Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-269(კ-25) 11 ივნისი , 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ. ნ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. მ. ნ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის №1000875750 გადაწყვეტილება. ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. მ. ნ-ის (პასპორტის № ...) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის №1000875750 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. მ. ნ-ისთვის (პასპორტის №...) თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული აქტი კანონიერების პრინციპის დაცვით იქნა მიღებული, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე კი, არსებითად არასწორად განიმარტა მატერიალური სამართლის ნორმები, რამაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გამორიცხა. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც შემდგომში გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. მოცემულ შემთხვეაში, საქმის წარმოების პროცესში სააგენტომ წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, არსებობდა თუ არა განმცხადებლისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ზემოხსენებული კანონის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე წარმოადგენს აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საყურადღებოა, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საქმეში არსებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს, ხოლო განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ე. მ. ნ-იმა 2023 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ არის ფერეიდნელი ქართველი, ოთხი შვილის მამა, მისი შვილი და შვილიშვილები საუბრობენ ქართულად, ხოლო უმცროსი შვილი ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს (ს.ფ. 21-25, 62-63); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 22 მარტს №1000875750/1 განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, ე. მ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით (ს.ფ. 50); გ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №SSG 1 23 00069536 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ე. მ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ. 49); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 22 მარტს №1000875750/1 განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ე. მ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით (ს.ფ. 51); ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 16 მაისის წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ 2023 წლის 10 მაისს გაიმართა თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის №73 სხდომა და მომზადდა №2023/01/05 დასკვნა. დასკვნის მიხედვით, ე. მ. ნ-ი აკმაყოფილებდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ. 52-54); ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის №1000875750 გადაწყვეტილებით ე. მ. ნ-ის (პასპორტის №...) 2023 წლის 21 მარტის №1000875750 განცხადება არ დაკმაყოფილდა; ე. მ. ნ-ის უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ე. მ. ნ-ის მიმართ არსებობდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 26); ზ) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის ცნობის მიხედვით, ე. მ. ნ-ი (პასპორტის №...) არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება (ს.ფ. 27); თ) ე. მ. ნ-ის შვილის - ა. ნ-ის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2016 წლის 14 სექტემბერს გაცემულია პირადობის მოწმობა (ს.ფ. 16); ი) ე. მ. ნ-ის შვილს - მ. ნ-ის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1000809571 გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი (ს.ფ. 96); კ) ე. მ. ნ-ის შვილიშვილს - მ. ჰ. ნ-ის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1000809577 გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი (ს.ფ. 95); ლ) ე. მ. ნ-ის შვილიშვილს - მე. ნ-ის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000809587 გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი (ს.ფ. 97); მ) ე. მ. ნ-ის შვილის - ა. ნ-ის საკუთრებაში, 2022 წლის 31 ოქტომბრიდან, ირიცხება თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე, 61.10 კვ.მ ფართობის მქონე №114 ბინა (ს.ფ. 93-94);

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს ე. მ. ნ-ისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს.

პალატა მიუთითებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, (1) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს; (2) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დასკვნით (მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო). შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების მიზნით გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას, ასევე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ან/და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხებით; (3) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.

მითითებული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.

ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, (1) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ბ) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა; გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელე აკმაყოფილებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი გახდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.

საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 6 მაისს №ბს-269(კ-25) მიმართვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ ქმნიდა მოპასუხის მიერ სადავო აქტების გამოცემის საფუძველს, ამ საფუძვლით არ არსებობდა მოსარჩელისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის წინაპირობა (დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის ცნობის მიხედვით, ე. მ. ნ-ი (პასპორტის №...) არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელე აკმაყოფილებდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.02.2025წ. №02573 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია