Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-230(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ა, მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 მარტის №843 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. მ-ას მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს №..., საერთო ფართობი - 183 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 მარტის №843 განკარგულება. დაევალა მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. მ-ას მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ს. ...ს ქ. №..., საერთო ფართობი 183 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. მ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, როგორც 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში.

სასამართლომ, სრულიად უსაფუძვლოდ, ვალიდურ მტკიცებულებად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი - მ. მ-ას ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარედ არსებული მიწის ფართობით, მასზე აშენებული სახლით და დამხმარე ფართით. საყურადღებოა, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად კანონი მხოლოდ მოწმის ჩვენების წარდგენის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა ჩვენება მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული სუბიექტური ხასიათის განცხადებაა, რომელსაც გააჩნია მტკიცებითი ძალა, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ივლისს მომზადებული ინფორმაციით დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისში, ს. ...ს ქ. №...-ის მითითებით აღრიცხულია 5 უძრავი ნივთი: 1. ს. ...ს ქ. №... (ს/ნ: ...), მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 709 კვ.მ; მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია - ნ. ტ-ი; 2. ს. ...ს ქ. №... (ს/ნ: ...), მიწის საერთო და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხული ფართი გაურკვეველია, მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია - ქ. ქ. ო-ი; 3. ს. ...ს ქ. №... (ს/ნ: ...), მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 690 კვ.მ, მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია - ვ. კ-ი; 4. ს. ...ს ქ. №... (ს/ნ: 90), მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 863 კვ.მ, მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია - ვ. ქ-ი; 5. ს. ...ს ქ. №... (ს/ნ: ...), მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 323 კვ.მ, მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია - კომუნალური ფონდი (ტ.1, ს.ფ 110); ბ) 2019 წლის 30 იანვარს, მ. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, თანხმობები, ორთოფოტო, კომუნალური გადახდის ქვითრები, სიტუაციური გეგმა, ინფორმაცია) საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მისამართი ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №... (ტ.1, ს.ფ 180-210); გ) 2018 წლის 3 აგვისტოს, ი. კ-ამ (უძრავი ქონების მესაკუთრე მისამართზე ქ. თბილისი, ს. ...ს ქ. №..., ს/კ ...) და გ. ქ-იმა, ხოლო 2018 წლის 15 ოქტომბერს ი. ი-სმა (უძრავი ქონების მესაკუთრე მისამართზე ქ. თბილისი, ს. ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, ს. ...ს ქ. №..., ს. ...ს ქ. №..., ს/კ ...), სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათი მეზობლის - მ. მ-ას (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ს ქ. №...) ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარედ მიწის ფართობით და მასზე აშენებულ სახლით თავის დამხმარე ფართით, რაც ეკუთვნოდა მათ წინაპრებსაც, სადაც გაშენებულია ხეხილი-ნარგავები, აშენებულია შენობა-ნაგებობები, მოქცეულია ერთიან კაპიტალურ ღობეში. განმცხადებლებმა, თანხმობა განაცხადეს და მიუთითეს, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვთ, რომ უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით (მისამართი ქ. თბილისი, ს. ...ს ქ. №...) დაუკანონდეს მ. მ-ას (ტ.1, ს.ფ 191-192, 203-204, 193-202); დ) სს „თ...ს“ 2021 წლის 2 ნოემბრის წერილის მიხედვით, 1996 წლის და 02.11.2021 წლის მდგომარეობით, მისამართზე, ...ს ქუჩა №..., აბონენტად რეგისტრირებულია კ-ი. 1986 წლის 19 სექტემბრის ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ გ. კ-ი იყო მ. მ-ას მეუღლე. 2021 წლის 31 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ გ. კ-ი გარდაიცვალა 1988 წლის 31 მარტს (ტ.1, ს.ფ 77, 78-88, 89-90, 91); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 თებერვლის №... წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განსახილველად გაეგზავნა მ. მ-ას წარმომადგენლის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №... (ტ.1, ს.ფ 174); ვ) 2021 წლის 26 ნოემბერს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა-დახასიათებისა და საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება, მისამართზე - ქ. თბილისი ...ს ქ. №..., ...ს ქ. №...-..., ...ს ქ. №... და ...ს ქ. №...ბ, (ამჟამინდელი ...ს ქ. №...); ამავე წერილით კომისიამ მოითხოვა თანდართულ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების საფუძველზე სიტუაციური ნახაზის მომზადება (ტ.2. ს.ფ. 90). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 დეკემბრის №... წერილით, საკუთრების აღიარების კომისიას დანართის სახით გაეგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები და ეცნობა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ ტერიტორიაზე საინვენტარიზაციო გეგმის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მიწის ნაკვეთსა და საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული უძრავი ნივთის შედარება (ტ.2, ს.ფ 99); ზ) 2022 წლის 4 თებერვლის №... წერილით, საკუთრების აღიარების კომისიამ კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან მომზადებული ცნობა-დახასიათებისა და საინვენტარიზაციო გეგმების საფუძველზე, მოემზადებინა სიტუაციური ნახაზი თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (ტ.2, ს.ფ 115). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 თებერვლის №... წერილით, საკუთრების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ საინვენტარიზაციო გეგმები არ იძლეოდა წარმოდგენილ მიწის ნაკვეთთან ზუსტი შედარების საშუალებას, შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმასთან იდენტიფიცირება და შედარება ვერ ხერხდებოდა (ტ.2, ს.ფ 116); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 თებერვლის №11 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის №60 საკითხი), მ. მ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., საერთო ფართობი - 183.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.1, ს.ფ 159-170); ი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 მარტის №843 განკარგულებით, უარი ეთქვა მ. მ-ას მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., საერთო ფართობი - 183.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა მ. მ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი (ტ.1, ს.ფ 29-31).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 მარტის №843 განკარგულების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

მოცემულ შემთხვევაში სადავო განკარგულებას, მ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცევის ფაქტი. საგულისხმოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 დეკემბრის №... წერილით, საკუთრების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ ტერიტორიაზე საინვენტარიზაციო გეგმის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მიწის ნაკვეთსა და საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული უძრავი ნივთის შედარება. 2022 წლის 18 თებერვლის №... წერილით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ასევე ეცნობა, რომ საინვენტარიზაციო გეგმები არ იძლეოდა წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზუსტი შედარების საშუალებას, შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმასთან იდენტიფიცირება და შედარება ვერ ხერხდებოდა. ასეთ პირობებში, მოპასუხე მხარის დასკვნა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ, დაუსაბუთებელია და არ არის გაკეთებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად. გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მესაკუთრეებად მითითებულ პირებს (მათ მემკვიდრეებს) კუთვნილი უძრავი ქონება რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში (ტომი 2, ს.ფ. 100-111, 134 -136, 162-163, 206-207, 257-258, 166-169, 171-172, 275-278). აღსანიშნავია, რომ დასახელებული გარემოება სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე ასევე დაადასტურა მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს და თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე მ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია