Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-29(კ-25) 10 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ეის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 31 მაისს თ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის N... გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის N491 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, თ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით, თ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, 94-96-ე მუხლებზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების პირველ, 22-ე, 24-ე მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის სტატუსი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. შესაბამისად, უნდა დადგინდეს თ. კ-ე მიეკუთვნება თუ არა იმ პირთა წრეს, რომელზეც მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 24-ე მუხლის 11 პუნქტი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის საფუძველი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. კ-ე არ წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, ... ზონაში, კორპუსი N...-ს მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელთან მიმართებაშიც ითხოვდა მითითებულ მისამართზე მდებარე I კლასის ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით შეტყობინების შეთანხმებას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილებით მას დაევალა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და არა უძრავ ქონებასთან მიმართებაში მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის დასაბუთება და ამასთან, გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი. სააპელაციო პალატის განმარტებით, ხარვეზის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება, მისი შინაარსის გათვალისწინებით გასაგები და აღქმადი იყო. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილება მიღებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანების აღსრულების მიზნით, რომლითაც თ. კ-ეის განცხადება ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა არქიტექტურის სამსახურს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში განმცხადებლის - თ. კ-ეის სამართლებრივი კავშირი. სწორედ ამ გარემოების დადგენის მიზნით დაუდგინდა მოსარჩელეს ხარვეზი და დაევალა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თ. კ-ეის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა არა მხოლოდ მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ სხვა ისეთი მასალებიც, რომელიც მისი მოსაზრებით მიუთითებდა თ. კ-ეის უფლებამოსილებაზე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. წარმომადგენლის მხრიდან აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა კი სააპელაციო პალატის განმარტებით, ადასტურებდა, რომ მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული თუ რა უნდა წარედგინა არქიტექტურის სამსახურში და ჰქონდა კიდევაც მცდელობა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაესაბუთებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის განმცხადებლის სამართლებრივი კავშირი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის მარტივი შეტყობინების მოთხოვნით განცხადების წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელ ისეთი სახის დოკუმენტაციას, რაც საქართველოს მთავრობის N255 დადგენილების 24-ე მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად დაადასტურებდა განმცხადებლის უფლებამოსილებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ დაუსაბუთა და ვერც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც დაადასტურებდა სამართლებრივ კავშირს მიწის ნაკვეთთან, შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურმა მართებულად მიიღო გადაწყვეტილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ. კ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც ასევე მართებულად დარჩა ძალაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის N491 ბრძანებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ემ.

კასატორის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც მის მიერ წარდგენილი იქნა მინდობილობის სახით. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ პირს წარუდგინოს ბუნდოვანი მოთხოვნა და უარი უთხრას წარმოებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარდგენილი ის დოკუმენტი, რაც მან იგულისხმა ბუნდოვან მოთხოვნაში. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნულით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ... ზონა, კორპუსი N...-ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 2 659 კვ.მ., ს/კ ..., მესაკუთრედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის N09-1/1911 ბრძანების საფუძველზე, რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.

ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 22 ოქტომბერს თ. კ-ეის წარმომადგენელმა ... განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა თ. კ-ეისთვის ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, ... ზონაში, კორპუსი N...-ს მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ..., არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და I კლასის ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით შეტყობინების შეთანხმება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, თ. კ-ეის წარმომადგენლის ... განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანებით, თ. კ-ეის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბრძანებაში მიეთითა, რომ I კლასის ობიექტი ექვემდებარება მარტივ შეტყობინებას, რა დროსაც კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან/და მოსარგებლე. მოცემულ შემთხვევაში საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო საჩივრის ავტორის მიერ არქიტექტურის სამსახურში 2020 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილი ... განცხადებით მოთხოვნილ იქნა I კლასის სამუშაოების შეტყობინების შეთანხმება იმ უძრავ ნივთზე (ს/კ ...), რომლის მიმართ მისი სამართლებრივი კავშირი საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება. აღნიშნულ გარემოებას კი არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თვალსაზრისით. შესაბამისად, მსგავსი საკითხის გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია განცხადებასთან დაკავშირებით კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანების აღსრულების მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2021 წლის 26 თებერვალს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება, რომლითაც 2020 წლის 22 ოქტომბრის ... განცხადებასთან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი. გადაწყვეტილებაში მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანებით განმარტებული იმ გარემოებების შესახებ, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, საჩივრის ავტორის მიერ არქიტექტურის სამსახურში 2020 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილი ... განცხადებით კი მოთხოვნილ იქნა I კლასის სამუშაოების შეტყობინების შეთანხმება იმ უძრავ ნივთზე (ს/კ ...), რომლის მიმართ მისი სამართლებრივი კავშირი საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, რის გამოც არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ხელახალი წარმოების დაწყება, რა დროსაც შესწავლილი იქნებოდა განმცხადებლის დაინტერესებულ პირად მიჩნევის საკითხი და მხოლოდ ამ გარემოების სამართლებრივი შეფასების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 5 (სზ-5)-ში. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) არის საშუალო ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ მშენებლობის ერთ–ერთ სახეს წარმოადგენს დემონტაჟი, რაც სამსახურის მიერ შესაძლებელია შეთანხმებული იქნას მხოლოდ კანონიერ შენობა-ნაგებობასთან მიმართებით. უნებართვოდ შენობა-ნაგებობების აშენება კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას, რაც თავის მხრივ სამშენებლო სამართალდარღვევაა. ვინაიდან ვერ დგინდება აღნიშნული შენობის კანონიერება, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილი შენობის დემონტაჟზე. ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით კი განმცხადებელს ეცნობა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს გაუნაშენიანებელ არეალში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N39-18 (15.03.2019) დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტურს გარეთ. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. თუმცა ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე სამსახურს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, განმცხადებელს განემარტა, რომ საჭირო იყო წარედგინა განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 15 სამუშაო დღის ოდენობით და ეცნობა, რომ აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

დადგენილია, რომ 2021 წლის 5 მარტს თ. კ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. განცხადებაში მიუთითა, რომ წარმოადგენდა მოთხოვნილ უფლებამოსილების დამდგენ დოკუმენტს, კერძოდ, თ. კ-ეის მიერ მის მიმართ გაცემულ რწმუნებულებას. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ რაც შეეხებოდა თავად თ. კ-ეის უფლებამოსილებას, აღნიშნული დგინდებოდა ამ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით: მიმართვა აღიარების კომისიისადმი, სარჩელი სასამართლოში და სხვა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის N... გადაწყვეტილებით, თ. კ-ეის 2020 წლის 22 ოქტომბრის ... განცხადება, ამავე სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. განმცხადებელს განემარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ მოხდა სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის N... გადაწყვეტილება თ. კ-ეის წარმომადგენელმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. საჩივრის ავტორი წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მიუთითებდა, რომ არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილებით, მხარეს დაევალა განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ვინაიდან განცხადება წარდგენილი იყო თ. კ-ეის წარმომადგენლის მიერ, რომლის რწმუნებულებაც საქმეში იყო, წარმომადგენელმა იხელმძღვანელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანებაში მოცემული მსჯელობით და სამსახურს წარუდგინა არა რწმუნებულება, არამედ თ. კ-ეის მიერ სამსახურიდან ნებართვის აღების კანონიერი ინტერესის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, ის, რომ თ. კ-ე არის ნაკვეთით მოსარგებლე, მისი კეთილსინდისიერი მფლობელი, სწორედ იგი დააჯარიმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობისთვის, მას აქვს სარჩელი აღძრული სასამართლოში მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის საწინააღმდეგოდ და ა.შ., ვინაიდან მერიის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურს სწორედ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა დაევალა. საჩივრის ავტორი აქვე მიუთითებდა, რომ არქიტექტურის სამსახური ვერ გაერკვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანებით მიცემული დავალების არსში იმის თაობაზე, რომ მერია განმცხადებლისგან არა რწმუნებულების წარდგენას, არამედ კანონიერი ინტერესის დამადასტურებელ მტკიცებულებას ითხოვდა და უკანონოდ უთხრა უარი განმცხადებელს საქმის წარმოების გაგრძელებაზე.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის N491 ბრძანებით, თ. კ-ეის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის N... გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის N491 ბრძანების კანონიერებას, რომელთა თანახმად, თ. კ-ეის განცხადება დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით დარჩა განუხილველი, რაც ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით. ამდენად, მხარეთა შორის არსებითად სადავო საკითხს წარმოადგენს რამდენად ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში თ. კ-ეის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია არქიტექტურის სამსახურში 2020 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის სამართლებრივ საფუძველს. ის გარემოება, რომ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველი არსებობდა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილ განცხადებასა და ადმინისტრაციულ საჩივარში თ. კ-ეის წარმომადგენელი თავად განმარტავდა, რომ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით, მხარეს დავალებული ჰქონდა არა მის მიმართ განმცხადებლის მიერ გაცემული რწმუნებულების, არამედ თ. კ-ეის მიერ სამსახურიდან ნებართვის აღების კანონიერი ინტერესის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მის მიერ წარდგენილი იქნა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც მის მიერ წარდგენილი იქნა მინდობილობის სახით. ამასთან, აქვე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ პირს წარუდგინოს ბუნდოვანი მოთხოვნა და უარი უთხრას წარმოებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარდგენილი ის დოკუმენტი, რაც მან იგულისხმა ბუნდოვან მოთხოვნაში და მიაჩნია, რომ აღნიშნულით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობა არის შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნებს და იგი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის შეტყობინება/მშენებლობის დეტალური შეტყობინება ხდება კოდექსით განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის 11 პუნქტი კი ადგენს, რომ განმცხადებელს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს შეტყობინებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ინტერესი.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განმცხადებლისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის საფუძველი იყო სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. კ-ე არ წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, ... ზონაში, კორპუსი N...-ს მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელთან მიმართებაშიც ითხოვდა მითითებულ მისამართზე მდებარე I კლასის ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით შეტყობინების შეთანხმებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილება, რომლითაც 2020 წლის 22 ოქტომბრის ... განცხადებასთან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი, მიღებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანების აღსრულების მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო მითითებული ბრძანებით განმარტებული იმ გარემოებების შესახებ, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, საჩივრის ავტორის მიერ არქიტექტურის სამსახურში 2020 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილი ... განცხადებით კი მოთხოვნილ იქნა I კლასის სამუშაოების შეტყობინების შეთანხმება იმ უძრავ ნივთზე (ს/კ ...), რომლის მიმართ მისი სამართლებრივი კავშირი საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, რის გამოც არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ხელახალი წარმოების დაწყება, რა დროსაც შესწავლილი იქნებოდა განმცხადებლის დაინტერესებულ პირად მიჩნევის საკითხი და მხოლოდ ამ გარემოების სამართლებრივი შეფასების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამავე გადაწყვეტილებაში არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე სამსახურს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, განმცხადებელს განემარტა, რომ საჭირო იყო წარედგინა განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 15 სამუშაო დღის ოდენობით და ეცნობა, რომ აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, გადაწყვეტილება რაიმე სახის ბუნდოვანებას არ შეიცავს, იგი მისი შინაარსის გათვალისწინებით, სრულიად გასაგები და აღქმადია. ამგვარი ბუნდოვანების არსებობის თაობაზე მოსარჩელე მხარე როგორც ზემოთ აღინიშნა, არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიუთითებდა, პირიქით, აცხადებდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის N49 ბრძანებით სამსახურისთვის მიცემული დავალების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მერია განმცხადებლისგან არა რწმუნებულების წარდგენას, არამედ კანონიერი ინტერესის დამადასტურებელ მტკიცებულებას ითხოვდა, თუმცა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნულისგან სრულიად საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ, მხარეს ჰქონდა მცდელობა შეევსო აღნიშნული ხარვეზი, რისთვისაც 2021 წლის 5 მარტს განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და წარუდგინა მტკიცებულებები, რაც მისი პოზიციით, ადასტურებდა თ. კ-ეის უფლებამოსილებას მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, კერძოდ, მიმართვა აღიარების კომისიისადმი, სარჩელი სასამართლოში და სხვა. შესაბამისად, აღნიშნულით დასტურდება, რომ მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული თუ რა უნდა წარედგინა არქიტექტურის სამსახურში და ჰქონდა მცდელობა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაესაბუთებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის განმცხადებლის სამართლებრივი კავშირი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამასთან, რაც შეეხება უშუალოდ წარდგენილ მტკიცებულებებს, აღსანიშნავია, რომ განმცხადებლის მიერ არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება (სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 თებერვლის N... გადაწყვეტილება და თანდართული წარმოების მასალა, რომლითაც დგინდება, რომ თ. კ-ეს სასარჩელო დავა აქვს აღძრული სასამართლოში უძრავი ნივთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის N09-1/1911 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე, ის გარემოება, რომ თ. კ-ეს სადავო უძრავ ნივთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით აქვს მიმართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, რომელიც გადაგზავნილი იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება თ. კ-ეის ინტერესი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, თუმცა აღნიშნული ვერ აქცევს მას მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირად, რომელსაც კანონის საფუძველზე აქვს უფლებამოსილება მოითხოვოს I კლასის ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით შეტყობინების შეთანხმება. ცალსახაა, რომ მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, ამ ეტაპისთვის სადავოა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის განცხადებაზე ხარვეზი სწორად დადგინდა, ხოლო დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილი იქნა განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, არ მოიცავდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის მარტივი შეტყობინების მოთხოვნით განცხადების წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელ ისეთი სახის დოკუმენტაციას, რაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ 24-ე მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დაადასტურებდა განმცხადებლის უფლებამოსილებას. აღნიშნულ უფლებამოსილების დოკუმენტში არ მოიაზრება მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ამას კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს.

ამდენად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს განსაზღვრულ ვადაში ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სამართლებრივ კავშირს მიწის ნაკვეთთან, არქიტექტურის სამსახურმა მართებულად მიიღო გადაწყვეტილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ. კ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელემ ვერც მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში მიმდინარე სამართალწარმოების ეტაპზე უზრუნველყო. ამდენად, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის N... გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის N491 ბრძანება, კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი