Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1318(კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. მ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შენობის შემადგენელი ნაწილების ლეგალიზება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. მ-იმა 2022 წლის 16 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5906181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 ივლისის №671 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, ა. მ-იმა განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ მოწყობილი შენობის ნაწილების, კერძოდ, მიშენებული ხელსაბანის, სავენტილაციო მილისა და წყალშემკრების ლეგალიზება. არქიტექტურის სამსახურმა სადავო აქტით (13.05.2022წ. №5906181 ბრძანებით) ა. მ-ის უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან მოთხოვნილი ობიექტები არ ექვემდებარებოდნენ ლეგალიზაციას, რაც ა. მ-ის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 ივლისის №671 ბრძანებით, ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელემ მიუთითა არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №7435 წერილზე, რომლის თანახმადაც არ იყო აკრძალული წყალშემკრებისა და გამწოვი მილის დამოუკიდებლად ლეგალიზება, შესაბამისად სარჩელით მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცნება „შენობის ნაწილებში“ არ მოიაზრებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ობიექტები - ხელსაბანი, სავენტილაციო მილი და წყლისშემკრები ჟოლობი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა ზემოაღნიშნულ წესში (მთავრობის 09.03.2020წ. №153 დადგენილება) ასახული ლეგალიზების არსისა და დანიშნულების განმარტებას. რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის წერილს, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით აკრძალული არ იყო წყალშემკრები და გამწოვი მილის დამოუკიდებლად ლეგალიზება, სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებულზე ვერ იმსჯელებდა, რამდენადაც სადავო აქტების საფუძველს სწორედ ზემოხსენებული წესი ედო საფუძვლად, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული ხელსაბანის, სავენტილაციო მილისა და წყლისშემკრები ჟოლობის ლეგალიზება.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 09.03.2020წ. №1563 დადგენილება არ იძლეოდა ობიექტის ნაწილის განმარტებას, თუმცა მიუთითა სსკ-ის 149-150 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ა. მ-ის მიერ მოთხოვნილი ობიექტების მდებარეობისა და მიმაგრების გათვალისწინებით მათი გამოცალკევება შესაძლებელი იყო იმდაგვარად, რომ არ მომხდარიყო შენობა-ნაგებობის დაზიანება და არც დანიშნულების მოსპობა განეპირობებინა. პალატის მოსაზრებით, სწორედ მოცემულობა ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ ხელსაბანი, სავენტილაციო მილი და წყლისშემკრები ჟოლობი არ მიჩნეულიყო შენობის ისეთ ნაწილად, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილების საფუძველზე ექვემდებარებოდა ლეგალიზებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

კასატორი, ა. მ-ი, მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადგილი ჰქონდა 2007 წლის 01 იანვრამდე წარმოებულ მშენებლობას, არ გაითვალისწინა მერიის 09.01.2017წ. წერილი, რომლის თანახმად, მოთხოვნილი ობიექტები არ ექვემდებარებოდა ლეგალიზაციას, ხოლო 14.01.2019წ. №7435 წერილით აღნიშნა, რომ აკრძალული არ იყო ამ ობიექტების დამოუკიდებლად ლეგალიზება, ანუ მოპასუხე ორ ურთიერთგამომრიცხავ განმარტებას იძლეოდა ერთი გარემოების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა. მ-ისთვის უძრავი ქონების ლეგალიზებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ობიექტები არ ექვემდებარებოდა ლეგალიზებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი.

მითითებული დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.

დადგენილების მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ; კერძოდ, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 14 აპრილს ა. მ-იმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ მოწყობილი ნაწილების: მიშენებული ხელსაბანის, სავენტილაციო მილისა და წყალშემკრების ლეგალიზება. განცხადებას თან დაერთო ზემოხსენებული ობიექტების სქემები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის ბრძანებით ა. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 09.03.2020წ. №153 დადგენილება არ ითვალისწინებდა ხელსაბანის, სავენტილაციო მილის და წყლისშემკრები ჟოლობის ლეგალიზებას. ბრძანებაში მიეთითა, რომ შენობის ნაწილებში მოიაზრებოდა კარი, ფანჯარა, კიბე და სამერცხული, მაგრამ არა ხელსაბანი, სავენტილაციო მილი და წყლისშემკრები ჟოლობი. აღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 ივლისის №671 ბრძანებით ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს შეტყობინების ვალდებულება პირველად, 2008 წლის 27 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილების სახით, ასახულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების (ძალადაკარგულად ცნობის თარიღი: 22/03/2009) მე-60 მუხლში, რომელიც მანამდე დასახელებული შეტყობინების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. ამდენად, ნებართვის აღებისა და შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდებოდა 2008 წლის 27 ოქტომბრამდე, I კლასის შენობა-ნაგებობაზე და მის ნაწილებზე, შესაბამისად ცალსახაა, რომ ამ ტიპის ობიექტის ან მისი ნაწილის მშენებლობა/რეკონსტრუქცია 2008 წლის 27 ოქტომბრამდე მიიჩნეოდა კანონიერად.

ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 09.03.2020წ. №153 დადგენილება არ ვრცელდება 2008 წლის 27 ოქტომბრამდე აშენებულ I კლასის ტიპის ობიექტებსა და მის ნაწილებზე. კონკრეტულ შემთხვევაში კი ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე შენობის ნაწილები, კერძოდ, ხელსაბანი, სავენტილაციო მილი და წყალშემკრები, მოწყობილია 2007 წლამდე (როგორც მოსარჩელე მიუთითებს), შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტების სრულფასოვანი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, ხოლო კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება;

3. ა. მ-ის (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.02.2025წ. №9775 საგადასახადო დავალებით ნ. მ-ის (...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა