Facebook Twitter

№171აპ-14 2 დეკემბერი, 2014 წელი

გ-ი მ., 171აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 10 აპრილიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით.

2. განაჩენის მიხედვით, მ. გ-ს ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 6000 ლარი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მ. გ-მა ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ: მ. გ-მა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: 0.000936 გრამი ,,მეტამფეტამინი“ და 0.0000006 გრამი ,,ამფეტამინი“, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და აღმოაჩნდა ქ. რუსთავში, --- ქუჩა №69-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2013 წლის 14 თებერვალს, ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და პირადი გასინჯვისას.

ასევე, მ. გ-ი იყო რა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები - ,,ამფეტამინი“ და ,,მეტამფეტამინი“, რაც დაუდგინდა 2013 წლის 14 თებერვლის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №201250 დასკვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ნ. მ-ემ და ითხოვა მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა (სსკ-ის 260-ე მუხლზე) იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ განაჩენს საფუძვლად დაედო დაუშვებელი მტკიცებულებები, კერძოდ: კასატორი აღნიშნავს, რომ ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, ამოღებულ იქნა მ. გ-ის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას. შესაბამისად, იგი არ ყოფილა მოპოვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც არის დაუშვებელი მტკიცებულება და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; ეს მტკიცებულება ასევე დაუშვებელია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული დაკავება და პირადი გასინჯვა ჩატარდა დამცველის მონაწილეობის გარეშე, იმ პირობებში, როდესაც მ. გ-ს ჰქონდა ფსიქიკური ნაკლი; ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა იმავე მოსამართლემ, რომელმაც მიიღო მონაწილეობა აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვაში, რაც აცილების საფუძველი იყო.

5. პროკურორმა შესაგებლით ითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი და შესაგებელი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა. მსჯავრდებულ მ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, კერძოდ: მოწმეების - გ. ე-ას, ი. ჯ-ის, ც. გ-ის ჩვენებებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №000850613 დასკვნით, 2013 წლის 14 თებერვლის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, ნივთის (ერთჯერადი შპრიცის) დათვალიერების ოქმით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით. რაც შეეხება მ. გ-ის მიერ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ), მან თავი დამნაშავედ ცნო ბრალდების ამ ნაწილში, ეს დანაშაული ასევე დასტურდება: ნარკოლოგიური ექსპერტიზის №201250 დასკვნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით.

3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა იმავე მოსამართლემ, რომელმაც მიიღო მონაწილეობა აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვაში, რაც აცილების საფუძველი იყო. პალატა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრულია მოსამართლის აცილების საფუძვლები, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი...“. აღნიშნული ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს საქმის არსებით განხილვაში იმ მოსამართლის აცილების საფუძველს, რომელიც მონაწილეობდა წინასასამართლო სხდომაში. შესაბამისად, პირველი წარდგენის სხდომის საკითხთა განხილვა არ წარმოადგენს აღნიშნული მოსამართლისათვის საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე აცილების საფუძველს. ამიტომ, კასატორის მიერ სსსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას) მითითება მოსამართლის აცილების თაობაზე უსაფუძვლოა.

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც მ. გ-ის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიკვეთა მისი ფსიქიკური არამდგრადობის საკითხი, გამომძიებლის მიერ მ. გ-ს საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის შესაბამისად, დაენიშნა ადვოკატი სახაზინო წესით და ყველა საპროცესო მოქმედება ჩატარდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებათა მოპოვებისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა მ. გ-ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, იგი გარდაიცვალა 2014 წლის 16 მარტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაუნიშნა სასჯელი მ. გ-ს, ვინაიდან იგი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გარდაცვლილი იყო. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს და მ. გ-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 273-ე მუხლით - სასჯელის დაუნიშნავად. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განაჩენში, კერძოდ: მ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 273-ე მუხლით.

3. გასაჩივრებული განაჩენი ნივთმტკიცებისა და ყადაღის მოხსნის ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე