემოქმედებაზე. პროექტი შესრულებულია მაღალპროფესიონალურ დონეზე და იგი აკმაყოფილებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმატივების ყველა მოთხოვნას. ქ. ბათუმში, ...ში, ...ს ქუჩა, გზატკეცილი №...-ში მდებარე სასტუმროს პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს და მის განხორციელებას ეძლევა დადებითი რეკომენდაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე მუხლის თანახმად, დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა (2 პუნ.). „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს მოქმედი რედაქცია) 26-ე მუხლით განსაზღვრულია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესი; კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის : სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა) („ა“ ქვ.პ.) და სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს („ბ“ ქვ.პ). მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით (2 პუნ.). მე-13 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული, ხოლო 151 მუხლის თანახმად, ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭება, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის აღდგენა გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით იურიდიული პირების დაფუძნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-12 მუხლი განსაზღვრავს კონკრეტული ფუნქციური ზონების განმარტებას, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა (რზ) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის (რზ)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ზონაში მოქცევა არ უზღუდავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს რზ-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების განთავსებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 32-ე მუხლის დანაწესი, განსახილველ შემთხვევაში, არ მოითხოვდა სამშენებლო ნებართვის გაცემისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის სავალდებულო დასკვნის არსებობას. მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის დაცვით, გავლილია მშენებლობის სამივე ეტაპი, მიწის სამშენებლოს გამოყენების პირობები, არქიტექტურული პროექტის დამტკიცება და სამშენებლო ნებართვის გაცემა. არქიტექტორის მიერ მომზადებული პროექტი, სრულ ინფორმაციასთან ერთად წარედგინა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მოიწონა და გასცა სამშენებლო ნებართვა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი შეტანილია ფიზიკური პირების და არა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად ირელევანტურია კასატორების მითითება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის დანაწესზე მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რის საფუძველზეც შპს „დ...ს“ იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები აქვს განხორციელებული. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კუთვნილი სასტუმროს შემოსავლის შემცირებაზე კასატორების მითითება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს კვლევის საგანს, რადგანაც ამ მიმართებით დავა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (იხ.საქმე №ბს-959-950(კ-16), 29.06.2017 წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ეის, ქ. კ-ეის, ნ. მ-ის, მ. თ-ეის, მო. თ-ეის, ფ. ჭ-ეისა და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინება;

3. გ. ვ-ას (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს 24.09.2024წ. №2997 საგადასახადო დავალებით მის მიერ მ. კ-ეის, ქ. კ-ეის, ნ. მ-ის, მ. თ-ეის, მო. თ-ეის, ფ. ჭ-ეისა და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა