Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-689 (კ-22) 18 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ლ-ემ 25.11.2015წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების შპს "ჯ...ს", სსიპ შემოსავლების სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 14.09.2015წ. აქტის ბათილად ცნობა და მასში შეყვანილი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 26.11.2015წ. განჩინებით ო. ლ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა შპს "ჯ...ს" ქონების დაყადაღების შესახებ 17.03.2015წ. აქტში მითითებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.09.2017წ. განჩინებით დადგინდა ო. ლ-ეის სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 07.12.2021წ. გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. N... ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და 17.03.2015წ. ყადაღის აქტიდან ო. ლ-ეის საკუთრებაში არსებული ნივთების (ქვის პურის საცხობი ღუმელი ...-1ც.; პურის ამოსაყვანი დანადგარი (საშრობი) - 2ც.; პურის საცხობი ღუმელი მბრუნავი ... (როტაციული) - 1ც.; საშრობი კარადა -... -1ც.; პურის საჭრელი დანადგარი ... -1ც.; პურის შესაფუთი დანადგარი - 1ც.; ცომის საჭრელი დანადგარი -3 ც.; ცომის დასაგუნდავებელი დანადგარი (რუსული) ... - 1ც.; ცომის დასაგუნდავებელი (თურქული) - 2ც.; ცომის საზელი დანადგარი (დიფი) - 1ც.; ცომის საზელი დანადგარი (პატარა) - 1ც.; ცომის ფორმის მიმცემი "...-1ც.; ქვის პურის თარო - 1ც.; პურის დასაწყობი ურიკა (პატარა) -1ც.; პურის დასაწყობი ურიკა-8 ც.; პურის დასაწყობი ურიკა (დიდი) -2ც.; ცომის მოსათავსებელი სამფეხი -2ც.; რკინის სასწორი-1ც.; ელექტრო სასწორი (პატარა) - 1ც.; ელექტრო სასწორი (დიდი) -1ც.) ამორიცხვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2021წ. გადაწყვეტილებით ო. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. N... ბრძანება და 17.03.2015წ. ყადაღის აქტიდან ამოირიცხა ო. ლ-ეის საკუთრებაში არსებული ნივთები: ქვის პურის საცხობი ღუმელი ...-1ც.; პურის ამოსაყვანი დანადგარი (საშრობი) - 2ც.; პურის საცხობი ღუმელი მბრუნავი ... (როტაციული) -1ც.; საშრობი კარადა-... -1ც.; პურის საჭრელი დანადგარი ... -1ც.; პურის შესაფუთი დანადგარი 1ც.; ცომის საჭრელი დანადგარი - 3 ც.; ცომის დასაგუნდავებელი დანადგარი (რუსული) ... - 1ც.; ცომის დასაგუნდავებელი (თურქული) - 2ც.; ცომის საზელი დანადგარი (დიფი) -1ც.; ცომის საზელი დანადგარი (პატარა) - 1ც.; ცომის ფორმის მიმცემი "...-1ც.; ქვის პურის თარო - 1ც.; პურის დასაწყობი ურიკა (პატარა) -1ც.; პურის დასაწყობი ურიკა-8 ც.; პურის დასაწყობი ურიკა (დიდი) -2ც.; ცომის მოსათავსებელი სამფეხი - 2ც.; რკინის სასწორი - 1ც.; ელექტრო სასწორი (პატარა) - 1ც.; ელექტრო სასწორი (დიდი) - 1ც.. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2021წ. გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურს ო. ლ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ შპს "ლ...ს" საადვოკატო ბიუროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ნაწილის - 450 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 10.02.2014წ. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ო... (მეიჯარე) შპს ,,ჯ...ს“ დირექტორ ა. კ-ეს (მოიჯარეს) იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში გადასცემდა ი/მ ო...ის მფლობელობაში არსებულ პურის საცხობს. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 (ერთი) წელი. საქმეში დაცული 10.02.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ი/მ ო...მ შპს "ჯ...ს" დროებით სარგებლობაში გადასცა შემდეგი დასახელების პურის საცხობი მანქანა-დანადგარები: 1. ქვის პურის საცხობი ღუმელი - 1 ცალი; 2. როტაციული პურის საცხობი ღუმელი -1 ცალი; 3. ცომის ამოსაყვანი კარადა - 3 ცალი; 4. ურიკა - 15 ცალი; 5. პურის ყალიბი - 800 ცალი; 6. ცომის საზელი - 2 ცალი; 7. ცომის საგუნდავებელი - 3 ცალი; 8. ცომის საჭრელი - 3 ცალი; 9. ცომის გასაბრტყელებელი -1 ცალი; 10. რკინის მაგიდა - 3 ცალი; 11. ელექტრო სასწორი - 2 ცალი; 12. ვიდეო-სათვალთვალო მოწყობილობა - 1 კომპლექტი; 13. პურის დასაწყობი თარო - 5 კომპლექტი. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. №... ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ჯ...ს“. 17.03.2015წ. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე განახორციელეს შპს "ჯ...ს" შემდეგი ქონების აღწერა და ყადაღის დადება: ქვის პურის საცხობი ღუმელი ...-1ც.; პურის ამოსაყვანი დანადგარი (საშრობი) - 2ც.; პურის საცხობი ღუმელი მბრუნავი ... (როტაციული) -1ც.; საშრობი კარადა-... -1ც.; პურის საჭრელი დანადგარი ... -1ც.; პურის შესაფუთი დანადგარი - 1ც.; ცომის საჭრელი დანადგარი - 3ც.; ცომის დასაგუნდავებელი დანადგარი (რუსული) ... - 1ც.; ცომის დასაგუნდავებელი (თურქული) - 2ც.; ცომის საზელი დანადგარი (დიფი) -1ც.; ცომის საზელი დანადგარი (პატარა) - 1ც.; ცომის ფორმის მიმცემი "...-1ც.; ქვის პურის თარო - 1ც.; პურის დასაწყობი ურიკა (პატარა) -1ც.; პურის დასაწყობი ურიკა - 8ც.; პურის დასაწყობი ურიკა (დიდი) - 2ც.; ცომის მოსათავსებელი სამფეხი - 2ც.; რკინის სასწორი - 1ც.; ელექტრო სასწორი (პატარა) - 1ც.; ელექტრო სასწორი (დიდი) - 1ც.. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.07.2015წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს შუამდგომლობა და დადგინდა ღია აუქციონის წესით გადასახადის გადამხდელის, შპს ,,ჯ...ს“ (ს/ნ. ..., იურიდიული მისამართი: ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №...) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის დროისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მართალია ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრების ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ არათუ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროის მდგომარეობით, არამედ 2009 წლის 13 ივლისიდან საქმის განხილვის მდგომარეობით, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №...), კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5349 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული შენობების, მათ შორის ... ქარხნის, რომელიც უპირობოდ მოიაზრებს ქარხნის ტექნოლოგიური პროცესის საწარმოებელ ყველა დანადგარს და საჭირო სპეციფიკის ინვენტარს (მოძრავი ნივთები), მესაკუთრეს წარმოადგენდა ო. ლ-ე. სწორედ ეს ... ქარხანა და შესაბამისი ინვენტარი იყო შპს ,,ჯ...სა" და ო. ლ-ეს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საგანი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. № ...-ში (ს/კ№...) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ო. ლ-ე და არა შპს ,,ჯ...“ და რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენდა სწორედ ო. ლ-ეის საკუთრებაში არსებული ... ქარხნის განუყოფელ შემადგენელ ნაწილებს, რაც ცალსახად გამორიცხავდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. №... ბრძანების საფუძველზე ,,შპს ჯ...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მასზე ყადაღის გავრცელებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან შპს „ჯ...ს“ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურის მიერ სრულიად კანონიერად იქნა გამოცემული ბრძანება გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 17.03.2015წ. ასევე კანონიერად შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. სსიპ შემოსავლების სამსახურმა დაყადაღებული ნივთების საკუთრების საკითხთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 158-ე მუხლებზე და განმარტა, რომ 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტზეც, რომლის თანახმად ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი რომელიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. შემოსავლების სამსახური თვლის, რომ ო. ლ-ე დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს არ წარმოადგენს, ვინაიდან მას დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ამასთან, არც საგადასახადო ორგანოსათვის ან აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. კასატორი თვლის, რომ სადავო ნივთების ო. ლ-ეის საკუთრებაში ყოფნას არ ადასტურებს საქმეში დაცული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და რომლის შექმნა საგადასახადო ვალდებულების თავიდან ასაცილებლად მხარეებს შეეძლოთ ნებისმიერ დროს.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია აგრეთვე თავად ო. ლ-ეის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მასალები, კერძოდ, წარმოდგენილია ო. ლ-ეის 05.01.2015წ. განცხადება, სადაც უთითებს, რომ მის სახელზე ირიცხება მხოლოდ უძრავი ქონება, ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომობილები, რაც დამატებით ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას. კასატორი თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. ბრძანება შპს "ჯ...ს" საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ კანონიერად არის გამოცემული, რადგან შპს "ჯ...ს" აღნიშნული ბრძანების გამოცემის დროისათვის გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ხოლო ო. ლ-ე ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს.

კასატორი თვლის, რომ უსაფუძვლოა აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ო. ლ-ეის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას ვინაიდან ო. ლ-ეს ბიუჯეტის მიმართ ჰქონდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროისათვის შეადგენდა 581 996.88 ლარს.

კასატორი სსკ-ის 272-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტზე მითითებით შუამდგომლობს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. კასატორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 296.4 მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. სასკ-ის 2.5 მუხლის მიხედვით სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კასატორი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42.6 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში - აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ყადაღის დადების აქტიდან. ასეთი შუამდგომლობით მოსარჩელეს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის. ასევე არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არ განუხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. ამასთან, 18.07.2014წ. N... ბრძანების თაობაზე ო. ლ-ეისათვის ცნობილი გახდა ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენის დროს - 17.03.2015წ., ამდენად, კასატორის მოსაზრებით ზემოაღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილი წესით და ვადებში არ გასაჩივრებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. N... ბრძანების საფუძველზე შპს "ჯ...ს" საგადასახადო დავალიანების გამო, ო. ლ-ეის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის გავრცელების მართლზომიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული 10.02.2014წ. იჯარის ხელშეკრულებით ი/მ ო...მ (მეიჯარე) დროებით სარგებლობაში, ერთი წლის ვადით გადასცა შპს "ჯ...ს" (მოიჯარე) ი/მ ო...ის მფლობელობაში არსებული ... საცხობი (792.62 კვ.მ. ფართი, დამხმარე ფართი - 120.2 კვ.მ.). სსიპ შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 18.07.2014წ. №... ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ჯ...ს“ ქონებას. აღნიშნული ბრძანების ჩაბარებისთანავე შპს "ჯ...ს" დირექტორმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და აღნიშნა, რომ შპს "ჯ...ს" არ გააჩნდა უძრავ-მოძრავი ქონება და რომ მას ნაქირავები ჰქონდა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №28-ში არსებული ... საცხობი. აღნიშნულის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა, 18.07.2014წ. №... ბრძანების საფუძველზე აღწერეს და დააყადაღეს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში არსებული ... საცხობი მანქანა-დანადგარები, რომელთა მესაკუთრედ მიჩნეულ იქნა შპს "ჯ...". აღსანიშნავია, რომ ყადაღის დადებას ესწრებოდა ო. ლ-ე, რომელმაც აქტის შენიშვნის გრაფაში მიუთითა, რომ დანადგარების მესაკუთრეს თავად წარმოადგენდა და აღნიშნული ფართი დანადგარებთან ერთად მიქირავებული ჰქონდა შპს "ჯ...სათვის".

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 239.2 მუხლზე, რომლის თანახმად საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N...), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5349 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების, მათ შორის ... ქარხნის (საცხობის), მესაკუთრეს წარმოადგენდა ო. ლ-ე. ... საცხობი განლაგებული იყო ხსენებულ საკადატრო კოდზე არსებულ 792.62 კვ.მ. და 120.2 კვ.მ. ფართებში. საქმეში დაცული იჯარის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ... საცხობი ო. ლ-ემ მიაქირავა შპს "ჯ...ს", რომლის საქმიანობის სფეროსაც სწორედ ... ცხობა და რეალიზაცია წარმოადგენდა. ამდენად, იჯარის ხელშეკრულება წარმოშობდა მხოლოდ მფლობელობის უფლებას და შპს "ჯ...ს" ანიჭებდა მფლობელის და არა მესაკუთრის სტატუსს. ამასთან, აღნიშნული ქონება (მოძრავი ნივთები) არ იმყოფებოდა შპს "ჯ...ს" ბალანსზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყადაღის დადების აქტის შედგენისას ზემოაღნიშნული გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს "ჯ...მ" ყადაღის დადებამდე შეატყობინა შემოსავლების სამსახურს, რომ ...ის ქ. №...-ში არსებული ქონების მესაკუთრეს იგი არ წარმოადგენდა და ... საცხობი იჯარით ჰქონდა აღებული. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ ხელწერილზე, რომლის მიხედვით ო. ლ-ემ 2004-2005 წლებში ბ. ნ-ისგან შეიძინა ... საცხობი მოწყობილობების გარკვეული ნაწილი. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმაზე, რომ ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, სასამართლოს იგი არ უნდა გაეთვალისწინებინა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ ო...სა და შპს "ჯ...ს" შორის იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლის ვადით, ამდენად, იგი არ ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 11.5 მუხლის შესაბამისად.

სზაკ-ის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაცული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძვლეზე. სზაკ-ის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასითის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრიცნიპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. № ...-ში (ს/კ №...) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ო. ლ-ე და არა შპს ,,ჯ...“ და რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენდა სწორედ ო. ლ-ეის საკუთრებაში არსებული ... ქარხნის განუყოფელ შემადგენელ ნაწილებს, რაც ცალსახად გამორიცხავდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. №... ბრძანების საფუძველზე, შპს "ჯ...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით მასზე ყადაღის გავრცელებას. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. №... ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ო. ლ-ეის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ ზემოაღნუშნული ბრძანება დაედო საფუძვლად ო. ლ-ეის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღებას, რაც ადასტურებს ო. ლ-ეის კანონიერი ინტერესის არსებობას ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ. ამასთან. "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონის 32.1 მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელის უსაფუძვლობას არ ადასტურებს კასატორის აპელირება ო. ლ-ეის 05.01.2015წ. განცხადების შინაარსზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განცხადებით ო. ლ-ემ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და მიუთითა ასევე, რომ მის საკუთრებაში იყო ...ის ქ. N...-ში მდებარე ქონებაც. აღსანიშნავია, რომ თავად ო. ლ-ეის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.12.2014წ. N021-979 ბრძანების (რომელიც დავის საგანს არ წარმოადგენს) საფუძველზე ყადაღა დაედო ო. ლ-ეის ქონებას მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N..., რაც დამატებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონება ო. ლ-ეის საკუთრებას წარმოადგენდა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება შპს "ლ...ს" საადვოკატო ბიუროს ადვოკატ ე. ჭ-ის მიერ ო. ლ-ეისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა. საქმეში დაცულია აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამდენად, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მართებულია საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოსარჩელის სასარგებლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრება, ხოლო ის ფაქტი, რომ ო. ლ-ეს ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების გამომრიცხავ გარემოებას.

კასატორი საკასაციო საჩივარში შუამდგომლობს აგრეთვე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სსკ-ის 272-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტზე მითითებით. კასატორი თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხარეს თავდაპირველად უნდა გაესაჩივრებინა სსიპ შემოსავლების სამსახურში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 52.2 მუხლზე, რომლის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2014წ. N... ბრძანებაზე, რომლის მე-6 პუნქტით განისაზღვრა გასაჩივრების წესი და მიეთითა, რომ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე სასამართლოში. მსგავს ჩანაწერს შეიცავს ასევე 17.03.2015წ. ყადაღის დადების შესახებ აქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 40.6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ამდენად, ო. ლ-ემ, როგორც მესაკუთრემ და არა როგორც გადასახადის გადამხდელმა, თავისი საკუთრების უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამასთან აღსანიშნავია, რომ სადავო აქტებითაც განემარტა მას სასამართლოში გასაჩივრების უფლების თაობაზე. ამდენად, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე