საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-906 (კ-22) 18 ივნისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ემ 30.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2018წ. №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 21.02.2018წ. №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.03.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთნენ ც. წ-ი, ლა. ლ-ე, ხ. წ-ი და ბ. წ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ლ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2021წ. განჩინებით მესამე პირის - ც. წ-იის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/1822-20, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2021წ. განჩინებითN3ბ/1822-20 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და გარდაცვლილი ც. წ-იის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ნ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებით ლ. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
12.01.2018წ. ლ. ლ-ემ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 401 კვ,მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სააგენტოს წარედგინა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ლ. ლ-ეის განცხადება ახსნა-განმარტებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია ა. ლ-ეის სახელზე, მის მემკვიდრეს კი 04.06.2008წ. გაცემული №2-157 სამკვიდრო მოწმობის თანახმად ლ. ლ-ე წარმოადგენს. სამკვიდრო მოწმობით ლ. ლ-ემ მიიღო ა. ლ-ეის სამკვიდრო ქონება - ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 401 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 202,56 კვ.მ სახლი. დაინტერესებული პირის მიერ ასევე წარდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.12.2017წ. №007227017 ექსპერტიზის დასკვნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2018წ. №... გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 29.06.2017წ. №458 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ა. ლ-ეის საკუთრების უფლების აღიარებისა და 03.06.2008წ. №634 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის საცალფეხო ბილიკს. დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან მეზობელი ნაკვეთების - ს.კ. ... მესაკუთრე ც. წ-იის, ს.კ. ... მესაკუთრე ლ. ლ-ეისა და ს.კ. №... მესაკუთრეების - ხ. წ-ისა და ბ. წ-ის თანხმობა მასზედ, რომ აღნიშნული გზა არ იყო საერთო მოხმარების. „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2018წ. №... გადაწყვეტილება ლ. ლ-ეის წარმომადგენელმა გ. ნ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 21.02.2018წ. №... გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.03.2018წ. №... გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის წარმომადგენელის გ. ნ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის 41 მუხლზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიიჩნევა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია ე.წ. „საცალფეხო ბილიკის“ ა. ლ-ეის (მამკვიდრებელი) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობის ფაქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განეხორციელებინა წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ არსებობდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან მეზობლების თანხმობის მოთხოვნის საფუძველი. აღნიშნული თვალსაზრისით პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ლ. ლ-ეის მამკვიდრებლის - ა. ლ-ეის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 401 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფომაციის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზებზე, რომლითაც დგინდება, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი (მცირედი სხვაობა მითითებულია ისრით) შესაბამისობაშია ტექბიუროში დაცულ საზღვართან. ამასთან, ორთოფოტოს მიხედვით, ნაკვეთის სამხრეთ საზღვარი გადადის გზაზე (ქუჩაში) და მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი შემოსაზღვრულია ფიქსირებული საზღვრით (მყარი ღობით), აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება არსებულ საზღვრებს: დასავლეთის მხრიდან სცილდება (გასულია) მყარ საზღვარს, აღმოსავლეთის მხრიდან საკადასტრო საზღვარში მოქცეული არ არის მყარ საზღვარში არსებული ტერიტორია. მითითებული სიტუაციური ნახაზების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ არის სრულ შესაბამისობაში როგორც ტექბიუროში დაცულ საზღვართან (საინვენტარიზაციო გეგმა), ასევე, არსებულ საზღვრებთანაც. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მესამე პირებიც ეწინააღმდეგებიან ლ. ლ-ეის მიერ მოთხოვნილ რეგისტრაციას წარდგენილი მონაცემებით და ადასტურებენ, რომ ფეხითმოსიარულეთა საერთო სარგებლობის გზა გამოყოფილია ლ. ლ-ეის მიწის ნაკვეთიდან ღობით, ათეული წლების განმავლობაში წარმოადგენდა ...ის ქუჩასთან დამაკავშირებელ საგზაო კომუნიკაციას და ლ. ლ-ეის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას ექსპერტიზის დასკვნაზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებაში. პალატამ მიუთითა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.12.2017წ. №007227017 ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ გაორიენტირების შედეგად მიღებულ მონაცემებს და აღნიშნული დასკვნით სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და საინვენტარიზაციო გეგმის სრული შესაბამისობა არ არის დადგენილი, დასკვნაზე თანდართული ფოტომასალით დგინდება, რომ ბეტონის საფარის მქონე საფეხმავლო ბილიკი სცდება (გასულია) მყარ საზღვარს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის, ან მეზობლების თანხმობის წარდგენის თაობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ 18.01.2018წ. №... და „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 21.02.2018წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ლ. ლ-ეის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ლ-ეის მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ უკანონოდ აქვს შეზღუდული საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები იყო უკანონო. დაინტერესებულ პირს არ განემარტა რატომ არ რეგისტრირდება მისთვის მემკვიდრეობით გადაცემული ფართი იმ კონფიგურაციით, რაც რეგისტრირებული იყო ა. ლ-ეის სახელზე გენ. გეგმის ფარგლებში.
საჩივრის ავტორი თვლის, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედების კანონიერება, არ იმსჯელა იმაზე თუ რამდენად იყო დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხგაუცემელია შემდეგი კითხვები: 1. სარეგისტრაციო საქმისწარმოების შეჩერებამდე მოხდა თუ არა კასატორის მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობის, მის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ოდენობის დადგენა, უკვე რეგისტრირებულ და არქივში დაცულ მონაცემებთან შედარება; 2. კონკრეტულად რა ოდენობის მიწის ნაკვეთის ცდომილება არსებობდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სადავო მიწის ნაკვეთის გამოკლების შემთხვევაში თუ დარჩებოდა ლ. ლ-ეს მემკვიდრეობით გადაცემული 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სრულად? სააპელაციო სასამართლოს მიერ არ გამოკვლეულა რამდენად კანონიერი და დასაბუთებული იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებით მოთხოვნილი დოკუმენტების კანონშესაბამისობა. კასატორის მითითებით აღიარების კომისიის გადაწყვეტილება არ შეეხებოდა მემკვიდრეობით მიღებულ 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მხოლოდ 33 კვ.მ., რომელსაც სადავო ე.წ. ბილიკთან საერთო არ აქვს. გარდა ამისა, 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობით უპირველესად შელახულია კასატორის კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.
საკასაციო საჩივრის ავტორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ლ. ლ-ე ვერ იქნება მყარი საზღვრის მიღმა არსებული ფართის მესაკუთრე, კასატორი აღნიშნავს, რომ მყარი საზღვრის არსებობა არ კრძალავს მასზე საკუთრების უფლების არსებობას.
კასატორის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა ადგენდა მის უფლებას სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის ნაწილში როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოების პოზიცია. საკანონმდებლო მოთხოვნებს არ შეესაბამება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობის საფუძველზე მაშინ, როდესაც არსებობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე და ეს უნდა მოხდეს ფაქტების, დოკუმენტებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება. ასევე, საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ლ-ეის მამკვიდრებლის - ა. ლ-ეის სახელზე გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით აღრიცხულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა. ლ-ეს გამოეყო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში, ამდენად, მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას, ხოლო ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება - მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლზომიერი მფლობელობის გამო ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სახეზე უნდა იყოს თვით მფლობელობის (სარგებლობის) ფაქტის არსებობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ლ-ეის სახელზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აღირიცხა მიწის ნაკვეთი, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამ აქცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღრიცხული პირი - მართლზომიერ მფლობელად, თუმცა ასეთი სტატუსი მას მხოლოდ ნაკვეთის ფლობის შემთხვევაში მიენიჭება. ამდენად, იმისათვის, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწა განხილული იქნას მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად, უნდა დადგინდეს დაინტერესებული პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც კანონმდებელმა ჯერ დაუკავშირა 1994 წლამდე პერიოდს, ხოლო შემდეგში ეს პერიოდი გაიზარდა 2004 წლის 4 ოქტომბრამდე.
ფლობის ფაქტის დადასტურების საჭიროებას შეიცავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონის 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად, „მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე)“ განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მით უფრო მაშინ, როდესაც ცნობა-დასახასიათებას უფლების დამდგენი დოკუმენტი არ ერთვის და ნაკვეთი პირის სახელზე აღრიცხულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ლ. ლ-ეის მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საერთო ფართი 434 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - უსასყიდლო და აღიარებულ იქნა ა. ლ-ეის საკუთრების უფლება. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე 03.06.2008წ. აწ. გარდაცვლილი ა. ლ-ეის სახელზე გაცემულ იქნა №634 საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, თუმცა აღნიშნული მოწმობა აღიარების კომისიის 29.06.2017წ. №458 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან, საერთო სარგებლობის (სავალი გზის) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და გაუქმდა 03.06.2008წ. №634 საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად იმ დათქმით, რომ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდგომ გაიცემოდა ახალი საკუთრების უფლების მოწმობა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მხოლოდ 33 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებას სრულად. საკასაციო პალატა კვლავაც ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცნობა-დახასიათებას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ ერთვის, ნაკვეთი პირის სახელზე აღრიცხულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მხოლოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამ აქცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აღრიცხული პირი - მართლზომიერ მფლობელად.
კასატორი მიუთითებს, რომ სასაზღვრო მიჯნის არსებობა არ კრძალავს მასზე საკუთრების უფლების არსებობას, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მყარი საზღვრის მიღმა არსებულ ფართზე პირის ფაქტობრივი მფლობელობა და უძრავ ნივთზე არ არსებობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მიერ დაფიქსირებული პოზიცია. "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 3.1 მუხლის "ფ" ქვეპუნქტის თანახმად, მყარ სასაზღვრო მიჯნას წარმოადგენს ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში კი მყარი სასაზღვრო მიჯნით დგინდება, რომ დაინტერესებული პირისა თუ მისი მამკვიდრებლის ფაქტობრივ მფლობელობაში წლების განმავლობაში იყო მხოლოდ საზღვრის შიგნით არსებული ტერიტორია და არა სადავო საერთო სარგებლობის ბილიკი.
ფაქტს, რომ ლ. ლ-ე და მისი მამკვიდრებელი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობას/სარგებლობას არ ახორციელებდნენ სრულად, ასევე ადასტურებს სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა განცხადებები (ს.ფ.31, ს.ფ.34, ს.ფ. 39), რომელთა შინაარსიდან ირკვევა, რომ ფეხით მოსიარულეთა საერთო სარგებლობის გზა გამოყოფილია ლ. ლ-ეის მიწის ნაკვეთიდან ღობით, ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა ...ის ქუჩასთან დამაკავშირებელ საგზაო კომუნიკაციას, რომლითაც ინტენსიურად სარგებლობს ლა. ლ-ე (...ის ...ა, ს/კ ...). ამავე გზის გრუნტში განლაგებულია წყლის მილები და ლ. ლ-ე არ წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზის არც მფლობელს და არც მესაკუთრეს.
კასატორი ასევე მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.12.2017წ. №007227017 დასკვნაზე (ს.ფ.216-224), რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 27.11.2006წ. მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული შენობა-ნაგებობისა და ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული 401კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრებში ექცევა ფაქტობრივად არსებული საფეხმავლო ბეტონის საფარის მქონე გზის ძირითადი ნაწილი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ კოორდინატებზე დაყრდნობით საკვლევი მიწის ნაკვეთის საზღვრების გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შეუძლებელია და საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრების გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოხდა მასზე არსებული შენობების გათვალისწინებით. სსკ 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონებისა და საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული უძრავი ქონების შესაბამისობის დადგენის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მყარი საზღვრის მიღმა არსებულ ფართზე პირის ფაქტობრივი მფლობელობა/სარგებლობა და უძრავ ნივთზე არ არსებობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრაციის მიზნებისათვის მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობა არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ექსპერტიზის დასკვნა ადგენდა მის უფლებას სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე. ექპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტო-მასალიდანაც ირკვევა, რომ ბეტონის საფარის მქონე საფეხმავლო გზის ძირითადი ნაწილი მოქცეულია მყარი სასაზღვრო მიჯნის (ღობის) მიღმა, მყარი საზღვრის ცვლილების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება ასევე გამორიცხავს საზღვრის მიღმა არსებულ სადავო ტერიტორიაზე მოსარჩელის მფლობელობის/სარგებლობის ფაქტს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ტერიტორია შესაძლოა ექცეოდეს 2006 წლის მონაცემებით შექმნილი საინვენტარიზაციო გეგმის კონტურში, საქმის მასალებით დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ მხოლოდ მყარი სასაზღვრო მიჯნით (ღობით) შემოსაზღვრული ტერიტორიის მფლობელობა/სარგებლობა. საფეხმავლო ბილიკი ლ. ლ-ეისა და მისი მამკვიდრებლის - აწ გარდაცვლილი ა. ლ-ეის მფლობელობაში არ იყო და დღეის მდგომარეობითაც მოსარჩელის სარგებლობაში/მფლობელობაში არ იმყოფება ღობის მიღმა არსებული ტერიტორია, შესაბამისად, არ არსებობს მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ მისთვის მემკვიდრეობით გადაცემული ფართის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს იმ კონფიგურაციით, რაც რეგისტრირებული იყო ა. ლ-ეის სახელზე გენ. გეგმის ფარგლებში.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის 27.03.2018წ. №185087/17 სამსახურებრივი ბარათით მომზადებულ სიტუაციურ ნახაზებზე (ს.ფ. 122-124), რომელთა თანახმად, წარმოდგენილი ნაკვეთის დიდი ნაწილი (მცირედი სხვაობა მითითებულია ისრით) შესაბამისობაშია ტექბიუროში დაცულ საზღვართან; ორთოფოტოს მიხედვით, ნაკვეთის სამხრეთი საზღვარი გადადის გზაზე (ქუჩაში). მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი შემოსაზღვრულია ფიქსირებული (მყარი ღობით) საზღვრით, აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება არსებულ საზღვრებს: დასავლეთის მხრიდან სცილდება (გასულია) მყარ საზღვარს, აღმოსავლეთის მხრიდან საკადასტრო საზღვარში მოქცეული არ არის მყარ საზღვარში არსებული ტერიტორია. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ასევე ეჭვქვეშ აყენებს საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული უძრავი ქონების საზღვრების ურთიერთშესაბამისობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.5 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კანონშესაბამისია როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2018წ. №... გადაწყვეტილება, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 21.02.2018წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 27.03.2018წ. გადაწყვეტილებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინება;
3. ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 16.09.2022წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი