Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-69(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბადრი შონია, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ა-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 25 აპრილს ნ. ა-ამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2023 წლის 27 იანვრის №3811-2-00821 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №SSA 82300284592 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2023 წლის 01 თებერვლიდან მოსარჩელისათვის კანონით გათვალისწინებული ოდენობის კომპენსაციის (სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის სტაჟის ნამრავლი) დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან (01.02.2023 წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის სხვაობის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით ნ. ა-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2023 წლის 27 იანვრის №3811-2-00821 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №SSA 8 23 00284592 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის 2023 წლის 01 თებერვლიდან კანონით გათვალისწინებული ოდენობის კომპენსაციის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის სტაჟის ნამრავლის დანიშვნის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის თანხის სხვაობის ანაზღაურება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან (27.01.2023წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონულმა ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევის გამო გათავისუფლდა თანამდებობიდან. ნ. ა-ას მოსამართლედ მუშაობის საერთო სტაჟი იყო 16 წელი, 10 თვე და 6 დღე (2006 წლის 20 თებერვლიდან 2022 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდი).

მოსარჩელე საპენსიო ასაკის გამო თანამდებობიდან განთავისუფლებამდე იკავებდა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. ნ. ა-ა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 29 დეკემბრის №1/145 განკარგულების საფუძველზე - 2022 წლის 27 დეკემბრიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო.

2023 წლის 27 იანვარს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის №3811-2-00821 გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 თებერვლიდან, ნ. ა-ას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. 2023 წლის 16 თებერვალს, ნ. ა-ამ საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის №3811-2-00821 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, არამედ ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც ადგენდა კონკრეტულად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №SSA 8 23 00284592 გადაწყვეტილებით, ნ. ა-ას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომელიც წარმოადგენს ზოგად ჩანაწერს და ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ ნორმას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის 65 წლის ასაკის მიღწევისას კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით პირდაპირ განსაზღვრავს გასაცემი კომპენსაციის ოდენობას და ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესს. კომპენსაციის ოდენობები განსაზღვრულია შემდეგნაირად - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. სასამართლოს შეფასებით, კანონის მე-7 მუხლი, რომელიც ადგენს გასაცემი კომპენსაციის ზღვარს, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას და იგი არ უნდა გავრცელდეს კანონის სხვა მუხლებზე. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მაქსიმალურ ზღვართან მიმართებაში საკითხი უნდა გადაწყვიტოს არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულად განსაზღვრავენ ამ კანონით მოსარგებლე თითოეული სუბიექტების მიმართ კომპენსაციის ოდენობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონულმა ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა სერვის ცენტრმა, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 27 იანვარს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ა-ასთვის ასაკის საფუძვლით რაიონული სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით.

ნ. ა-ას კომპენსაცია გადაუანგარიშდა არა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, არამედ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29.12.2022 წ. №1/144 განკარგულება) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მითითებულია რომ ნ. ა-ა განთავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და არა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 1 თებერვლიდან ნ. ა-ას დაენიშნა ასაკის საფუძვლით რაიონული სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია - 560 ლარის ოდენობით.

კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი განმარტავს კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მე-7 მუხლი ადგენს ზღვარს, ანუ დანიშნული კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობას, რაც არსებითად ადმინისტრირების მნიშვნელობით არის ურთიერთდამოკიდებული პირობა. შესაბამისად, თანხების მოცულობაში არსებული სხვაობა არ უნდა შეფასდეს სპეციალურ და ზოგადი შინაარსის ნორმათა შორის კოლიზიად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს მოსარჩელისათვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობისა და კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, 2006 წლის 20 თებერვლიდან - 2022 წლის 27 დეკემბრამდე, ნ. ა-ა იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; ამავე წლებში ის იკავებდა სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას; ნ. ა-ა, 2022 წლის 27 დეკემბერს, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო, გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, ამავდროულად, მას შეუწყდა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ასევე დგინდება, რომ ნ. ა-ას საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟი შეადგენს 16 წელს, 10 თვესა და 6 დღეს (2006 წლის 20 თებერვლიდან -2022 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდი).

2023 წლის 27 იანვარს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის N3811-2-00821 გადაწყვეტილებით, 2023 წლის 01 თებერვლიდან, ნ. ა-ას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით.

2023 წლის 16 თებერვალს, ნ. ა-ამ საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის №3811-2-00821 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ნ. ა-ამ მიუთითა, რომ სააგენტოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე დაყრდნობით არამედ, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან მითითებული ნორმატიული აქტის აღნიშნული მუხლი იმპერატიულად ადგენდა კონკრეტულად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს და ადმინისტრაციული ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სწორედ სპეციალური და არა ზოგადი ნორმა.

2023 წლის 16 მარტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №SSA 8 23 00284592 გადაწყვეტილებით, ნ. ა-ას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (მუხლი 1.1).

მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ე) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება სადავო აქტების უკანონობასთან დაკავშირებით ნ. ა-ასთვის, როგორც რაიონული სასამართლოს თავმჯდომარისთვის კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის თაობაზე, რამდენადაც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2024 წლის 10 სექტემბრის №1626/2111-03-ო მიმართვაში აღნიშნულია, რომ ნ. ა-ა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2022 წლის 27 ოქტომბრის №1/108 განკარგულების საფუძველზე 2022 წლის 3 ნოემბრიდან, ხოლო აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 29 დეკემბრის №1/145 განკარგულების საფუძველზე - 2022 წლის 27 დეკემბრიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. ამდენად, მოსარჩელის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტა. შესაბამისად, მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც განსაზღვრავს როგორც საერთო სასამართლოების სისტემაში (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეს, კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, ასევე მისი გაანგარიშების წესებსა და ოდენობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზოგად ნორმას - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომელიც კომპენსაციის ზოგად მაქსიმალურ ოდენობას ადგენს, ვერ ექნება უპირატესი ძალა, გამოყენება სპეციალურ - მე-12 მუხლთან მიმართებით. იმ პირობებში, როდესაც საკითხი მოწესრიგებულია სპეციალური ნორმით, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ზოგადი ნორმის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის გამოყენება.

კასატორების პოზიცია ფაქტობრივად აქარწყლებს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით შემოღებულ სოციალური დაცვის გარანტიას, ილუზორულს ხდის მოსამართლისათვის დადგენილი კომპენსაციის არსს, რაც ეწინააღმდეგება თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზანს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები საქმე №ბს-719(კ-22); №ბს-849(კ-20); №ბს-783(კ-24)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებზე. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კომპენსაციის მიღების უფლებას ადგენს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლისთვის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სასამართლოს ინსტიტუციური, ასევე კონკრეტული მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ლეგიტიმურ საჯარო მიზანს წარმოადგენს მოსამართლის სოციალური უზრუნველყოფა. მართალია როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შექმნის ფარგლებში ფართო მიხედულებით სარგებლობს და უფლებამოსილია განსაზღვროს სოციალური სარგებლის სისტემის ფორმა, ბენეფიციარი სუბიექტები, მოცულობა და ა.შ. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სწორედ ის გარემოება, რომ მოსამართლის სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფა ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს ინდივიდუალურად მოსამართლის მიმართ, საკანონმდებლო რეგულირების საფუძველზე, მყარი გარანტიებით სოციალური სარგებლის სისტემის შექმნას, რაც მისი საკუთრების უფლების შემადგენელ ელემენტს, საკუთრების მიღების ლეგიტიმურ მოლოდინს ქმნის, ხოლო მეორე მხრივ, მყარი, სტაბილური, უწყვეტი და სამართლიანი სოციალური გარანტიების შექმნით, ემსახურება ინსტიტუციურად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული ორივე ლეგიტიმური მიზანი გარანტირებულია და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს... (მუხლი 1.3). ამავე ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება, ხოლო 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქის ზოგადი სოციალურ უზრუნველყოფის გარანტიებს ადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზნებისთვისაც, პენსიის მიღების უფლება წარმოიშობა არა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლისთვის, არამედ, ასაკობრივად, საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევის შემდგომ, ხოლო ქალებისთვის - 60 წლიდან. ამასთან, სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია ალტერნატიული სოციალური მექანიზმებია და ერთდროულად არ გაიცემა („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მუხლი 5). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2006 წლის 1 მარტამდე მინიმალური პენსიის ოდენობა განისაზღვრა 28 ლარის ოდენობით. 2006 წლის 1 მარტიდან მინიმალური პენსია განისაზღვრა 33 ლარის ოდენობით, ხოლო 2006 წლის 1 სექტემბრიდან 38 ლარის ოდენობით (მუხლი 50.8), ხოლო, სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობად განსაზღვრული იყო 560, ანუ ის თანხა, რაც 2023 წელს დაენიშნა ნ. ა-ას. ამასთან, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის − 315 ლარით (მუხლი 30.4.ა). ამდენად, სახელმწიფო პენსია იმდენად მიუახლოვდა სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობას, რომ სახელმწიფო კომპენსაციამ ფაქტობრივად დაკარგა მისი ფუნქცია და ვერ შეფასდება, როგორც მოსამართლისათვის - სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლისთვის დანიშნული - მყარი და სამართლიანი სოციალური გარანტია, რაც დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლის კომპენსაციის გამოთვლის მიზნებისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო არა ზოგადი წესი, რომელიც კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობად 560 ლარს განსაზღვრავდა, არამედ კონკრეტული საკანონმდებლო რეგულირება - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რაც თანხვედრაში იყო კანონმდებლის ნებასთან და ზოგადად სახელმწიფო კომპენსაციის მიზნებთან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსამართლისათვის ადეკვატური და სამართლიანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით, მათ შორის, მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპული ქარტიის (https://rm.coe.int/090000168092934f) 6.1 მუხლის თანახმად, მოსამართლეებს, რომლებიც ახორციელებენ სამოსამართლო ფუნქციებს, უფლება აქვთ ანაზღაურებაზე, რომლის ოდენობაც ისეა დადგენილი, რომ იცავენ მათზე გავლენის მოხდენის მიზნით ზეწოლისგან, ხოლო 6.4 მუხლი ადგენს, რომ მოსამართლეები, რომლებმაც მიაღწიეს სამოსამართლო საპენსიო ასაკს და შეასრულეს თავიანთი სასამართლო მოვალეობა განსაზღვრული ვადით, ეძლევათ პენსია, რომლის დონეც მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მათი საბოლოო ხელფასის ოდენობასთან.

ევროპის საბჭოს რეკომენდაციები cm/rec(2010)12 (54) (https://rm.coe.int/cmrec-2010-12-on-independence-efficiency-responsibilites-of-judges/16809f007d) ადგენს, რომ მოსამართლეთა ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მათ პროფესიასა და პასუხისმგებლობებს და საკმარისი იყოს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენისგან დაცვისთვის. უნდა არსებობდეს გარანტიები ავადმყოფობის, დეკრეტული შვებულების შემთხვევაში გონივრული ანაზღაურების შესანარჩუნებლად, ასევე პენსიის ანაზღაურება, რომელიც გონივრულ კავშირში უნდა იყოს მათი შრომის ანაზღაურების დონესთან.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ მიღებული „MAGNA CARTA OF JUDGES (Fundamental Principles)“ - მოსამართლეთა საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად (https://rm.coe.int/16807482c6), მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მოსამართლეთათვის მყარი სოციალური გარანტიები, კერძოდ მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლო ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსებს, რომლებიც აუცილებელია მართლმსაჯულების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. არასათანადო გავლენის თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლეები უნდა იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას და უზრუნველყოფილნი იყვნენ ადეკვატური საპენსიო სქემით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომელიც კომპენსაციის ზოგად მაქსიმალურ ოდენობას ადგენს, ვერ ექნება უპირატესობა - სპეციალურ მე-12 მუხლთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სახით იმ თანხობრივი სხვაობის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, რომელიც მოსარჩელემ ვერ მიიღო და რომელსაც მიიღებდა კომპენსაციის კანონიერად, შესაბამისი საფუძვლებით და ოდენობით დანიშვნის შემთხვევაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლში განხორციელებული ცვლილება გავლენას არ ახდენს და ვერ შეცვლის ამავე კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის და მისი ოდენობის დაანგარიშების სპეციალურ წესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ბ. შონია

გ. მაკარიძე