Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-373(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – დ. კ-ე

დავის საგანი – ჯარიმის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 15 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - დ. კ-ეის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა დ. კ-ეს შორის 2019 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.06.2019წ. №389 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების“ შესახებ კონტრაქტი №19/104-ს.

ზემოაღნიშნული კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით ვადამდე იქნა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას, მას უპირობოდ ევალებოდა სამინისტროსთვის აენაზღაურებინა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

ამდენად, მოსარჩელემ დ. კ-ეისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 5 000 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე დ. კ-ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 2 500 ლარის გადახდა დაეკისრა;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 9 სექტემბერს, დ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.06.2019 წლის №389 ბრძანებით დამტკიცებული №19/104 ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი’’. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის MOD41900002387 ბრძანებით დ. კ-ე ჩაირიცხა აკადემისს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ...ად, 2019 წლის 9 სექტემბრიდან.

ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 20 სექტემბრის MOD62300003581 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ჯგუფის მსმენელი ... დ. კ-ე გათავისულფდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან, პირადი პატაკის საფუძველზე. დ. კ-ეის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2019 წლის 9 სექტემბრის 2019 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებით დამტკიცებული №19/104-ს „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ 6.2, 6.3 პუნქტები.

განსახილველი საქმის მასალებში წარმოდგენილი ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე დ. კ-ეის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 წელი და 10 დღე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამო იყო და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებდა სამხედრო მოსამსახურეს. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა სამხედრო მოსამსახურის პირადი პატაკის გამო და კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები არ დარღვეულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში 2 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, პრინციპულია შეფასდეს მოპასუხის მიმართ კონტრაქტით ერთჯერადად განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და მნიშვნელოვანია განიმარტოს, განსახილველი დავის ფარგლებში, რამდენად შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხმისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლებსა და წესს. კასატორის მითითებით, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგებული კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, დაუშვებელია ჯარიმის შემცირება, ვინაიდან ხელშეკრულება დაიდო არათუ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, არამედ კანონისმიერი საფუძვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 2 500 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისათვის, უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის MOD41900002387 ბრძანებით, დ. კ-ე ჩაირიცხა აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ...ად, 2019 წლის 9 სექტემბრიდან. ამასთან, 2019 წლის 9 სექტემბერს, დ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.06.2019 წლის №389 ბრძანებით დამტკიცებული №19/104 ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი’’. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 20 სექტემბრის MOD62300003581 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ჯგუფის მსმენელი ... დ. კ-ე გათავისულფდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან, პირადი პატაკის საფუძველზე. დ. კ-ეის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2019 წლის 9 სექტემბრის 2019 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებით დამტკიცებული №19/104-ს „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ 6.2, 6.3 პუნქტები. სამხედრო მოსამსახურე დ. კ-ეის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 წელი და 10 დღე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. კ-ეს შორის 2019 წლის 9 სექტემბრის №19/104 კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული 2 500 - ლარიანი ჯარიმა შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 5 000 ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერის №505 დადგენილებით ცვლილება შევიდა კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულებაში, კერძოდ, განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (კონტრაქტის სახის გათვალისწინებით). დადგენილია, რომ დ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი დადებულია 2019 წლის 9 სექტემბერს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა, გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის №ბს-929(კ-22), 2022 წლის 10 მარტის №ბს-993(კ-21) განჩინებები).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა